საქმე №ას-661-2019 22 მაისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ. და ა.მ–ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ.ნ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ა.მ–ების (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, აპელანტები ან კასატორები) მიმართ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით (მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს დაევალოთ ქ.ქუთაისში, ............ ქ#83-ში მდებარე უძრავი ქონების საერთო საკუთრებაში რიცხული დერეფნის საექიმო საქმიანობისათვის აუცილებელი ინვენტარისაგან გათავისუფლება, ასევე პაციენტების სახლში და არა დერეფანში მიღება. მანვე მოითხოვა მოპასუხეების დავალდებულება, გაათავისუფლოს რკინის გისოსისაგან ქ.ქუთაისში ............ ქ#83-ში მდებარე უძრავი ქონების საერთო საკუთრების ეზოდან შესასვლელი ხის კარი).
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა თანასაკუთრებაში ირიცხება ქ.ქუთაისში, ............ ქ#82-ში მდებარე უძრავი ქონება. მოსარჩელის მეზობელი, მეორე მოპასუხე არის ბავშვთა პედიატრი და პაციენტებს იღებს საერთო სარგებლობის დერეფანში, რის გამოც, მოსარჩელე ფიზიკურად ვერ იყენებს თანასაკუთრებას. ამასთან, ბავშვები მშობლებს მოჰყავთ გვიან ღამით, მათი ტირილი და ხმაური კი ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას გამორიცხავს. თანასაკუთრებაში არსებულ სახლს აქვს ორი შესასვლელი, ერთი დერეფნიდან, მეორე ეზოდან. მოპასუხეებმა ამოჭედეს ეზოდან შესასვლელი ხის კარი, რის გამოც მხოლოდ ძირითადი შესასვლელიდან უწევს მოსარჩელეს სახლში შესვლა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით უარყვეს სასარჩელი და განმარტეს, რომ სადავო დერეფანი საერთო სარგებლობის ფართია და მათ აქვთ სტუმრების მიღების უფლება, რაც შეეხება ხის კარის ამოჭედვას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კარი მითითებულ ადგილას საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალათ მოპასუხეებს ქ.ქუთაისში, ............ ქ#83-ში მდებარე უძრავი ქონების საერთო საკუთრების ეზოდან შესასვლელი ხის კარის რკინის გისოსისაგან გათავისუფლება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ქ.ქუთაისში, ............ ქ#82–ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს ორ სართულიან საცხოვრებელ სახლს, რომლის პირველ სართულზე კონკრეტული ოდენობის ფართი პირველი მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრებაა, ხოლო მე-2 სართულზე _ მოსარჩელის. საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობის ფართები, მათ შორის _ დერეფანი და მიწის ნაკვეთი მხარეთა თანასაკუთრებაა;
1.2.2. მეორე მოპასუხე არის პირველი მოპასუხის მეუღლე, რომელიც 80-იანი წლებიდან მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე;
1.2.3. ეზოს მხრიდან სადავო შესასვლელი კარი წარმოადგენს საერთო საკუთრების ფართს, რომელზეც რკინის გისოსი, მოსარჩელესთან შეუთანხმებლად, 80-იან წლებში გააკეთეს მოპასუხეებმა, რის გამოც მოსარჩელე ქუჩაში გაუსვლელად ვეღარ ახერხებს ეზოსთან დაკავშირებას;
1.2.4. მოსარჩელის მოთხოვნით შესრულებული შენობის აზომვითი ნახაზის მიხედვით, პირველი სართულის საერთო სარგებლობის დერეფანში (1-7 ოთახი) სადავო კარი არ ფიქსირდება, თუმცა, სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ იგი არსებობდა საცხოვრებელი სახლის აშენების დროიდან იმ სახით, როგორც დღესაა და აზომვითი ნახაზი არ ასახავს ფაქტობრივ რეალობას. მოსარჩელის მიერ ახალი აზომვითი ნახაზის შედგენამდე, საჯარო რეესტრში დაცულ დოკუმენტებში დაფიქსირებული იყო, როგორც კარის ღიობი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეფასების საგანს თვითნებურად ამოქოლილი კარის ღიობის რკინის გისოსისაგან გათავისუფლების კანონიერება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით კი, გაზიარებული ვერ იქნება კასატორთა პრეტენზიები, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 172.2, 953-ე, 955.2 მუხლების თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. ამ მხრივ სარჩელი გამართულია, ხოლო მოპასუხეები ვერ მიუთითებენ/ამტკიცებენ იმგვარი გარემოებების არსებობას, რომლებიც გაუმართლებელს გახდიდა მოსარჩელის მოთხოვნას თვითნებურად ამოქოლილი კარის ღიობის გათავისუფლების თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორებმა ვერ შეძლეს, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნეგატორული სარჩელის თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ა.ჭ–ძის მიერ 23.05.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. და ა.მ–ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს ნ.მ–სა (პ/#........) და ა.მ–ს (პ/#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ა.ჭ–ძის მიერ 23.05.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი