Facebook Twitter

საქმე №ას-401-2019 25 ივნისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ლ.ს–ძე, მ.ნ–ი, ზ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა.თ–ძე, ა.თ–ძე, მ.ჭ–ძე, ლ.ღ–ა, შპს „შ.თ–ი“ (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - თ.ხ–ძე, შ.კ–ი, გ.ს–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სოლიდარული თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

საკითხი რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი ბანკი, კასატორი) და შპს ,,ა–ის“ (შემდეგში: მოვალე, მსესხებელი, საწარმო) შორის, 2016 წლის 15 თებერვალს, გაფორმდა NGCL000138517-3144189 გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.16-41), რომლის უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს, ერთი მხრივ, ბანკსა და მეორე მხრივ, ა.თ–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი თავდები), ა.თ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე თავდები), მ.ჭ–ძეს (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მესამე თავდები) შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. NGCL000138517-3144189 საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრენველყოფის მიზნით ბანკსა და ლ.ღ–ას (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, მეოთხე თავდები, აპელანტები) შორის, 2016 წლის 12 სექტემბერს, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში თავდებ პირთა პასუხისმგებლობის ოდენობა თითოეული თავდებისათვის 800 000 (რვაასი ათასი) აშშ დოლარით განისაზღვრა (ტ.1, ს.ფ. 16-26; 56-61; 62-67; 50-55; 44-49);

2. კრედიტორსა და მოვალე საწარმოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკრედიტო ხაზის მოცულობა - 800 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, 240 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური 0.5%-დან 48%-მდე. ხელშეკრულების 3.1.2.4 ქვეპუნქტის თანახმად (იხ. ტ.1, ს.ფ.20) კი, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც გადახდას ექვემდებარება, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ან სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე (ტ. 1, ს.ფ. 16-26).

3. კრედიტორსა და მოვალე საწარმოს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკსა და პირველ მოპასუხეს (ა.თ–ძეს) შორის, 2016 წლის 15 თებერვალს, იმავე წლის 18 თებერვალსა და 28 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონება, კერძოდ: მცხეთაში, სოფელი ......., /ს/კ: ...../, /ს/კ: ...../; ასევე მცხეთაში, სოფელი ......./ მცხეთა, სოფელი ......., /ს/კ: ....../; იმავე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკსა და შპს ,,შ.თ–ი“ (შემდეგში: მეხუთე მოპასუხე) შორის, 2016 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ....., /ს/კ: ....../ (ტ.1,ს.ფ. 68-74; 75-81; 82-88; 89-95).

4. ბანკსა და მსესხებელ საწარმოს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 13 სექტემბერს, N000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე 240 000 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით გაიცა, სესხის სარგებელი წლიური 8%-ით განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5% (ტ.1, ს.ფ. 35-38).

5. ბანკსა დამსესხებელ საწარმოს შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 13 სექტემბერს, N000172449-3807816 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე 260 000 აშშ დოლარი, წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული პირობებით გაიცა (ტ.1, ს.ფ. 39-43).

6. საწარმოს წარმომადგენელმა, 2017 წლის 10 მარტს, გაკოტრების საქმისწარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით, განცხადება არ იქნა წარმოებაში მიღებული. ამავე განჩინებით, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ, საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმისწარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიემართათ სასამართლოსათვის, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში (ტ.1, ს.ფ. 117-119).

7. ბანკმა, წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ ვადაში მიმართა სასამართლოს და მსესხებლის მიმართ მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება, რომელიც სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით იქნა მიღებული წარმოებაში (ტ.1, ს.ფ. 112-115).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით მსესხებელი საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმისწარმოება შეწყდა, საწარმო გამოცხადდა გაკოტრებულად და მსესხებლის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა. ეს განჩინება კანონიერ ძალაშია შესული (ტ.1, ს.ფ. 128-131; 132).

9. სარჩელის საფუძვლები

9.1 ბანკმა 2017 წლის 28 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვა N000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხის - 238637.35 აშშ დოლარისა და პროცენტის, 1356.99 აშშ დოლარის, ხოლო N000172449-3807861 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 226742.22 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, ასევე, იმავე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2017 წლის 1 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების - 465379.57 აშშ დოლარის წლიური 8%-ისა და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდის დაკისრება.

9.2 კრედიტორმა, ზემოაღნიშნული დავალიანებების დაფარვის მიზნით, მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) მოითხოვა, ხოლო, თუ რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი, მაშინ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე უნდა მიქცეულიყო აღსრულება.

9.3 მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელი საწარმოს დავალიანება ბანკის წინაშე N000172450-3807917 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 239994.34 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ძირითადი თანხა - 238637.35 აშშ დოლარია, ხოლო პროცენტი - 1356.99 აშშ დოლარი; N000172449-3807861 ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი, სესხის ძირითადი თანხის დავალიანება - 226742.22 აშშ დოლარია.

10. მოპასუხეების შესაგებელი

10.1 ა.თ–ძემ, ა.თ–ძემ და მ.ჭ–ძემ (პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა) წერილობით წარდგენილი შესაგებლებით მათ წინააღმდეგ აღძრულის სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მსესხებელი საწარმო ლიკვიდირებულია და, შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 454-ე მუხლის საფუძველზე შეწყვეტილია.

10.2 მოპასუხეების განმარტებით, იპოთეკა და თავდებობა აქცესორულ უფლებებს წარმოადგენს და ძირითადი უფლების გარეშე არ არსებობს, შესაბამისად, ვინაიდან ის ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც იყო იპოთეკა და თავდებობა, შეწყვეტილია, ამდენად არც თავდები პირებისათვის თანხის დაკისრების და არც იპოთეკის საგნის რეალიზაციის საფუძველი არ არსებობს.

10.3 მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს დავალიანების ოდენობა და შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზეც მიუთითეს.

10.4 მოპასუხეებმა ,,გადახდისუუნარობის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტზე მითითებით განმარტეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.

10.5 ლ.ღ–ამ და შპს „შ.თ–მა“ (მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებმა) წერილობით წარდგენილი შესაგებლით კრედიტორის სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მსესხებელი საწარმო ლიკვიდირებულია, არ ჰყავს სამართალმემკვიდრე. მათი ვალდებულებები აქცესორულია, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ძირითადი მოვალე ლიკვიდირებულია, მათ არ შეიძლება, ვალდებულების შესრულება დაეკისროთ. ამასთან, ძირითადი მოვალის ლიკვიდაციის გამო, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოსარჩელეს საფუძვლიანად შეედავონ, ვინაიდან არ აქვთ ინფორმაცია, თუ რამდენად შეასრულა მსესხებელმა ვალდებულება .

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

11.1.1 პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს (თავდებ პირებს), ბანკის სასარგებლოდ, 2016 წლის 13 სექტემბრის N000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 238637.35 აშშ დოლარისა და პროცენტის - 1356.99 აშშ დოლარის, ასევე, N000172449-3807861 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - სესხის ძირითადი თანხის დავალიანების, 226742.22 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ.

11.1.2 დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ა.თ–ძისა და შპს „შ.თ–ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ, თუკი რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიექცეს თავდებების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებაზე.

11.1.3 მოსარჩელის მოთხოვნა თავდები პირებისათვის 2017 წლის 1 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 465379.35 აშშ დოლარის წლიური 8%-ისა და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 0.5%-ის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

11.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 153-ე, 286-ე, 301-ე, მე-400, 403-ე, 417-418-ე, 454-ე, 465-ე, 867-ე, 868-ე, 895-ე, 893-ე, 899-ე, 1484-ე მუხლებით;

11.3 საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ბანკის მიმართ არსებული დავალიანება, კერძოდ, მსესხებელი საწარმოს დავალიანება ბანკის წინაშე N000172450-3807917 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 239994.34 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ძირითადი თანხა - 238637.35 აშშ დოლარია, ხოლო პროცენტი - 1356.99 აშშ დოლარი; N000172449-3807861 ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი, სესხის ძირითადი თანხის დავალიანება - 226742.22 აშშ დოლარია (იხ. წინამდებარე განჩინების 9.3 ქვეპუნქტი).

11.4 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, თავდებობიდან გამომდინარე ვალდებულება დამოკიდებულია ძირითად ვალდებულებაზე, რაც უდავოდ მიუთითებს მის აქცესორულობაზე. თავდებობა არ არსებობს სამართლებრივი ძალის მქონე ძირითადი ვალის გარეშე. თავდების ვალდებულების მოცულობის ცვლილება დამოკიდებულია ძირითადი ვალის მოცულობის ცვლილებაზე (ვალდებულების მოცულობის გაზრდა შესაძლებელია, მაგალითად გამოწვეული იყოს ვადაგადაცილების პროცენტების გადახდევინებით). თავდებობა წყდება ძირითადი ვალდებულების შეწყვეტის შედეგად, თუმცა მაშინ, როდესაც სახეზეა ვალდებულების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი (მაგ: ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით) და არა სსკ-ის 454-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა - იურიდიული პირის (ძირითადი მოვალის) ლიკვიდაცია.

11.5 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, თავდებობის აქცესორულობა შეზღუდულია უზრუნველყოფის მიზნით და თავდებობიდან გამომდინარე მოთხოვნა აგრძელებს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნა, როდესაც იურიდიული პირი ქონების არარსებობის გამო უქმდება.

11.6 საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 899-ე მუხლსა და 1484-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ძირითადი მოვალის გარდაცვალებისას, მისი მემკვიდრის პასუხისმგებლობა მხოლოდ მიღებული აქტივის ღირებულებით შემოიფარგლება და, თუ ვალდებულება აღემატება მიღებული აქტივის ღირებულებას, ღირებულებამდე ძირითადი მოვალის მემკვიდრის ვალდებულების მოცულობა მცირდება. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, თავდები პირის ვალდებულების მოცულობა არ მცირდება, შესაბამისად, თავდების ვალდებულება არ წყდება იმ შემთხვევაში, როდესაც იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხდება ქონების არარსებობის გამო, იმავენაირად, როგორც არ მცირდება მისი ვალდებულების მოცულობა მაშინ, როდესაც ძირითადი მოვალის მემკვიდრის ვალდებულება განისაზღვრება მიღებული აქტივის ფარგლებით.

11.7 მოსარჩელის მოთხოვნა თავდებებისთვის საბანკო კრედიტის დაფარვამდე ვადის გადაცილების პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სასამართლოს შეფასებით არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ სსკ-ის 893-ე მუხლსა ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა“ და სპეციალური კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტზე მითითებით ,,გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა“, განმარტა, რომ, ვინაიდან ძირითადი მოვალე ლიკვიდირებულია, დაუშვებელია, მისი ვალდებულების მოცულობა გაიზარდოს, შესაბამისად, თავდებების ვალდებულებაც ვერ გაიზრდება.

12. სააპელაციო საჩივარი

12.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

13.1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

13.1.2 ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით მოვალის გადახდისუუნარობის საქმისწარმოება შეწყდა, საწარმო გაკოტრებულად გამოცხადდა და მისი რეგისტრაცია გაუქმდა სამეწარმეო რეესტრში, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ დავაში ძირითადი მსესხებელი არ არსებობს. ამასთან, არ არსებობს თავდებებისათვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებასა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის საფუძველიც.

13.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თავდებობის ხელშეკრულება კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა, შესაბამისად, ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებასთან ერთად თავდების ვალდებულებაც წყდება (იხ. სუსგ #ას-704-667-2013, 01.10.2014წ.).

13.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 454-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, ცალსახაა, რომ მოვალის ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეწყვეტილია. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს ლიკვიდაციის დროს არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე და, უფრო მეტიც, მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმებულია, საფუძველს მოკლებულია განსახილველი მოცემულობის სამართლებრივი გადაწყვეტა სსკ-ის 1484-ე მუხლის განმარტებებიდან გამომდინარე, ვინაიდან, ამ მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ნორმა გულისხმობს იმგვარ ვითარებას, როდესაც მემკვიდრეები სამკვიდროს ფარგლებში პასუხისმგებლები არიან მამკვიდრებლის ვალდებულებებზე.

13.5 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მსგავს შემთხვევაში ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს და მემკვიდრეები ვალდებული არიან, დააკმაყოფილონ კრედიტორის მოთხოვნა მხოლოდ მიღებული აქტივის ფარგლებში და არა საკუთარი ქონებიდან. საწარმოს ლიკვიდაციის დროს კი, არ არსებობს საწარმოს უფლებამონაცვლე, რაც გამორიცხავს მისი ფინანსური ვალდებულებების სხვა პირისათვის გადაკისრების შესაძლებლობას.

13.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ დავაში არ არსებობს სსკ-ის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების საფუძველიც, რომლის თანახმადაც, თავდებს შეუძლია, წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ ძალუძს მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ვითარებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ძირითადი ვალდებულება შეწყვეტილი არ არის და გარდაცვლილ ძირითად მსესხებელს ჰყავს მემკვიდრე.

13.7 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოვალის ვალდებულებები, საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, შეწყვეტილია. ამასთან, თავდებობის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, არ არსებობს აპელანტებისათვის დავალიანების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან არ შეიძლება, ძირითადი ვალდებულების შეწყვეტის შემდეგ, აქცესორულმა უფლებამ იარსებობს, რადგან ამ უფლების წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა ძირითად უფლებაზეა დამოკიდებული.

13.8 იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, ვინაიდან იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება აქცესორული უფლებაა, სსკ-ის 286-ე მუხლიდან გამომდინარე, ძირითადი უფლების შეწყვეტის დროს, იპოთეკის უფლებაც უქმდება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.

14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1 მოსარჩელემ (ბანკმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

14.3 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აქცესორულ უფლებებზე კონსტიტუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, კერძოდ, იგი არღვევს საქართველოს კონტუტუციის მე-19 მუხლით უზრუნველყოფილ საკუთრების უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით საკუთრების კონსტიტუციური უფლება სრულად ვრცელდება მოთხოვნის უფლებებზეც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება 1/14/184,228);

14.4 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია თანაზომიერების პრინციპზე, ისევე, როგორც არ მიუთითებია მიზანზე, თუ რატომ მიიჩნია, რომ კრედიტორმა საკუთრების უფლება მოთხოვნის უზრუნველყოფის აქცესორულ უფლებაზე უნდა დაკარგოს.

14.5 კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას აქცესორულობის ბუნება არასწორად განმარტა, რამაც გამოიწვია თავად აქცესორული უფლების არსის, მისი წარმოშობის/ცვლილებისა და შეწყვეტის არასწორად გაგება. აღნიშნული პრინციპის არასწორმა განმარტებამ კი, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს აზრი დაუკარგა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე იურიდიული პირია, ხოლო უზრუნველყოფის საშუალებები მესამე პირის მიერ არის შემოთავაზებული, ანუ ვლინდება თავდებობა და მესამე პირის მიერ შემოთავაზებული იპოთეკა/გირავნობა.

14.6 კასატორი მიუთითებს, რომ აქცესორულ უფლებებს აბსოლუტური ხასიათი არ აქვს და სამოქალაქო კოდექსის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც აქცესორულობა ,,სუსტდება“, ძირითად მოთხოვნასთან კავშირს კარგავს და დამოუკიდებელი მოთხოვნის სახით არსებობას აგრძელებს. მოთხოვნა ამგვარად ტრანსფორმირდება მაშინ, როდესაც იურიდიული პირი ქონების დაკარგვის ან, ქონების არ არსებობის გამო, უქმდება.

14.7 კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა იმავე შემადგენლობამ, სხვა სამოქალაქო საქმეზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისაგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია განავითარა (საქმე N2ბ/4029-18);

14.8 კასატორი ყურადღებას ამახვილებს სამართლებრივი განჭვრეტადობის დაცვის მნიშვნელობაზეც და განმარტავს, რომ ეს პირს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან იცავს და ამასთან, მხარეს შესაძლებლობას აძლევს, განსაზღვროს კონკრეტულ ქმედებას რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ამ პრინციპის დაცვის ვალდებულება კანონმდებლობის იმგვარი განმარტების თავიდან აცილებას ემსახურება, რომელიც საფუძველს აცლის პირთა საერთაშორისო სტანდარტით დაცული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას, ზიანს აყენებს არა მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების ინტერესებს, არამედ - ზოგადად ქვეყანაში კომერციული საქმიანობის განვითარებას.

14.9 კასატორის განმარტებით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტებები მოცემულ საქმეზე ბანკისათვის რაიმე სახით განჭვრეტადი ყოფილიყო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კეთილსინდისიერი კრედიტორის უფლებებს გაუმართლებლად ზღუდავს.

14.10 კასატორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე მიუთითებს, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა ადვილად ხელმისაწვდომი და ზუსტი უნდა იყოს, რათა წინასწარ იყოს განჭვრეტადი ამა თუ იმ ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი შედეგები. კონვენციით დადგენილი კანონიერების სტანდარტი მოითხოვს, რომ ყველა კანონი იყოს საკმარისად ზუსტი, რათა პირს მისცეს საშუალება, საჭიროებისას და შესაბამისი რჩევით - მოცეული გარემოებებიდან გამომდინარე, გარკვეული ხარისხით, წინასწარ განსაზღვროს ქმედების გამომწვევი შედეგი (საქმე - ,,კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). ამასთან, სასამართლოს დასკვნები სამართლის განსაზღვრულობის პრინციპს უნდა დაეფუძნოს, რომელიც კანონისმიერი წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს ადგენს (ALBU AND OTHERS v. ROMANIA; Application no. 34796/09, §§ 34 III-IV). კასატორის განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა იმგვარი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც სამართლებრივ განსაზღვრულობას შექმნის, ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენას, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებათა კონფლიქტი არაერთგვაროვნების კონტექსტში კი, პირიქით საზოგადოების ნდობას შეამცირებს (Nejdet Sahin an Perigan Sahin v. Turkey (GH); Application no. 13279/05 §§ 59-96).

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1 საკასაციო სასამართლოს მიერ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი სხდომა 2020 წლის 16 ივნისს, რომელზედაც საკუთარი პოზიციები წარადგინეს მხარეებმა და მოსამართლეთა შეკითხვებს უპასუხეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.

17. საკასაციო სასამართლო, უწინარესად, იმას აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის, ამდენად სადავო სამართალურთიერთობა, საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, განიმარტოს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული თავდებობისა და იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გაქარწყლდა თუ არა პირადი (პიროვნული) და სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებით განპირობებული თავდები პირებისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეების ვალდებულება კრედიტორის წინაშე. საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ძირითადი მოვალე საწარმო გაკოტრებულად გამოცხადდა და მოვალის (მსესხებლის) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა. სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღეს.

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ძირითადი მოვალე საწარმოს სოლიდარული თავდებები იყვნენ, ფიზიკური პირები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტი), ამასთან, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა სანივთო საშუალებაც ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის სახით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტი).

19. ცხადია, სადავო არ არის კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით პირადი და სანივთო უზრუნველყოფის სახეების (მოცემულ შემთხვევაში თავდებობისა და იპოთეკის) აქცესორული ხასიათი, რაც განმტკიცებულია სსკ-ის 153-ე და 893-ე მუხლების დანაწესით და არაერთხელ არის განმარტებული საკასაციო სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ-ები: # ას- 647-647-2018, 21.10.2019წ. # ას-97-2019, 05.07.2019წ; #ას-836-802-2016, 20.01.2017წ; # ას-513-490-2016, 21.10.2016წ; #ას-61-59-2014, 17.06.2016წ.), თუმცა, მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია აქცესორულობის ე.წ. „შესუსტება“ უზრუნველყოფის მიზნიდან გამომდინარე, რათა შესრულდეს კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულება იმ პირობებში, როდესაც ძირითადი მსესხებელი საწარმო ლიკვიდირებულია და ეს იურიდიული ფაქტი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში.

20. კასატორს მიაჩნია, რომ უნდა განიმარტოს პირადი და სანივთო უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების მიზანი, რადგან თუკი ძირითადი მოვალე საწარმო, როგორც სამეწარმეოსამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტი, აღარ ირიცხება სამეწარმეო რეესტრში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძირითადი მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი და უზრუნველყოფილი ვალდებულება წყდება, რადგან სსკ-ის 454-ე მუხლი ვალდებულების შეწყვეტის განსხვავებულ საფუძველს ადგენს (ამ საკითხთან დაკავშირებით კასატორს წარმოდგენილი აქვს სამართლებრივი მოსაზრებები: სამართლის დოქტორის თეიმურაზ თოდრიასი; პროფ. ირაკლი ბურდულისა და გიორგი რუსიაშვილის -იხ. ტ.2).

21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით დასაბუთებულია კრედიტორის საკასაციო პრეტენზია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. სსკ-ის 454-ე მუხლის მიხედვით იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან. მოხმობილი ნორმა, რომელიც სისტემურად ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებშია მოთავსებული, არსებითად განსხვავდება ისეთი საფუძვლებისაგან, როგორიცაა სსკ-ის 452-ე მუხლი- ე.წ. კონფუზია, როდესაც მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება; სსკ-ის 453-ე მუხლი, რომელიც მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევებისათვის ვალდებულების შეწყვეტის წინაპიროებებს განსაზღვრავს. სსკ-ის 454-ე მუხლის კომენტირებისას მითითებულია, რომ „ის ფაქტი, რომ იურიდიული პირი შეიძლება ქონების გარეშე დარჩეს ან იგი გადახდისუუნარო აღმოჩნდეს, თავისთავად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას...“ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი - წიგნი მესამე, გვ.566 - გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001წ.).

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ - მოპასუხეების ლ.ღ–ასა და შპს „შ.თ–ის“ წარმომადგენელმა - შ.კ–მა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე სსკ-ის 454-ე მუხლის დანაწესის შეფასება ითხოვა, რადგან მისი მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ ძირითადი ვალდებულების გაქარწყლების შემთხვევაში, მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საშუალებებიც იმავე ბედს იზიარებს, გასათვალისწინებელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით მსესხებელი საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმისწარმოება შეწყდა, საწარმო გამოცხადდა გაკოტრებულად და მსესხებლის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა, ხოლო კრედიტორმა თავდები პირებისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეთა წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა აღძრა არა გაკოტრებული იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესში, არამედ ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტის შემდეგ, რაც, მხარის მტკიცებით, კრედიტორის მოთხოვნას სამართლებრივ საფუძველს აცლის. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანკის სარჩელის პასუხად წარდგენილ შესაგებელში (იხ. ტ.1, შესაგებელი -ს.ფ. 136-144; დაზუსტებული შესაგებელი-ს.ფ.246-254) მოპასუხეებს ასეთი შედავება არ განუხორციელებიათ, საკითხი სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.

23. საკასაციო სასამართლო საქმეში მოთავსებულ მტკიცებულებებზე უთითებს, რომლებითაც უდავოდ არის დადასტურებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინების საფუძველზე (საქმე # 2/9942-2017) შპს „ა–ის“ (ს/კ .....) მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, საწარმო გამოცხადდა გაკოტრებულად (იხ. ტ.1, ს.ფ.128-131); კრედიტორმა (ბანკმა) სარჩელი აღძრა 2017 წლის 27 ივნისს (იხ. ტ.1, ს.ფ. 1). ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს „ა–ის“ (ს/კ ......) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრირებულია 2017 წლის 4 აგვისტოს 15:54:06 სთ-ზე და იმავე დღეს არის მიღებული გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ (იხ. ტ.1, ს.ფ.132). ამდენად, კასატორის მოწინააღმდგე მხარის დასახელებულ პრეტენზიას ფაქტობრივი საფუძველი აქვს გამოცლილი.

24. სსკ-ის 454-ე მუხლის განმარტების მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმა კონკრეტულად იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო ვალდებულების შეწყვეტის საგამონაკლისო წესს განსაზღვრავს. კრედიტის უზრუნველყოფის სამართალში გამოყენებული პირადი (პიროვნული) თუ სანივთო უზრუნველყოფის სახეების აქცესორულობა სამართლებრივად სწორედ იმის მაუწყებელი და განმსაზღვრელია, რომ მიუხედავად იურიდიული პირის სალიკვიდაციო პროცესის დასრულებისა, ეს არ აქარწყლებს ძირითადი მოვალის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებებს. წინამდებარე გადაწყვეტილების 23-ე პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 454-ე მუხლის იმგვარი განმარტება, რომ კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალე საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციის გამო წარმოიშვება, იმთავითვე აუქმებს კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ საშუალებებს მათი აქცესორულობის გამო და პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს უზრუნველმყოფ პირებს, მთლიანად გამოაცლის საფუძველს საკრედიტო ურთიერთობებში უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსებობას, დანიშნულებასა და მიზანს. მოთხოვნის უზრუნველყოფა არის კრედიტორისათვის მინიჭებული უფლება, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის ან სხვაგვარად გამოყენების გზით (იხ. ლადო ჭანტურია- კრედიტის უზრუნველუყოფის სამართალი, გვ. 15, თბილისი, 2012წ.). კრედიტის უზრუნველყოფის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობა კრედიტორსა და უზრუნველმყოფ პირებს შორის წარმოიშობა, ასეთ ხელშეკრულებას დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და საკუთარ თავში ატარებს კაუზას, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება დამოუკიდებელი ხასიათისაა; უზრუნველმყოფი პირები საკუთარ ვალდებულებას ასრულებენ და არა სხვის ვალდებულებას (იხ. სუსგ # ას-647-647-2018, 21.10.2019წ; ასევე- შედარებითი სამართლის ჟურნალი # 3/2019- გ. რუსიაშვილი, აქცესორულობის პრინციპი იპოთეკისა და თავდებობის მაგალითზე - გვ.15).

25. საკასაციო მოთხოვნის ფარგლებში გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტორის სარჩელი, კერძოდ:

25.1. მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 238 637,35 (ორას ოცდათვრამეტი ათას ექვსას ოცდაჩვიდმეტი აშშ დოლარისა და ოცდათხუთმეტი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა;

25.2. მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1 356,99 (ათას სამას ორმოცდათექვსმეტი აშშ დოლარისა და ოთხმოცდაცხრამეტი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა;

25.3. მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172449-3807861 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 226 742,22 (ორას ოცდაექვსი ათას შვიდას ორმოცდაორის აშშ დოლარისა და ოცდაორი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა;

25.4. სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ, მოპასუხეების ა.თ–ძის, ა.თ–ძის, მ.ჭ–ძის და ლ.ღ–ასთვის სოლიდარულად დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ა) მდებარე - მცხეთა, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....., მესაკუთრე - ა.თ–ძე; ბ) მდებარე - მცხეთა, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....., მესაკუთრე - ა.თ–ძე; გ) მდებარე - მცხეთა, სოფელი ......./მცხეთა, სოფელი ......./მცხეთა, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....., მესაკუთრე - ა.თ–ძე; დ) მდებარე - თბილისი, ....., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......, მესაკუთრე - შპს ,,შ.თ–ი“;

25.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების ა.თ–ძის, ა.თ–ძის, მ.ჭ–ძის და ლ.ღ–ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

26. მოპასუხეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ იხილეთ წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 257.1-ე, 264.3-ე 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს "ს.ბ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს "ს.ბ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

3.1. მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 238 637,35 (ორას ოცდათვრამეტი ათას ექვსას ოცდაჩვიდმეტი აშშ დოლარისა და ოცდათხუთმეტი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა;

3.2. მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172450-3807917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1 356,99 (ათას სამას ორმოცდათექვსმეტი აშშ დოლარისა და ოტხმოცდაცხრამეტი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა;

3.3. მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს და ლ.ღ–ას მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 13 სექტემბრის #000172449-3807861 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 226 742,22 (ორას ოცდაექვსი ათას შვიდას ორმოცდაორის აშშ დოლარისა და ოცდაორი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა;

3.4. სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ, მოპასუხეების ა.თ–ძის, ა.თ–ძის, მ.ჭ–ძის და ლ.ღ–ასთვის სოლიდარულად დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ა) მდებარე - მცხეთა, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......, მესაკუთრე - ა.თ–ძე; ბ) მდებარე - მცხეთა, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #....., მესაკუთრე - ა.თ–ძე; გ) მდებარე - მცხეთა, სოფელი ......./მცხეთა, სოფელი ......./მცხეთა, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......, მესაკუთრე - ა.თ–ძე; დ) მდებარე - თბილისი, ......, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #......, მესაკუთრე - შპს ,,შ.თ–ი“;

3.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების ა.თ–ძის, ა.თ–ძის, მ.ჭ–ძის და ლ.ღ–ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

4. მოპასუხეებს ა.თ–ძეს, ა.თ–ძეს, მ.ჭ–ძეს, ლ.ღ–ასა და შპს "შ.თ–ს" მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1 939.6 (ათას ცხრაას ოცდაცხრამეტი ლარისა და სამოცი თეთრის) ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე