Facebook Twitter

საქმე №ას-135-2019 22 მაისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „გ.თ.“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ის“ ფილიალი გერმანიაში (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ი–ის“ ფილიალმა გერმანიაში (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.თ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი) მიმართ, ავანსად მიღებული 97 000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 25 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა #გ-138/2015-2016 ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში _ ნასყიდობის ხელშეკრულება), რომლის საგანსაც წარმოადგენდა ვაკუუმიან შეფუთვაში 7000 კგ. (2-4 მმ, 20კგ.) დაჭრილი და მოხალული თხილის გულისა და ვაკუუმიან შეფუთვაში 15000კგ. თხილის გულის ფქვილის (0-2მმ, 20 კგ.) შესყიდვა (ლოტი #15384 და #15385). მყიდველმა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საზღაურის 50% გადაიხადა საავანსო ანგარიშსწორების გზით. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქცია, ვინაიდან ნასყიდობის საგანში მავნე ნივთიერების (აფლატოქსინი) შემცველობა აჭარბებდა დასაშვებ ოდენობას, ასევე, ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა არადამაკმაყოფილებელი მიკრობიოლოგიური სტატუსი. ნაკლის შესახებ ეცნობა გამყიდველს, რის შემდეგაც მას დაუბრუნდა პროდუქცია, თუმცა, ავანსად გადაცემული თანხა მოპასუხეს არ დაუბრუნებია.

1.2. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მოპასუხემ თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის _ 89 242 აშშ დოლარის ანაზღაურება.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გამყიდველმა სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის ქვეშ მოახდინა უკან დაბრუნებული თხილის პარტიის ლაბორატორიული ანალიზი, საიდანაც დადგინდა, რომ პროდუქციაში „აფლატოქსინის“ დონე, არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. გამყიდველი მიიჩნევს, რომ მყიდველის ხელშეკრულებიდან გასვლის რეალური მიზეზი იყო თხილის ბაზარზე ფასების ვარდნა. 2016 წლის 23 მაისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგენილ იქნა თხილის საბაზრო-სარეალიზაციო ფასები პროდუქციის მიწოდებისა და უკან დაბრუნების პერიოდში. აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით შეგებებული მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 194 000 აშშ დოლარს, ხოლო, ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება - 113 500 აშშ დოლარს. სარეალიზაციო ფასებს შორის სხვაობა შეადგენს 80 500 აშშ დოლარს, რასაც ემატება ტრანსპორტირების ხარჯი საქართველო-გერმანიას შორის _ 8 272,65 ლარი და გერმანიია-საქართველოს შორის _ 12 273,21 ლარი. სულ კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო გამყიდველმა მიიღო 89 242 აშშ დოლარის ოდენობით ზარალი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ პროდუქციის უკან დაბრუნების რეალურ მიზეზს წარმოადგენდა არა პროდუქციის ხარისხი, არამედ საერთაშორისო ბაზარზე თხილის ფასების მკვეთრი დაცემა იმ პერიოდისთვის, როცა გაფორმდა ხელშეკრულება. პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა მისი შესაბამისობა მოთხოვნილ სტანდარტებთან, რის გამოც, არ არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობა, მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, ხოლო, მოსარჩელემ _ დაარღვია იგი, რითაც გამყიდველს მიადგა ზიანი;

2.2. შეგებებული სარჩელი არც თავდაპირველმა მოსარჩელემ ცნო. მისი განმარტებით, ძირითად სარჩელში მითითებული ფაქტები შესრულების ნაკლთან დაკავშირებით ამართლებდა მყიდველის მხრიდან ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, რაც გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, გამყიდველს მყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა 97 000 აშშ დოლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, ხოლო, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 25 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისაგან შეიძინა 7000 კგ. დაჭრილი და მოხალული თხილის გული და 15 000 კგ. თხილის გულის ფქვილი. ნაყიდი პროდუქცია გამყიდველს მყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველ და გამყიდველს გადაუხადა ავანსი _ 97 000 აშშ დოლარი. ნასყიდობის სრული საფასური მყიდველს უნდა გადაეხადა მიწოდებული პროდუქტის მყიდველის მიერ ჩამოტვირთვიდან და ხარისხის შემოწმებიდან 14 საბანკო დღეში. მყიდველის მიერ პროდუქციის მიღების ერთ-ერთი არსებითი პირობა იყო მისი ლაბორატორიული შემოწმების შედეგები (აფლატოქსინების ჩათვლით);

1.2.2. 2015 წლის 26 ნოემბერს გამყიდველმა მყიდველს გაუგზავნა 15 ტონა თხილის ფქვილი ე.წ. პარტია #15385-GD და 7 ტონა თხილი ე.წ. პარტია #15384-GD;

1.2.3. 2015 წლის 8 დეკემბერს მიწოდებული პროდუქცია ლაბორატორიული შემოწმებისათვის გადაეცათ აკრედიტებული საკვლევი ლაბორატორიების მქონე საწარმოებს: შპს BLS - ანალიტიკ &კო.კს-ს და შპს ს. ინსტიტუტ ფ–სს. შპს B. - ანალიტიკ & კ.კს-ს 2015 წლის 10 დეკემბრის დასკვნის თანახმად, დაფქვილ და მოხალულ თხილის გულში აფლატოქსინების შემცველობა დასაშვებ მაქსიმალურ ოდენობას მნიშვნელოვნად აჭარბებდა, კერძოდ, მაქსიმუმ 10 გ/კგ-ს ნაცვლად იგი 21,5 გ/კგ-ს შეადგენდა. შპს ს. ინსტიტუტ ფ–სის 2015 წლის 14 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, კი თხილის გულის ფქვილის მიკრობიოლოგიური სტატუსი არადამაკმაყოფილებელი იყო, ვინაიდან ენტერობაქტერიები გერმანიის ჰიგიენისა და მიკრობიოლოგიის საზოგადოების სასიგნალო სიდიდეს მცირედით აღემატებოდა. ამის საწინააღმდეგოდ გამყიდველმა ააიპ ს.ა.უ–ის 2016 წლის 29 იანვრის გამოცდის ოქმები და თურქეთის რესპუბლიკის საკვების, სოფლის მეურნეობისა და მსხვილფეხა პირუტყვის სამინისტროს პირადი კონტროლის ლობორატორიის შემოწმების/ანალიზის შედეგები წარმოადგინა. ამ დასკვნების შესაბამისად, გამოსაკვლევ ნიმუშებში აფლატოქსინებისა და ენტერობაქტერების დაუშვებელი შემცველობა არ აღმოჩნდა, თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ეს ნიმუშები #15385-GD და #15384-GD პარტიით მიწოდებული პროდუქციიდან იქნა აღებული. აღნიშნულის საპირისპიროდ, გამოსაკვლევი ნიმუშები ორივე შემთხვევაში ექსპერტებს თავად გამყიდველმა წარუდგინა, ის კი პროდუქციის ხარისხის დადასტურებით დაინტერესებული იყო და დასკვნების შინაარსიც ერთმანეთისაგან განსხვავდება - თუ ააიპ „ს.ა.უ–ის“ ოქმების თანახმად, გამოსაკვლევ ნიმუშებში აფლატოქსინების მინიმალური შემადგენლობა მაინც იქნა აღმოჩენილი, თურქეთის რესპუბლიკის საკვების, სოფლის მეურნეობისა და მსხვილფეხა პირუტყვის სამინისტროს პირადი კონტროლის ლობორატორიის დასკვნის მიხედვით, ისინი ამ ორგანულ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავდა. ააიპ „ს.ა.უ–ის“ გამოცდის ოქმის შედეგებს თავად გამყიდველიც კი სადავოდ ხდიდა და სწორედ ამიტომ მიმართა დამატებითი კვლევის ჩასატარებლად სხვა საექსპერტო დაწესებულებას. გამყიდველსა და სსიპ „ს.უ.ს–ოს“ შორის არსებული ადმინისტრაციული დავის მასალები მყიდველის სარჩელთან კავშირში არ არის, რადგან ეს დავა გამყიდველის მიერ გაგზავნილ პარტიაში მიწის თხილის შემცველობას ეხებოდა. სადავო ნივთიერების ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის გამო, მხარეებს პროდუქციის ხარისხი შეთანხმებული რომც არ ჰქონოდათ, ნასყიდობის საგანი მაინც ნივთობრივი ნაკლის მქონედ ჩაითვლებოდა;

1.2.4. ლაბორატორული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით მყიდველმა ხელშეკრულებაზე წერილობით განაცხადა უარი და 2015 წლის 17 დეკემბერს მიწოდებული პროდუქცია უკან დაუბრუნა გამყიდველს. თავის მხრივ, გამყიდველმა დაბრუნებული პროდუქცია მიიღო, ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნას დაეთანხმა და ავანსად მიღებული თანხის გადახდის ვალდებულებაც იკისრა. აღნიშნულის მიუხედავად, მიღებული 97 000 აშშ დოლარი მყიდველს გამყიდველისათვის არ დაუბრუნებია;

1.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 მაისის დასკვნის თანახმად, 2015 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, როგორც 1 კგ. „ქართული თხილის“, ისე 1 კგ. „ქართული თხილის ფქვილის“ ფასი უცვლელი იყო და, პირველ შემთხვევაში 30-40 ლარს, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ 31-38 ლარს შეადგენდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს, სამოქალაქო კოდექსის 488.1, 491.1, 352.1 და 405.1 მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც დადგენილია, რომ გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთი, რის გამოც, მყიდველმა უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის ნება მიიღო გამყიდველმა და მანვე დაიბრუნა საქონელი, შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები მხარეთა შორის დავას არ იწვევს, არამედ სადავოა, ნივთობრივი ნაკლის არსებობის ფაქტი, რომელიც თავდაპირველმა მოსარჩელემ დაადასტურა, ხოლო, ამ ფაქტის სარწმუნოდ უარყოფა გამყიდველმა ვერ უზრუნველყო, ამ მხრივ სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სრულად შეესაბამება მტკიცებულებათა შეფასებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს. ასევე უდავოა, რომ მყიდველს საავანსო ანგარიშსწორების წესით ჰქონდა გადახდილი სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რაც, ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, ექვემდებარება მისთვის დაბრუნებას. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის წარმატებულობას, ამ მხრივ პალატა მოთხოვნის საფუძველიანობას ამოწმებს, სამოქალაქო კოდექსის 394.1 და 408.1 მუხლების ფარგლებში, თუმცა, ვინაიდან ნივთობრივი ნაკლის მქონე საგნის მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობას თავად სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლი ადგენს, ამგვარი ქმედება არამართლზომიერად არ მიიჩნევა. მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლის მეორე წინადადებაც, შესაბამისად, შეგებებული სარჩელი უპერსპექტივოა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ხელშეკრულებიდან გასვლის გამო რესტიტუციის, ასევე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 11.02.2019წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის 30%-ის _ 2 400 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „გ.თ–ს“ (ს/კ #4......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 11.02.2019წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 8 000 ლარის 30%-ის _ 2 400 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი