Facebook Twitter

საქმე №ას-1073-2020 12 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ი“ (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საპროცესო ვადის აღდგენა

დავის საგანი – საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.რ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო სს „ს.რ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში, მაგრამ საპატიო მიზეზების გამო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (18 მარტიდან - 28 მარტის ჩათვლით) ვერ გამოცხადდა სასამართლოში რათა ჩაებარებინა გადაწყვეტილება, რომელიც ჩაბარდა მხარეს ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 15 მაისს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით 2020 წლის 23 მარტიდან ჩაიკეტა მარნეულის მუნიციპალიტეტი და მუნიციპალიტეტიდან გასვლა აიკრძალა, რის გამოც შეუძლებელი იყო სასამართლოში გამოცხადება გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელმა მოითხოვა გასაჩივრების ვადის აღდგენა, გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო სს „ს.რ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ პირს. კერძოდ, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობით ეკისრებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის გაგზავნის ვალდებულება, რაც განახორციელა კიდეც - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას და ჩაბარდა ადრესატს 2020 წლის 15 მაისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 16 მაისს და ამოიწურა 2020 წლის 5 ივნისს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ წარადგინა 2020 წლის 18 მაისს, მაშინ როცა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული გასაჩივრების 21 დღიანი ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული. ამასთან, განცხადებასთან ერთად არ ყოფილა წარდგენილი საკასაციო საჩივარი. იგი არ წარუდგენია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას არც გასაჩივრების ვადის გასვლამდე. საქმის მასალებში არ მოიპოვება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ ორმაგად უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური