Facebook Twitter

№ას-494-2020 26 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოსარჩელე თავდაპირველ სარჩელში - ლ.ა–ძე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ ს.მ.ს–ო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებoს გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, გვარის მინიჭება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ა–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, "მოპასუხე შეგებებულ სარჩელში") და ნ.ჩ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე", "კასატორი") სარჩელი აღძრეს ნ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, "მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში") მიმართ. პირველმა მოსარჩელემ მოითხოვა განქორწინება და არასრულწლოვან შვილთან ურთერთობის წესის განსაზღვრა, ხოლო მეორე მოსარჩელემ - არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. შეგებებული სარჩელის საგანია არასრულწლოვანი შვილისთვის მამის გვართან ერთად დედის გვარის მინიჭება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2018წ. გადაწყვეტილებით განქორწინების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პირველი და მეორე მოსარჩელის მოთხოვნები არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2019წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მეორე მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.4. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, პირველი მოსარჩელის საქართველოში არყოფნის შემთხვევაში ან ამ უკანასკნელის თანხმობით და მეორე მოსარჩელის ნების გათვალისწინებით, მეორე მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესი განესაზღვრა შემდეგი სახით: არასრულწლოვანი ბავშვის სამი წლის ასაკს მიღწევის შემდეგ ყოველი კვირის სამშაბათი დღის 14:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე (არასრულწლოვანი ბავშვის ბაღში/სკოლაში სიარულის შემთხვევაში ყოველი კვირის სამშაბათი დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე); ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე. არასრულწლოვანი ბავშვის ხუთი წლის ასაკს მიღწევის შემდეგ ყოველი კვირის სამშაბათი დღის 14:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე (არასრულწლოვანი ბავშვის ბაღში/სკოლაში სიარულის შემთხვევაში ყოველი კვირის სამშაბათი დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე); ყოველი კვირის პარასკევი დღის 14:00 საათიდან იმავე კვირის შაბათი დღის 20:00 საათამდე (არასრულწლოვანი ბავშვის ბაღში/სკოლაში სიარულის შემთხვევაში ყოველი კვირის პარასკევი დღის 18:00 საათიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე) არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის, ღამე დარჩენის უფლებით და უკან დედასთან, დაბრუნების ვალდებულებით; არასრულწლოვანი ბავშვის დედისაგან წამოყვანას და უკან დედასთან დაბრუნებას უზრუნველყოფს ბავშვის ბებია - მეორე მოსარჩელე ან ბაბუა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.5, ს.ფ.248-276).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა მოსარჩელემ და მეორე მოსარჩელემ. პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში 06.07.2020წ. განჩინებით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2020წ. განჩინებით მეორე მოსარჩელის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შედგენილი საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2020წ. განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორის ოჯახის სრულწლოვან წევრს 2020 წლის 10 სექტემბერს (იხ.: უკუგზავნილი, ტ.5, ს.ფ.346). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია როგორც გზავნილის მიმღები პირის ხელმოწერა (ხელრთვა), ისე მისი პირადი ნომერი.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 11 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 21 სექტემბერს (რადგან ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო კვირა). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი, №ას-97-2020, 2 აპრილი, 2020 წელი, №ას-337-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე