Facebook Twitter

საქმე №ას-1773-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) – ლ.გ–ძე, ნ.შ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ი.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ.გ–ძისა და ნ.შ–ძის (შემდეგში: მოსარჩელეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი, რომლითაც მათ მოითხოვეს ბ.გ–ძის (შემდეგში - მამკვიდრებელი) დანაშთი ქონების მემკვიდრეებად აღიარება, თანამესაკუთრეებად ცნობა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ განჩინებაზე აპელანტებმა კერძო საჩივარი შეიტანეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს, შემდეგი დასაბუთებით:

4.1. სააპელაციო საჩივარზე აპელანტებს სამი სახის ხარვეზი დაუდგინდათ, აქედან ორი სახელმწიფო ბაჟის დაკისრებასა და ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულებას უკავშირდებოდა. კერძო საჩივრის ავტორებმა ორივე ეს ვალდებულება შეასრულეს. რაც შეეხებოდა მესამე საპროცესო ვალდებულებას, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენას, მოპასუხეებმა ის ვადის დაცვით შეასრულეს, კერძოდ, 2019 წლის 27 სექტემბერს სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია სასამართლოს ვებგვერდზე მითითებულ მოსამართლის თანაშემწის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გააგზავნეს. ამავე დროს გააგზავნეს სააპელაციო საჩივარიც. მოგვიანებით, აპელანტებმა გაარკვიეს, რომ სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მოსამართლის თანაშემწის ელექტრონული ფოსტა არ მუშაობდა. ამის შემდეგ აპელანტებმა სასამართლოში ელექტრონულად გადააგზავნეს ტელეფონის ეკრანის ანაბეჭდი (ე.წ. „სკრინშოტი“), რომელიც ადასტურებდა ელექტრონული ფოსტის შესაბამის მისამართზე მათ მიერ კორესპონდენციის გაგზავნის ფაქტს, თუმცა სასამართლოს ვებგვერდზე ჰაკერული შეტევის გამო არც ეს ელექტრონული გზავნილი არ მისულა ადრესატამდე. ამდენად, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო აპელანტების მიერ გაგზავნილი მტკიცებულებები სასამართლოში ვერ მოხვდა, მაშინ, როცა ისინი ცხადყოფდა დადგენილი ვადის დაცვით აპელანტთა მხრიდან ხარვეზის აღმოფხვრას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

7. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს დაევალათ, ამ განჩინების ასლის მათთვის ჩაბარებიდან 10 დღეში შეევსოთ ორი სახის ხარვეზი, კერძოდ, სასამართლოსათვის წარედგინათ: ა. მათ მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი; ბ. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, რომელიც შესრულებული იქნებოდა word-ის ფაილში CD დისკის სახით (ს.ფ. 298-300).

8. ამავდროულად, საქმეზე დგინდება, რომ ზემოხსენებული განჩინების ასლები 2019 წლის 19 სექტემბერს ჩაჰბარდათ ადრესატებს კანონით დადგენილი წესით (ს.ფ. 301-304).

9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია. ამავე კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

10. ზემომითითებული საპროცესო ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის ათვლა 2019 წლის 20 სექტემბერს დაიწყო და 2019 წლის 30 სექტემბერს ამოიწურა (ვადის უკანასკნელი დღე, 2019 წლის 29 სექტემბერი, იყო არასამუშაო დღე - კვირა). ამასთან, ვინაიდან აპელანტებს ხარვეზი აღნიშნულ ვადაში არ გამოუსწორებიათ, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368.5 მუხლი (თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება) და კანონშესაბამისად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

11. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმაზე აპელირებენ, რომ მათ ხარვეზის შესავსებად დაკისრებული საპროცესო მოქმედებები ვადის დაცვით შეასრულეს, მაგრამ ამ მიზნით ელექტრონულად გაგზავნილი მტკიცებულებები სასამართლოში ვერ მოხვდა, ჯერ სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მოსამართლის თანაშემწის ელექტრონული ფოსტის გაუმართაობის, ხოლო შემდეგში - ამავე ვებგვერდზე ჰაკერული შეტევის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტი დაუსაბუთებელია, რადგან კერძო საჩივრის ავტორებმა მათ მიერ მითითებული ვერც ერთი ამ გარემოების დამტკიცება ვერ შეძლეს. ხსენებულ გარემოებებს ვერ ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი ტელეფონის ეკრანის ანაბეჭდი (ე.წ. „სკრინშოტი“), რადგან მასზე ასახულია მხოლოდ კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ელექტრონულ მისამართზე კორესპონდენციის გაგზავნის ფაქტი და იგი არანაირ ინფორმაციას არ იძლევა გაგზავნილი მასალის ადრესატის მიერ მიღების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის თაობაზე. სსსკ-ის 102.1 და 102.2 მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. რაკი კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ დაამტკიცეს მათ მიერ მითითებული გარემოებები - სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მოსამართლის თანაშემწის ელექტრონული ფოსტის გაუმართაობა და ამავე ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა, შესაბამისად, მათ ვერც ის ვერ დაამტკიცეს, რომ ხარვეზის შევსების მიზნით მათ მიერ ელექტრონულად გაგზავნილი დოკუმენტაცია სწორედ ზემოხსენებული მიზეზებით ვერ მივიდა ადრესატამდე. ამდენად, სააპელაციო საჩივარზე დანიშნული ხარვეზი არ შევსებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონისმიერი საფუძველია.

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.გ–ძისა და ნ.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი