Facebook Twitter

№ას-1591-2018 27 ივლისი, 2020 წელი.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ყ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ყ.თ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად საქალაქო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი – ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით:

- მ.ყ–ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გაადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით:

-ს.ყ–ს უარი ეთქვა მისი, როგორც მ.ყ–ის წარმომადგენლად დაშვებაზე;

3. აღნიშნულ განჩინებაზე მ.ყ–ის წარმომადგენელმა, ს.ყ–მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით ს.ყ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნულ განჩინებაზე მ.ყ–ის სახელით განცხადება-საჩივარი შეიტანა ს.ყ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების კანონიერების გადასინჯვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით განცხადება-საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საპელციო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით:

- მ.ყ–ის სახელით ს.ყ–ის მიერ 2018 წლის 28 ივნისის შეტანილი განცხადება-საჩივარი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

8. აღნიშნულ განჩინებაზე ს.ყ–მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი წარმომადგენლად ცნობა და საქმის პირველ ინსტანციაში არსებითად განსახილველად დაბრუნება;

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

9. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება 2018 წლის 14 ნოემბერს პირადად ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 15 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 ნოემბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, 2018 წლის 21 ნოემბერს, მ.ყ–ის წარმომადგენელმა, ს.ყ–მა, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატას, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მოითხოვა ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შევსებულად ჩათვლა. განმცხადებელმა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევის საპატიო მიზეზად დაასახელა ქმრის ავადმყოფობა, კერძოდ მიუთითა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს ქმრის, ა.ყ–ის, ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა წასულიყო ბოლნისში, ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება კი დარჩა თბილისში. 20 ნოემბერს ა.ყ–ი მოთავსებული იქნა სტაციონარში, შესაბამისად ამ პერიოდში, როგორც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ მოახერხა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევის საპატიო მიზეზი შემდეგი გარემოებების გამო: ს.ყ–ის მიერ 2018 წლის 03 დეკემბრის განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობით ნამდვილად დასტურდება, რომ ა.ყ–ი 2018 წლის 20 ნოემბერს გადაყვანილი იქნა სტაციონარში, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაიწყო 2018 წლის 14 ნოემბერს, შესაბამისად, გაურკვეველია არსებობდა თუ არა ს.ყ–ის წასვლის აუცილებლობა ბოლნისში 2018 წლის 14 ნოემბერს. ამასთან, ეს ფაქტი თუნდაც დასტურდებოდეს განმცხადებლის მიერ, ვადის დარღვევის საპატიო მიზეზი მაინც არ არსებობს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს შეეძლო სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა ბოლნისში ყოფნის დროს, ამისთვის საჭირო არ იყო თბილისში ჩამოსვლა ან ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ხელთქონა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა დაუდასტურებია შესაბამისი მტკიცებულბებით.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ყ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე