Facebook Twitter

საქმე №ას-545-2020

30 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ზ.ჭ–ვა

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება

აღწერილობითი ნაწილი:

1. ნ.ბ–ძე (შემდგომში „მოსარჩელე“) და ზ.ჭ–ვა (შემდგომში „თავდაპირველი მოპასუხე“) დაქორწინდნენ 2001 წლის 10 სექტემბერს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2001 წლის 14 სექტემბერს - ი.ჭ–ა და 2004 წლის 7 სექტემბერს - თ.ჭ–ა.

2. მოსარჩელე და პირველი მოპასუხე ამჟამად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ.

3. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ......, ბინა #22 (43.34 კვ.მ., საკადასტრო კოდი ......) (შემდგომში „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“);

4. სადავო ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია პირველი მოპასუხის სახელზე და იგი შეძენილია მეუღლეთა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში.

5. მოსარჩელე შვილებთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ყოველთვიურად იღებს შემწეობას.

6. პირველი მოპასუხე აღმასრულებლის 01.08.2011 წლის #11043975-003 მიმართვის საფუძველზე შეყვანილია მოვალეთა რეესტრში;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ პირველ მოპასუხეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული განაჩენით, დაზარალებულის - შსს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში „მეორე მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და პირველ მოპასუხეს მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა მისი დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის 72 434.5 ლარის ანაზღაურება. მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 22 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

8. პირველი მოპასუხე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. აღნიშნული საფუძვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 21 აპრილის წერილის საფუძველზე, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გაუქმდა გატარებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის - ყადაღა სადავო უძრავ ქონებაზე.

9. სასარჩელო მოთხოვნა:

მოსარჩელემ პირველი და მეორე მოპასუხეების მიმართ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა.

9.1 სარჩელის საფუძვლები:

პირველი მოპასუხის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებულია სადავო უძრავი ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში და წარმოადგენს თანასაკუთრებას. შესაბამისად, მის ½ ნაწილზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება.

10. პირველი მოპასუხის პოზიცია:

პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და განმარტა, რომ იგი თანახმაა სადავო ქონების ½ ნაწილი აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებად.

11. მეორე მოპასუხის პოზიცია:

მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მისი განმარტებით, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2005 წლის ბოლოდან ფაქტობრივად შეწყვეტილია ქორწინება. სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის თანახმად კი, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისთვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც მოსარჩელეს გაშვებული აქვს.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების ერთი მეორედი ნაწილის მესაკუთრედ.

13. მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

14.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე ის ფაქტი, რომ სადავო ქონება შეძენილია ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში და მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლიდან მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ, პირველი მოპასუხე შვილებთან ურთიერთობის მიზნით დღემდე მიდის აღნიშნულ ბინაში და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში მის საცხოვრებელ მისამართად სწორედ სადავო ქონების მისამართი ფიქსირდება.

14.3 სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე-1159-ე, 1164-ე, 1171-ე მუხლებით და არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ მოიშველია უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა და მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური მომენტი განქორწინების რეგისტრაციაა, ვინაიდან განქორწინებული მეუღლეებისთვის იმთავითვე ცნობილი უნდა იყოს მოთხოვნის უფლების არსებობის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის ქონებრივი დავის არსებობა-არარსებობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რაც განსაზღვრავს განქორწინების საკითხის გადაწყვეტის წესს. მითითებულ მსჯელობაზე დაყრდნობით, სასამართლომ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლიდან მეუღლეები ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწევიან, ვინაიდან მხარეთა შორის განქორწინება არ მომხდარა და ისინი კვლავ ქორწინებაში იმყოფებიან, პირველი მოპასუხე რეგისტრირებულია სადავო მისამართზე და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილადაც აღნიშნული მისამართია მითითებულია, ამასთან, იგი პერიოდულად მიდის და ცხოვრობს სადავო ბინაში, აპელანტის მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმა (სსკ 1171-ე მუხლი) განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა.

14.4 ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება პირველ მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელესთან ქორწინების პერიოდში, რაც უფლებას აძლევდა მოსარჩელეს მოეთხოვა აღნიშნულ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა.

15. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

15.2 კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა განპირობებულია არა კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებით, არამედ იმით, რომ მან და პირველმა მოპასუხემ თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა - თავი აარიდონ პირველი მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მეორე მოპასუხისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, მეუღლეები 2005 წლიდან ფაქტობრივად განქორწინებულნი არიან, ერთად აღარ ცხოვრობენ, შესაბამისად, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა მოსარჩელეს გაშვებული აქვს.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ უძრავი ქონება, რომლის თანამესაკუთრედ ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე, შეძენილია მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის ერთობლივი ოჯახური ცხოვრების (მეუღლეთა თანაცხოვრების) პერიოდში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი სარჩელის ხანდაზმულობას უკავშირდება (სსკ 1171-ე მუხლი). მისი მოსაზრებით, ვინაიდან მხარეები 2005 წლიდან ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ, სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა მოსარჩელეს მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი ხანდაზმულად უნდა მიეჩნია.

20. კასატორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, თუ რას გულისხმობს სასარჩელო ხანდაზმულობა. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი, თუ მოთხოვნის წარმოშობისა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრაშია (იხ. სუსგ საქმე №ას-531-505-2013, 9 დეკემბერი, 2013 წელი).

21. სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის თანახმად, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისთვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია მითითებული, ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური მომენტი განქორწინების რეგისტრაციას უკავშირდება, ვინაიდან განქორწინებული მეუღლეებისათვის იმთავითვე ცნობილი უნდა იყოს მოთხოვნის უფლების არსებობის თაობაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის ქონებრივი დავის არსებობა-არარსებობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რაც განსაზღვრავს განქორწინების საკითხის გადაწყვეტის წესს (იხ. სუსგ საქმე №ას-531-505-2013, 9 დეკემბერი, 2013 წელი).

22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის ფაქტების დადგენა, არამედ იგი ამოწმებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლომ.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

25. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

26. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

27. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

28. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ, სადავო უძრავი ქონება, რომლის თანამესაკუთრედ ცნობასაც ითხოვს მოსარჩელე, შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში. ამასთან, მართალია, ამჟამად მოსარჩელე და პირველი მოპასუხე ფაქტობრივად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, თუმცა მათ შორის განქორწინება რეგისტრირებული არ არის. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში, ხოლო პირველი მოპასუხე, შვილებთან ურთიერთობის მიზნით, პერიოდულად მიდის მითითებულ ბინაში. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მის საცხოვრებელ მისამართადაც სწორედ აღნიშნული ბინის მისამართი ფიქსირდება.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის განქორწინება რეგისტრირებული არ არის, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ ბათილდება, რაც საფუძველს აცლის კასატორის პრეტენზიას მითითებული დავის მიმართ სამოქალაქო კოდექის 1171-ე მუხლის გამოყენების თაობაზე.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა სადავო უძრავ ქონებაზე მისი თანასაკუთრების უფლების არსებობის ფაქტი, ხოლო მეორე მოპასუხემ (კასატორმა) წარდგენილი მტკიცებულებები ვერ გააბათილა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით (სსსკ-ის 102 მუხლი).

32. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-531-505-2013, 9 დეკემბერი, 2013 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე