Facebook Twitter

საქმე №ას-700-2020 29 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ქ–ძე, ი.თ–ი, ლ.ხ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 09 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ–მა" (შემდგომ: მოსარჩელე ან მოსარჩელე ბანკი ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ხ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან ბანკის მსესხებელი), გ.ქ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ი.თ–ის (შემდგომ – მესამე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.რუსთავი, ..... (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება), პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა.

2. გარიგების ბათილად ცნობის მიმართ (აღიარებითი სარჩელი) მოთხოვნის იურიდიული ინტერესი და სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი მოსარჩელე ბანკმა იმით დაასაბუთა, რომ პირველ მოპასუხეს აქვს მოსარჩელე ბანკის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ვალი, რომელსაც არ იხდის. 2015 წლის 20 ნოემბერს პირველსა და მეორე მოპასუხეს შორის, ხოლო 2015 წლის 30 ნოემბერს მეორე და მესამე მოპასუხეს შორის დაიდო გარიგებები სადავო უძრავ ნივთზე (ნასყიდობის ხელშეკრულება). აღნიშნული გარიგებები მოჩვენებითია, ვინაიდან მიზნად ისახავს გამყიდველის (პირველი მოპასუხე) მხრიდან მოსარჩელე ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებისათვის თავის არიდებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 56-ე მუხლი).

3. მეორე მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომელშიც აღნიშნა, რომ ნამდვილი უფლების საფუძველზე შეიძინა სადავო უძრავი ქონება. მან განმარტა, რომ გარიგების გაფორმებამდე, 2015 წლის 29 მაისს, მასსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება 8000 აშშ დოლარზე, რომელიც ასევე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მეორე მოპასუხის განმარტებით, მან შეიტყო, რომ პირველი მოპასუხეს (მისი მსესხებელი) აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, რის გამოც, სურდა ბინის გაყიდვა 12000 აშშ დოლარად. მეორე მოპასუხემ (გამსასეხებელი) პირველ მოპასუხეს (მსესხებელი) შესთავაზა, რომ დაუმატებდა 4000 აშშ დოლარს და სურდა მისთვის მიეყიდა სადავო უძრავი ქონება. აღნიშნულ შეთავაზებას პირველი მოპასუხე (მსესხებელი) დასთანხმდა და ამგვარად, 2016 წლის 22 იანვარს, პირველსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სადავო უძრავ ნივთზე ნასყიდობის გარიგება (ნასყიდობის ღირებულება - 12000 აშშ დოლარი).

4. მესამე მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენია, რაიმე ნაცნობობა არ აკავშირებდა არც პირველ და არც მეორე მოპასუხესთან. მეორე მოპასუხე შუამავლის მეშვეობით გაიცნო. სადავო უძრავი ქონება კი, შეიძინა ერთ-ერთი ბანკიდან აღებული სესხით, რა დროსაც, იპოთეკით დაიტვირთა მისი მეუღლის ბინა. ამასთან, მან შეძენილი ბინა (სადავო უძრავი ქონება) გააქირავა, რაც დასტურდება მის მიერ წარდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით. აღნიშნული გარემოებები, გამორიცხავს გარიგების მოჩვენებით ხასიათს.

5. პირველ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია. იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. მოსარჩელემ ზემდგომ ინსტანციაში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 09 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის, საჯარო რეესტრში დაჩქარებული წესით, გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მეორე მოპასუხის სახელზე.

9. 2015 წლის 30 ნოემბერს, მეორე და მესამე მოპასუხეს შორის, საჯარო რეესტრში დაჩქარებული, წესით გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც სადავო უძრავი ქონება, საკუთრების უფლებით აღირიცხა ილია მესამე მოპასუხის სახელზე.

10. ბანკმა (მოსარჩელე) თავისი მატერიალური უფლების დასაცავად განხორციელა შემდეგი საპროცესო მოქმედებები: ა) 2015 წლის 16 ნოემბერს, სარჩელი აღძრა ბანკის მსესხებლის მიმართ თანხის (სესხი) დაკისრების თაობაზე; ამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა უძრავი ქონების მდებარე ქ.რუსთავი, ....... გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. ბანკის მსესხებელმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუველყოფის თაობაზე ჩაიბარა 2016 წლის იანვრის თვეში; ბ) 2015 წლის 11 დეკემბერს, ბანკმა ახალი განცხადებით მიმართა სასამართლოს და ბანკის მსესხებლის მიმართ აღძრულ დავაზე მოითხოვა დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მესამე მოპასუხეზე გასხვისებული სადავო უძრავი ქონების გასხვისებისა დ იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. ბანკის სარჩელზე, 2016 წლის 17 თებერვალს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ბანკის მსესხებელს დაეკისრა ბანკის სასარგებლოდ: განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3469,76 ლარის გადახდა, 2015 წლის 21 ოქტომბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, ყოველთვიურად 80,85 ლარის გადახდა. საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე 193,68 ლარის გადახდა, ასევე, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან აღსრულებამდე, არაუმეტეს 1 წლისა, ყოველდღიურად 0,67 ლარის გადახდა, საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე 2930,82 ლარის გადახდა, ასევე, 2015 წლის 21 ოქტომბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს, ერთი წლისა, ყოველთვიურად 71,03 ლარის გადახდა.

11. დადგენილია, რომ მესამე მოპასუხემ, 2015 წლის 27 ნოემბერს, ერთ-ერთი ბანკიდან აიღო სესხი - 5000 აშშ დოლარი.

12. ქონების გასხვისების შემდეგ სადავო უძრავ ბინაში პირველი მოპასუხის შვილი ცხოვრობდა, რომელსაც სარჩელი 2016 წლის 26 იანვარს პირადად ჩაბარდა; 2015 წლის 1 დეკემბერს, პირველსა და მესამე მოპასუხეს შორის სადავო უძრავ ქონებაზე ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა.

13. 2015 წლის 29 მაისს, პირველსა და მეორე მოპასუხეს შორის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება გაფორმდა ორი წლის ვადით, 8000 აშშ დოლარზე, რომლითაც მეორე მოპასუხემ (იპოთეკარი) პირველ მოპასუხეს (მესაკუთრე) ასესხა 8000 აშშ დოლარი, ორი წლის ვადით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება. ამასთან, სესხი იყო სარგებლიანი, სარგებელი კი, იყო მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი ფართის სარგებლობის უფლებით იპოთეკარისთვის დათმობა.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით (სარჩელი) ბანკი სადავოდ ხდიდა პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობას, მიუთითებდა რა მათ მოჩვენებით ხასიათზე (სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

15. სააპელაციო სასამართლომ, სადავო გარიგებათა მოჩვენებითი ხასიათის დასადასტურებლად, მტკიცების ტვირთი, ამ გარიგათა მოჩვენებით ხასიათზე მიმთითებელ - მოსარჩელე - მხარეს დააკისრა.

16. სააპელაციო სამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველ მოპასუხესა და მოსარჩელე ბანკს შორის არსებობდა არაუზრუნველყოფილი ფულადი ვალდებულება. რაიმე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა მოვალის (პირველი მოსარჩელე) ქონებაზე მოსარჩელე ბანკის სასარგებლოდ არ არარსებობდა.

17. განსახილველი სარჩელის იურიდიული ბედის გადაწყვეტა ასევე დამოკიდებული იყო სადავო უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერებაზე. ვინაიდან, მოსარჩელე ბანკი მოითხოვდა პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას, შესაბამისად, მისი მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო უძრავი ქონების ყოველი შემძენი იყო არაკეთლსინდისიერი ანუ, მოსარჩელე ბანკს უნდა ედასტურებინა, რომ მათ იცოდნენ ან შეიძლება სცოდნოდათ, რომ საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონების ჩანაწერი, სადავო იყო.

18. სადავო გარიგებათა მოჩვენებითი ხასიათის არარსებობის კუთხით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირები, ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში არმყოფი პირები იყვნენ.

19. მეორე მოპასუხემ შესაგებელში განმარტა, რომ გარიგების გაფორმებამდე, 2015 წლის 29 მაისს, მასსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება 8000 აშშ დოლარზე, რომელიც ასევე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მეორე მოპასუხის განმარტებით, მან შეიტყო, რომ პირველი მოპასუხე (მისი მსესხებელი) აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, რის გამოც, სურდა ბინის გაყიდვა 12000 აშშ დოლარად. მეორე მოპასუხემ (გამსასეხებელი) პირველ მოპასუხეს (მსესხებელი) შესთავაზა, რომ დაუმატებდა 4000 აშშ დოლარს და სურდა მისთვის მიეყიდა სადავო უძრავი ქონება. აღნიშნულ შეთავაზებას პირველი მოპასუხე (მსესხებელი) დასთანხმდა და ამგვარად, 2016 წლის 22 იანვარს, პირველსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სადავო უძრავ ნივთზე ნასყიდობის გარიგება (ნასყიდობის ღირებულება - 12000 აშშ დოლარი).

20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერი შემძენი ინსტიტუტი იცავს არამარტო შემძენს, არამედ იპოთეკარსაც. იპოთეკა, სანივთო უფლებაა და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. შესაბამისად, იპოთკარი, მყიდველის მსგავსად ეყრდნობა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. იმ მოცემულობაში, რომ მოსარჩელე ბანკის რაიმე უფლება, სადავო უძრავი ქონების მიმართ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა, მეორე მოპასუხეს შეეძლო თავისუფლად ევარაუდა, რომ სადავო უძრავი ქონების არათუ პირველი რიგის, არამედ, საერთოდაც, ერთადერთ იპოთეკარს წარმოადგენდა. მოსარჩელე ბანკს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მეორე მოპასუხის ქმედების არაკეთლსინდისიერებაში. მით უმეტეს, მოსარჩელე ბანკმა, სარჩელი აღძრა 2015 წლის 16 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სადავო უძრავ ქონებაზე გარიგება გააფორმდა (ტ.1. ს.ფ. 56).

21. მოსარჩელე ბანკის (აპელანტი) ერთ-ერთ არგუმენტს ის წარმოადგენდა, რომ მეორე მოპასუხეს იპოთეკის ხელშეკრულება ისედაც ჰქონდა გაფორმებული სადავო უძრავ ქონებაზე და მაშასადამე, ნასყიდობის ხელშეკრულება იმავე ქონებაზე მოჩვენებითი ხასიათის იყო. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტი და აღნიშნა, რომ როგორც მოპასუხემ განმარტა, პირველი მოპასუხე (მისი მსესხებელი) აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, რის გამოც, სურდა ბინის გაყიდვა 12000 აშშ დოლარად. მეორე მოპასუხემ (გამსასეხებელი) პირველ მოპასუხეს (მსესხებელი) შესთავაზა, რომ დაუმატებდა 4000 აშშ დოლარს და სურდა მისთვის მიეყიდა სადავო უძრავი ქონება. ამით, მეორე მოპასუხემ დაფარა რა სხვაობა სესხის სახით გაცემულ თანხასა და ნასყიდობის საფასურს შორის და დაიცვა თავისი, როგორც გამსესხებლის უფლება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოთხოვნა პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 20 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

23. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, რომელიც მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას შეეხებოდა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯერ ერთი, მეორე მოპასუხე კეთილსინდისიერ შემძენად იქნა მიჩნეული და მეორეც, არ არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობაში დაარწმუნედა. სააპელაციო სასმართლომ ყურადღება გაამახვილა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ. ვ–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მეორე და მესამე მოპასუხეებს ერთმანეთთან ნაცნობ-მეგობრობა არ აკავშირებდათ. მათ ერთმანეთი გაიცნეს, მოწმის, როგორც შუამავლის მეშვეობით. ისინი ერთიმეორეს, გაეცნენ სამაკლერო ბიუროში, როგორც გამყიდველი და მყიდველი. მოწმის ამ ჩვენების გასაბათლებლად რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილ არ იყო. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც დადასტურებული იქნა, რომ მესამე მოპასუხე ქონების მოძიების მიზნით სამაკლერო ბიუროს დაუკავშირდა, გაიცნო მეორე მოპასუხე, როგორც უძრავი ქონების გამყიდველი, შემძენის კეთილსინდისიერების გამომრიცხველი და სადავო გარიგების მოჩვენებით გარიგებად ცნობის წინაპირობები, არ დასტურდებოდა.

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

25. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო გარიგებები წარმოადგენენ მოჩვენებით გარიგებებს, რადგან მათი დადების მიზანი არ იყო ნამდვილი უფლების საფუძველზე ქონების საკუთრებაში გადაცემა. ორივე გარიგება მიზნად ისახავდა მოსარჩელე ბანკის მიმართ პირველი მოპასუხის ვადამოსული ვალდებულების შესრულების თავიდან არიდებას.

26. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ Nას-571-879-09), რომელშიც განხილულია გარიგების მოჩვენებითად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები - ნების ნაკლი, გარიგების მონაწილე პირთა გაზრახვა და ა.შ.

27. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი მოპასუხის მიმართ, მან, სარჩელი შეიტანა 2015 წლის 16 ნოემბერს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კი, მოითხოვა სადავო უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. სასამართლოს განჩინება, უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, მოსარჩელე ბანკს დროულად არ ჩაბარდა, რის გამოც, საჯარო რეესტრში ვერ მოხდა განჩინებით დადგენილი შეზღუდვის დარეგისტრირება. 2015 წლის 20 ნოემბერს სადავო უძრავი ქონება აღირიცხა მეორე მოპასუხის სახელზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება სესხის დაფარვის - მორიგების თაობაზე, თუმცა, ამის პარალელურად პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება გაასხვისა. პირველი და მეორე ნასყიდობა, საჯარო რეესტრში, დაჩქარებული წესით, გაფორმდა. დღემდე, სადავო უძრავ ქონებაში, ცხოვრობს პირველი მოპასუხის ოჯახი. აღნიშნულს ადასტურებს ფოსტის უკუგზავნილი, რომლითაც დგინდება, რომ ბანკის მიერ გაგზავნილი სარჩელი ჩაბარდა პირველი მოპასუხის შვილს, სადავო უძრავი ქონების მისამართზე, 2016 წლის 26 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად

29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

30. განსახილველი დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულებათა (2015 წლის 20 ნოემბრის და 2015 წლის 30 ნოემბრის) ბათილად ცნობა, მათი „მოჩვენებითი“ ხასიათის გამო. კასატორის განმარტებით, გარიგების მონაწილე მხარეებს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ნება არ ჰქონდათ, მათი რეალური მიზანი იყო მოსარჩელე ბანკის მიმართ არსებული პირველი მოპასუხის ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდება და სადავო უძრავი ქონების ყოველი შემდგომი მყიდველის მიერ „კეთილსინდისიერი შემძენის“ სტატუსით სარგებლობა.

31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

32. საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ მსჯელობისას, უწინარესად, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობას განმარტავს და დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ბანკის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია (სსსკ-ის 180-ე მუხლი). მისი იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

33. საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, თუ როგორი შეიძლება იყოს მოჩვენებითი გარიგება და შემდეგ იმსჯელებს სადავო გარიგებათა ბათილობის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

34. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). „მოჩვენებითი გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ფაქტი, რომ მხარეებს არა აქვთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა. მოჩვენებითი გარიგება ბათილია, რადგან მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას. მოჩვენებითი გარიგებისაგან განსხვავებით, თვალთმაქცური გარიგება ნამდვილია. მტკიცებითი ტვირთი როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგებების შემთხვევაში. აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები (შეადრ: სუსგ-ები №ას-473-2019, 13.04.2020წ.. პპ: 25, 26; Nას-1029-2019. 10.10.2019წ.პ.5).

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როცა სასამართლო იხილავს სარჩელს გარიგების ბათილობის შესახებ, იგი იკვლევს და აფასებს მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, გაფორმებულ გარიგებათა თანმიმდევრულობას და შინაარსს, ლოგიკურ და ადეკვატურ კავშირებს ამ გარიგებებს შორის. გარიგების ბათილობის განმაპირობებელი წინაპირობების მარეგულირებელი ნორმის მიხედვით (სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი) გარიგების მონაწილე მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სწორედ გარიგების ნამდვილობაზე შემდავებელმა მხარემ უნდა მიუთითოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას“ (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 56, ველი 4, 7, 8, 19, 21, 22). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებებით სწორედ გარიგების ნამდვილობაზე შემდავებელმა მხარემ უნდა ადასტუროს.

36. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა (ამ განჩინების პ.1) სამართლებრივად სწორი იქნებოდა თუკი კასატორი, დაამტკიცებდა, რომ სადავო ხელშეკრულებების გაფორმებისას მოპასუხეები ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

37. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის გამომრიცხველ გარემოებებთან მიმართებით მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ სადავო გარიგებები წარმოადგენენ მოჩვენებით გარიგებებს, რადგან მათი დადების მიზანი არ იყო ნამდვილი უფლების საფუძველზე ქონების საკუთრებაში გადაცემა. საკასაციო პალატა, სადავო გარიგებათა მოჩვენებითი ხასიათის არარსებობის კუთხით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა მიმართ კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407-ე მუხლი):

38. მოპასუხეებად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირები, ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში არმყოფი პირები იყვნენ.

39. მეორე მოპასუხემ შესაგებელში განმარტა, რომ გარიგების გაფორმებამდე, 2015 წლის 29 მაისს, მასსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება 8000 აშშ დოლარზე, რომელიც ასევე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მეორე მოპასუხის განმარტებით, მან შეიტყო, რომ პირველი მოპასუხე (მისი მსესხებელი) აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, რის გამოც, სურდა ბინის გაყიდვა 12000 აშშ დოლარად. მეორე მოპასუხემ (გამსასეხებელი) პირველ მოპასუხეს (მსესხებელი) შესთავაზა, რომ დაუმატებდა 4000 აშშ დოლარს და სურდა მისთვის მიეყიდა სადავო უძრავი ქონება. აღნიშნულ შეთავაზებას პირველი მოპასუხე (მსესხებელი) დასთანხმდა და ამგვარად, 2016 წლის 22 იანვარს, პირველსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სადავო უძრავ ნივთზე ნასყიდობის გარიგება (ნასყიდობის ღირებულება - 12000 აშშ დოლარი). ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე ბანკის რაიმე უფლება, სადავო უძრავი ქონების მიმართ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა, შესაბამისად, მეორე მოპასუხეს შეეძლო თავისუფლად ევარაუდა, რომ სადავო უძრავი ქონების არათუ პირველი რიგის, არამედ, საერთოდაც, ერთადერთ იპოთეკარს წარმოადგენდა. მოსარჩელე ბანკს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მეორე მოპასუხის ქმედების არაკეთლსინდისიერებაში. მით უმეტეს, მოსარჩელე ბანკმა, სარჩელი აღძრა 2015 წლის 16 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სადავო უძრავ ქონებაზე გარიგება გააფორმდა (ტ.1. ს.ფ. 56).

40. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, რომელიც მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის 2015 წლის 30 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას შეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ. ვ–ის ჩვენების მიხედვით, დადგენილია, რომ მეორე და მესამე მოპასუხეებს ერთმანეთთან ნაცნობ-მეგობრობა არ აკავშირებდათ. მათ ერთმანეთი გაიცნეს, მოწმის, როგორც შუამავლის მეშვეობით. ისინი ერთიმეორეს, გაეცნენ სამაკლერო ბიუროში, როგორც გამყიდველი და მყიდველი. მოწმის ამ ჩვენების გასაბათლებლად რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

41. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს, შემძენის „კეთილსინდისიერების“ ინსტიტუტზე, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაზე და მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე ნ. დ–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქმე N3/4/550; 17 ოქტომბერი 2017წ.). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია საჯარო რეესტრის მიზანი, რაც სამოქალაქო ბრუნვის გამარტივებასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ბრუნვის უსაფრთხოება კი არ გულისხმობს მხოლოდ შემძენის ინტერესების დაცვას, მასში ასევე მოიაზრება ნამდვილი მესაკუთრის ინტერესების დაცვა, რომელსაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ჰქონდა საჯარო რეესტრის სანდოობის კანონიერი მოლოდინი. საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაყალბება და დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენებისაგან არავინაა დაზღვეული. ამიტომ სახელმწიფომ უნდა შექმნას დაზარალებულის ინტერესების დაცვის რეალური შესაძლებლობა.

42. იმისათვის, რომ შემძენი გახდეს მესაკუთრე, სადავო ნორმები გამყიდველის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტთან ერთად ასევე ადგენენ დამატებით პირობებს. სსკ-ის 185-ე მუხლი, ისევე როგორც ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ შემძენი მხოლოდ მაშინ გახდება მესაკუთრე, თუ მან არ იცოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „უზუსტო ჩანაწერთან დაკავშირებით, შემძენს არაკეთილსინდისიერად აქცევს არა ყოველგვარი ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთი, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას, ანუ იმ გარემოებათა ცოდნა, რის გამოც ჩანაწერი უზუსტოა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება №ას-189-182-2013).

43. განსახილველ შემთხვევაში - მყიდველის, კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენისას უნდა გაირკვეს, იცოდა თუ არა უძრავი ქონების შემძენმა ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

44. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მესამე მოპასუხემ სწორედ შუამავლის მეშვეობით გაიცნო მეორე მოპასუხე, შეამოწმა რეესტრის მონაცემები უძრავ ქონებასთან მიმართებაში და შეიძინა მითითებული ბინა, მოსარჩელე ბანკმა ვერ დაადასტურა მითითებული ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი, მან ასევე ვერ დაადასტურა, რომ მეორე და მესამე მოპასუხეთა მხრიდან უძრავი ქონების შეძენისას ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.

45. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სარჩელი 2016 წლის 26 იანვარს ჩაბარდა პირველი მოპასუხის შვილს (ამ განჩინების პ. 27), აღნიშნული ფაქტი არ ადასტურებს, რომ მყიდველს რეალურად არ გადასცემია უძრავი ქონება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იქნა 2015 წლის 1 დეკემბრის ქირავნობის ხელშეკრულება პირველ და მესამე მოპასუხეს შორის, რაც კანონიერს ხდის პირველი მოპასუხის შვილის მხრიდან მითითებულ უძრავ ქონებაში ცხოვრების ფაქტს.

46. ამდენად, კასატორმა ვერ დაადასტურა მეორე და მესამე მოპასუხეების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების, ასევე, გარიგებათა მოჩვენებითად დადების ფაქტი. შესაბამისად, კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის, დასაშვებად ცნობის საფუძველების არსებობაში.

47. კასატორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე (იხ., ამ განჩინების პ. 26), თუმცა, არ ასახელებს კონკრეტულ გარემოებებს, რომლებიც განსახილველ საქმეში, მის მიერ მითითებულ საქმეში გაკეთებული შეფასებებისაგან განსხვავებულად, შეფასდა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის ზოგადი და თეორიული ხასიათის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარემ სასამართლოს უნდა დაუდასტუროს ფაქტობრივი გარემოებების მის სასარგებლოდ შეფასების მართლზომიერება, სამართლებრივი შეფასება კი, სასამართლოს პრეროგატივაა (jura novit curia - სასამართლომ იცის კანონი).

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მოჩვენებითი გარიგებისა და შემძენის კეთილსინდისიერების სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „თ.ბ–ს“ (ს/კ: №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 10.07.2020წ.-ს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ე. გასიტაშვილი