საქმე №ას-642-2019 22 მაისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.ბ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.დ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ა.ბ.მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.დ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, მზღვეველი ან კომპანია) მიმართ, მოპასუხისათვის 30 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 12 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიაში დააზღვია ავტომანქანა „LEND ROVER“ (ვინ კოდით SSLLSA..., შემდგომში _ დაზღვეული ნივთი). ავტომანქანა დაზღვეული იყო საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე. სადაზღვევო რისკი მოიცავდა ავტომობილის ძარის დაზღვევას (დაზიანება, დაკარგვა ან სრული განადგურება). სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით. დაზღვევის მოქმედების პერიოდში, 2015 წლის 4 სექტემბერს ქ.კიევში დაუდგენელი პირი უკანონოდ დაეუფლა დაზღვეულ ნივთს. სამართალდამცველთა მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ავტომანქანის ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა. სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მოსარჩელემ დროულად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, შეატყობინა კომპანიას და მოითხოვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურება, თუმცა მზღვეველი უარს აცხადებს თანხის გადახდაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით უარყო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ დამზღვევმა მართალია მას შეატყობინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ, თუმცა, არ წარმოუდგინა ყველა ის დოკუმენტაცია იმგვარი ფორმით, რაც მოპასუხეს საშუალებას მისცემდა, შეეფასებინა, თუ რომელი სადაზღვევო რისკი გამოვლინდა და დადგა თუ არა ის საერთოდ. სწორედ ეს გარემოება გახდა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2015 წლის 12 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიაში (მოპასუხე წარმოადგენს მზღვეველი კომპანიის უფლებამონაცვლეს) დააზღვია სატრანსპორტო საშუალება. ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა:
- ავტომობილის დაზიანება, დაკარგვა, სრული განადგურება;
დაზღვეული რისკები განისაზღვრა შემდეგით: ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი, საგნის დაცემა;
- სრული ზარალი გულისხმობდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას დაზღვეული ავტომობილის როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში;
- დაზღვევის ხელშეკრულების 4.17 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო კომპანიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: წერილობითი განცხადება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ, სადაზღვევო პოლისის ორიგინალი, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ოფიციალური ფორმით გაცემული სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი ორიგინალის სახით, საგზაო შემთხვევის ცნობა საპატრულო პოლიციიდან კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი და თარიღი, ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა მონაწილის ვინაობა, შემთხვევის მოხდენაზე პასუხისმგებელი პირი, აგრეთვე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები. ასევე, საგზაო შემთხვევის სქემა. ცნობა მძღოლის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკურ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის თაობაზე;
- ხელშეკრულების მეორე ნაწილის 1.1.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება თუ, სადაზღვევო შემთხვევა მოხდა უფლებამოსილი მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს. ასევე, 1.1.2 პუნქტის შესაბამისად, თუ გაჩერებული დაზღვეული ავტოტრანსპორტი დაზიანდა/განადგურდა დაუდგენელი პირის მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში და თუ დამზღვევი/მოსარგებლე/უფლებამოსილი მძღოლი აღნიშნულის შეტყობისთანავე დაუყოვნებლივ არ დაუკავშირდება მზღვეველს და საპატრულო პოლიციას და თუ მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე ავტოტრანსპორტს ადგილიდან დაძრავენ;
- 1.1.13 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზიანი თუ დამზღვევი ან მოსარგებლე განზრახ გამოიწვევს ან შეეცდება, გამოიწვიოს სადაზღვევო/შემთხვევა ან რაიმე ხერხით გააყალბებს ან შეეცდება გააყალბოს დოკუმენტაცია;
- ხელშეკრულების 4.3 და 4.4 პუნქტებით განისაზღვრა დამზღვევის ვალდებულება, მიიღოს ობიექტურად შესაძლო ყველა ზომა დამზღვევის საგნის გადასარჩენად და ზიანის მოცულობის მაქსიმალურად შემცირებისთვის, ასევე, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებსა და მზღვეველს პოლისში მითითებულ ნომერზე;
- 1.1.19 პუნქტით შეთანხმდა პირობა, რომლის ძალითაც დამზღვევის ან მოსარგებლის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევა ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი იყო;
1.2.2. 2015 წლის 4 სექტემბერს დამზღვევმა მიმართა კომპანიას და აცნობა, რომ ქ.კიევში, მისი კუთვნილი ავტომანქანა დაიკარგა. მან ასევე მიმართა ქ.კიევში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს გოლოსეევსკის პოლიციის სამმართველოს და შეატყობინა, რომ 2015 წლის 4 სექტემბერს, დაუდგენელი პირი, დაახლოებით 15.00 საათზე, ....... ქ#104-დან უკანონოდ დაეუფლა მის კუთვნილ ავტომანქანას. სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში მონაცემების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 2015 წლის 17 ნოემბერს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს საჩივრით, რის შემდგომაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება წინასწარი გამოძიებების ერთიან რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის შესახებ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. არსებული მდგომარეობით ავტომანქანა იძებნება და მისი ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის;
1.2.3. დამზღვევს მზღვეველის 2015 წლის 30 დეკემბრის წერილით ეცნობა, რომ სადაზღვევო თანხის ასანაზღაურებლად, კომპანიისათვის უნდა წარედგინა: ა) ავტომობილის ქ.კიევში ქურდობის ფაქტის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირების თარიღი და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბ) უკრაინის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებიდან ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) უკრაინის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებიდან ავტომობილის ძებნაზე გადაცემის გამოცხადების დოკუმენტი;
1.2.4. 2016 წლის 6 თებერვალს დამზღვევმა მოითხოვა თანხის ანაზღაურება. 2016 წლის 9 თებერვლის სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტით მას უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს კომპანიისათვის არ წარუდგენია ზარალის დარეგულირებისათვის აუცილებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. მოთხოვნაზე უარის თქმის მიზეზი მას განემარტა 2016 წლის 16 თებერვლის წერილითაც;
1.2.5. უდავოა, რომ 2015 წლის 4 სექტემბერს სადაზღვევო კომპანიაში დარეკა დამზღვევმა და შეატყობინა უკრაინაში დაზღვეული ავტომობილის გაუჩინარების ფაქტის შესახებ. საუბრის ჩანაწერით დგინდება, რომ მოსარჩელეს არ ახსოვდა, თუ კონკრეტულად სად გააჩერა ავტომობილი ვინაიდან რამდენიმე დღე ალკოჰოლური სასმელის მიღება მოუწია. მოპასუხე, როგორც პირველი ინსტანციის, ისე _ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელირებდა, რომ დაზღვეულ პირს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ არ უცნობებია, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული და ამასთანავე, არსებობდა ეჭვი დაზღვეული ავტომობილის ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლის მიერ მართვის თაობაზე. სარჩელზე დართული უკრაინის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტაციის, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმისწარმოებიდან 2015 წლის 17 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, ქ.კიევში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს გოლოსეევსკის პოლიციის სამმართველოში შევიდა ოვ.ტიშენკოს პატაკი ს.ფ.ვ–ას განცხადებაზე იმის შესახებ, რომ 2015 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.კიევი ....... ქუჩა #104-ში დაუდგენელი პირი უკანონოდ დაეუფლა დაზღვეულ ავტომობილს. ცნობაში წინასწარი გამოძიების დაწყების თარიღად (რეესტრში შეტანის თარიღად) მითითებულია 2015 წლის 18 ნოემბერი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 22 მარტის ცნობაში მითითებულია, რომ იგი დამზღვევს მიეცა მასზედ, რომ 2015 წლის 4 სექტემბერს ოფიციალური განცხადებით მიმართა ქ.კიევში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს გოლოსეევსკის პოლიციის სამმართველოს და შეატყობინა, რომ ქ.კიევი ....... ქუჩა #104-ში დაუდგენელი პირი უკანონოდ დაეუფლა მის ავტომობილს. შემოწმებისას მომზადდა წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში რეგისტრაციის უარის დასკვნა. 2015 წლის 17 ნოემბერს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა ქ.კიევში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს გოლოსეევსკის პოლიციის სამმართველოს, რის შედეგადაც შემოწმებისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში მონაცემების რეგისტრაციის შესახებ, ნომრით 120151000..., 18/11/2015, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნულ მტკიცებულებებსა და მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ დაეთანხმა მოპასუხე სადაზღვევო კომპანია და მიუთითა, რომ მათ მიერ დამზღვევისათვის არაერთხელ მოხდა სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული საბუთების წარდგენის მოთხოვნა (სს „თ.დ–ის“ მიერ 2015 წლის 30 დეკემბერსა და 2016 წლის 16 დეკემბერს გაგზავნილი წერილები), რაც ზარალის დარეგულირების პროცესის ნაწილს წარმოადგენს და აუცილებელია სადაზღვევო რისკის განხორციელებულად მიჩნევისთვის. იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი წესით დამოწმებული რელევანტური დოკუმენტაცია, მზღვეველმა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები გამოიყენა (4.17 პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, ასევე, მე-3 მუხლის 3.12 ქვეპუნქტი) და მიიღო გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვის შესახებ ვალდებულების შესრულებას, სადაზღვევო კომპანია აპელირებდა, რომ სარჩელზე დართული ცნობები დათარიღებული იყო სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის გაცემის შემდგომი პერიოდით. აღნიშნული ცნობები იყო წინააღმდეგობრივიც, კერძოდ, სადაზღვევო კომპანიაში სატელეფონო შეტყობინებისას მოსარჩელე მიუთითებდა, რომ რამდენიმე დღეა ალკოჰოლური სასმელის მიღება უწევს, სად დააყენა ავტომობილი არ ახსოვდა, ხოლო, უკრაინის შსს-ს მიერ გაცემულ ცნობაში, რომელიც 2016 წლის 22 მარტით თარიღდება, მოსარჩელის მიერ მითითებულია კონკრეტული ადგილი საიდანაც მანქანის გაუჩინარება მოხდა. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიამ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ დაზღვეულმა პირმა სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, არ მიმართა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის 5 დეკემბრით დათარიღებული ცნობა წარუდგინა. ცნობაში, მითითებულია, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს 06:00 საათზე, ეროვნული პოლიციის ქ.კიევის მთავარი სამმართველოს გოლოსეევსკის სამმართველოს სამორიგეო ნაწილს განცხადებით მიმართა უკრაინის მოქალაქე ს.ფ. ყიზი ვ–ამ, მასზედ, რომ 2015 წლის 4 სექტემბერს, ქ.კიევში, ....... (.......) ქუჩა #104-ში ავტომობილის დაკარგვის ფაქტი აღმოაჩინა. აღნიშნულ ფაქტზე იმავე დღეს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მზღვეველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი #კ/15-1454 წერილით სამინისტროს ავტომობილის კიევში ქურდობის ფაქტის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში დაფიქსირების თარიღის შეტყობინება მოსთხოვა. სამინისტროს წერილში კი, დაზღვეული ავტომობილის ქურდობის ფაქტის შესახებ წარმოებულ საქმეზე პოლიციისთვის მიმართვის ერთადერთ თარიღად 2015 წლის 18 ნოემბერია მითითებული. ამდენად, მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის თარიღი ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ წარდგენილი მტკიცებულებები წინააღმდეგობრივია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799.1, 814.1, 820-ე და 821-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სარჩელი წარმატებულია, თუ მხარეთა შორის არსებობს ზიანის დაზღვევის ხელშეკრულება, დადგა ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევა, დამზღვევი დადგენილი წესით აცნობებს მზღვეველს აღნიშნულის თაობაზე და მოითხოვს ზიანის ფულად ანაზღაურებას ფაქტობრივი დანაკლისისა და სადაზღვევო თანხის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლი დისპოზიციურ მოწესრიგებას ითვალისწინებს ანაზღაურების წეთან დაკავშირებით და ანაზღაურების საკითხს ძირითადად სახელშეკრულებო პირობებს უკავშირებს, ამდენად, სარჩელის წარმატებულობა კანონმდებლის დანაწესების პარალელურად რელატიურ რეგულაციას უნდა ემყარებოდეს. მტკიცება იმისა, რომ მოთხოვნა წარდგენილ იქნა სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად და დამზღვევმა დაიცვა შეთანხმებული პროცედურა, ეკისრება დამზღვევს. ამ მხრივ ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო პირობათა დარღვევის ფაქტი. სასამართლოს დასკვნა დასაბუთებულია და ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მტკიცებულებებით გამყარებულ იმგვარ დამაჯერებელ მსჯელობას, რაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტების გაზიარებას გამორიცხავდა. სწორედ იმ პირობებში, როდესაც დამზღვევმა ვერ დაამტკიცა ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად მზღვეველის ინფორმირებისა და მისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენის ფაქტი, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას დამზღვევის სარჩელის წარუმატებლობის თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 23.05.2019წ. #23 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 163,40 ლარის 70% _ 2 914,38 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ბ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა.ბ–ს (რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პ#5.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.05.2019წ. #23 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 163,40 ლარის 70% _ 2 914,38 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი