Facebook Twitter

საქმე №ას-610-2020 6 ნოემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.მ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე – მ.მ–ის სარჩელის გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის მიმართ, დისციპლინური სახდელის შეფარდების ბრძანებისა და გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურისა ანაზღაურების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

მ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, პალატას განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ხოლო საპროცესო ხარჯების ნაწილში ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ იყო უმუშევარი და ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო შექმნილმა ეკონომიურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა.

2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საპროცესო ვადა გაგრძელდა 10 დღით სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად. ამასთან, კასატორს ამომწურავად განემარტა საპროცესო შეღავათის მიღების წინაპირობების შესახებ.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ ობიექტური მიზეზების გამო, ესაჭიროებოდათ დამატებითი ვადა დადგენილი ხარვეზის შესავსებად.

2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საპროცესო ვადა გაგრძელდა დამატებით 10 დღით და მხარეს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ მ.მ–ის მძიმე სოციალური მდგომარეობის თაობაზე მზადდებოდა დოკუმენტები, რომელთა წარმოსადგენად სჭირდებოდათ დამატებითი ვადა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საპროცესო ვადა გაგრძელდა 7 დღით მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რთული ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად წარმოადგინა შვილების დაბადების მოწმობების ასლები და ამონაწერი სს „თ.ბ–დან“ სესხის შესახებ, საიდანაც დგინდებოდა, რომ მ.მ–ის ბანკიდან სესხად მიღებული 7900 ლარიდან და 2020 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, სესხის ნაშთად ერიცხებოდა 1791.83 ლარი (თუმცა არ იყო წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკი). ასევე, განცხადების ავტორის მითითებით, იგი როგორც უმუშევარი კონსულტაციებს გადიოდა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში და მისთვის პერსპექტივის შექმნის მიზნით იგეგმებოდა ინდივიდუალური პროგრამების მომზადება, აღნიშნული საკითხის დარეგულირებამდე კი მისთვის რეალურ პრობლემად რჩებოდა ფინანსური სირთულეები, რის გამოც, ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ასახავდა მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას და ისინი, პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლის მიღებისა თუ ქონებრივი აქტივის ქონის შესაძლებლობის ფაქტს არ გამორიცხავდა. შვილების ყოლა და ბანკის მიმართ ფინანსური ვალდებულების - სესხის არსებობის ფაქტი უპირობოდ არ ნიშნავდა იმას, რომ მხარეს შემოსავალი არ გააჩნია და გადახდიისუუანაროა. ის არგუმენტი, რომ იგი როგორც უმუშევარი, კონსულტაციებს გადის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ იყო.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, პალატას კვლავ მომართა განცხადებით მ.მ–მა, მისი განმარტებით, იგი არის შვილების ერთადერთი მარჩენალი, საბანკო და კერძო პირებისგან აღებული სასესხო ვალდებულებების გამო სათანადოდ ვერ ახერხებს ოჯახის რჩენას და ასევე არ არ აქვს ახალი სესხის აღების საშუალება, ვინაიდან მისი უმუშევრობის გამო ფინანსური დაწესებულებები უარს ეუბნებიან სესხის გაცემაზე. კასატორმა კვლავ დააფიქსირა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება არ გააჩნია და არც უახლოეს პერიოდში ექნება ამის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.მ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატამ არაერთხელ განუმარტა კასატორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ეს ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ-ის 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლი). ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. ასევე არაერთხელ განემარტა მხარეს, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ მიიჩნეოდა საკმარის მტკიცებულებებად და სასამართლოს ვერ შეუქმნიდა მყარ შინაგან რწმენას მის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე და გადახდისუუნარობაზე, რაც გახდებოდა მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა კანონის შესაბამისად, ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია. ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად მხარე უთითებს იმ ფაქტზე, რომ არის უმუშევარი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და ამასთან აქვს ფინანსური ვალდებულება კომერციული ბანკის მიმართ, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, ზემოხსენებული არგუმენტები უპირობოდ არ ნიშნავს იმას, რომ მხარე გადახდიისუუნაროა.

კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება კასატორის გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სრულად არ ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას, არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას ვერ ადასტურებს, ანუ წარმოდგენილი მტკიცებულებები პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლის მიღებისა თუ ქონებრივი აქტივის ქონის შესაძლებლობის ფაქტს არ გამორიცხავს. ის ფაქტი, რომ კასატორი 2018 წლის 31 მაისის ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან, რომლის კანონიერების შესამოწმებლად მიმდინარეობს დავა, ავტომატურად არ გამორიცხავს, კასატორის მიერ სხვა დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულებას - ანაზღაურების სანაცვლოდ და არ ქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ კასატორი უმუშევარია.

ამასთან, მხარეს არ წარმოუდგენია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია (მაგალითისათვის, ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის შესახებ და სხვა), რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს სრულყოფილად შეეფასებინა მხარის ქონებრივი მდგომარეობა. მხოლოდ იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კასატორს ყავს შვილები და აქვს ბანკის მიმართ არსებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2020 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით, სესხის ნაშთად ერიცხებოდა 1791.83 ლარი, ვერ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად იმის დასადასტურებლად, რომ პირს მოცემული ეტაპისათვის ქონებრივი მდგომარეობის გამო 600 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

გარდა ხსენებულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-5 მუხლებით განმტკიცებულ სასამართლო ხელმისაწვდომობისა და პირთა თანასწორობის პრინციპებზე და განმარტავს, რომ როგორც მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით, ისე - ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვა მართალია, არ წარმოადგენს ილუზორულ უფლებას, თუმცა, ეს უფლება არ არის აბსოლუტური, რადგანაც იგი შეიძლება ემყარებოდეს შეზღუდვას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს დაუსრულებლად. იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-6 ნაწილით საკასაციო სამართალწარმოების ვადა 6 თვითაა განსაზღვრული, ხოლო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, კასატორის შუამდგომლობების საფუძველზე, 4 თვეს გრძელდება, მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების შეზღუდვა დაუსაბუთებელია და არღვევს მხარეთა თანასწორობის სამართლიან ბალანსს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად სრულყოფილად არ გამოუსწორებია ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 374-ე, 368-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე