№ას-508-2019 30 სექტემბერი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს „ჩ.რ... ბ.ჯ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ჩ.რ. .. ბ.ჯ–ი" (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) სარკინიგზო გვირაბს აშენებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...., იგი ამ პროცესში იყენებს მიწისქვეშა აფეთქებებს.
2. თ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი (შემდეგში: სახლი, უძრავი ქონება) მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .....
3. უძრავი ქონება დაზიანდა მშენებლობის წარმოების პროცესში განხორციელებული მიწისქვეშა აფეთქებების შედეგად.
4. უძრავი ქონება საჭიროებს აღდგენა-გაძლიერების სამუშაოებს.
5. უძრავი ქონების აღდგენა-გაძლიერების ხარჯები ჯამურად 15 295.04 ლარია.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და მისთვის ზიანის, 15 295.04 ლარის ანაზღაურების დაკირება მოითხოვა.
7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
7.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის უძრავი ქონება დაზიანდა მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში. საქმის განხილვისას სასამართლომ მოახდინა ადგილზე დათვალიერება და დარწმუნდა, რომ მოსარჩელის უძრავი ქონების მეორე სართულზე, ყველა ოთახის კედლებზე აღინიშნებოდა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები. მათგან ოთახებს შორის არსებულ ფანჯრებზე, ქვემოთ კუთხეებთან გამჭოლი ბზარები იყო, ხოლო მისაღებ ოთახში გასასვლელ კარებთანაც ზემო მხარეს გამჭოლი ბზარები იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და უძრავ ქონებაზე არსებულ დაზიანებებს შორის და სარჩელი დააკმაყოფილა. დავის მოსაწესრიგებლად სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 992-ე მუხლი.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-ე მუხლზე (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში) და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს მცოდნე პირის (ექსპერტი) დასკვნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ცოდნას. ექსპერტიზა არის სასამართლოს ან მხარეების მიერ ექსპერტისათვის წარდგენილი ობიექტების გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ექსპერტი სპეციალური ცოდნისა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ ცნობების მისაღებად. დასკვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი ძირითადი კრიტერიუმი, კერძოდ, კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი (ობიექტურობის ხარისხის დასადგენად) და გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის კატეგორიულობა.
10.2. სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული ორი დასკვნა, კერძოდ: ა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 აგვისტოს დასკვნა, რომლითაც გამოირკვა, რომ, უძრავი ნივთის დაზიანების ხასიათის და თავისებურებების გათვალისწინებით, უძრავი ნივთის დაზიანებები ძირითადად გამოიწვია სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოებმა და ბ. კომპანია „ე–ის“ დასკვნა, რომელიც შეეხებოდა ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგსა და სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ მიღებულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მეორე დასკვნა თავისი მნიშვნელობით ვერ აქარწყლებდა კონკრეტული უძრავი ნივთის დათვალიერებისა და დაზიანების შესწავლის საფუძველზე შედგენილ პირველ დასკვნას, რამდენადაც ამ უკანასკნელის მეშვეობით კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ გამოკვლეულა, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის მდგომარეობა არ შესწავლილა.
10.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 აგვისტოს დასკვნას და ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შედეგად მოსარჩელეს მიადგა 15 295.04 ლარის ზიანი. შესაბამისად, სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:
11.1. ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, კატეგორიული არაა, მისი კვლევითი ნაწილი მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მოსარჩელის განმარტებას ეფუძნება. იგი დაუსაბუთებელია და ვარაუდზეა აგებული. ექსპერტს ისიც კი არ დაუდგენია, თუ აფეთქების ადგილიდან რა მანძილზე მდებარეობს უძრავი ქონება, რომ არაფერი ვთქვათ აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგების სიმძლავრეზე.
11.2. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ 2017 წლის 20 ივლისისა და 12 ოქტომბრის დასკვნები, რომლებიც გამორიცხავენ მოპასუხის ბრალს უძრავი ქონების დაზიანებაში. 2017 წლის 12 ოქტომბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება ზემოქმედების ზონის გარეთ მდებარეობს და მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
17. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან.
18. სსკ-ის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ: №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულებულია.
19. კასატორის (მოპასუხე) პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიული არაა და მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებსა და მოსარჩელის პრეტენზიას ეფუძნება, მაშინ როცა კომპანია „ე–ის“ 2017 წლის 20 ივლისისა და 12 ოქტომბრის დასკვნებით გამოირიცხება მოპასუხის ბრალი უძრავი ქონების დაზიანებაში. აღნიშნულ პრეტენზიას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ივნისის დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ ექსპერტმა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის დაზიანებების გამომწვევ ძირითად მიზეზად სწორედ მოპასუხის მიერ სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოება მიიჩნია (ტომი 1, ს.ფ. 20). აქედან ისიც ჩანს, რომ ხსენებული დასკვნაში ექსპერტი ვარაუდით კი არ მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების ძირითად მიზეზზე, არამედ მას ეს ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მიერ იმაზე აპელირება, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიული არაა. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შედგენისას ექსპერტმა მხედველობაში მიიღო უშუალოდ მოსარჩელის უძრავი ნივთის დაზიანებების, ისევე, როგორც იმავე სოფელში (სადაც მოსარჩელის სახლი მდებარეობს) მდებარე სხვადასხვა შენობების დაზიანების ხასიათი და თავისებურებები (ტომი 1, ს.ფ. 19-20). ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი სახის პრობლემა მარტო მოსარჩელის სახლს კი არ ჰქონია, ირგვლივ მდებარე სხვა შენობებიც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამდენად, ექსპერტი ვიზუალური დათვალიერებით გაეცნო უძრავი ნივთის დაზიანებებს და სადავო დასკვნა მათი ხასიათისა და თავისებურებების გათვალისწინებით შეადგინა. შესაბამისად, სასამართლოს მასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ გასჩენია, იგი სარწმუნოდ მიიჩნია და სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო. რაც შეეხება კომპანია „ე–ის“ 2017 წლის 20 ივლისისა და 12 ოქტომბრის დასკვნებს, პირველი ზოგადი ხასიათისაა და შეიცავს აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასებას სოფელ .... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის (ტომი 1, ს.ფ. 65-265), ხოლო მეორე დასკვნაში, მართალია, მოსარჩელის უძრავ ქონებასთან მიმართებითაა საუბარი, მაგრამ იგი ამავე კომპანიის 2017 წლის ივლისის ზოგადი ხასიათის დასკვნას ეფუძნება (ტომი 2, ს.ფ. 5). აქედან გამომდინარე, კომპანია „ე–ის“ 2017 წლის 20 ივლისისა და 12 ოქტომბრის დასკვნები (რომლებსაც მოპასუხე ეყრდნობა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოხსენებული დასკვნის საპირწონედ ვერ გამოდგება. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-11-2019, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-482-2019, 2019 წლის 31 მაისის განჩინება).
21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რამდენადაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 535.32 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ს“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 764.75 ლარის (საგადახდო დავალება #404, გადახდის თარიღი 20.03.2019) 70% – 535.32 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი