საქმე №ას-1044-2019 24 ივლისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.შ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სს „ა. ე.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ.შ–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სს „ა.ბ–ოს“ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარეები, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც რეესტრი, ხოლო მეორე _ როგორც კომპანია) მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის 2015 წლის 14 აგვისტოს #15139883/12 (რეორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ), 2016 წლის 27 ივლისის #16101805/9 და 2016 წლის 7 ოქტომბრის #16136550/6 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე წარმოადგენდა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული მეორე მოპასუხის პარტნიორს. 2015 წლის მაისში, სხვა პარტნიორებთან წარმოშობილი უთანხმოების შედეგად, კომპანიის დომინანტმა პარტნიორებმა კანონმდებლობის დარღვევით მოიწვიეს და ჩაატარეს პარტნიორთა კრებები, რის შედეგადაც მხარემ დაკარგა საწარმოში წილი. იმავე კრებებზე მოხდა კომპანიის რეორგანიზაცია და ნაცვლად შეზღუდული პასუხისმგებლობისა, იგი გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. აღნიშნული კრების ოქმები მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა.ჯ–ას“ პარტნიორთა კრების 2015 წლის 30 ივნისის, 23 ივლისისა და 13 აგვისტოს გადაწყვეტილებები. სასამართლო გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ზემდგომი ინსტანციების მიერ და შევიდა კანონიერ ძალაში. 2016 წლის 27 ივლისს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნილი „ა.ჯ–ის“ განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა და სს „ა.ჯ–ა“ შეერწყა სს „ა.ე–ოს“. თავად სს „ა.ე–ო“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 30 ივნისს, მაშინ, როდესაც მხარეთა შორის დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სასამართლოში და მის დამფუძნებლებსა და დირექტორებს წარმოადგენდნენ იგივე პირები, რომელთა მიერაც მოხდა შპს „ა.ჯ–ას“ სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა და შემდგომში სს „ა.ე–თან“ შერწყმა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელემ რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა სააგენტოს გადაწყვეტილებებით რეგისტრაცია არ განხორციელდა, იმ მოტივით, რომ სს „ა.ჯ–ა“, როგორც მეწარმე სუბიექტი აღარ არსებობდა. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შემთხვევაში მოხდება ამ გადაწყვეტილებათა რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, რაც წარმოადგენს კიდეც აღძრული სარჩელის ინტერესს. რეგისტრაციამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მოსარჩელე შეძლებს დარღვეული უფლებების აღდგენას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა დადასტურებული.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. პირველმა მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ის წარმოადგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, რომლის კომპეტენციაში არ შედის სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების შინაარსის ნამდვილობის შემოწმება. სააგენტო ახდენს მხოლოდ დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობის შემოწმებას კანონმდებლობასა და სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებები სააგენტოს მხრიდან მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სააგენტოში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების შესაბამისად. მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები და მათი ძალაში არსებობის პირობებში, სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი იყო;
2.2. მეორე მოპასუხის განმარტებით, 2015 წლის 29 სექტემბერს გამართულ აქციონერთა კრებაზე განხილულ იქნა აქციონერთა მიერ კაპიტალის შევსების საკითხი. კრებას ესწრებოდა თავად მოსარჩელეც, რომელმაც დატოვა კრება. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ მოხდა განთავსებული აქციების გამოსყიდვა, გაუქმდა აქციათა გამოსყიდვის უფლება და შედეგად მოსარჩელემ დაკარგა აქციათა გამოსყიდვისა და საზოგადოების აქციონერის უფლებები. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე არ არის საზოგადოების აქციონერი ან მასთან რაიმე ფორმით დაკავშირებული პირი, შესაბამისად, აღარ აქვს დავის მიმართ იურიდიული ინტერესი. რაც შეეხება სააგენტოს 2016 წლის 27 ივლისისა და 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, მითითებული გადაწყვეტილებების საფუძველზე რეგისტრირებულია ახალი სუბიექტი - სს „ა.ე–ო“, რომელიც წარმოიშვა სს „ა.ჯ–ასა“ და სს „ა.ე–ოს“ შერწყმის შედეგად. „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად კი, სუბიექტი გაუქმებულად ითვლება, ვინაიდან რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდგომ, სს „ა.ჯ–ა“ გაუქმებულია. გაუქმებული სუბიექტის მიმართ რაიმე სამართლებრივი მოთხოვნის წაყენება კი დაუშვებელია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. შპს „ა.ჯ–ა“ წარმოადგენდა საჯარო რეესტრში 2011 წლის 21 ნოემბერს რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს, რომლის პარტნიორები იყვნენ: ს.ლ–ნო (87.6%-იანი წილი), ე.ხ–ვა (10%-იანი წილი) და გ.შ–ა (2.4%-იანი წილი);
1.2.2. შპს „ა.ჯ–ას“ 2015 წლის 30 ივნისის პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა საწარმოს რეორგანიზება (გარდაქმნა) სააქციო საზოგადოებად - სს „ა.ჯ–“. საზოგადოების კაპიტალი განისაზღვრა 6 500 000 აშშ დოლარით, რომელიც დაიყო იმავე რაოდენობის ჩვეულებრივ აქციებად. ამავე კრების გადაწყვეტილებით, საზოგადოების პარტნიორებს: ე.ხ–ვასა და გ.შ–ას მიეცათ ვადა, კომპანიის წილების პროპორციულად განეხორციელებინათ საზოგადოებაში შესატანები. კრების ოქმით ასევე დამტკიცდა რეორგანიზებული საზოგადოების წესდება (აქციონერთა შეთანხმება) და დადგინდა, რომ სს „ა.ჯ–ა“ წარმოადგენდა შპს „ა.ჯ–ას“ სამართალმემკვიდრეს;
1.2.3. 2015 წლის 23 ივლისს გამართულ პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა სს „ა.ჯ–ას“ წესდება ახალი რედაქციით და მოწონებულ იქნა საზოგადოების პარტნიორთა 2015 წლის 30 ივნისის კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით;
1.2.4. 2015 წლის 13 აგვისტოს პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2015 წლის 23 ივლისს გამართული პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების მოწონების შესახებ, მათ შორის, წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ. ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაგრძელდა კომპანიის 2015 წლის 30 ივნისის რიგგარეშე კრების ოქმით აქციონერებისათვის კაპიტალის შესავსებად დადგენილი ვადა 2015 წლის 25 სექტემბრამდე;
1.2.5. 2015 წლის 30 ივნისის, 23 ივლისისა და 13 აგვისტოს პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რომლის შესაბამისად შპს „ა.ჯ–ა“ გარდაიქმნა სს „ა.ჯ–ად“;
1.2.6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.შ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა.ჯ–ას“ პარტნიორთა კრების 2015 წლის 30 ივნისის #1, 2015 წლის 23 ივლისის #2 და 2015 წლის 13 აგვისტოს #3 გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
1.2.7. სს „ა.ჯ–ას“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელსაც ესწრებოდნენ დამფუძნებელი პარტნიორები: ე.ხ–ვა და ს.ლ–ო, დადგინდა საზოგადოების რეორგანიზაციის წარმოების პროცესი, რომლის საბოლოო შედეგს წარმოადგენდა სს „ა.ე–ოსთან“ შერწყმა;
1.2.8. სს „ა.ე–ოს“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელსაც ესწრებოდნენ დამფუძნებელი პარტნიორები: ე.ხ–ვა და ს.ლ–ო, დადგინდა საზოგადოების რეორგანიზაციის წარმოება სს „ა.ჯ–ას“ შერწყმასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტიდან დგინდება, რომ სს „ა.ე–ო“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ იქნა 2016 წლის 01 ივლისს;
1.2.9. სს „ა.ჯ–ასა“ და სს „ა.ე–ოს“ პარტნიორთა 2016 წლის 14 ივლისის კრების ოქმები სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული, უფლებამოსილი და გადაწყვეტილებაუნარიანი აქციონერთა საერთო კრების ოქმის წარდგენა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2016 წლის 21 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარედგინა სს „ა.ჯ–ას“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2016 წლის 14 ივლისის კრების ოქმი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა წარმოედგინა სათანადო წესით შედგენილი სრულყოფილი ინფორმაცია საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორისა და მათი დაკმაყოფილების ვადების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2016 წლის 26 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარედგინა კრედიტორთა სია და ინფორმაცია დავალიანებისა და საბანკო კრედიტების დაფარვის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 27 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ რეგისტრაციის თაობაზე;
1.2.10. სს „ა.ე–ოს“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2016 წლის 30 სექტემბრის ოქმის თანახმად, გადაწყდა სს „ა.ე–ოს“ რეორგანიზაციის დასრულება, რომლითაც უნდა მომხდარიყო სს „ა.ჯ–ას“ შერწყმა სს „ა.ე–ოსთან“. ამავე კრების ოქმის თანახმად, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი კომპანიის საზოგადოებად განისაზღვრა სს „ა.ე–ო“ და ამ უკანასკნელის მიერ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წესდება;
1.2.11. სს „ა.ჯ–ას“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2016 წლის 30 სექტემბრის ოქმის თანახმად, გადაწყდა სს „ა.ჯ–ას“ რეორგანიზაციის პროცესის დასრულება, რომლითაც სს „ა.ჯ–ა“ შეერწყა სს „ა.ე–ოს“;
1.2.12. სს „ა.ჯ–ასა“ და სს „ა.ე–ოს“ პარტნიორთა 2016 წლის 30 სექტემბრის კრების ოქმები, განცხადებასა და კრედიტორთა თანხმობებთან ერთად სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს 2016 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული, უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენა საწარმოთა რეორგანიზაციის თაობაზე. ასევე, დაევალა კანონით დადგენილი წესით დადასტურებული კრედიტორთა თანხმობების წარდგენა საწარმოთა რეორგანიზაციის განხორციელების თაობაზე. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2016 წლის 6 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარედგინა რეორგანიზაციის თაობაზე თანხმობის წერილები და მინდობილობები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 7 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შესახებ რეგისტრაციის თაობაზე;
1.2.13. 2017 წლის 25 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ სააგენტოში წარდგენილი სს „ა.ჯ–ას“ და სს „ა.ე–ოს“ შერწყმის (მიერთების) შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე, მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 7 ოქტომბრის #16136550/6 გადაწყვეტილებით განხორციელდა სს „ა.ჯ–ას“ შერწყმა (მიერთება) სს „ა.ე–ოსთან“. აღნიშნული მიერთების რეგისტრაციის შედეგად, გაუქმებულ იქნა სს „ა.ჯ–ას“ რეგისტრაცია, რაც გამორიცხავდა მის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის წერილით მოსარჩელეს კვლავ განემარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული იყო სს „ა.ჯ–ას“ რეგისტრაცია და იგი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, აღარ არსებობდა, შეუძლებელი იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილების განხორციელება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში;
1.2.14. 2017 წლის 2 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მოსარჩელის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება და რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა. ასევე, სააგენტოს #16101805/9 და #16136550/6 გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 აგვისტოს წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობა ადრესატს 30.05.2017წ. და 26.07.2017წ. წერილებით, ხოლო, სააგენტოს გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობასთან დაკავშირებით განემარტა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით არ არსებობდა სააგენტოს 2016 წლის 27 ივლისის #16101805/9 და 7 ოქტომბრის #16136550/6 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები;
1.2.15. პარტნიორთა გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ მიმდინარე დავის თაობაზე დაინტერესებული პირის (გ.შ–ას) მიერ დავის არსებობის თაობაზე დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა 2017 წლის 25 მაისს, კერძოდ: სააღსრულებო ფურცელი (საქმე 2/557-15, 03.05.2017წ) და 2015 წლის 19 ნოემბრის ბოლნისის რაიონული სასამართლოს (საქმე 2/557-15) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2018 წლის 27 თებერვალს). ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ მონაწილეობდა აღნიშნულ სასამართლო განხილვაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულ იყო შესაძლებლობას, სცოდნოდა დავის სასამართლოში მიმდინარეობის თაობაზე. მარეგისტრირებელ ორგანოში არ იყო რეგისტრირებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, რეგისტრაციის განხორციელების ან აღნიშნული სუბიექტის მიერ რაიმე ქმედების განხორციელების აკრძალვის თაობაზე. შესაბამისად არ არსებობდა რეგისტრაციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი აღიარებითი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნა განხორციელებადია, თუკი სარჩელის დაკმაყოფილებას პირდაპირ და უშუალოდ მოჰყვება მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ მხარის იურიდიული ინტერესი არ არის ნამდვილი და სამართლებრივად უსაფუძვლო ხდება შედავებული მოქმედებების კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა რეორგანიზაციმდე (მეორე მოპასუხესთან შერწყმამდე) არსებული კომპანიის პარტნიორს. კომპანია მოცემული დავის დაწყების დროისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მან შეწყვიტა არსებობა, ამასთან, დადგენილია, რომ პირველი მოპასუხის მხრიდან რეორგანიზაციის დაწყებისა თუ მისი დასრულების დროისათვის კასატორს ინფორმაცია არ ჰქონია წარდგენილი საჯარო რეესტრში, ხოლო, რეგისტრაციის მარეგულირებელი საჯარო სფეროს მიკუთვნებული კანონმდებლობა მარეგისტრირებელ ორგანოს აკისრებდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე გამოვლენილი მრავალმხრივი ნების რეგისტრაციის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 და 29.4 მუხლები, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.1 მუხლები და იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები, მართებულად მიიჩნიეს კანონიერად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები მით უფრო, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული პარტნიორთა გადაწყვეტილებები (რომელთა საფუძველზეც განხორციელდა სააგენტოში მეწარმე სუბიექტთა რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება, თავდაპირველად შპს „ა.ჯ–ას“ სს „ა.ჯ–ად“ გარდაქმნა, ხოლო მოგვიანებით სს „ა.ჯ–ას“ სს „ა.ე–ოსან“ შერწყმა (მიერთება)). ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც აღიარებითი მოთხოვნის წარმატებულობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს ი.ა–ას მიერ 05.07.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.შ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ.შ–ას (პ/#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი.ა–ას მიერ 05.07.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი