საქმე №ას-826-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,U. S.H.-ის“ დირექტორი კ.ჟ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს ,,ე–ის“ დირექტორი მ.გ–, შპს ,,ე–ის“ პატრნიორი ქ.გ–უ, ე.ი–ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1.1. ე.ი–ის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.2. ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 15 აპრილს ნოტარიუს თ.რ–ას მიერ დამოწმებული ქ.გ–უს (შემდეგში: მოპასუხე, პარტნიორი) ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება და ამავე თარიღის ხელშეკრულება, 1 609კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „ე–ის“ (შემდეგში: საზოგადოება) საწესდებო კაპიტალში შეტანის თაობაზე;
1.3. მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ..... 57ა/ქ.თბილისში, ....., ......ქ.#50/18-ში მდებარე მიწის (შემდეგში - უძრავი ქონება) მესაკუთრედ;
1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 400 000 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის გათვალისწინებით.
2. 2018 წლის 25 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,U. S.H.-მა“ (შემდეგში: განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი), რომელმაც დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით:
3.1. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დაკმაყოფილდა;
3.2. ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3.3. საქმის წარმოება განახლდა.
4. ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს საზოგადოების დირექტორმა და მოპასუხემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით:
5.1. კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა;
5.2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება;
5.3. არ დაკმაყოფილდა განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
6. ზემოხსენებული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.
7. 2019 წლის 5 აპრილს სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანა კერძო საჩივრის ავტორმა, რომელმაც ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინების განმარტება, კერძოდ, იგი ითხოვს განემარტოს: როგორ შეძლებს მხარე იურიდიული ინტერესის მიღწევას და მიწის ნაკვეთის საზოგადოების საკუთრებაში დაბრუნებას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის პირობებში.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განჩინებით განცხადება განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
8.1. სასამართლოს შეფასებით, საკითხები (თუ რატომ არ იქნა მიწვეული კერძო საჩივრის ავტორი სხდომაზე სსსკ-ის 422-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორ მოახერხებს რომ სადავო ქონება კვლავ მოპასუხის საკუთრებაში აღირიცოს, რატომ არ აიცილა საქმის განხილვა მოსამართლე ნ.კალანდაძემ და რატომ შეიცვალა სხდომაში მონაწილე მოსამართლე თ.სვანიძე ი.პერანიძით), რომელთა გარკვევასაც განმცხადებელი ითხოვდა, გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს (რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა იყოს აუცილებლად ბუნდოვანი და იგი უნდა განიმარტოს აუცილებლად სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, ამასთან რაზეც არ არის მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მის განმარტებაზეც), სსსკ-ის 262-ე მუხლის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობდა. ამდენად, განცხადება არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება განმცხადებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:
9.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის დასაბუთება დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მისი იურიდიული ინტერესის შელახვის თაობაზე და 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მისი მოთხოვნა მართებულად დააკმაყოფილა. მან სააპელაციო სასამართლოში დამატებით დაასაბუთა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიმართ იურიდიული ინტერესი, კერძოდ, აღნიშნა, რომ მის მიერ წამოწყებული სხვა დავის ფარგლებში უძრავ ქონებას ყადაღა დაედო. ამასთან, უძრავი ქონება საქართველოში მოპასუხის ერთადერთი აქტივია და ამ აქტივის ხარჯზე უნდა მოხდეს მოპასუხის მიერ კერძო საჩივრის ავტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
9.2. სასამართლოს მიერ სადავო საკითხის განმარტება მნიშვნელოვანია, რადგან თუკი არსებული მოცემულობა არ შეიცვლება, გამოდის, რომ კერძო საჩივრის ავტორის ინტერესი არ ილახება და უძრავ ქონებაზე სხვა პირთა საკუთრების უფლება დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
10. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლო განჩინების განმარტების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებოდა სსსკ-ის 262-ე მუხლით განსაზღვრული ის წინაპირობები, რომელიც გადაწყვეტილების განმარტებას განაპირობებდა.
11. სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება, აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მხარეებს ეგზავნებათ შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
12. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა (შდრ. Nას-1762-2018, 27.02.2019წ.).
13. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი (კერძო საჩივრის ავტორი) მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინების განმარტებას, რომლითაც: მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ; კერძო საჩივრის ავტორის განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ განსამარტი განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მკაფიოდ მიუთითებს, თუ რა შედეგი დადგა საქმეზე. მისი მეშვეობით სასამართლოს იმგვარი განკარგულება არ დაუდგენია, რაც აღსრულების პროცესში რაიმე ბუნდოვანებას წარმოშობდა. ცალსახად ირკვევა, რომ ხსენებული განჩინებით უცვლელად დარჩა საქმეზე 2018 წლის 13 თებერვალს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო თავად ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმარტება განმცხადებელს არ მოუთხოვია. უფრო მეტიც, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც და მისი ძალაში დატოვების თაობაზე 2019 წლის 28 მარტის განჩინებაც (რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს) კანონიერ ძალაშია შესული. დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულებულიცაა, კერძოდ, მის საფუძველზე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ჯერ მოსარჩელის, მოგვიანებით კი, ქემალ ოზენის სახელზე აღირიცხა. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 262.1 მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობები, კერძოდ: სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება და მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზანი, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
14. გარდა ამისა, ისიც საგულისხმოა, რომ სასამართლო განჩინების განმარტების შესახებ განცხადების შინაარსი ფაქტობრივად სასამართლოსგან კონსულტაციის მიღების სურვილში მდგომარეობს, რაც რათქმაუნდა სცილდება სსსკ-ის 262.1 მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების მიზანს. განმცხადებელი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაზე კი არ მიუთითებს, მას რეალურად იმის გაგება სურს, თუ როგორ შეძლებს თავისი იურიდიული ინტერესის მიღწევას და უძრავი ქონების კვლავ საზოგადოებისა და მოპასუხის საკუთრებაში დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, სასამართლო განჩინების განმარტების შესახებ განცხადება მოცემული კუთხითაც უსაფუძვლოა.
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინება არსებითად სწორია, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,U. S.H.-ის“ დირექტორ კ.ჟ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი