Facebook Twitter

№ას-33-2019 15 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ჯ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით:

1.1. შპს „ჯ–ის“(შემდეგში: განმცხადებელი, მოვალე, საწარმო) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ბ–ის“ (შემდეგში - კრედიტორი) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე;

1.3. ყადაღა დაედო მოვალის კუთვნილ 10 000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს, საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამურად 112 632.52 ევროს ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის არაუმეტეს 50%-სა.

2. მოვალემ სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანა და მოითხოვა შემდეგი საკითხის განმარტება: ჰქონდა თუ არა საწარმოს უფლება, ნებისმიერ დროს განეკარგა თავის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებიდან 10 000 ლარამდე თანხა და ყადაღადადებული 56 316.26 ევროს ზემოთ (112 632.52 ევროს 50%-ზე მეტი) თანხა. განმცხადებელმა აღნიშნული მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ არ ხდებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინების ჯეროვნად აღსრულება, კერძოდ: ა. საწარმოს უფლება არ ეძლეოდა, თავისუფლად განეკარგა სს „თ.ბ–ის“ საბანკო ანგარიშზე არსებული 10 000 ლარამდე ოდენობის თანხა; ბ. ყადაღა დაედო 112 632.52ვევროს 50%-ზე მეტ თანხას.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით:

3.1. განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3.2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ტექსტი: „ყადაღა დაედოს შპს ჯ–ის კუთვნილ 10000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 112632,52 ევროს ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა“, შემდეგნაირად განიმარტა:

3.2.1. მოვალეს ყოველთვის უნდა ჰქოდეს ანგარიშზე არსებული თანხიდან 10000 ლარისა და 10000 ლარზე ზევით ჩარიცხული თანხის 50%-ის განკარგვის საშუალება და ყადაღადადებული თანხის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს, აღსრულების მომენტისათვის, 112 632.52 ევროს ან მის ეკვივალენტ ლარს. ეს ნიშნავს, რომ: თუ განჩინების აღსრულების მომენტისათვის მოვალის ანგარიშზე არსებული თანხა არ აღემატება 10 000 ლარს, მას ამ თანხის განკარგვა სრულად შეეძლება. თუ ანგარიშზე არსებული თანხა 10 000 ლარს აღემატება, ყადაღა დაედება ზედმეტად არსებული თანხის 50%-ს. ამის შემდეგ, ყადაღადადებულ თანხაზე ყადაღის მოხსნისა და ამ თანხის გათვალისწინების გარეშე, ყადაღა დაედება ყოველ ჯერზე 10 000 ლარს ზემოთ არსებული თანხის 50%-ს და ეს პროცესი გაგრძელდება ჯამში 112 632.52 ევროს ან მისი ეკვივალენტი ლარის, ან შესაბამისად სხვა ვალუტის ოდენობით თანხაზე ყადაღის დადებამდე. მას შემდეგ, რაც ყადაღადადებული თანხის ჯამი, ბოლო სააღსრულებო ღონისძიების განხორციელების მომენტისათვის 112 632.52 ევროს ან მის ეკვივალენტ ლარს, ან შესაბამისად სხვა ვალუტას შეადგენს, განმცხადებლის ანგარიშებზე ყადაღის დადება შეწყდება.

4. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კრედიტორმა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

4.1. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით, მოვალეს მარტივად შეეძლება თავი აარიდოს განჩინების აღსრულებას, იგი შეეცდება ანგარიშზე არასდროს შეიტანოს 10 000 ლარზე მეტი. უფრო მეტიც, მოვალეს შეეძლება საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში ისე გახსნას ანგარიშები და ჯამურად ისე იქონიოს 150 000 ლარი, რომ ამ თანხებს ყადაღა საერთოდ არ დაედოს. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა არასწორია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

5. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

6. ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ მისი სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს ბუნდოვან ან ორაზროვან დებულებას, ამასთან, განმარტების საკითხი ორიენტირებული უნდა იყოს მისი აღსრულების ხელშეწყობაზე. კანონმდებელი მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეუცვლელად მის იმგვარად განმარტებას, რომ იგი მაქსიმალურად გასაგები გახდეს მხარეთათვის და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას.

7. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა მის მიერ მიღებული 2018 წლის 26 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შემდეგი დებულება: „ყადაღა დაედოს შპს ჯ–ის კუთვნილ 10000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 112632,52 ევროს ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-სა“. აღნიშნული დებულების სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება შემდეგში მდგომარეობს: თუ განჩინების აღსრულების მომენტისათვის მოვალის ანგარიშზე არსებული თანხა არ აღემატება 10 000 ლარს, მას ამ თანხის განკარგვა სრულად შეეძლება. თუ ანგარიშზე არსებული თანხა 10 000 ლარს აღემატება, ყადაღა დაედება ზედმეტად არსებული თანხის 50%-ს. ამის შემდეგ, ყადაღადადებულ თანხაზე ყადაღის მოხსნისა და ამ თანხის გათვალისწინების გარეშე, ყადაღა დაედება ყოველ ჯერზე 10 000 ლარს ზემოთ არსებული თანხის 50%-ს და ეს პროცესი გაგრძელდება ჯამში 112 632.52 ევროს ან მისი ეკვივალენტი ლარის, ან შესაბამისად სხვა ვალუტის ოდენობით თანხაზე ყადაღის დადებამდე.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული განმარტება ბუნდოვანია. გაურკვეველია, თუ რატომ გულისხმობს განსამარტი განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი მოვალის კუთვნილი 10 000 ლარზე მეტი ფულადი სახსრების დაყადაღება იმას, რომ ყადაღა დაედო 10 000 ლარზე მეტი თანხის შემცველ ყველა ანგარიშს (ცალ-ცალკე) და, რატომ არ გულისხმობს იმას, რომ ყადაღა დაედო საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში ჯამურად არსებულ მოვალის 10 000 ლარზე მეტ ფულად სახსრებს. სადავო განმარტების მიხედვით გამოდის, რომ მართალია, მოვალის კუთვნილ 10 000 ლარზე მეტ ფულად სახსრებს სასამართლოს განჩინებით ყადაღა ადევს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას უფლება ეძლევა, საბანკო დაწესებულებებში არსებული ყველა იმ ანგარიშით თავისუფლად ისარგებლოს, სადაც 10 000 ლარზე ნაკლები თანხა აქვს. ასეთ პირობებში გაურკვეველია, არა მხოლოდ ამ განმარტების შინაარსი, არამედ ისიც, თუ რამდენად გამომდინარეობს იგი სარჩელის უზრუნველყოფის იმ მიზნიდან, რა მიზნითაც სასამართლომ მოვალის ქონების დაყადაღება მოახდინა. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში, მოვალემ სასამართლო განჩინების განმარტების შესახებ განცხადება იმით დაასაბუთა, რომ მას ამ განჩინების აღსრულების პროცესში სს „თ.ბ–ის“ ანგარიშზე არსებული 10 000 ლარამდე თანხის განკარგვის საშუალება არ ეძლეოდა. მიუხედავად ამისა, სასამართლო თავის განმარტებაში განმცხადებლის მიერ მითითებულ კონკრეტულ ბანკთან მიმართებით არ შემოფარგლულა და საკითხის მისეული განმარტება საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მოვალის ფულად სახსრებთან მიმართებით დაადგინა.

9. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა (სსსკ-ის მე-2 მუხლი), რაშიც მოიაზრება სასამართლოს ვალდებულება, დასაბუთებულად დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას მის მოთხოვნას. სსსკ-ის 284-ე მუხლი ადგენს, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას, კერძოდ, ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინებაში უნდა აღინიშნოს მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. პალატას მიაჩნია, რომ რაკი სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტების პირობებში არსებობს გაურკვევლობა და რაკი განსამარტი საკითხი სასამართლო განჩინების სწორად აღსრულების აუცილებლობას უკავშირდება, მიზანშეწონილია მოხდეს სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმის ხელახალი განხილვა. ამასთან, სადავო განმარტებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნების აღმოსაფხვრელად მიზანშეწონილი იქნება თუკი საქმე ზეპირი მოსმენით განიხილება, ეს სასამართლოს მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად საკითხის სწორად შეფასებაში დაეხმარება.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი