საქმე №ას-288-2020
30 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.კ.მ.“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2007 წლის 21 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდგომში „მოსარჩელე“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“, „დამკვეთი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს ,,მ.ი–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #364. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ....... (ყოფილი .......) ქუჩაზე ს/ქ #3-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ავიაციის ბაზის ტერიტორიაზე მდებარე 193 643 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის საძიებო, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
2. 2012 წლის 6 მარტს დამკვეთმა წერილით მიმართა შემსრულებელს და მოითხოვა შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა განფასება შემდგომში ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
3. 2012 წლის 15 მარტის #364/2 შეთანხმების ოქმით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #364 ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს „მ.ი–ის“ ყველა უფლება-მოვალეობა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ნაწილში გადაეცა შპს ,,ს.კ.მ“-ს (შემდგომში „მოპასუხე“, „შემსრულებელი“ ან „შეგებებული სარჩელის ავტორი“).
4. #364/2 შეთანხმების ოქმის მე-4 მუხლით სამუშაოთა შესრულების (მიწოდების) ვადა ნაცვლად 2012 წლის 1 მაისისა, განისაზღვრა 2012 წლის 20 დეკემბრით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ნაცვლად 2012 წლის 10 მაისისა - 2012 წლის 31 დეკემბრით.
5. 2012 წლის 16 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა #364/3 შეთანხმების ოქმი, რომლითაც განისაზღვრა სამუშაოთა ნაწილის ღირებულება და კონკრეტულად შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა თანდართული შესასრულებელი სამუშაოების პირველი ეტაპის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის მიხედვით, შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 086 460 ლარი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების საბოლოო ანაზღაურება განხორციელდებოდა წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ.
6. 2012 წლის 12 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული #364/5 შეთანხმების ოქმის თანახმად, #364 ხელშეკრულების, #364/2 და #364/3 შეთანხმების ოქმების საფუძველზე შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის წყალმომარგების, კანალიზაციისა და სანიაღვრის გარე ქსელების მოწყობის პირველი ეტაპის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად შეადგენს 1 232 948.15 ლარს.
7. დამკვეთის 2012 წლის 29 დეკემბრის #10/1619 წერილით შემსრულებელს გაეგზავნა #363/3 და #364/5 შეთანხმების ოქმებით გათვალისწინებულ სამუშაოთა გაერთიანებული და ამავე დროს კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და ეცნობა, რომ სამუშაოთა შემოწმება ჩატარდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. აღნიშნული წერილის პასუხად, შემსრულებელმა წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის მიხედვით კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.
8. 2012 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული #364/7 შეთანხმების ოქმით სამუშაოების ჯამური ღირებულება ნაცვლად 9 319 408.15 ლარისა, განისაზღვრა 8 682 600 ლარით. #364/7 შეთანხმების ოქმის ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იქნა შემდეგი სამუშაოები: 1. მშენებლობის ობიექტები: კორპუსი #1,2,3,4,5,6,9,10, 2. საინჟინრო ქსელები და ნაგებობები: გარე კანალიზაცია, გარე წყალმომარაგება, სანიაღვრე, გაზმომარაგების გარე ქსელი. 3. ტერიტორიის კეთილმოწყობა: ვერტიკალური გეგმარება, შიდა გზები და ტროტუარები, მიმდინარე ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობა, გარე განათება, სკვერის მოწყობა.
9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 17 ივლისის #003074513 დასკვნის თანახმად, თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქის შიდა გზაზე და ტროტუარზე დაგებული ა/ბეტონის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება დარიცხვებითა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 150 581.05 ლარს.
10. სასარჩელო მოთხოვნა:
დამკვეთმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსრულებლის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, 14 131.75 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
10.1 სარჩელის საფუძვლები:
მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (2012 წლის 20 დეკემბრამდე) სრულყოფილად ვერ შეასრულა სამუშაოები, შესაბამისად, მას უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,1%. დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა მას თანხა დღემდე არ გადაუხდია.
11. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა მას არ დაურღვევია. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმებით არერთხელ დაკორექტირდა არამარტო შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, არამედ თვითონ სამუშაოების მოცულობა და ობიექტი, რომელიც სისტემატურად იცვლებოდა მოსარჩელის ზეპირი დავალებების შესაბამისად. ამასთან, მუდმივად იცვლებოდა სამუშაოს შინაარსი და თავად დამკვეთის მხრიდან შეჩერდა კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები გაურკვეველი ვადით. მოსარჩელემ მოპასუხეს განუსაზღვრა ახალი სამუშაოების შესრულება, თუმცა ამისათვის არ მისცა დამატებითი ვადა.
12. შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა:
მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 150 581.05 ლარის მოსარჩელისთვის დაკისრება.
12.1 შეგებებული სარჩელის საფუძვლები
შემსრულებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები ჩაატარა შესაბამისი ნორმებისა და პროცედურების დაცვით, რასაც ადასტურებს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2013 წლის 22 ივლისის დასკვნა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს მოპასუხისთვის დღემდე არ აუნაზღაურებია ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა.
13. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:
შემსრულებლის შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი წარადგინა დამკვეთმა, რომლითაც შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემსრულებელმა ფაქტობრივად საკუთარი ნება-სურვილით შეასრულა სამუშაოები, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. ამ სახის შესასრულებელი სამუშაოები საჭიროებდა დამატებით შეთანხმებას, რასაც მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულებები არ ეკისრებოდა. ამასთან, შეგებებული სარჩელის მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც, და განმარტა, რომ დარღვეულია სარჩელის სასამართლოში წარდგენის სსკკ 129-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, 14 021.7 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად: დამკვეთს შემსრულებლის მიმართ დაეკისრა 150 581.05 ლარის გადახდა.
15. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ დამკვეთი სადავოდ არ ხდის უშუალოდ სამუშაოების განხორციელების ფაქტს. მისი შესაგებელი ემყარება იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება აღნიშული სამუშაოების განხორციელებაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მოთხოვნა ხანდაზმულია.
16.3 სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული წერილობითი კომუნიკაციის ამსახველი მასალების, შეთანხმებებისა და ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია, რომ სამშენებლო კომპანიის მიერ განხორციელებული სადავო სამუშაოები სწორედ დამკვეთის ინტერესსა და ნებას შეესაბამებოდა და დამკვეთმა აღნიშნული შესრულება მიიღო. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა:
16.4 დამკვეთის 2012 წლის 26 ივლისის #10/1444 წერილით შემსრულებელს ეცნობა, რომ საჭიროა მშენებარე კორპუსის წინ განთავსდეს დასასვენებელი სკვერი და კეთილ მოეწყოს მიმდებარე ტერიტორია. მასვე განემარტა, რომ არსებული პროექტი შესაძლებელია დაკორექტირდეს. ასევე აღინიშნა, რომ საჭიროა დაპროექტდეს და მოეწყოს კახეთის გზატკეცილის მხრიდან აღნიშნულ კორპუსამდე მისასვლელი გზა. #364 ხელშეკრულების და #364/2 შეთანხმების ოქმის საფუძველზე შემსრულებელს დაევალა განფასების წარდგენა, შემდგომში შეთანხმების გაფორმების მიზნით, რათა არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო ყოფილი ავიაციის ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებლად განკუთვნილი მშენებარე ობიექტის #1 კორპუსის წინ დასასვენებელი სკვერისა და მისასვლელი გზის მოწყობა;
16.5 შემსრულებლის 2012 წლის 30 აგვისტოს N390 წერილით დამკვეთს გაეგზავნა ვარკეთილის სამხედრო ქალაქის გზების მოწყობის პროექტი - გრაფიკული ნაწილი 11 ფურცლად და განმარტებითი ბარათი 49 ფურცლად;
16.6 2012 წლის 26 სექტემბერს #425 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ სამუშაოების შესრულების პროცესში სხვადასხვა გარემოებების და პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიცვალა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და შინაარსი. სამშენებლო კომპანიამ სამინისტროს გაუგზავნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით შედგენილი #364/3 და #364/5 ოქმებზე თანდართული ხარჯთაღრიცხვების კორექტირებული ვერსია ექსპერტიზის ჩატარებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების მიზნით;
16.7 2012 წლის 3 ოქტომბრის #428 წერილით დამკვეთს ასევე გაეგზავნა შესრულებული სამუშაოების აქტები ე.წ ფორმა #2;
16.8 2012 წლის 10 ოქტომბრის #437 წერილით შემსრულებელმა დამკვეთისაგან მოითხოვა რეაგირება, რის შედეგადაც 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა #364/7 შეთანხმების ოქმი; ოქმზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის კრებსითი ნაწილი მოიცავს გზების მოწყობის და მოასფალტების სამუშაოებსაც.
16.9 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დამკვეთის პოზიცია ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის არარსებობის თაობაზე და დადგენილად მიიჩნია #364/7 შეთანხმების ოქმზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის კრებსით ნაწილში გზების მოწყობისა და მოასფალტების სამუშაოების გათვალისწინების ფაქტი.
16.10 სასამართლომ გაიზიარა ასევე მსჯელობა იმის შესახებ, რომ ობიექტი, რომელზეც შემსრულებელი ახორციელებდა სამუშაოებს, წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, რაც ლოგიკურად გამორიცხავს მასზე დამკვთის ნება-სურვილის გარეშე ისეთი სამუშაოების განხორციელებას, როგორიცაა გზების მოწყობა-მოასფალტება.
16.11 სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 361-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან შეგებებული სარჩელის ავტორმა უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე დამკვეთის ნების შესაბამისად კონკრეტული სამუშაოების შესრულების ფაქტის დადასტურება, არსებობდა შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით 150 581.05 ლარის მოთხოვნის საფუძველი.
16.12 რაც შეეხება დამკვეთის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2013 წლის 7 ივნისიდან, როდესაც შემსრულებელს დაუბრუნდა სამუშაო აქტების ფორმა #2 და #3 პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის არარსებობის გამო, სააპელაციო პალატამ არც აღნიშნული გაიზიარა და ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების საბოლოო ანაზღაურება წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად.
16.13 სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2013 წლის 17 ივლისის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, შემსრულებელს გაეგზავნა 2013 წლის 22 ივლისს, ხოლო შეგებებული სარჩელი (შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების მოთხოვნით) მან წარადგინა 2016 წლის 28 ივლისს. შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დამკვეთი იღებს შესრულებას, თუმცა ყოვნდება შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით საექსპერტო დაწესებულებისათვის მიმართვა, ეს გარემოება არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მენარდეს და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს შესრულებული სამუშაოს ღირებულების დადგენის თაობაზე საექსპერტო დაწესებულების დასკვნის მოპოვების შემდეგ.
16.14 სააპელაციო პალატამ იმსჯელა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზეც და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხეს (შემსრულებელს) გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელი იყო რამდენად შეასრულა შემსრულებელმა საპროექტო სამუშაოები და არსებობს თუ არა აღნიშნული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
16.15 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარდგენილ შემსრულებლისთვის დამკვეთის მიერ გაგზავნილ 2012 წლის 26 ივლისის, 2012 წლის 30 აგვისტოსა და 2012 წლის 26 სექტემბრის წერილებს და დაადგინა, რომ საპროექტო სამუშაოები განხორციელდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში დამკვეთის მითითებების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან ობიექტი, რომელზეც შემსრულებელი ახორციელებდა სამუშაოებს, წარმოადგენს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ობიექტს, დამკვეთის მხრიდან შესრულებულ სამუშაოზე სისტემატიური ზედამხედველობისა და შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული ტექნიკური პირობების არარსებობის ვითარებაში, შემსრულებელი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას განეხორციელებინა ობიექტის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.
17. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
17.2 კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოპასუხემ შეასრულა საპროექტო სამუშაოები, რის გამოც უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად ანაზღურებაზე. მოპასუხე თავად მიუთითებდა, რომ იგი დამკვეთის ზეპირი დავალების საფუძველზე ასრულებდა სამუშაოებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის პროექტი არ შეთანხმებულა და საპროექტო სამუშაოები არ ჩატარებულა. ხელშეკრულების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოები საჭიროებდა მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ხელშეკრულების 8.12 მუხლის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები განახორციელოს დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შემსრულებელი აღიარებს, რომ მხარეთა შორის შესასრულებელი საგზაო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა და მან ფაქტობრივად, მისი ნება-სურვილით წარადგინა შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა #2) შემკვეთთან შემდგომში ანაზღაურების მიზნით, შესაბამისად, არ არსებობდა დამკვეთისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
17.3 სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა დამკვეთის პრეტენზია მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და ხანდაზმულობის ვადის ათვლა ნაცვლად იმ პერიოდისა, როცა პირმა შეიტყო დარღვეული უფლების შესახებ, უსაფუძლოდ დაუკავშირა ექსპერტიზის ჩატარების თარიღს.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
19. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.
სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ მხარეთა შორის ვალდებულების შესრულებაზე ზეპირი ფორმით შეთანხმების არსებობა არ წარმოუშობდა დამკვეთს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულებას. ამასთან, კასატორის აზრით, შემსრულებლის მოთხოვნა შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მისი ხანდაზმულობის მოტივითაც.
22. კასატორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა.
23. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი (სსსკ მე-4, 102-ე მუხლები) გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
24. ამასთან, სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).
25. მოცემულ შემთხვევაში, შემსრულებელი მიუთითებს, რომ მან, როგორც წერილობით, ასევე ზეპირი სახით დამკვეთთან დადებული შეთანხმებებით შეასრულა სხვადასხვა სახის, 150 581.05 ლარის ღრებულების სამუშაო და გადასცა შემკვეთს. მითითებული გარემოებების დასადასტურებლად შემსრულებელმა სასამართლოს წარუდგინა, როგორც საექსპერტო დასკვნა ჩატარებულ სამუშაოთა საერთო ღირებულების განსაზღვრის შესახებ, ასევე მხარეთა შორის წერილობითი კომუნიკაციის დამადასტურებელი მასალები, შეთანხმებები და ხარჯთაღრიცხვები. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 17 ივლისის #003074513 დასკვნის თანახმად, თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქის შიდა გზაზე და ტროტუარზე დაგებული ა/ბეტონის მოსაწყობად ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება დარიცხვებითა და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 150 581.05 ლარს (იხ. ტ. 3. ს.ფ 30-33);
დამკვეთის 2012 წლის 26 ივლისის #10/1444 წერილით შემსრულებელს ეცნობა, რომ საჭიროა მშენებარე კორპუსის წინ განთავსდეს დასასვენებელი სკვერი და კეთილ მოეწყოს მიმდებარე ტერიტორია. მასვე განემარტა, რომ არსებული პროექტი შესაძლებელია დაკორექტირდეს. ასევე აღინიშნა, რომ საჭიროა დაპროექტდეს და მოეწყოს კახეთის გზატკეცილის მხრიდან აღნიშნულ კორპუსამდე მისასვლელი გზა. #364 ხელშეკრულების და #364/2 შეთანხმების ოქმის საფუძველზე შემსრულებელს დაევალა განფასების წარდგენა, შემდგომში შეთანხმების გაფორმების მიზნით, რათა არსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებულიყო ყოფილი ავიაციის ბაზის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებლად განკუთვნილი მშენებარე ობიექტის #1 კორპუსის წინ დასასვენებელი სკვერისა და მისასვლელი გზის მოწყობა; შემსრულებლის 2012 წლის 30 აგვისტოს #390 წერილით დამკვეთს გაეგზავნა ვარკეთილის სამხედრო ქალაქის გზების მოწყობის პროექტი - გრაფიკული ნაწილი 11 ფურცლად და განმარტებითი ბარათი 49 ფურცლად; 2012 წლის 26 სექტემბერს #425 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ სამუშაოების შესრულების პროცესში სხვადასხვა გარემოებების და პრიორიტეტების გათვალისწინებით შეიცვალა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები და შინაარსი.
სამშენებლო კომპანიამ სამინისტროს გაუგზავნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით შედგენილი #364/3 და #364/5 ოქმებზე თანდართული ხარჯთაღრიცხვების კორექტირებული ვერსია ექსპერტიზის ჩატარებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების მიზნით; 2012 წლის 3 ოქტომბრის #428 წერილით დამკვეთს ასევე გაეგზავნა შესრულებული სამუშაოების აქტები ე.წ ფორმა #2; 2012 წლის 10 ოქტომბრის #437 წერილით შემსრულებელმა დამკვეთისაგან მოითხოვა რეაგირება, რის შედეგადაც 2012 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა #364/7 შეთანხმების ოქმი; ოქმზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის კრებსითი ნაწილი მოიცავს გზების მოწყობის და მოასფალტების სამუშაოებსაც (ტ. 3. ს.ფ 15, 18-19, 20; ტ. 2. ს.ფ 78,79).
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2012 წლის 16 მარტის #364/3 შეთანხმების ოქმსაც, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების საბოლოო ანაზღაურება განხორციელდებოდა წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ (იხ. ტ. 1. ს.ფ 100). ამრიგად, ზემოხსენებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და იმ პირობებში, როდესაც შემსრულებელის მიერ სასამართლოში წარდგენილია საექსპერტო დასკვნა მის მიერ შესრულებულ სამუშაოთა საერთო ღირებულების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ფაქტი და შემკვეთს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება სწორად დააკისრეს.
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვინაიდან შემსრულებელი დამკვეთის ზეპირი დავალების საფუძველზე ასრულებდა გარკვეული სახის სამუშაოებს, არ არსებობდა აღნიშნული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დამკვეთისთვის დაკისრების საფუძველი.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობა ფორმასავალდებულო გარიგებათა კატეგორიას არ განეკუთვნება, რომლის ნამდვილობასაც სამოქალაქო კოდექსი დაუკავშირებდა რაიმე ფორმის დაცვის აუცილებლობას (იხ. სუსგ საქმე №ას-729-729-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი).
ამასთან, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).
მოცემულ შემთხვევაში მენარდე ითხოვს მოპასუხისთვის შეთანხმებული საზღაურის გადახდის დაკისრებას. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა (სუსგ №ას-729-729-2018, 28.02.2019წ.).
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ მენარდის მხრიდან 150 581.05 ლარის სამუშაოების შესრულების ფაქტი დადგენილია და კასატორის მიერ გარემოებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის.
შესაბამისად, სამუშაოთა შესრულებაზე მხარეთა შორის ზეპირი სახით შეთანხმება, თუ დადასტურდებოდა შემსრულებლის მიერ აღნიშნულ სამუშაოთა შესრულების ფაქტი, სსკ 629.1 მუხლის შესაბამისად, შემსრულებელს წარმოუშობდა შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
29. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ცნება და დადგენილია, რომ მისი გადახდის საფუძველს წარმოადგენს: ა) მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს გადახდაზე; ბ) მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა და/ან არაჯეროვნად შესრულება. მითითებულთაგან ერთ-ერთი გარემოების არარსებობა გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში ჩამოყლიბებული მსჯელობა საპროექტო სამუშაოების შეუსრულებლობის თუ შესრულების ვადის დარღვევის შესახებ გაზიარებული არ ყოფილა. საკასაციო პალატის დასკვნით საკასაციო საჩივარი დასაბუთებულ პრეტენზიას არც ამ საკითხთან დაკავშირებით შეიცავს და შესაბამისად მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი პირგასამტეხლოს სადავო ნაწილის (292,05 ლარი) ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე.
30. რაც შეეხება კასატორის აპელირებას შემსრულებლის მოთხოვნის (შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურების თაობაზე) ხანდაზმულობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 129-ე-130-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს და მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
31. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თავად მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით განისაზღვრა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების საბოლოო ანაზღაურების წესი სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად (იხ. 2012 წლის 16 მარტის #364/3 შეთანხმების ოქმი. ტ. 1. ს.ფ 100). ამრიგად, გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის 17 ივლისის საექსპერტო დასკვნა შემსრულებელს გაეგზავნა 2013 წლის 22 ივლისს (იხ. ტ. 3. ს.ფ 30-33), ხოლო სარჩელი მის მიერ სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 28 ივნისს (საექსპერტო დასკვნის მიღებიდან 3 წლის ვადაში), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ არ არსებობს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა მხარეთა შორის დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ზეპირი შეთანხმებისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი (სსკ-ის 629.1 მუხლი), ხოლო დამკვეთმა შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააბათილა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით (სსსკ-ის 102 მუხლი) და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი საკასაციო შედავების დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
33. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე