Facebook Twitter

საქმე №ას-578-2020 29 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – დ.ლ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ.ლ–ას მიმართ კრედიტის დაბრუნების, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დ.ლ–ას დაეკისრა სს „თ.ბ–ისათვის“ 2015 წლის 16 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 4353,08 ლარის გადახდა, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 1 თებერვლიდან თვეში 104,98 ლარის გადახდა 5 თვის განმავლობაში, ჯამურად 524,9 ლარის გადახდა; 2017 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 6373,66 ლარის გადახდა, ხოლო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 1 თებერვლიდან თვეში 137,48 ლარის გადახდა 5 თვის განმავლობაში, ჯამურად 687,4 ლარის ოდენობით. 2017 წლის 15 დეკემბრის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე 728,89 ლარის გადახდა; 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 1512,6 ლარის გადახდა; 2018 წლის 5 აპრილის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე 1226,68 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ვალდებულების სრულ შესრულებამდე დაკისრების შესახებ და პირგასამტეხლოს მოთხოვნა 3757,82 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.ლ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სს ,,თ.ბ–ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში (2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი (1.1-1.6.) პუნქტი და მე-3 პუნქტი) ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი (1.1-1.6.) და მე-3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,თ.ბ–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2015 წლის 16 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, დ.ლ–ას სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4353,08 ლარის გადახდა, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 1 თებერვლიდან 12 თვის განმავლობაში მასვე დაეკისრა თვეში 104,98 ლარის ჯამურად 1259 ლარის (ნაცვლად 524,9 ლარისა) გადახდა; 2017 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, დ.ლ–ას სს ,,თ.ბ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 6373,66 ლარის გადახდა, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2019 წლის 1 თებერვლიდან 12 თვის განმავლობაში მასვე დაეკისროს თვეში 137,48 ლარის, ჯამურად 1644 ლარის (ნაცვლად 687,4 ლარისა) გადახდა. 2017 წლის 15 დეკემბრის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე, დ.ლ–ას სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 808,89 ლარის (ნაცვლად 728,89 ლარისა) გადახდა; 2018 წლის 18 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, დ.ლ–ას სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1562,6 ლარის (ნაცვლად 1512,6 ლარისა) გადახდა; 2018 წლის 5 აპრილის სწრაფი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე, დ.ლ–ას სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1326,68 ლარის (ნაცვლად 1226,68 ლარისა) გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ლ–ამ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით დ.ლ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ კ.კ–ს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა 2020 წლის 9 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ლ–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელ კ.კ–ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განჩინების ასლი გაეგზავანა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2020 წლის 9 ოქტომბერს. (იხ. ტ.2, ს.ფ.164). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 10 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 15 ოქტომბერს, ვინაიდან 14 ოქტომბერი იყო დასვენების დღე. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ლ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი