საქმე №ას-779-2020 15 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ლ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ.ლ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „ნ–ის“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) შპს „ნ–ის“ დირექტორის მიერ ს.ბ–ის სახელზე შედგენილი მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან კომპანიის დირექტორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; გ) სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა ს.ბ–მა სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც ერთვის შპს „ნ–ისა“ და ნ.ლ–ს შორის დადებული შეთანხმების (მორიგების) აქტი და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა მორიგების შედეგად მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
საკასაციო სასამართლოს ასევე განცხადებით/შუამდგომლობით მომართა მოსარჩელე - ნ.ლ–მა. მან განაცხადა, რომ უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე და მოითხოვა საქმის წამოების შეწყვეტა. წარმოდგენილ შუამდგომლობას ასევე ერთვის შპს „ნ–ისა“ და ნ.ლ–ს შორის დადებული შეთანხმების (მორიგების) აქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ორივე განცხადების/შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოპასუხის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო მოსარჩელის განცხადება/შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და წინამდებარე საქმეზე შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან. თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ლ–ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ნ–ის“ წარმომადგენლის განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ლ–ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - ნ.ლ–ის სარჩელის გამო შპს „ნ–ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური