Facebook Twitter

საქმე №ას-522-2020 23 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2020წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.შ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა ამ ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ის, 4 000 აშშ დოლარის გადახდის პირობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.12.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, .....№21-ში, შენობა №1-დან 21.61 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 6.38 კვ.მ. სარდაფის (ს/კ №......) მესაკუთრედ ამ ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ის, 11 416.8 ლარის გადახდის პირობით. მოპასუხეს გადაეცა მოსარჩელის მიერ ამ გადაწყვეტილებით შესასრულებელი ფულადი ვალდებულების დეპონირების მიზნით 23.08.2019წ. სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით #2835551615 სალაროს შემოსავლის ორდერით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე ლ.დ–ის მიერ (დეპონირებული) განთავსებული 4694.00 ლარი. ხოლო, დარჩენილი თანხის, 6722.8 ლარის უზრუნველსაყოფად მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის მიერ დაკავებული 21.61 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 6.38 კვ.მ. სარდაფი მდებარე: ქ. თბილისში, ..... ქ. №21-ში, შენობა №1-ში (ს/კ №.......).

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.12.2019წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია გასაჩივრების ვადის დარღვევით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 65-ე, 66-ე და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად წარმოადგენს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 03 თებერვლიდან ჰქონდა მძიმე ვირუსული დაავადება და დანიშნული ჰქონდა მკურნალობა. ვირუსით დაავადდა ასევე მისი მცირეწლოვანი შვილი. ზემოაღნიშნულის გამო რწმუნებულისთვის შეუძლებელი იყო გადაადგილება და მარწმუნებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

8. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხე (აპელანტი) არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტს. ასეთზე კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს.

10. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.,). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (სსსკ-ის მე-60 მუხლი).

11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). სსსკ-ის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

12. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე ესწრებოდა სასამართლოში 23.12.2019წ. გამართულ სხდომას და ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ.: 23.12.2019წ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 193,194). მოპასუხეს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს, მან გადაწყვეტილება ჩაიბარა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს - 23.01.2020წ. (იხ.: ხელწერილი, ტ.1, ს.ფ. 202). შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან - 23.01.2020წ. და ამოიწურა 05.02.2020წ..

13. თბილისის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა 10.02.2020წ.. საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 06.02.2020წ.. ამდენად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის თარიღია 06.02.2020წ., რაც ნიშნავს, რომ აპელანტს დარღვეული აქვს გასაჩივრების ვადა.

14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ სსსკ-ის 65-ე, 66-ე მუხლებზე მითითებას იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საპატიო მიზეზი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ისევე როგორც სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, კრძალავს სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელებას ან აღდგენას.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).

16. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ებები: Nას-1226-2019წ., 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.; Nას-1170-1100-2015, 25.12.2015წ.).

17. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად. არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2020წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე