Facebook Twitter

საქმე №ას-1573-2019 17 ივლისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ თბილისის 89-ე ბაგა-ბაღი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ–ი, მ.კ–ძე, ლ.ბ–ძე, მ.ი–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თ.ჯ–მა, მ.კ–ძემ, ლ.ბ–ძემ და მ.ი–მა (შემდგომში _ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარეები ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა(ა)იპ თბილისის 89-ე ბაგა-ბაღის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან ბაგა-ბაღი) მიმართ და მოითხოვეს სამსახურიდან მოსარჩელეების გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა (პირველი, მეორე და მეოთხე მოსარჩელის _ მზარეულის დამხმარის თანამდებობაზე, მესამე მოსარჩელის _ მზარეულის თანამდებობაზე) და 2018 წლის 22 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად განაცდურის ანაზღაურება (პირველი, მეორე და მეოთხე მოსარჩელისათვის 480 ლარის ოდენობით (დარიცხული), ხოლო მესამე მოსარჩელისათვის _ 540 ლარის ოდენობით (დარიცხული))

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები წლების განმავლობაში დასაქმებული იყვნენ ბაგა-ბაღში, შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა არ გამოყენებულა. 2017 წლის 14 დეკემბერს მონიტორინგის სამსახურმა აღმოაჩინა მცირე მნიშვნელობის დარღვევები, კერძოდ, პროდუქტის დანაკლისი, რაშიც მოსარჩელეებს ბრალი არ მიუძღოდათ, ისინი კეთილსინდისიერად ასრულებდნენ შრომით მოვალეობებს და რაიმე პასუხისმგებლობა დანაკლისთან, ასევე მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით არ ეკისრებოდათ. მიუხედავად ამისა, ბაგა-ბაღის დირექტორმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელეებმა კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს დირექციას გათავისუფლების კანონიერების დასაბუთების, შრომის შინაგანაწესისა და ხელშეკრულებების გაცნობის, ასევე, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი/მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2018 წლის 18 იანვარს მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო, რის თაობაზეც ჩაბარდათ დასაბუთებული ბრძანება, მათ დამატებითი დასაბუთება დამსაქმებლისგან არ მოუთხოვიათ, არამედ სასამართლოს მიმართეს სარჩელით 2018 წლის 30 მარტს. მოსარჩელეები, ბაგა-ბაღში დასაქმებული სხვა პირების მსგავსად, გაცნობილი არიან შრომის შინაგანაწესს, მათ მიმართ წარსულში არაერთხელაა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ საყვედური და გაფრთხილებული იყვნენ შემდგომში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის უფრო მძიმე ზომის გამოყენების თაობაზე. აღნიშნულის საფუძველი გახდა მონიტორინგის დროს გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევები. 2017 წლის 14 დეკემბერს მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა მორიგი გეგმიური შემოწმება და აღმოაჩინა, რომ სამზარეულოში გადანახული იყო 1,460 კგ. ხორცი, 3,800 კგ. რძის ფხვნილი, გადამალული იყო 10,300 კგ. ორაგული, ერთ-ერთი თანამშრომლის ჩანთაში აღმოჩნდა მოპარული ხორცი, ამდენად, ისინი არღვევდნენ შრომით მოვალეობებს და მათ მიმართ მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. შესაგებლის თანახმად, დასაქმებულებს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდათ 2018 წლის 19 იანვარს, ვინაიდან მათ გათავისუფლების მიზეზის წერილობითი დასაბუთება არ მოუთხოვიათ, სასამართლოსათვის უნდა მიემართათ 30 დღის განმავლობაში. ეს ვადა მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 20 თებერვალს ამოიწურა, აღნიშნული ვადა კი, გაშვებულია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2018 წლის 18 იანვრის ბრძანებები მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და პირველი, მეორე და მეოთხე მოსარჩელე აღდგენილ იქნენ ბაგა-ბაღის მზარეულის დამხმარის თანამდებობაზე, მოპასუხეს მათ სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 22 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 480 ლარის (დარიცხული) ოდენობით, რაც შეეხება მესამე მოსარჩელეს, დამსაქმებელს მის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის _ 6 480 ლარის (დარიცხული) გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერება, ასევე, მოსარჩელეთა მიერ უფლების იძულებით განხორციელების ვადის დაცვის საკითხი. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, მცდარად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა წარმატებულად. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.2.1. თ.ჯ–სა და ქ.თბილისის #89 ბაგა-ბაღს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 480 ლარს.

1.2.2. მ.კ–ძესა და ქ.თბილისის #89 ბაგა-ბაღს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 480 ლარს;

1.2.3. ლ.ბ–ძესა და ქ.თბილისის #89 ბაგა-ბაღს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 540 ლარს;

1.2.4. მ.ი–სა და ქ.თბილისის #89 ბაგა-ბაღს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 480 ლარს;

1.2.5. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ 2017 წლის 14 დეკემბერს შემოწმდა ა(ა)იპ თბილისის #89 საბავშვო ბაგა-ბაღი და იქ აღმოჩენილ დარღვევებზე 2017 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა დასკვნა. კვების ბლოკში აღმოჩნდა დარღვევა-ნაკლოვანება:

- სამზარეულოში აღმოჩნდა შემდეგი კვების პროდუქტები: 1.460 კგ საქონლის ხორცი, 3.800 კგ. რძის ფხვნილი;

- შემოწმებისას სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის მიერ გადამალული იყო 10.300კგ. თევზი (ორაგული).

მონიტორინგის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ბაღის დირექტორისთვის რეკომენდაციის მიცემა დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორ ლ.ხ–სათვის, მთავარ მზარეულ ლ.ბ–ძისათვის და მზარეულის თანაშემწეების: თ.ჯ–ისათვის, მ.კ–ძისათვის, მ.ჩ–სათვის და მ.ი–ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება;

1.2.6. ბაგა-ბაღის დირექტორის 2018 წლის 18 იანვრის ბრძანებებით მოსარჩელეები, ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ შეიცავს აღწერილობას უშუალოდ დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რაც დამსაქმებლის პოზიციით მიჩნეული იქნა ნაკისრი ვალდებულებების უხეშ დარღვევად;

1.2.7. ბაგა-ბაღის შრომის შინაგანაწესის თანახმად, მზარეული:

- ექვემდებარება ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორს;

- მენიუზე დაყრდნობით აბარებს პროდუქტებს ყოველდღიურად;

- პასუხისმგებელია საწყობიდან მიღებული პროდუქტების სათანადოდ ხარჯვაზე;

- ამუშავებს პროდუქტებს და ამზადებს საკვებს;

- ბაგა-ბაღის კვების რეჟიმის შესაბამისად უზრუნველყოფს საკვების დროულად და ხარისხიანად დამზადებას;

- უზრუნველყოფს ბავშვზე გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად მომზადებული საკვების გაცემას;

- ვალდებულია, იცოდეს კვების ნორმები;

- უზრუნველყოფს საკვების მომზადების პროცესში ვიტამინების შენარჩუნებას;

- ვალდებულია იცოდეს კვებისა და კულინარიული ნაწარმის ხარისხისადმი არსებული მოთხოვნები, ბავშვთა რაციონალური კვების საფუძვლები, მენიუს შედგენის წესი, პროდუქტების აღრიცხვისა და ნორმების გაცემის წესი, ნედლეულის გახარჯვის ნორმები, პროდუქტების ვარგისიანობის ვადები;

- ვალდებულია დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური წესები საკვების მომზადებისას;

- ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს ჯანმრთელობის ცნობა;

- ასრულებს დირექტორის და ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის სხვა დავალებებს.

მზარეულის თანაშემწე:

- ექვემდებარება მზარეულს;

- ეხმარება მზარეულს პროდუქტების დამუშავებასა და საკვების დამზადებაში;

- პასუხისმგებელია სამზარეულოს, მისი ჭურჭლისა და მთელი ინვენტარის სანიტარულ მდგომარეობაზე;

- ვალდებულია ყოველდღიურად სველი წესით დაალაგოს სამზარეულო;

- ვალდებულია იცოდეს კვებისა და კულინარიული ნაწარმის ხარისხისადმი არსებული მოთხოვნები, ბავშვთა რაციონალური კვების საფუძვლები, მენიუს შედგენის წესი, პროდუქტების აღრიცხვისა და ნორმების გაცემის წესი, ნედლეულის გახარჯვის ნორმები;

- ვალდებულია იცოდეს პროდუქტების ვარგისიანობის ვადები;

- ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს ჯანმრთელობის ცნობა;

- ასრულებს დირექტორის და ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის სხვა დავალებებს.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებსა და მოპასუხის შედავების არსებითობაზე. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლას დამსაქმებელმა საფუძვლად დაუდო მონიტორინგის შედეგად ბაგა-ბაღში გამოვლენილი დარღვევები, რაც, მისი შეფასებით, მოსარჩელეთა მხრიდან შრომითი ურთიერთობის ისეთი არსებითი დარღვევაა, რომელიც გამართლებულს ხდის შრომითი ხელშეკრულებების მოშლას. ამდენად, დამსაქმებლის ცალმხრივი ნების კანონიერება და სასარჩელო მოთხოვნათა წარმატებულობა უნდა შეფასდეს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნტის, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 44-ე მუხლის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის, 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლების ფარგლებში.

1.3.2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ პროდუქტის დანაკლისზე პასუხისმგებელი არ იყო მზარეული და მზარეულის თანაშემწე და ეს გარემოება გაუმართლებელს ხდიდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის ხსენებული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალების სრულყოფილი კვლევიდან. პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დასაქმებულის გათავისუფლება დაუშვებელია თუკი ვალდებულების გამოვლენილი დარღვევა დასაქმებულის უფლება-მოვალეობების სფეროს სცდება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება ამ უკანასკნელის მიერ დამსაქმებლის მატერიალური სახსრების არარაციონალური ხარჯვა და/ან გარკვეული მატერიალური აქტივის არამართლზომიერად დაუფლება, ეს საკითხი ასევე შეიძლება შეფასდეს შრომითი მოვალეობის დარღვევად, ხოლო, ის გარემოება, იყო თუ არა დარღვევა არსებითი ხასიათის, უნდა შეფასდეს მაგალითად ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა დარღვევის ინტენსივობა, მისი ხასიათი, მატერიალური დანაკლისის ოდენობა, ზიანის მასშტაბი და სხვა. ამ მხრივ საგულისხმოა გადაწყვეტილების წინააღმდეგობრიობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადგინა, რომ დასაქმებულებს მარაგების კონტროლის ვალდებულება არ გააჩნდათ, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ მზარეულს ირიბად ევალებოდა მარაგების კონტროლი და გამოვლენილი დარღვევის გამო, მის თანამდებობაზე აღდგენა გამართლებლად არ მიიჩნია, შესაბამისად, დამსაქმებელს დააკისრა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაცია, ხოლო, მზარეულის დამხმარეები აღადგინა იმავე თანამდებობაზე. მართალი, მესამე მოსარჩელეს კომპენსაციის მიკუთვვნება სადავო არ გაუხდია სააპელაციო განხილვისას, თუმცა, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე მსჯელობისას სასამართლომ ხსენებულ გარემოებას ასევე უნდა მისცეს შეფასება.

1.3.3. ასეც რომ არ იყოს, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს მოპასუხის შედავების არსებით მხარეზე. შესაგებელში მოპასუხემ გარდა ნების კანონიერებისა, მიუთითა ხანდაზმულობის საკითხზე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო. ამ მხრივ სასამართლოთა დასკვნები ემყარება შემდეგს: მოსარჩელეებს გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ ჩაბარებიათ; რადგანაც მათ წერილობითი დასაბუთება არ მოუთხოვიათ, შესაბამისად, ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების 30-დღიანი ვადა. კასატორი სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ამ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნებს, ასევე, არასწორად განმარტა კანონი. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის ხსენებულ პრეტენზიებს და უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს საქმეში მოსარჩელეების მიერვე წარმოდგენილ გათავისუფლების ბრძანებებზე. მართალია, ხსენებული დოკუმენტები ასლის სახითაა საქმეში განთავსებული, თუმცა, ნათლად იკვეთება მოსარჩელეთა ხელმოწერები და გაცნობის თარიღები. თუკი დოკუმენტის ავთენტურობა მხარეთა მიერ შედავებულია, არ არის გამორიცხული სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლით და მოითხოვოს დოკუმენტის დედნის წარდგენა.

1.3.4. ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას პალატა შეჩერდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სადაც გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ნების ფორმასავალდებულობაზე და მისი ადრესატისათვის ჩაბარებაზეა საუბარი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ხსენებულ დასკვნას, თუმცა, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილის გამოყენება არარელევანტურია, რამდენადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30 დღიანი ვადით. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30 დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან. ამავე გადაწყვეტილებაში, სადაც გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარების კონკრეტული თარიღი უტყუარად არ დგინდებოდა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო ბრძანების გასაჩივრების 30 დღიანი ვადა უნდა აითვალოს სწორედ იმ თარიღიდან, როდესაც დასაქმებულმა სამსახურში აღდგენაზე უარი მიიღო (იხ. სუსგ #ას-1210-2018, 15.02.2019წ.). ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას. გარდა ამისა, მოცემულ საქმეში უდავოა, რომ დასაქმებულებს გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთების მოთხოვნის უფლებით არ უსარგებლიათ, ასეთ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის გამოყენების თვალსაზრისით, მართალია, კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმებს, თუმცა, ერთგვაროვანი პრაქტიკით ხსენებული საკითხი მოწესრიგებულია. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმას, თუ რა რეგულაცია უნდა გავრცელდეს შემთხვევაზე, როდესაც დასაქმებული არ ისარგებლებს დამსაქმებლისაგან გადაწყვეტილების წერილობითი განმარტების მოთხოვნის უფლებით ან 30-დღიანი ვადის დარღვევით გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში უფლების იძულებით დაცვაზე სრულად უნდა გავრცელდეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი 30-დღიანი ვადა, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთების 7-დღიანი ვადის დამატებითი პირობის გარეშე. შრომითი უფლების დაცვის შემჭიდროებული ვადები ორიენტირებულია, ერთი მხრივ, დამსაქმებლის უფლებაზე, დროულად გაერკვეს მის მიერ გამოვლენილი ნების სამართლებრივ შედეგებში (შეეცილება თუ არა მას დასაქმებული), ხოლო, მეორე მხრივ, იცავს გათავისუფლებული მუშაკის ინტერესებს დავის სწრაფად გადაწყვეტის, ასევე, ურთიერთობაში მეტი სიცხადისა და ბუნებრივი სტაბილურობის შეტანის მიზნით. მოხმობილი განმარტების პარალელურად, დღის წესრიგში დგება იმ საკითხის გარკვევა, თუ როდის იწყება ზემოხსენებული ვადის ათვლა: კანონით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების ჩაბარებიდან, დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ძალაში შესვლიდან თუ უშუალოდ ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ რაიმე აქტის გამოცემიდან/ადრესატისათვის გადაცემიდან. შრომის კოდექსის 38-ე მუხლი სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის წინაპირობად სამი/ოცდაათი დღით ადრე დასაქმებულის ინფორმირების აუცილებლობას განსაზღვრავს და ამ ვადის დადგომის დროისათვის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ნამდვილობისათვის რაიმე დამატებითი აქტის გამოცემის ვალდებულებას არ უდგენს დამსაქმებელს, შესაბამისად, გაფრთხილების თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ფორმასავალდებულო ნება იურიდიული შედეგის მატარებელია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, იგი ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც მეორე მხარეს მიუვა (იხ. სუსგ #ას-167-157-2017, 02.06.2017წ.).

1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას, თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, პალატა საქმეს ხელახლა განსახილვად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

2. პროცესის ხარჯები:

ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ თბილისის 89-ე ბაგა-ბაღის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი