Facebook Twitter

საქმე №ას-927-2019 15 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თ.შ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მჩუქებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დასაჩუქრებული ან საკრებულო) მიმართ, 2010 წლის 19 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების (ს/კ #......., შემდგომში _ უძრავი ქონება) ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის 5 ოქტომბერს დააკავეს შპს „ე–ის“ დირექტორი დ.ფ–ძე, რომლის ახლო ნათესავიც არის მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოსათვის. დ.ფ–ძე, თანხის მითვისების გამო, 2010 წლის 4 ივნისს ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვით. გამოძიების პროცესში იკვეთებოდა ინტერესი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმართ, ვინაიდან იგი მდებარეობს შპს „ე–ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე და 2004 წელს გასხვისებული იქნა ამავე კომპანიის მიერ. საბოლოოდ, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მას თავისი კუთვნილი უძრავი ქონება უნდა გადაეცა თვითმმართველობისათვის უსასყიდლოდ. 2010 წლის 19 ნოემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა თვითმმართველობას და 22 ნოემბერს დარეგისტრირდა მის საკუთრებაში, ხოლო, 2010 წლის 24 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დ.ფ–ძესთან და იგი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს გარიგების დადებისას მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტს. ჩუქება წარმოადგენს ნების თავისუფალი გამოვლინების შედეგს, რის გამოც იგი ნამდვილია, შესაბამისად, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება და სადავო ნივთი საკუთრებაში დაუბრუნდა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2004 წლის 6 აპრილს დ. ფ–ძემ, როგორც შპს „ე–ის“ წარმომადგენელმა (დირექტორი) თ.შ–ძეს მიჰყიდა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ # ......);

1.2.2. 2009 წლის 5 ოქტომბერს დააკავეს შპს „ე–ის“ დირექტორი დ. ფ–ძე;

1.2.3. რუსთავის საქალაქო სასამრთლოს 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით დ. ფ–ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით;

1.2.4. 2010 წლის 3 აგვისტოს დ. ფ–ძემ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას გადასცა შპს „ე–ის“ 15 %-იანი წილი. გარიგებაში აღნიშნულია, რომ „გასხვისების საგნის“ გადაცემა ხდება რუსთავის საქალაქო სასამრთლოს 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით დადგენილი, დ. ფ–ძის მიერ მითვისებული ქ.რუსთავის მერიის კუთვნილი დივიდენდის _ 192 569 ლარის სანაცვლოდ;

1.2.5. 2010 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული სადავო ჩუქების ხელშეკრულებით, მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (115 კვ.მ.) ნაწილი - 72 კვ.მ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის წარმომადგენელ გ.ტ–ძეს. გარიგების საგანი წარმოადგენდა იმ მიწის ნაკვეთის ნაწილს, რომელიც 2004 წლის 6 აპრილს თ.შ–ძეს მიჰყიდა დ. ფ–ძემ, როგორც შპს „ე–ის“ დირექტორმა. სადავო უძრავი ქონება (72 კვ.მ) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა 2010 წლის 22 ნოემბერს;

1.2.6. 2010 წლის 24 ნოემბერს პროკურორსა და დ. ფ–ძეს შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და დ. ფ–ძე განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

1.2.7. სადავო გარიგება არ ემსახურება დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და არ წარმოადგენდა დ. ფ–ძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შემადგენელ ამ მის თანმდევ შედეგს. გაჩუქებული მიწის ნაკვეთი, სწორედ შპს „ე–ის“ საკუთრებას წარმოადგენდა და როგორც დადგენილია დ. ფ–ძემ, როგორც შპს „ე–ის“ წარმომადგენელმა (დირექტორი) 2004 წლის 6 აპრილს მიჰყიდა თ.შ–ძეს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 54-ე და 976.1 (ა) მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელის მითითების ტვირთი განისაზღვრება ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ნამდვილი ნების არარსებობით, რის გამოც საკუთრების მხოლოდ ტიტული გადაეცა მოპასუხეს და არსებობს ამ უფლების უკუქცევის კანონისმიერი წინაპირობები. ამ მხრივ სარჩელი გამართულია, რაც შეეხება მოპასუხეს, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც დასაჩუქრებული სახელმწიფოა, გარიგების ნამდვილობის მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მჩუქებლის მიერ ჩუქების ნამდვილი ნების გამოვლენა არ იყო პრეზუმირებული, რადგანაც მოვლენათა განვითარების შეფასება (სსკ-ის 105-ე მუხლი) ამგვარი დასკვნის საფუძველს არ იძლეოდა (სადავო გარიგების დადება მოსარჩელის ახლო ნათესავის _ დ. ფ–ძის დაკავების შემდგომ; სადავო გარიგების დადების შემდგომ დ. ფ–ძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება; სადავო გარიგების დადებიდან მე-5 დღეს დ. ფ–ძის გათავისუფლება პატიმრობიდან). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მორალურად გაუმართლებელი გარიგება თავისთავად მართლსაწინააღმდეგოდ განიხილება და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, უცილოდ ბათილია, ისეთ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დაადგენს გარიგების ბათილობის ერთ საფუძველს, სხვა დამოუკიდებელი საფუძვლის მოძიება და კვლევის საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგება (მაგ: საცილო გარიგებები, მოტყუება, იძულება, შეცდომა), შესაბამისად, სამართლებრივად ვარგისი აღარც შეცილების ვადების დადგენაა. უცილო გარიგების პირობებში, უფლების/ქონების უკუქცევა, როგორც ზემოთ ითქვა, კონდიქციური საფუძვლებიდან გამომდინარეობს, რომლის მიმართაც ვრცელდება არა შეცილების, არამედ _ ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა (სკ-ის 128.3 მუხლი). ამ მხრივ მოთხოვნა ასევე განხორციელებადია. პალატა დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე (იხ. GALSTYAN v. ARMENIA, (Application no. 9043/05) 15.11.2007; CASE OF GUSINSKIY v. RUSSIA (Application no. 70276/01) 19.05.2004; CASE OF NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA (Application no. 9043/05) 29.04.2014). ევროსასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი