საქმე №ას-602-2020 29 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ „თბილისის N113 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ე–მა“ (ამ განჩინებაში მოხსენიებული, როგორც: მოსარჩელე ან მოსარჩელე კომპანია ან პირველი აპელანტი) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ „თბილისის N113 საბავშვო ბაგა-ბაღის“ (ამ განჩინებაში მოხსენიებული, როგორც: ბაგა-ბაღი ან მეორე აპელანტი ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.1. გაწეული მომსახურების ღირებულების - 14760.6 ლარის გადახდა; 1.2. საბანკო გარანტიის თანხის 2 466 ლარის ანაზღაურება; 1.3. პირგასამტეხლოს -1 120 ლარის გადახდა.
2. სარჩელი ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
3. მხარეებს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება ბაგა-ბაღისთვის 321 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებით მომსახურების გაწევის თაობაზე (შემდეგში - ხელშეკრულება).
4. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კომპანია კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 321 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.
5. ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (შემდეგში - სააგენტო) მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE0170000503, სადაც გაიმარჯვა მოსარჩელე კომპანიამ.
6. ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის 2466 ლარის ოდენობით.
7. ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაეწია 14760.6 ლარის მომსახურება, რაზეც მოპასუხეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა შესაბამისი განცხადებით. მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით განცხადებით მიმართა სააგენტოსაც. სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის 1/5077 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოსარჩელე კომპანიამ დაარღვია ვალდებულებები, რაც გამოიხატა ვალდებულების უხარისხო და არაჯეროვნ შესრულებაში.
8. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის N13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 და 19 დეკემბრის N09/13126 წერილები; თავის მხრივ, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 22 დეკემბრის N09/03262 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასდა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
9. მოპასუხეს მიეწოდა შპს „ა.წ–ისა“ და შპს „ნ“-სგან შეძენილი კარაქი და ყველი. ეს პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10. 2018 წლის 23 თებერვალს მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.
11. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, არ წარმოშობილა მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 09/13126 წერილით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელე კომპანიას შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც მოსარჩელე კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.
12. მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელით მოთხოვნა უარყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე მითითებით. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მოსარჩელის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, არ წარმოშობილა მომსახურების გაწეულად ჩათვლისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც, მოსარჩელის მხრიდან არ განხორციელდა 2017 წლის დეკემბრის თვის კვებით მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება.
13. მოპასუხემ აღნიშნა, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილით განმარტებულია, რომ „რადგან ყველი რძისგან დამზადებული პროდუქტია, აკრძალულია რძის ფხვნილისაგან დამზადებული სურსათის ეტიკეტზე დასახელება „ყველის“ გამოყენება. მწარმოებელმა/დისტრი-ბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველი მხოლოდ რძისგან დამზადებული პროდუქტია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წერილის დანართით წარდგენილი სურსათი „იმერული“, არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.
14. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე კომპანიას საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დამზადებული იქნებოდა ნატურალურ რძეზე. რეალურად გამოყენებული იქნა აღდგენილ რძეზე დამზადებული ყველისმაგვარი პროდუქტი.
15. მოპასუხემ იგივე დარღვევაზე მიუთითა კარაქის შემთხვევაშიც და აღნიშნა, რომ შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე კომპანიას ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა კარაქი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნარაწმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა - რეფრეჟერატორით, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
16. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
17. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში შესული 2017 წლის 19 დეკემბრის N09/13126 წერილშია აღნიშნული, რომ „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, კარაქი არის ტრადიციული რძის ნაწარმი, მიღებული პასტერიზებული ნაღებისგან; კარაქში რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%-ს შეადგენს. კარაქს შესაძლებელია დამატებული ჰქონდეს მცირე რაოდენობით სანელებლები, მწვანილი, არომატული ნივთიერებები და სხვა იმ პირობით, რომ შენარჩუნებული იქნება კარაქის მახასიათებლები. აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.
18. ამდენად, მოსარჩელე კომპანიის მიერ ბაგა-ბაღებში შეტანილი პროდუქტები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები.
19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 14 760.6 ლარის გადახდა. ასევე, პირგასამტეხლოს სახით 1 120 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო გარანტიის თანხის 2 466 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
20. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. მოსარჩელე კომპანიამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ბაგა-ბაღმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ბაგა-ბაღის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-4 პუნქტები) და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ბაგა-ბაღს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2466 ლარი.
22. სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნის - მიწოდებული საგნის ღირებულების ანაზღაურების - საფუძვლიანობა შეამოწმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 477-ე, 487-ე და 488-ე მუხლების წინაპირობებთან და განმარტა, რომ შემსრულებელს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა.
23. ამ მიმართებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს - მოსარჩელე კომპანიას ეკისრებოდა 321 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვისთვის კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
24. სახელშეკრულებო ღირებულება 80 843.85 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 და 6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობაზე განხორციელების უფლებამოსილება ბაგა-ბაღისა და სააგენტოს შესაბამის სამსახურებს მიეკუთვნათ.
25. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული რისკი თავიდან ყოფილიყო აცილებული, მხარეებმა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2466 ლარის ოდენობით გაითვალისწინეს.
26. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეკისრებოდა.
27. ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
28. - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152, 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;
29. - შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
30. - მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
31. - მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;
32. - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
33. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
34. - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152, 2015 წლის 3 აპრილი);
35. - შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
36. - მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
37. - მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;
38. - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
39. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია NBB.14.09/54 გაიცა, რომლის თანახმად, პრინციპალია - მოსარჩელე კომპანია, ბენეფიციარი - ბაგა-ბაღი, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობაა 2 466 ლარი.
40. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღისთვის 2017 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, მიწოდებული საქონლის ღირებულება 14760 ლარს შეადგენს.
41. ბაგა-ბაღმა მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო, უარი განაცხადა.
42. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნატურალური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით კი, კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.2. პუნქტში მითითებული ყველის ტექნიკური მახასიათებლები).
43. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქევეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
44. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული სასურსათო პროდუქტი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
45. დადასტურებულად არ იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან დეკემბრის თვეში მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. შესაბამისად, უარყოფილი იქნა მოპასუხის შეადავება მასზედ, რომ კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული კარაქი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე.
46. დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაგა-ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3 პუნქტში მითითებული კარაქის ტექნიკური მახასიათებლები). ასევე, უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). საქმეში წარმოდგენილი არ იყო სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია.
47. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.
48. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №09/13126 მიმართვის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ „მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები“.
49. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. ამდენად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შესწავლილი არ არის უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები, მისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობა. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ აღნიშნული საფუძველია მითითებული. მიწოდებული პროდუქტის უშუალოდ ნიშან-თვისებების, მისი შემადგენლობის შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.
50. საქმის მასალებს ერთვის აღნიშნული პროდუქტის მიმწოდებლის მიმართვა, რომლის თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომმა და ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა შეადგენდა 80.0%-ს.
51. შესაბამისად, არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით, შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
52. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი და მითითებულია ეტიკეტირების წესის დარღვევაზე, რაც, შესაბამისი პროდუქტის მახასიათებლების შესწავლისა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარების გარეშე, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტი შესაბამისობაში არ იყო ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან. შესაბამისად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, მოსარჩელე კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
53. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ, დადგენილად მიიჩნია, რომ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს. ამასთან, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის ივლისამდე ანუ, იმ დრომდე, ვიდრე მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით პროდუქტ „ყველის“ რეგლამენტირება მოხდებოდა, მოსარჩელე მოპასუხე ბაგა-ბაღს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგივე პროდუქციას აწვდიდა, რაც სადავო პერიოდში მიაწოდა.
54. მიუხედავად „ყველის“ ნაწილში ვალდებულების ნაკლიანი შესრულებისა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე, პროდუქტის თვისება, არ შეიძლება მიჩნეულიყო იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავდა მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხეს მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდია მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა მოსარჩელისთვის ხსენებული პროდუქტის („იმერული“) მიმწოდებლის შპს „ნ“-ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმაზე, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილი იყო მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არარსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს ისეთ არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეს მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
55. მაშასადამე, სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია. სსკ-ის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულია პროდუქტი „იმერული“, ნაცვლად „ყველისა“, რაც მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს ადასტურებს.
56. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის რეგულაციაზე, რომლის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. ხოლო 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი. მოცემულ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. დადგენილია ისიც, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. ასევე, მოპასუხეს არ მოუთხოვია ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მყიდველს არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მიიღო მიწოდებული პროდუქცია, გამოიყენა და მხოლოდ სახელშეკრულებო ვადის ბოლო თვეს განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან და უარი განაცხადა დეკემბრის თვის მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე.
57. მაშასადამე, მიწოდებული პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე, არ შეიძლება პროდუქტი ჩათვლილიყო იმგვარი არსებითად ნაკლის მქონედ, რომელიც გამორიცხავდა მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბაგა-ბაღებს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა.
58. სააპელაციო სასამართლომ ერთგვაროვანი პრაქტიკის დაცულობის თვალსაზრისით, მიუთითა საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე, სადაც იდენტურ საქმეზე, საკასაციო პალატის მიერ ხელშეკრულების დარღვევა არ იქნა იმგვარ გადაცდომად მიჩნეული, რომელიც ხელშეკრულების არსებით დარღვევას გაუთანაბრდებოდა და კონტრაჰენტს სანქციების გამოყენების შესაბამის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნულ განჩინებაში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინება საქმეზე Nას-1900-2018.).
59. განსახილველ შემთხვევაში, ყველის ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ამ პროდუქტის აღდგენილი რძისაგან დამზადების შესახებ, არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეებს ანაზღაურების ვალდებულებისაგან, იმ პირობებში როცა პროდუქცია მიღებულია და სრულად მოხმარებულია. რაც შეეხება „კარაქს“, როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხისთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიწოდებული პროდუქციის ფასი ექვემდებარება ანაზღაურებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
60. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. ეს კი, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანია ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ბაგა-ბაღს მართებულად დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 1120 ლარის ოდენობით.
61. რაც შეეხება საბანკო გარანტიას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილშიც, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
62. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს და არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები საბანკო გარანტიის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.
63. სსკ-ის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
64. განსახილველ შემთხვევაში ბაგ-ბაღის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გარანტიას.
65. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტის არასათანადო შესრულებით, ის ასევე ფარავს იმ რისკს, რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან.
66. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის - სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის.
67. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შედეგად, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, ბაღს რაიმე ზიანი არ მისდგომია. საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება.
68. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ბაგა-ბაღი მიღებული საგარანტიო თანხით კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდა, ზიანის არარსებობის გამო. მხოლოდ მოთხოვნის უფლების არსებობა იმგვარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორიც საბანკო გარანტიაა, არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას, უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, ამ შემთხვევაში, მას ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა (სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
69. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე.
70. განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი (ფულად გამოხატულებაში რამდენიმე ათეული ლარი) იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. შესაბამისად, პალატამ არამართებულად მიიჩნია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საბანკო გარანტიის გამოყენება.
71. სსკ-ის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საბანკო გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლიდან გამომდინარეობს (სუსგ 12.03.2019, საქმე №ას-1900-2018).
72. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე, რადგანაც ამ უკანასკნელმა გარანტს რეგრესის წესით გადაუხადა მოპასუხისათვის - (ბენეფიციარი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ანაზღაურებული საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა (სკ-ის 890.1 მუხლი) 2 466 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
73. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბაგა-ბაღმა გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით.
74. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფას.
75. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს და მოსაზრებებს:
76. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად იმსჯელეს და განმარტეს, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით, რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას. თუმცა, სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ეს გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განიმარტოს არაჯეროვან შესრულებად, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია მიმწოდებლის მიერ რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა მომსახურების გაწევისას, ეს უნდა განიმარტოს „ყველთან“ მიმართებაში პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან არ განხორციელებულა მიწოდება. ეს კი განაპირობებს, რომ ყველის საფასურის გადახდის ნაწილში საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების გარეშე გადახდას, რაც წარმოადგენს სსსკ-ის 385-ე მუხლის რეგულირების საგანს.
77. სააპელაციო სასამართლომ განსხვავებული პროდუქტით მომსახურების შესრულება განმარტა, როგორც ნაკლიანი შესრულება და მიუთითა ნასყიდობისა და ნარდობის იმ მომწესრიგებელ ნომებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნაკლიანი შესრულების მიმღები მხარის უფლებებს. სასამართლომ სწორად დაადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ანალოგიის სახით ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. უფრო კონკრეტულად კი, იმგვარ ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შესრულება ხორციელდება მენარდის „მასალით“. თუმცა, აღარ განმარტა, რომ მოცემულ ურთიერთობასთან კავშირშია სსკ-ის 646-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მენარდე იყენებს საკუთარ მასალას, იგი პასუხისმგებელია ამ მასალის შესაბამისობაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პარამეტრებთან. ასევე, მერადე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს მასალის ხარჯვის გაანგარიშება. საბავშვო ბაგა-ბაღების მიმართ მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული მახასიათებლების პროდუქტით განეხორციელებინა მომსახურება ანუ, თავად უზრუნველეყო პროდუქტის მოძიება-შესყიდვა და შემდგომი დამუშავება. ზემოთ მითითებული სამართლებრივი მოცემულობის შესაბამისად, ასევე მოსარჩელეს დაეკისრა პროდუქტის ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება და გაწეული მომსახურებისას გამოყენებული პროდუქტის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. ამ ვალდებულების ჭრილში, მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღებთან დადებული 2016 და 2017 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, ისე რომ არ იყენებდა შეთანხმებული პარამეტრების პროდუქტს, მხარეს წარუდგენდა ხარჯთაღრიცხვას, რომელშიც დაანგარიშებული იყო შეთანხმებული მახასიათებლების ყველის ღირებულება და განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით იღებდა ანაზღაურებას გამოუყენებელი პროდუქტისათვის.
78. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, იგი ვალდებული იყო სცოდნოდა ქვეკონტრაქტორებისგან (ამ შემთხვევაში, ყველის ნაცვლად გამოყენებული მასის მწარმოებელი საზოგადოებისგან) მიღებული პროდუქტის მახასიათებლები; ამის საპირისპიროდ კი, საბავშვო ბაგა-ბაღები წარმოადგენ(დნ)ენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მსგავსი საკანონმდებლო ბოჭვა მათზე არ ვრცელდებოდა. ამასთან, სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს ბაგა-ბაღების პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე კომპანია შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ეს კი დასტურდება, საქმეში წარმოდგენილი ყველის ნაცვლად გამოყენებული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შპს „ნ“-ის წერილით, რომელშიც დასტურდება, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი მოსარჩელისთვის მიწოდების მანძილზე მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისგან. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან განზრახი და შეგნებული დუმილით შემსყიდველი შედიოდა შეცდომაში და ეთანხმებოდა ისეთ შესრულებას, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნულთან მიმართებაში კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, ნაკლიანი შესრულების შემსყიდველის მიერ მიღება არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ შეთანხმებად, ან ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (შეადრ: სუსგ 10.11.2017 საქმე №ას-629-588-2017). ბაგა-ბაღსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარებების აქტის გაფორმების მიუხედავად, მოსარჩელე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის გამოუყენებლობისათვის. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განსაკუთრებული და სპეციალური ასპექტების ანალიზი, რაც განასხვავებს მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას კლასიკური ვალდებულებით სამართლებრივი გარიგებისგან. პირველი ასეთი ფაქტორი არის ის, რომ ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და მისი მომზადებისა და დადების წესს არეგულირებს სპეციალური კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
79. კასატორი განმარტავს, რომ შემსყიდველის მიერ მოწვევა ოფერტზე წარდგენის ეტაპზე ზედმიწევნით, ყველა შესაძლო პარამეტრით გაიწერა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის მახასიათებლები. აღნიშნული განპირობებული იყო არა სატენდერო დოკუმენტაციის მოცულობაში გაზრდის მიზნით, არამედ, იმ ინტერესით, რომელიც სავალდებულოდ დაცული უნდა ყოფილიყო შესყიდვის განხორციელების შედეგად მიღებული შესრულებისას. ამ ინტერესს კი წარმოადგენდა მცირეწლოვანი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების უფლება, რომლის კომპონენტიც არის სრულფასოვანი კვების რაციონი. ხელშეკრულების დანართებიდანაც ჩანს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მომზადებულია მცირეწლოვანი ბავშვების დღის კვების რაციონის, კალორაჟისა და სხვა კომპონენტების დათვლის საფუძველზე, საჭირო მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოყენებით. შესაბამისად, ნებისმიერი კომპონენტის, თუნდაც, ერთი ინგრედიენტის ცვლილება განაპირობებდა მთლიანი დღის რაციონში ცვლილებას. მისი ეფექტი კი, რა თქმა უნდა არ არის მყისიერი, ხელშესახები და ვიზუალურად აღქმადი, რადგან აისახება მხოლოდ პერსპექტივაში, ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, და შედეგობრივად დიაგნოსტირება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუნდაც, დღის მენიუში ერთი კვების სრულიად ამოკლებით ბავშვების მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის განსაზღვრა იქნებოდა შეუძლებელი, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ზიანი არ იარსებებდა. საბავშვო ბაგა-ბაღს ამ ინტერესის გათვალისწინებით უფლება არ ჰქონდა შეეძინა ისეთი პროდუქტი, რომელიც თუნდაც ერთი „უნიშვნელო“ კომპონენტით არ შეესაბამებოდა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ შემუშავებულ, სატენდერო დოკუმენტაციის საფუძვლად დადგენილ პარამეტრებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კასატორები ციტირებენ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 27-ე მუხლს და განმარტავენ, რომ მოცემულ დავაში მონაწილე თითოეულ სუბიექტს ვალდებულება ჰქონდა და აქვს იმოქმედოს ბავშვთა უპირველესი ინტერესიდან გამომდინარე და არა სამოქალაქო სამართლებრივი თვალთახედვიდან. ეს ინტერესი კიდევ ერთი გარემოებაა, რის გამოც, საბავშვო ბაგა-ბაღებს არ ჰქონდათ უფლება, თვითნებურად, სპეციალისტების ჩარვის გარეშე განეხორციელებინათ წინასწარ დადგენილი მახასიათებლის პროდუქტში ცვლილება, შეცვლილი პარამეტრების მქონე ყველის მაგვარი მასის შესყიდვა. შესაბამისად, ის პროდუქტი, რომლის გამოყენებაც მოსარჩელემ მომსახურების გაწევისას მოახდინა, წარმოადგენდა თვითნებობას. მოსარჩელესა და ბაგა-ბაღებს შორის არ ხორციელდებოდა საქონლის მიწოდება/შესყიდვა. არამედ, მოსარჩელე კომპანია, მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტით ახორციელებდა საკვების მომზადებას და პირველ კასატორს მიეწოდებოდა მზა კერძის სახით. უშუალოდ პროდუქტთან პირველ კასატორს შეხება არ ჰქონია. ეს გარემოება უმნიშვნელოვანესია ნაკლის აღმოჩენისა და მასზე პასუხისმგებლობის ჭრილში. შესაბამისად, აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტი, რომელსაც საკანონმდებლო ენაზეც აღარ ჰქვია „ყველი“ რა რაოდენობით და რა ღირებულების იქნა გამოყენებული რძეზე დამზადებული ყველის ჩასანაცვლებლად უცნობია. მაშინ, როდესაც მხარეებს შორის შეთანხმებული იყო ყველის ღირებულება, რომლის გამოყენება საკვების მომზადებისას არ განხორციელებულა, რა პროდუქტზე წარმოეშვა კასატორს ანაზღაურების ვალდებულება, ანუ რა ღირებულების იყო ის პროდუქტი, რისი ანაზღაურებაც რძეზე დამზადებული ყველის ანაზღაურების ოდენობით დააკისრა სასამართლომ, გაუგებარია.
80. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, ნაკლიანი შესრულებასას ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, სასამართლოს განმარტებით, ბაგა-ბაღებმა არ მიმართა ნაკლის ნაწილში, ნაკლის ღირებულებით ხელშეკრულების ფასის შემცირების უფლებას. რეალურად იმ ქმედების სამართლებრივი ბუნება, რომელიც კასატორებმა განახორციელეს სწორედ ნაკლის ნაწილში ფასის შემცირებაა. საუბარია სადავო პროდუქტების ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. რეალურად, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული შესრულების ნაკლი მდგომარეობს ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისას ყველისა და კარაქის გამოუყენებლობაში. ანუ, იმ პირობით, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება შეუსრულებლობა, ამ ორი პროდუქტის ნაწილში ადგილი ჰქონდა შეუსრულებლობით გამოწვეულ ნაკლს. კასატორის მხრიდან სრულიად ლეგიტიმურად, ნაკლის ღირებულებად მიჩნეულ იქნა იმ პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომელიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით დაკავებულ იქნა დეკემბრის თვის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.
81. შემსყიდველი განმარტავდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ განსაზღვრული, რძის გამოყენებით დამზადებული ყველის ფასი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც წარმოეშვებოდა მას იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მომსახურებას განახორციელებდა ამ პროდუქტის გამოყენებით. უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ასეთ მომსახურებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, შეთანხმებული ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობილა. განსხვავებული პროდუქტი, რა ღირებულებით და რა რაოდენობით გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულების ფარგლებს მიღმა, ეს კასატორისთვის უცნობია, შესაბამისად, მისი ანაზღაურების ბრმად გატოლება ხელშეკრულებით შეთანხმებულ ყველის ღირებულებასთან უარგუმენტო მსჯელობაა. ამასთან, მოსარჩელე კომპანიის მიერ ფაქტობრივად გამოყენებული პროდუქტის ღირებულების ან რაოდენობის თაობაზე საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა არ განხორციელებულა. დღეის მდგომარეობითაც, მოთხოვნა ფორმულირებულია დეკემბრის თვის განხორციელებული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს რძეზე დამზადებული ყველის ღირებულებას, რაც რეალურად გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, გაუგებარია, იმ მოცემულობით, როდესაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განსხვავება რძეზე და აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტებს შორის, რატომ არ იმსჯელა მათი ღირებულების იდენტურობასა თუ განსხვავებულობაზე და ამ ჭრილში როგორ დაკმაყოფილდა რძეზე დამზადებული ყველის ღირებულების ჩათვლით დეკემბრის თვის ანაზღაურება, როდესაც თავად სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროდუქტი გამოყენებული არ ყოფილა არც დეკემბერში და არც 2016-2017 წლების ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებისას.
82. კასატორი მიუთითებს სასამართლოს იმ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ბაგა-ბაღის მხრიდან არ განხორციელებულა ხელშეკრულების მოშლის პროცედურები და აღნიშნავს, რომ „ყველის“ გამოყენებით მომსახურება არ განხორციელებულა, შესაბამისად, არ წარმოშობილა ანაზღაურების ვალდებულებაც. მით უმეტეს, რა შესრულდა და რა ღირებულების იყო შესრულება, ამაზე მოცემული დავის გარგლებში მსჯელობა არ ყოფილა. შესაბამისად, სამართლებრივად ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაშიც შედეგი იქნებოდა იდენტური. ამის გათვალისწინებით, სასამართლო რა მიზნით განმარტავს მოშლის უფლების გამოუყენებლობის გარემოებებს, კასატორისთვის გაუგებარია.
83. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ იმსჯელა და მიუთითა, რომ პროდუქტ „კარაქთან“ მიმართებაში ხელშეკრულების პირობის ხელყოფას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება საქმეში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ასპექტებს. ისევე, როგორც პროდუქტ „ყველთან“ მიმართებაში, „კარაქის“ შემთხვევაშიც მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ ყველა იმ მახასიათებელზე, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის მიერ. ეს დათქმაც, როგორც ყველა სხვა პროდუქტზე, განპირობებული იყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და უპირატესობით შედგენილი მენიუში გათვალისწინებული საკვების მომზადების მიზნით. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, როგორიც „კარაქია“, შემადგენლობაში რაიმე სახის შეუსაბამობის დაშვება სერიოზულად უარყოფითად შეიძლება ასახულიყო ბავშვთა კვების დღიურ რაციონზე. მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს კარაქში ცხიმიანობის დონეზე, რაც განაპირობებს ზოგადად პროდუქტის კარაქად აღიარებას. ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტი, რომელიც ადგენს, რომ პროდუქტი კარაქი არის თუ მასში ცხიმის შემცველობა აღემატება 80%-ს. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორებისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. პირველ კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევისას ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული, როგორც წინასწარ შეთანხმებული „კარაქი“, იმავე ფასითა და იმავე პირობებით.
84. კასატორი განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების დასაბუთებაზე, რადგან არ გაითვალისწინა მხარის უფლება განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, თანხის დაკავება. არ შეიძლება საუბარი იყოს პირგასამტეხლოს დარიცხვაზე, რადგან პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.
85. მოცემულ შემთხვევაში, ბაგა-ბაღის მხრიდან ადგილი ვალდებულების შეუსრულებლობას კი არ აქვს, არამედ საკუთარი უფლების რეალიზებას მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის ჭრილში. რაც გამორიცხავს მის განზრახვას არ შეასრულოს ან ვადის დარღვევით განახორციელოს ანგარიშსწორება დეკემბრის თვის ანაზღაურების ნაწილში.
86. რაც შეეხება საბანკო გარანტიის საკითხს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, გამოიყენება გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. განსახილველ შემთხვევაში, „ყველის“ ნაწილში, დადგენილია, მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც მთლიანად შესრულებას ხდის არაჯეროვანს. ამ საკითხის დაკავშირება ზიანის ანაზღაურებასთან და ზიანის არსებობასთან კანონშეუსაბამოა. შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას ბაგა-ბაღის მხრიდან საბანკო გარანტიის მიღების მოთხოვნის დაკმაყოფილების არაკანონიერების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
87. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
88. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
89. საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მიწოდებული პროდუქტის, კერძოდ, „ყველი იმერულის“ საფასურის გადახდის ნაწილში ბაგა-ბაღის ვალდებულების არარსებობას შეეხება. კასატორს მიაჩნია, რომ რძეზე დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა. ეს კი განაპირობებს, რომ „ყველის“ საფასურის გადახდის ნაწილში, საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების გარეშე გადახდას, რაც წარმოადგენს სსსკ-ის 385-ე მუხლის რეგულირების საგანს.
90. საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
91. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან საქმის მასალებითაა დადგენილი.
92. კასტორის პრეტენზია, ამ ნაწილში, საფასურის გადახდის ვალდებულების არარსებობას შეეხება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე კომპანიას ბაღისთვის მართლაც უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
93. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
94. თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. სსსკ-ის კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
95. მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბაგა-ბაღმა მოსარჩელე კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. ამასთან, ბაგა-ბაღებს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვიათ. ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მოპასუხემ მიიღო მიწოდებული პროდუქცია, გამოიყენა და მხოლოდ სახელშეკრულებო ვადის ბოლო თვეს განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან და უარი განაცხადა დეკემბრის თვის მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე.
96. შესაბამისად, მოპასუხეს რჩება მხოლოდ სსსკ-ის 492-ე მუხლით გათვალისწინებული ფასის შემცირების შესაძლებლობა.
97. ნიშანდობლივია, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
98. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
99. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
100. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).
101. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს შესაგებელი წარმოდგენილი აქვთ, თუმცა, საგულისხმოა წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, რამეთუ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს. (მოპასუხის კვალიფიციური შედავების მნიშვნელობის შესახებ იხ., პ.201. სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
102. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ნივთობრივი ნაკლის პროპორციულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის შემცირების წინაპირობების არსებობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვს. ასევე, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმაზე, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითის მიზნით დაკავებულ იქნა დეკემბრის თვის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული, ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე (იხ., საკასაციო საჩივრის პრეტენზია ტ.2. 87).
103. კასატორი შესაგებელში იმაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელე კომპანიამ დაარღვია ვალდებულება და ბაგა-ბაღში შეტანილი პროდუქტი: კარაქი და ყველი, არ შეესაბამებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ სტანდარტს (ვრცლად იხ., ტ.1. ს.ფ. 81-84). შესაბამისად, კასატორის მოთხოვნას უკვე გადახდილი პროდუქციის (ყველი „იმერული“) საფასურის უკან დაბრუნების ნაწილში, ვარგისი მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
104. კასატორის პრეტენზია წარმოდგენილია ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული პროდუქტის - „კარაქი“ ღირებულების ანაზღაურების ნაწილში. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევისას ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული, როგორც წინასწარ შეთანხმებული კარაქი, იმავე ფასითა და იმავე პირობებით.
105. ზემოაღნიშნული პრეტენზია საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება იმ საფუძვლით, რომ, როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია.
106. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5).
107. ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილი მხასიათებლებთან.
108. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, მოსარჩელე კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა და ამ ნაწილში, მოპასუხეებს, მსგავსად ყველი „იმერულის“ მიწოდების ნაწილში, არ წარმოეშობათ შეთანხმებული ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება.
109. რაც შეეხება კასატორის შედავებას პირგასამტეხლოს ნაწილში, დადგენილია, რომ ბაგა-ბაღს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 1120 ლარი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, წარმოდგენილი არაა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და არ იკვეთება პირველი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.
110. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა საბანკო გარანტიის თანხის - 2466 ლარის ბაგა-ბაღისთვის დაკისრებას, დაკმაყოფილდა, იმ მოტივაციით, რომ გაცემული საბანკო გარანტიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტის არასათანადო შესრულებით... ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის - სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანიის მხრიდან ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შედეგად, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, ბაღს რაიმე ზიანი არ მისდგომია. შესაბამისად, მოპასუხე გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე, რადგანაც ამ უკანასკნელმა გარანტს რეგრესის წესით გადაუხადა მოპასუხისათვის - (ბენეფიციარი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ანაზღაურებული საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა (სკ-ის 890.1 მუხლი) 2 466 ლარის ოდენობით.
111. საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში, კასატორის პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, გამოიყენება გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. განსახილველ შემთხვევაში, „ყველის“ ნაწილში, დადგენილია, მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც მთლიანად შესრულებას ხდის არაჯეროვანს. შესაბამისად, საბანკო გარანტია მოპასუხემ მართლზიმიერად მიიღო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამავე განჩინების პპ:100-101-ში განიტარებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების ნაწილში (იხ., სუსგ №ას-1115-2019, 27 ნოემბერი, 2019, პპ:65-72) და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან მიმართებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი (ფულად გამოხატულებაში რამდენიმე ათეული ლარი) იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია (იხ., ამ განჩინების პ. 70). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევა ასევე წარმოადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის დაუშვებლობის საფუძველსაც კი (სსკ-ის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
112. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
113. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
114. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან მსგავს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება (იხ., სუსგ-ები №ას-959-2019, 16 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-1115-2019, 27 ნოემბერი, 2019).
115. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
116. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „ქ. თბილისის N113 საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორს - ა(ა)იპ „ქ. თბილისის N113 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ: 400210464) უკან დაუბრუნდეს 2020 წლის 23 ივლისს საგადახდო დავალება N857 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (917 ლარი) 641.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ე. გასიტაშვილი