საქმე №ას-261-2020
30 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ო.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ყ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - აუცილებელი გზის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. ქალაქ თბილისში, ....... მდებარე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით ((ნაკვ. 03/035), დაზუსტებული ფართობი: 2655.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა N1, საკადასტრო კოდი: N.....) რეგისტრირებულია გ.ღ–ძის, ზ.მ–ის, მ.ყ–ძის, შპს „კ–ის“, სს „ა–ისა“ და შპს „ბ“-ის თანასაკუთრებად, საიდანაც მ.ყ–ძის (შემდგომში „მოსარჩელე“) ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობა N1-დან 540.00 კვ.მ., რომელიც მან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 3 ივნისს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე შეიძინა. მითითებული ქონების მახასიათებლებად აღნიშნულია შემდეგი: „უძრავი ქონება წარმოადგენს სამსართულიან საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობაში მდებარე სამ იზოლირებულ ფართს. ფართები განთავსებულია შენობის პირველ, მეორე და მესამე სართულებზე. ფართები შავი კარკასის მდგომარეობაშია, კერძოდ იატაკზე დასხმულია ბეტონი, კედლები ნაშენებია ბლოკით და აგურით და გალესილია. ნახაზების მიხედვით, პირველი სართულის ფართი შეადგენს - 167.48 კვ.მ-ს, მეორე სართულის ფართი - 123.57 კვ.მ-ს, ხოლო მესამე სართულის ფართი - 241.76 კვ.მ-ს, ჯამში 532.81 კვ.მ-ს. პირველ სართულზე შესასვლელი არის ქუჩის მხრიდან რკინის კარით, ფართს არ გააჩნია ფანჯრები, ფართში მოწყობილია ორი დამხმარე ოთახი, მეორე და მესამე სართულებზე მდებარე ფართებს არ გააჩნია დამოუკიდებელი ასასვლელი კიბე. უძრავი ქონება განთავსებულია .... ქუჩაზე მდებარე გზიდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით“.
2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას .... ქუჩის მხრიდან ესაზღვრება ო.მ–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (დაზუსტებული ფართობი: 280.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 1 საერთო ფართით 502.43 კვ.მ. (მათ შორის სასარგებლო ფართი 447.025 კვ.მ, კიბის უჯრედის და ჰოლის ფართი 55.405 კვ.მ.), საკადასტრო კოდი N0.......)).
3. შპს „აუდიტ ოლიმპის“ მიერ 2015 წლის 9 თებერვალს გაცემული დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების პირველ სართულს გააჩნია მხოლოდ ერთი მისასვლელი გზის მხარეს არსებული მიწის ნაკვეთიდან, რომელიც წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას.
4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 თებერვლის საექსპერტო დასკვნის თანახმად, მოსარჩელის უძრავ ქონებასთან (ჭიშკართან) მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს .... ქუჩიდან N........საკ. კოდის მქონე მიწის ნაკვეთის გავლით, დასკვნის დანართზე მითითებული ფორმით. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ქონებას გააჩნია ერთადერთი შესასვლელი კარი N1 შენობა-ნაგებობის აღმოსავლეთით, .... ქუჩის მხარეს. შესაბამისად, ფართში შესვლა დღეისათვის შესაძლებელია მხოლოდ .... ქუჩის მხრიდან N ...... საკ. კოდის მქონე მიწის ნაკვეთის (მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის) გავლით.
5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 ივლისის საექსპერტო დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ სასაწყობე ფართთან (შესასვლელ კარებთან) მისასვლელი საავტომობილი გზა შესაძლებელია მოეწყოს .... ქუჩიდან, საჯარო რეესტრში N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის) გავლით, დასკვნის დანართის შესაბამისად. სხვა ალტერნატიული საავტომობილი გზის მოწყობის შესაძლებლობა საკვლევ ფართთან ფაქტობრივი მდგომარეობით არ არსებობს. ამავე დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ სასაწყობე ფართთან მისასვლელი გზის მოწყობა ისე, რომ არ გაიაროს სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ფაქტობრივი მდგომარეობით შეუძლებელია. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ ფართს, რომელიც მდებარეობს შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე, გააჩნია ერთადერთი შესასვლელი კარი, აღმოსავლეთის ნაწილში, .... ქუჩის მხარეს. აღნიშნულ კართან მოხვედრა ავტომობილით ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ .... ქუჩის მხრიდან, N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა N1-ს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ოთხივე მხრიდან ესაზღვრება სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები. შენობა N1-ის პირველ სართულზე არსებულ მოსარჩელის კუთვნილ სასაწყობე ფართის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს კიბის უჯრედი, ლიფტის შახტა და სასაწყობე ფართი, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ავტოსახელოსნო, რომლებიც ფაქტობრივად სხვის საკუთრებას წარმოადგენენ.
6. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილ ფართში არსებულ შესასვლელ ჭიშკართან ერთადერთ მისასვლელ სამანქანე გზას წარმოადგენს N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 56.2 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის N3584857 გადაწყვეტილებით სამსახურმა დაადასტურა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N .......) ღიობისა და ჭიშკრის მოწყობის შესაძლებლობა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის N002490 დადგენილებით მოსარჩელე სხვა თანამესაკუთრეებთან ერთად დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ. თბილისში, .... ქ. N14-ში (ს/კ N .....) არსებულ კაპიტალურ შენობაზე შესაბამისი სანებართოვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის. ამავე დადგენილებით დაევალათ შესაბამისი სანებართო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი (ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 აპრილის N126 ბრძანებით მოსარჩელისა და გ.ღ–ძის ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის N002490 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 25 დეკემბრის N694 ბრძანებით მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის N3584857 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
11. საჯარო რეესტრის ამონაწერების შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება 2017 წლის 14 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე დაიყო სამ საკადასტრო ერთეულად, შემდეგი რეკვიზიტებით: 1) ქალაქი თბილისი, .... ქუჩა N14 (ნაკვ. ....), სართული 1, ფართი: 169.53 კვ.მ, საკადასტრო კოდი N01......; 2) ქალაქი თბილისი, .... ქუჩა N14, (ნაკვ. ....), სართული 2, ფართი: 125.67 კვ.მ, საკადასტრო კოდი N........; და 3) ქალაქი თბილისი, .... ქუჩა N14, (ნაკვ. 03/..), სართული 3, ფართი: 244.80 კვ.მ, საკადასტრო კოდი N .......
12. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი გზის დადგენა.
12.1.სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საწარმოო დანიშნულების უძრავ ქონებას არ გააჩნია დამოუკიდებელი შესასვლელი. შენობასთან მისვლა შეუძლებელია მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლის გარეშე, რაზეც უარს აცხადებს მოპასუხე.
13. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ნაკვეთთან მისასვლელი გზა გააჩნია არა მხოლოდ .... ქუჩის მხრიდან, არამედ შენობის უკანა მხარეს არსებული სადარბაზოს მხრიდან ცენტრალური შესასვლელით. აღნიშნულ შესასვლელს კი ასევე გააჩნია სამანქანო გზა. მოსარჩელემ თვითნებურად მოშალა მის შენობასთან დამაკავშირებელი გზა - ამოაშენა ფართთან დამაკავშირებელი შესასვლელი, რომელიც შეუძლია კვლავ აღადგინოს. შესაბამისად, მოპასუხე არ არის ვალდებული ითმინოს მის ნაკვეთზე აუცილებელი გზით სარგებლობა.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მიეცა ნებართვა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 56.2 კვ.მ (თბილისი, .... ქ. N14, ს/კ ......), რომელიც მდებარეობს .... ქუჩასა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს შორის, გამოიყენოს როგორც მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებამდე მისასვლელი აუცილებელი გზა, ხოლო მოპასუხეს დაევალა ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება და აეკრძალა ამ ნაკვეთზე რაიმე მშენებლობის ან სხვა მოქმედებების განხორციელება, რაც ხელს შეუშლიდა მოსარჩელეს მის სარგებლობაში.
15. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო პროცესში მოქმედ სტანდარტზე და დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის დადგენას, წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას, რათა მან ისარგებლოს კუთვნილი ფართით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელის ნაკვეთით ჯეროვანი სარგებლობის ერთადერთი შესაძლებლობაა.
16.3 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა იმის შესახებ, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები მოსარჩელის კუთვნილი შენობის არალეგალურად/პროექტის დარღვევით აშენების შესახებ მნიშვნელოვანი იყო წინამდებარე დავისთვის. ამასთან, აღნიშნა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის კარის ღიობის მოწყობის კანონიერება აღნიშნული ფართის საჯარო გზასთან დაკავშირების თვალსაზრისით გამოკვლეული არ არის და საქმეში არც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაა წარდგენილი, რაც მოსარჩელის კუთვნილ ფართთან მისასვლელი გზის მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით დაკავშირების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
16.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ის პოზიციაც, რომ სადავო გზის დადგენის აუცილებლობა წარმოიშვა მოსარჩელის თვითნებური მოქმედების შედეგად. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული ქონება საჯარო აუქციონზე შეიძინა სწორედ იმ სახით, რა სახითაც იგი არსებობს დღეისათვის, რაც საფუძველს აცლიდა მოპასუხის ზემოთმითითებულ პრეტენზიას.
16.5. სასამართლომ იმსჯელა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინების კანონიერებაზეც, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა მოპასუხეს უარი სხვა ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერებაზე, ვინაიდან სასამართლომ ზუსტად განსაზღვრა, თუ რა კავშირი არსებობდა მის მიერ განსახილველ საქმესა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 25 დეკემბრის #694 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმდინარე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას შორის (გამომდინარეობდნენ თუ არა ისინი ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან). შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ წინამდებარე დავის გადაწყვეტა სრულად შესაძლებელი იყო, ვინაიდან მოპასუხის მიერ მითითებულ დავაში წყდებოდა არა საკუთრებით სარგებლობის უფლების დადგენის, არამედ უკანონო მშენებლობის ლეგალიზაციის საკითხი.
17. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
17.2 კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექის 180-ე მუხლი, რამაც სადავო საკითხის არასწორად გადაწყვეტა გამოიწვია. კერძოდ, სასამართლოს უნდა შეეფასებინა და შესაბამისი დასკვნა გამოეტანა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე: მოსარჩელის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზზე, რომელიც აღწერს ქ. თბილისში, .... ქ. #14-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (რომელშიც ასევე განთავსებულია მოპასუხის ქონება) შიდა ტიხრების დღევანდელ მდგომარეობას. აღნიშნული დოკუმენტის კვლევა უნდა განხორციელდეს მოპასუხის მიერ წარდგენილი შენობა-ნაგებებობის თავდაპირველ სართულობრივ გეგმასთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ მოსარჩელის შენობის პირველ სართულს ეზოს მხრიდან აქვს რამდენიმე შესასვლელი, ეზოში მოწყობილია სამანქანო გზა, რომელიც უკავშირდება საჯარო გზას/.... ქუჩას. საქმეში არსებული არაერთი დოკუმენტი (ტ. 1, ს.ფ 244-246, 106-107, 271-274, 243-245, 246-248) ადასტურებს შენობის მესაკუთრეთა თვითნებობას სხვადასხვა ტიხრებისა და ინდივიდუალური საკადასტრო ერთეულების შექმნის გზით ქონებასთან მისასვლელი საავტომობილო გზის მოსპობასთან დაკავშირებით.
17.3 სასამართლომ სადავო გარემოების დასადგენად გამოიყენა არარელევანტური მტკიცებულებები, როგორიცაა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შპს „უ-ო–ის დასკვნა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 თებერვლისა და 2017 წლის 31 ივლისის საექსპერტო დასკვნები. აღნიშნული საექსპერტო დასკვნები სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უკვე აღარ ასახავდნენ აუცილებელი გზის მოწყობის რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისას მოსარჩელის მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული ღობით, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელემ მოიპოვა მიწის ნაკვეთის ღობით შემოსაზღვრის უფლება და გააკეთა ნაკვეთში შესასვლელი ჭიშკარი.
17.4 სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას ეზოს მხრიდან გააჩნდა შემოსასვლელი ჰოლი/სადარბაზო, რომლითაც ხდებოდა შენობაში შესვლა, ხოლო .... ქუჩის მხარეს სამივე სართულზე ჰქონდა ყრუ კედელი.
17.5 მოსარჩელეს არასდროს გაუხდია სადავოდ მის საკუთრებაზე უკანონო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი (სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა), თუმცა სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია აღნიშნული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებად.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
19. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
22. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა სანივთო სამართლიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის უფლების დადგენას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად) წარმოადგენს.
23. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; საქმე №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
24. ამასთან, აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე:
ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს;
მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან;
მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით;
მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება.
იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1869-2018, 25 ოქტომბერი, 2019 წელი).
25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის (მოპასუხის) მხრიდან სადავოა საკითხი იმის შესახებ, აქვს თუ არა მოსარჩელეს საკუთარ ნაკვეთთან ალტერნატიული მისასვლელი გზა/ან მისი მოწყობის საშუალება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის - მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს თუ არა - მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მან სათანადოდ გასწია.
26. მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 თებერვლისა და 31 ივლისის საექსპერტო დასკვნებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოპასუხის უძრავ ქონებაზე გავლით მართებულად მიენიჭა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება.
27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოთ მითითებულ საექსპერტო დასკვნებში ექსპერტის წინაშე დასმული კითხვების შინაარსს, რომელთა შორის, სხვა საკითხებთან ერთად პასუხია გაცემული კითხვაზე - შესაძლებელია თუა არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სასაწყობე ფართამდე მისასვლელი სამანქანო გზა მოეწყოს ისე, რომ აღნიშნულმა გზამ არ გადაკვეთოს სხვისი საკუთრება. აღნიშნულ კითხვაზე გაცემულია უარყოფითი პასუხი (იხ. ტ. 1. ს.ფ 240-241). ამასთან, ორივე დასკვნაში კატეგორიული ფორმით მითითებულია, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებულ ფართთან (ჭიშკართან) მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს მხოლოდ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. ტ. 1. ს.ფ 190-191, 240-241). მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნების საპირისპირო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია.
28. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მითითებული საექსპერტო დასკვნები არარელევანტურია და სასამართლომ არასწორად გამოიყენა ისინი სადავო საკითხის გადასაჭრელად.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არც ერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება (იხ. სუსგ საქმე №ას-579-554-2016,28 დეკემბერი, 2016 წელი).
30. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
31. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
32. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
34. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე (კასატორი) მიუთითებს დავის გადასაჭრელად სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცებულებების (საექსპერტო დასკვნების, აზომვითი ნახაზების) არარელევანტურობაზე, თუმცა მათ საწინააღმდეგოდ არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი (მტკიცებულება), რომელიც დაადასტურებდა საექსპერტო დასკვნებისაგან განსხვავებულ გარემოებას - ალტერნატიული გზის შესაძლო მოწყობას ისე, რომ მოსარჩელემ საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელად არ გამოიყენოს მოპასუხის მიწის ნაკვეთი.
35. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ საქმეში წარდგენილი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით მოსარჩელის ნაკვეთით ჯეროვანი სარგებლობის ერთადერთი შესაძლებლობად მართებულად განისაზღვრა მოპასუხის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობის დადგენა.
36. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არც იმ პრეტენზიას, რომ მოსარჩელემ თვითნებურად მოსპო მის საკუთრებასთან მისასვლელი საავტომობილი გზა. აღნიშნული გარემოება საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ სადავო ქონებას გააჩნია ალტერნატირული შესასვლელი ჰოლის/სადარბაზოს მხრიდან.
37. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე (მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ მე-4 მუხლი)), რომლის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სათანადოდ დაძლია თავისი წილი მტკიცების ტვირთი და დაადასტურა სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია მითითებული პირობების გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, მოპასუხის პრეტენზიის უარყოფის თაობაზე.
38. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
39. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ო.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ო.მ–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #0, საგადახდო დავალების მიღების/წარდგენის თარიღი: 17/02/2020) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე