საქმე №ას-215-2020 27 ოქტომბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ხ.კ–ძე, ბმა „ი–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.10.2019წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.მ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.კ–ძის და ბმა „ი–ის“ (თავმჯდომარე ა.კ–ძე) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, ერთად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა ბმა „ი–ის“ 19.09.2008წ. N8 კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც პირველმა მოპასუხემ საკუთრებაში დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ...... N1-ში მდებარე 81.30 კვ.მ. სხვენი (ს/კ N01.......).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.01.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.10.2019წ. გადაწყვეტილებით შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.01.2018წ. გადაწყვეტილება და სარჩელი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
3.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 180-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე და განმარტა, რომ სსსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივი მოთხოვნების გარდა, ამ ტიპის სარჩელებისთვის ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა - იურიდიული ინტერესის არსებობა, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს. დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
3.2. აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
3.3. ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინა N7 (ს/კ N .......) და ბინა N17 (ს/კ N .......) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.
3.4. ქ. თბილისში, ...... მდებარე სხვენი - 81,30 კვ.მ (ს/კN: ......) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია პირველი მოპასუხის საკუთრებად. უფლების დამდგენი დოკუმენტია ბმა ,,ი–ის’’ 19.09.2008წ. N8 კრების ოქმი. აღნიშნული კრების ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი, სულ 36 წევრი. კრებამ ხმათა უმრავლესობით, ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი ხმით, დაადგინა პირველი მოპასუხისთვის 81,30 კვ.მ სხვენის საკუთრებაში გადაცემა, რომელსაც იგი ფლობდა როგორც საკუთარს.
3.5. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ ის თავად არასოდეს ყოფილა სადავო სხვენის მოსარგებლე და რომ 19.09.2008წ. სხვენის მოსარგებლე იყო პირველი მოპასუხე. მოსარჩელე სადავოდ ხდის კრების ოქმის შედგენის კანონიერებას მისი შედგენისათვის კანონით გათვალისწინებული პროცედურული წესების დარღვევის გამო.
3.6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბმა ,,ი–ის’’ 19.09.2008წ. N8 კრების ოქმის მართლსაწინააღმდეგოდ აღიარება არ შეიძლება იყოს მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი. სადავო კრების ოქმის გაბათილებით და შემდგომში იმავე სხვენის კვლავ განკარგვით, არ შეიცვლება მოსარჩელის უფლება სადავო ფართთან მიმართებით. კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა მიკუთვნებითი სარჩელის არარსებობის პირობებში მოსარჩელეს უფლებების ეფექტურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს არა თუ ნამდვილი, ფორმალური იურიდიული ინტერესიც არ გააჩნია.
3.7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). პალატამ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და, მართალია, მასში საუბარია ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.10.2019წ. გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. საკასაციო პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი შინაარსობრივად წარმოადგენს კერძო საჩივარს განჩინებაზე სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 276-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. შესაბამისად, საკასაციო პალატამ 09.03.2020წ. განჩინებით იმსჯელა კერძო საჩივრის დასაშვებობაზე (შდრ. იხ.: სუსგ Nას-1525-2019, 16.12.2019წ.). საკასაციო სასამართლოს 07.04.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
5. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ:
5.1. პირველი მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილი ბინის ადრინდელ მესაკუთრეს, რომელსაც სადავო კრების ოქმით გადაეცა საცხოვრებელი ბინის მომიჯნავე სხვენი. პირველმა მოპასუხემ უძრავი ქონების რეგისტრაცია მოახდინა არა 2008 წელს, როდესაც შედგა ოქმი, არამედ ბინის გასხვისების შემდეგ, 2010 წელს. ამ დროისთვის პირველი მოპასუხე აღარ იყო ამხანაგობის წევრი. სხვენის გადაცემა მოხდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მესაკუთრე იქნებოდა ამხანაგობის წევრი, სწორედ ამიტომ, მოსარჩელეს გააჩნია პირდაპირი იურიდიული ინტერესი.
5.2. 2010 წლიდან პირველი მოპასუხე აღარ ფლობს სადავო ფართს. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს უძრავი ნივთის საკუთრებაში აღრიცხვა.
5.3. სადავო კრების ოქმი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კრება არ ჩატარებულა, არ ყოფილა განცხადება კრების მოწვევის შესახებ, არ არსებობს მონაწილე პირების სია ხელმოწერით, რომელიც უნდა ინახებოდეს თავმჯდომარესთან. ამხანაგობის თავმჯდომარემ ასეთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სარჩელი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც სსსკ-ის 180-ე მუხლის (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (სუსგ Nას-1920-2018, 31.05.2019წ.). სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ. Nას-1525-2019, 16.12.2019წ.). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ; სუსგ Nას-1235-1155-2017, 30.04.2018წ.; სუსგ Nას-995-2018, 27.09.2018წ.).
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ Nას-1920-2018, 31.05.2019წ.).
10. მოცემულ შემთხვევაში, კრების ოქმის ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოთხოვნილი არ არის რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელში მოსარჩელე უთითებს ამხანაგობის კრების მოწვევის პროცედურულ დარღვევაზე, კრების ოქმის არაკანონიერებაზე და სარჩელის აღძვრის (სხვენზე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლის ბათილად აღიარების) ინტერესს ასაბუთებს იმით, რომ პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვენიდან ჩასდის წყალი, უზიანდება ბინა, ასევე, სხვენში იკრიბებიან გაურკვეველი პიროვნებები (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ.19-30). მისი განმარტებით, აცნობა პირველ მოპასუხეს, რომ დაზიანებული იყო სახურავი, ჟოლობები და საჭიროებდა შეკეთებას, რაზეც პასუხად მიიღო, რომ სახურავი იყო საერთო საკუთრება მოსარჩელეს უნდა მიემართა ამხანაგობის თავმჯდომარისთვის (ტ.1, ს.ფ.20). აღნიშნული სასამართლომ შეაფასა როგორც ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.157-162). აღიარებითი სარჩელის განხილვის წინაპირობა ვერ გახდება ვერც კერძო საჩივარში გაცხადებული ნება, რომ მოსარჩელეს სურს სადავო სხვენის ფართზე საკუთრების უფლების მოპოვება (ტ.1, ს.ფ. 97). არ არსებობს აღიარებით სარჩელის განხილვის წინაპირობები. კერძო საჩივრით არ არის წარმოდგენილი სსსკ-ით 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.
11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ Nას-847-2019, 26.12.2019წ., სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017; Nას-995-2018, 27.09.2018წ.).
12. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ არსებობდა სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.10.2019წ. განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი