საქმე №ას-193-2019 4 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.ფ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქ.თბილისის #116 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ.ფ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ქ.თბილისის #116 საჯარო სკოლის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან სკოლა) მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2015 წლის 17 ნოემბრის #107/პ ბრძანების ბათილად ცნობა, ისტორიისა და ინფორმატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე აღდგენა და გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის სახით თვეში 503 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე მუშაობდა სსიპ ქალაქ თბილისის #116 საჯარო სკოლაში ისტორიისა და ინფორმატიკის მასწავლებლად. წარმოადგენს სერტიფიცირებულ პედაგოგს და შრომით მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად. 2015 წლის 17 ნოემბერს დასაქმებულის მიმართ გამოიცა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომელიც არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რადგან დასაქმებულს არ ჩაუდენია უხეში გადაცდომა, რომელიც შემდგომში დაედებოდა საფუძვლად სამსახურიდან მის გათავისუფლებას. სადავო ბრძანება გამოცემულია შრომის კანონმდებლობის დარღვევით. ის ეფუძნება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს, რაც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების მოშლას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა არამართლზომიერად განახორციელა დამსაქმებელმა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა, რომლის თანახმადაც, სადავო ბრძანება გამოცემულია მართლზომიერად, ის ემყარება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს, რაც შეეხება ბრძანების ფაქტობრივ საფუძველს, იგი სამსახურში დასაქმებულის გამუცხადებლობაში გამოიხატება. შრომითი ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესისა და კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი დასტურდება დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით. არასწორია მოსარჩელის მტკიცება, თითქოს ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებას, რადგანაც დირექტორის მხრიდან დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა თ.ჯ–ას 2015 წლის 25 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი, რომლის თანახმადაც, დასაქმებულმა 24 სექტემბერს სკოლის დირექტორს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, 2015 წლის 6 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მოსარჩელემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ასევე ნ.ხ–ას. გარდა ამისა, დირექტორის 2015 წლის 20 სექტემბრის წერილით დასტურდება ამავე დღეს დასაქმებულის მხრიდან ე.წ ბუნტის მოწყობა და საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა. ხსენებული ფაქტი დასტურდება მოსწავლეთა განმარტებითა და სკოლის მანდატურისათვის მიწოდებული ინფორმაციით. ინფორმაცია მიეწოდა ასევე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს. ჩადენილი გადაცდომების განხილვისას დისციპლინურმა კომიტეტმა თითოეული დარღვევისათვის მოსარჩელეს შეუფარდა დისციპლინური სახდელი და გადაცდომათა სიმრავლის გამო, რეკომენდაციით მიემართა დირექტორს, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. დასაქმებულის საჩივარი განიხილა სკოლის სამეურვეო საბჭომ 2015 წლის 16 დეკემბერს, თუმცა, იმ მოტივით, რომ კვორუმი არ შემდგარა, სხდომა დახურულად გამოცხადდა, მომდევნო სხდომაზე კი, 2015 წლის 23 დეკემბერს არ დაკმაყოფილდა საჩივარი. გათავისუფლების საფუძვლები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს ეცნობა მისი მოთხოვნის საფუძველზე. საგულისხმოა სკოლის მოსწავლეთა მშობლების 2015 წლის 13 ნოემბრის მიმართვაც, სადაც გამოითქვა დასაქმებულის მიმართ უკმაყოფილება იმ მოტივით, რომ პედაგოგი სასწავლო პროცესის დროს ბავშვებზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ამასთანავე, შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელის მიმართ გამოყენებულია არაერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, როგორებიცაა: საყვედური, გფრთხილება და საყვედური, სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე სსიპ ქალაქ თბილისის #116 საჯარო სკოლაში დასაქმებული იყო ისტორიის და ინფორმატიკის მასწავლებლად უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 503 ლარს. სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-3 მუხლის 1.5 პუნქტის თანახმად, შინაგანაწესი და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება, წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და მისი გაცნობის ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს. ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, დასაქმებული ადასტურებს შინაგანაწესის გაცნობის ფაქტს. იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლის მიერ ხელმოწერილ ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა დასაქმებულმაც, რითაც დაეთანხმა მის ცალკეულ პუნქტებში ასახულ დებულებებს, დასტურდება, რომ მოსარჩელე გაცნობილია სკოლის შრომის შინაგანაწესს. 2014 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად კი, დასაქმებული ვალდებულია: შეასრულოს საჯარო სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები, იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები, დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი. შინაგანაწესის პირველი მუხლის თანახმად, შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სკოლის მასწავლებლებისა და თანამშრომლების მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. შინაგანაწესის მიზანს სკოლის საქმიანობისთვის ხელშეწყობა, სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება წარმოადგენს. სკოლის შინაგანაწესის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პედაგოგს ეკრძალება მოსწავლის, მშობლის თუ კოლეგის სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა, ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ხოლო, ამავე შინაგანაწესის 38-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების, ამ შინაგანაწესის, სკოლის დირექტორის სამართლებრივი მითითებებისა და ინსტრუქციების, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის, მოსწავლეთა ქცევის კოდექსის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და ამავე აქტის 41.1 მუხლის „ა.ვ.“ პუნქტით, დასაქმებულის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია. შინაგანაწესის 42.2 მუხლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგელობის ზომის შეფარდებისას გათვალსიწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური დარღვევის სახე, შედეგი, მიზანი, მოტივი და დისციპლინური დარღვევის ჩამდენის პიროვნება;
1.2.2. 2015 წლის 25 სექტემბერსა და 6 ოქტომბერს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს სამსახურებრივი ბარათებით მიმართეს ამავე სკოლის კონტროლინგის მენეჯერმა თ. ჯ–ამ, პედაგოგმა რ.გ–მა, დარაჯმა ვ.მ–კომ, სადაც აღწერეს მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევები;
1.2.3. 2015 წლის 6 ოქტომბერს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს განცხადებით მიმართა ამავე სკოლის მასწავლებელმა ნ. ხ–ამ და იმის გამო, რომ მოსარჩელემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ითხოვდა რეაგირებას;
1.2.4. ამავე სკოლის 92 კლასის მოსწავლეებმა ახსნა-განმარტებებში აღწერეს დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევები;
1.2.5. ჩადენილი დარღვევების გამო, მოპასუხის დირექტორმა მიმართა დისციპლინურ კომიტეტს 2015 წლის 21 ოქტომბერს. 2015 წლის 27 ოქტომბერს, 2015 წლის 5 ნოემბერსა და 2015 წლის 12 ნოემბერს გაიმართა დისციპლინური კომიტეტის სხდომები და დირექტორს სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ, 2015 წლის 12 ნოემბერის #4 სხდომის ოქმის საფუძველზე, მიეცა რეკომენდაცია ისტორიის და ინფორმატიკის მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ;
1.2.6. მოპასუხის 2015 წლის 17 ნოემბრის #107/პ ბრძანებით, ისტორიისა და ინფორმატიკის მასწავლებელთან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება. ბრძანებაში, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად მიეთითა შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 12.3 მუხლი, 2014 წლის 30 დეკემბრის #167/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის“ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, სკოლის შინაგანაწესის 41.1 პუნქტის „ა.ვ.“ ქვეპუნქტი, 42.1 და 42.2 პუნქტები, 49.7 პუნქტით განსაზღვრული თანმხლები დოკუმენტის - „შრომითი ხელშეკრულება #38-ისა“ და შრომითი ხელშეკრულება #93-ის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი და 4.3 ქვეპუნქტები;
1.2.7. 2015 წლის 24 ნოემბერს მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სკოლის სამეურვეო საბჭოს, რომლითაც ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2015 წლის 12 ნოემბერის #4 სხდომის ოქმის მის ნაწილში და სკოლის დირექტორის 17.11.2015 წლის #107/პ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. 2015 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე სკოლის სამეურვეო საბჭომ საჩივარი განიხილა დ.ფ–ძის მონაწილეობით და არ დააკმაყოფილა იგი;
1.2.8. დამსაქმებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადგინდა დასაქმებულის მხრიდან ოთხი სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი: სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება; სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება; საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის მცდელობა; სკოლაში უცხო პირის უკანონოდ შეყვანა (დ.ფ–ძის ძმა), რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა სკოლის მანდატურს (დადგინდა 2015 წლის 24 სექტემბერს სკოლის ტერიტორიაზე ჟურნალისტების შემოსვლა და დ.ფ–ძესთნ ინტერვიუს ჩაწერა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე. უცხო პირების შემოსვლა სკოლის ტერიტორიაზე აკრძალულია შინაგანაწესით. აღნიშნულის შესახებ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კოორდინ.რისა და მანდატურის სამსახურის შეტყობინებას მოჰყვა მოსარჩელის აგრესია, რაც გაგრძელდა ინტერვიუს ჩაწერის შემდეგაც. იგი უხეშად ელაპარაკებოდა სკოლის დირექტორს და ემუქრებოდა სკოლაში ბავშვების ამხედრებით. ამ ფაქტს შეესწრენ: ერთ-ერთი მშობელი - ი.ჯ–ი და სკოლის კონტროლინგის მენეჯერი თ. ჯ–ა, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით შეადგინა სამსახურებრივი ბარათი; მოსარჩელემ პედაგოგ ნ. ხ–ას მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და შეულახა ღირსება. რასაც ესწრებოდნენ პედაგოგები: ა.გ–ძე, ნ.ხ–ვა, ი.გ–ა, თ.ჯ–ა, ნ.კ–ძე. ამ ფაქტზე ნ. ხ–ამ რეაგირება მოსთხოვა სკოლის დირექტორს; დასაქმებული შეეცადა აემხედრებინა მოსწავლეები სკოლის დირექტორის წინააღმდეგ, რაც დაადასტურა არაერთმა პირმა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა, სკოლის მანდატურმა, დირექტორმა და მენეჯერმა. მოსარჩელე არასრულწლოვან სკოლის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ცდილობდა. ინციდენტი მოხდა 2015 წლის 20 ოქტომბერს, როცა 92 კლასისთვის მოსარჩელეს უნდა ჩაეტარებინა ისტორიის გაკვეთილი, მან დააგვიანა კლასში შესვლა, რამაც გამოიწვია ბავშვების ახმაურება. ხმაურზე კლასში შევიდა დირექტორი და მაგიდაზე ხელის დაბრახუნებით შეეცადა ბავშვების დაწყნარებას, დირექტორის გამოსვლის შემდეგ კლასში შევიდა დ.ფ–ძე და მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მოსწავლეებს მოუწოდა მისულიყვნენ დირექტორთან და ეიძულებინათ, მოეხადა ბოდიში იმისთვის, რომ მერხზე დაარტყა ხელი, რითაც მიაყენა შეურაცხყოფა ბავშვებს. მოსწავლეთა განმარტებით, მოსარჩელის მიზანი იყო აეტეხათ ბუნტი, მოსწავლეების ნაწილმა მხარი აუბა დ.ფ–ძეს. როგორც ერთ-ერთი მოსწავლის _ ს.გ–ას ახსნა-განმარტებით დგინდება, მოსარჩელე გეგმავდა დაეწყო მიზანმიმართული კამპანია სკოლის ყოფილი დირექტორის დასაბრუნებლად, უნდა ეიძულებინათ მოქმედი დირექტორი, დაეტოვებინა თანამდებობა და ამისათვის არწმუნებდა ბავშვებს, მოეწყოთ აქციები. ამ ფაქტებს ადასტურებს ასევე სკოლის დირექტორი, სკოლის მანდატური ე.ჯ–ა და კონტროლინგის მენეჯერი თ.ა ჯ–ა, მოსარჩელის მიერ სკოლაში ძმის - ე.ფ–ძის უკანონოდ შეყვანას შედეგად ამ უკანასკნელის მხრიდან სკოლის მანდატურის ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. 2015 წლის 21 ოქტომბერს უ.ე.ფ–ძე მოსარჩელის დახმარებით სკოლაში შევიდა არაფხიზელ მდგომარეობაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სკოლის მანდატურ ვ.გ–ს, რის შემდეგაც იგი სხეულზე მიყენებული დაზიანებებით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მეშვეობით. მოსარჩელის მიერ მისი ძმის შეყვანის ფაქტს ადასტურებს არაერთი მოწმის ახსნა-განმარტება, მოსარჩელის მიერ შინაგანაწესის დარღვევა გამოიხატა მის ქმედებაში შემოეშვა უცხო პირი სკოლაში მაშინ, როცა არ იყო შემოსვლის საათები და რომ არა დ.ფ–ძის ინიციატივა, ე.ფ–ძე სკოლაში ვერ შევიდოდა);
1.2.9. „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სკოლის დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრა ექვსი წევრით, 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა კომიტეტის ოთხი წევრი, ხოლო დ.ფ–ძის მიერ დისციპლინური გადაცდომების ჩადენის გამო წარმოება დაიწყო 116-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელირება კომიტეტის კვორუმთან მიმართებაში;
1.2.10. არასწორია დასაქმებულის პრეტენზია იმის თაობაზე, თითქოს მას არ მიეცა დისციპლინური წარმოების მასალების გაცნობის შესაძლებლობა. „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური კომიტეტის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომის შესახებ დასაქმებულს ეცნობა 6 დღით ადრე, რასაც ის თავადაც ადასტურებს 12 ნოემბრის სხდომის ოქმზე თანდართულ გასაუბრების ოქმში. ამ პერიოდში მას არ მიუმართავს კომიტეტისთვის როგორც მასალების გაცნობის, ისე წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლების მოთხოვნით. სკოლის სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 23 დეკემბრის #16 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარემ დ.ფ–ძეს გადასცა კომიტეტის წარმოებაში არსებული მასალები, თუმცა, მოსარჩელემ პრეტენზია განაცხადა მათ ავთენტურობაზე;
1.2.11. საქმეში არსებულ სსიპ 116-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის 01.03.08 წლის #90/2 ბრძანების, 25.10.09 წლის #83/5 ბრძანების, 01.12.09 წლის #93/5 ბრძანებაის, 25.02.12 წლის #9/პ ბრძანების, 08.10.13 წლის ბრძანების, 11.03.13 წლის ბრძანების თანახმად, აპელანტს დისციპლინური სახდელის სახით სხვადასხვა დროს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ღონისძიებები;
1.2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე დაკმაყოფილდა. საოქმო განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლების დარღვევით, მოტივაციის გარეშე და სხდომის ოქმში ასახულია მხოლოდ მისი სარეზოლუციო ნაწილი, თუმცა, საოქმო განჩინების საფუძველზე მიღებული მტკიცებულებები საფუძვლად არ დასდებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების გამოტანას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი და 408-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც, შრომითი ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით, მოსარჩელეს ძირითადად მითითების ტვირთი ეკისრება, კერძოდ, სარჩელში გადმოცემული უნდა იყოს ის ფაქტები, რომლებიც გაუმართლებელს ხდის შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან ცალმხრივად მოშლას. რაც შეეხება მოპასუხეს, მას, როგორც შრომითი ურთოერთობის ძლიერ მხარეს ეკისრება განხორციელებული სამართლებრივი ქმედების მართლზომიერების მტკიცების ტვირთი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, განკუთვნადი მტკიცებულებებით დაადასტურა დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესისა და ზოგადი განათლების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა. ამ მტკიცებას მოსარჩელემ მხოლოდ საკუთარი განმარტებები დაუპირისპირა, რომლებიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ვერ გააბათილებს საქმეში არსებულ წერილობით მასალებს, შესაბამისად, დასტურდება ის ფაქტი, რომ დამსაქმებელს, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით ხელმძღვანელობისას არ დაურღვევია უფლების მართლზომიერად განხორციელების პრინციპი (სკ-ის 115-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ დისციპლინური კომიტეტის ლეგიტიმურობის საკითხის დაყენება მოსარჩელის მხრიდან განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219.1 მუხლის დარღვევით, რის გამოც, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად არ შეაფასეს ხსენებული საკითხი (დამატებით იხ. სსსკ-ის 380-ე და 215.3 მუხლები), ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება დისციპლინური კომიტეტის მხრიდან საკითხის პროცედურული დარღვევით განხილვის ფაქტი ან/და სახდელის შეფარდებისას გადაცდომა, აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებს შრომითი ხელშეკრულების მოშლის კანონიერებაზე, რადგანაც, უდავოა, რომ დასაქმებულმა უხეშად დაარღვია შრომის პირობები, ხოლო, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია უფლებამოსილი პირის _ სკოლის დირექტორის მხრიდან, გარდა ამისა, დასაბუთებულია ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა იმის თაობაზე, რომ დისციპლინური წარმოება არ არის ხანდაზმული. ამ მხრივ მხედველობაშია მისაღები გადაცდომათა ჩადენისა და წარმოების დაწყების ვადები: უდავოა, რომ შრომის პირობები დასაქმებულის მხრიდან დაირღვა 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო, წარმოება დაიწყო ამავე წლის 5 ნოემბერს, შესაბამისად, არ დარღვეულა „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის“ მე-19 მუხლი, ასევე, სკოლის შრომის შინაგანაწესის 44.1 და 44.2 მუხლების მოთხოვნები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დასტურდება დასაქმებულის მხრიდან შრომის პირობების უხეში დარღვევის ფაქტი და დამსაქმებელმა ცალმხრივი ნების გამოვლენისას მართებულად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, რაც გამოვლენილი ნების ბათილობას გამორიცხავს, სამართლებრივად საფუძველს მოკლებული ხდება მოსარჩელის სხვა მოთხოვნათა შეფასება. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ დ.ფ–ძეს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 29.01.2019წ. (გადახდილი EXPRESS BANK-ის მეშვეობით, ოპერაციის კოდი: 30231868) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი