№ას-532-2020 6 ნოემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ქ.მ–ე“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“, შპს „მ.პ.დ–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.11.2019წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს.ქ.მ–ემ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „საკატორი“) წარადგინა სარჩელი შპს „ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და შპს „მ.პ.დ–ის“ (შემდეგში ტექსტში პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც "მოპასუხეები") მიმართ პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს/კ.......) ყადაღისაგან გათავისუფლებისა და მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე.
2. წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2018წ. განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 22.12.2017წ. გაცემული № 2ბ/5196-17 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება №17148508) საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (ტ.1, ს.ფ.42-44).
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხეების მიმართ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.156-164), მაგრამ აღნიშნულის ამოქმედება სსსკ-ის 1991 მუხლის საფუძველზე დამოკიდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.07.2020წ. განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ამავე სასამართლოს 15.09.2020წ. და 15.10.2020წ. განჩინებებით კასატორს გაუგრძელდა ვადა დაწესებული ხარვეზის შევსების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საკასაციო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.07.2020წ. განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 2137.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ტ.1, ს.ფ.271-272).
8. 17.08.2020წ. კასატორის წარმომადგენელმა მომართა სასამართლოს შუამდგომლობით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე. ვადის 10 დღით გაგრძელების საჭიროება კასატორმა დაასაბუთა ფინანსური პრობლემებით, რის დასტურადაც შუამდგომლობას დაურთო ამონარიდი გადასახადის გადამხდელთა საინფორმაციო ბარათიდან, 15.01.2020წ. და 31.03.2020წ. წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები (ტ.1, ს.ფ.277-295) და ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კასატორის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (იხ.:ტ.1, ს.ფ.296).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.09.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით (იხ.: განჩინება, ტ.1, ს.ფ.297,298).
10. 05.10.2020წ. კასატორის წარმომადგენელმა მომართა სასამართლოს და იმავე გარემოებებზე მითითებით კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, მაგრამ ამჯერად მხოლოდ 5 დღით (ტ.1, ს.ფ.301).
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.10.2020წ. განჩინებით კასატორის შუამდგომლობა კვლავ დაკმაყოფილდა და კასატორს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. წინა განჩინებების მსგავსად მას განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტ.1, ს.ფ.304,305). აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (გზავნილი ჩაიბარა ადრესატის ადმინისტრატორმა; იხ.: უკუგზავნილი, ტ.1, ს.ფ.307).
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 27 ოქტომბერს. კასატორმა 27.10.2020წ., ანუ ვადის დაცვით მომართა სასამართლოს და მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე მითითებით მოითხოვა საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. შუამდგომლობას არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, კასატორი მოთხოვნას აფუძნებს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობებზე დართულ მტკიცებულებებზე (ტ.1, ს.ფ.308).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლით (ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა) გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური, რადგან იგი შეიძლება შეიზღუდოს. სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაწესებაა. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
14. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კასატორმა ორჯერ მომართა სასამართლოს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, ორივე შუამდგომლობა და მასზე დართული მტკიცებულებები გაიზიარა საკასაციო პალატამ და ორჯერ გაუგრძელა კასატორს ხარვეზის შევსების ვადა. რაც შეეხება შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადების შესახებ, კასატორს არა აქვს წარმოდგენილი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც უშუალოდ ამ შუამდგომლობით მომართვის დროისათვის მის ქონებრივ მდგომარეობას ასახავდა.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, კასატორმა კი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.ქ.მ–ეს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.11.2019წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე