საქმე №ზ-350-ა-6-2020 29 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პ.კ–ას განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმის გაუქმების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2020 წლის 12 ოქტომბერს პ.კ–ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმის გაუქმება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (1997წლის რედაქციით) მე-19 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე. ამავე კანონის 883-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2005 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყონ საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების ლიკვიდაციასთან, ასევე სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საკადრო, ორგანიზაციული და სხვა საკითხების გადაწყვეტა.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №857 ბრძანებულების საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლოს უფლებამონაცვლეა თბილისის სააპელაციო სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმის გაუქმებას, შესაბამისად, მან აღნიშნულის თაობაზე განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ.კ–ას განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ.კ–ას განცხადება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმის გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი