საქმე №ას-310-2020
30 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორები - დ.კ–ძე, ვ.ა–ი, ს.მ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ლ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისისა და 7 მაისის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
აღწერილობითი ნაწილი:
1. 2019 წლის 2 ოქტომბერს დ.კ–ძემ, ვ.ა–მა და ს.მ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა(ა)იპ ლ–ი 2008-ის მიმართ მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელე დ.კ–ძის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 4620 ლარის, ვ.ა–ის სასარგებლოდ - 4830 ლარის, ხოლო ს.მ–ძის სასარგებლოდ - 4620 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელფასო დავალიანებაზე დღიური პირგასამტეხლოს გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, კერძოდ, 1) მოსარჩელე დ.კ–ძის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისთვის: ა) 2019 წლის 1 მაისიდან 0,15 თეთრი; ბ) 2019 წლის 1 ივნისიდან 1.54 ლარი; გ) 2019 წლის 1 ივლისიდან 1.54 ლარი; 2) ვ.ა–ის სასარგებლოდ ა) 2019 წლის 1 მაისიდან 0,16 თეთრი; ბ) 2019 წლის 1 ივნისიდან 1.61 ლარი; გ) 2019 წლის 1 ივლისიდან 1.61 ლარი; 3) ს.მ–ძის სასარგებლოდ ა) 2019 წლის 1 მაისიდან 0,15 თეთრი; ბ) 2019 წლის 1 ივნისიდან 1.54 ლარი; გ) 2019 წლის 1 ივლისიდან 1.54 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 2018-2019 წლებში დაგვიანებით გაცემულ ხელფასებზე პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ: დ.კ–ძის სასარგებლოდ - 421.67 ლარი; ვ.ა–ის სასარგებლოდ - 447.10 ლარი; ს.მ–ძის სასარგებლოდ - 450.76 ლარი.
3. მოსარჩელეთა შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ ამავე სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
4. საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2020 წლის 4 მაისს, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვეს 18 589.01 ლარის ფარგლებში მოპასუხის ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, ასევე 2020 წლის 5 მაისიდან კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან და სალაროში არსებული ფულადი სახსრებიდან ყოველდღიურად 9.84 ლარის დაყადაღება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 271-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. იმისათვის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და იურიდიული პირის ანგარიშზე ყადაღის დადების თაობაზე დაკმაყოფილდეს, აუცილებელია განმცხადებელმა დაამტკიცოს, რომ ანგარიშზე და სალაროში არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ერთადერთი და აუცილებელი საშუალებაა, ვინაიდან, უზრუნველყოფის ასეთმა სახემ შეიძლება მოვალე მიიყვანოს გადახდისუუნარობამდე და აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმიანობის შეფერხების შედეგად, ვერც ნებაყოფლობით და ვერც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით ვეღარ შეძლოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მსგავსი განცხადება ამომწურავად უნდა იყოს დასაბუთებული და მისი გამოყენება უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არ არის უძრავი ქონება და მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ანგარიშებზე ყადაღის დადების საკმარის საფუძვლად.
8. სასამართლომ განმცხადებლების პრეტენზიის (რომ მოპასუხე კომპანია არსებობს დაფინანსების ხარჯზე, სპორტული ღონისძიებები მსოფლიო მასშტაბით შეჩერებულია, ზოგიერთ გუნდს უარი უთხრეს სპონსორობის გაგრძელებაზე და გამორიცხული არაა, რომ მოპასუხე გუნდსაც შეუწყვიტონ სპონსორობა, რის შედეგადაც კომპანია დაკარგავს შემოსავალს) პასუხად განმარტა, რომ მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადებით უფრო მეტად გაიზრდება ის რისკი, რასაც განმცხადებელი მიუთითებს და ანგარიშებზე ყადაღის დადებამ შესაძლოა, პირიქით, ხელი შეუშალოს კომპანიის დაფინანსებას და გადაწყვეტილების აღსრულებას.
9. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას გადაწყვეტილების აღსრულების თავის არიდების მიზნით ქონების გასხვისებისა და ფულადი სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს) და 37.2-ე (ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მოვალეობის კეთილსინდისიერად შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წინაშე პასუხისმგებელია წარმოშობილი ზიანისათვის. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა ბათილია, თუ ეს აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად) მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მითითებული ნორმები ადგენენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქონების განკარგვის შეზღუდვას, ხოლო ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის არაკეთილსინდისიერი მოქმედებით ზიანის დადგომის შემთხვევაში - მის პირად პასუხისმგებლობას.
10. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
11. 2020 წლის 6 მაისს განმცხადებლებმა წარმოადგინეს დამატებითი განცხადება და გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოითხოვეს 24 165.71 ლარის ფარგლებში მოპასუხის ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, ასევე 2020 წლის 5 მაისიდან კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან და სალაროში არსებული ფულადი სახსრებიდან ყოველდღიურად 12.8 ლარის დაყადაღება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 მაისის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194.5 მუხლის შესაბამისად.
13. განმცხადებლებმა საჩივარი წარადგინეს სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 5 და 7 მაისის განჩინებებზე მათი გაუქმების მოთხოვნით. საჩივრის ავტორთა განცხადებით, მათ სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაძლოა შეექმნას აღსრულების საფრთხე, ვინაიდან მოპასუხე კომპანია გადახდისუუნარობის რისკის წინაშეა. იგი ფუნქციონირებს დაფინანსების ხარჯზე და სპონსორებისგან მიღებულ თანხას ხარჯავს მომენტალურად, შესაბამისად, საბრუნავი ფული ანგარიშზე არ გააჩნია. ამ პირობებში კი, გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთ მექანიზმად ფულად სახსრებზე ყადაღის დადება რჩება.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
15. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა კერძო საჩივარი, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, რომლითაც: ა) მოპასუხეს მოსარჩელე დ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 4620 ლარი; ბ) მოსარჩელე ვ.ა–ის სასარგებლოდ - 4830 ლარი; გ) მოსარჩელე ს.მ–ძის სასარგებლოდ - 4620 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
19. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
20. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ საქმე №ას-114-107-2015, 6 თებერვალი, 2015 წელი).
21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა როგორც სახელფასო დავალიანების, ასევე სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს გადახდა.
22. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელეები მოითხოვენ მათ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას და მოპასუხე კომპანიის ფულად სახსრებზე ყადაღის დადებას. თავიანთ მოთხოვნას კი აფუძნებენ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე კომპანია გადახდისუუნარობის რისკის წინაშეა. ხოლო ვინაიდან მას უძრავი ქონება არ გააჩნია და ფუნქციონირებს დაფინანსების ხარჯზე, ხოლო სპონსორებისგან მიღებულ თანხას ხარჯავს მომენტალურად, შესაბამისად, საბრუნავი ფული ანგარიშზე არ გააჩნია და ამ პირობებში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთ მექანიზმად ფულად სახსრებზე ყადაღის დადება რჩება.
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
24. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.
25. ამდენად, საჩივრის ავტორს საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად უნდა დაედასტურებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე კომპანია განიცდის ისეთ ფინანსურ სირთულეებს, რომლებიც სამომავლოდ ობიექტურად ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას.
26. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები მიუთითებენ მოპასუხე კომპანიის სამომავლო შესაძლო ფინანსურ კრიზისზე, თუმცა აღნიშნული განცხადება რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. მხოლოდ მითითება კი, რომ კლუბი ფუნქციონირებს დაფინანსების ხარჯზე და ვინაიდან მსოფლიო მასშტაბით შეჩერებულია სპორტული ღონისძიებები, შესაძლოა მოპასუხე კომპანიასაც შეუწყვიტონ სპონსორობა, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს ევარაუდა სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებისა ან/და მისი აღსრულების შეუძლებლობის საფრთხის თაობაზე.
27. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის (ისევე, როგორც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის) წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-114-107-2015, 6 თებერვალი, 2015 წელი).
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სახით მოპაუხის ფულად სახსრებზე ყადაღის დადების შესახებ სრულყოფილად დასაბუთებული არ არის, რის გამოც მართებულად ეთქვა მას უარი დაკმაყოფილებაზე.
29. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებაზეც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა მოსარჩელეთა სასარგებლოდ მიღებული საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლითაც დაკმაყოფილებულია ძირითადი სასარჩელო მოთხოვნები სახელფასო დავალიანების მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ (იხ. ს. ფ 330-332).
30. დასახელებული განჩინების საფუძველზე 2020 წლის 11 აგვისტოს გაცემულია სააღსრულებო ფურცელიც (იხ. ს.ფ. 420). ამრიგად, მითითებული განჩინებით ფაქტობრივად მიღწეულია ის სამართლებრივი მიზანი, რასაც მოსარჩელეები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით წარდგენილი განცხადებით ისახავდნენ, აღნიშნული კი, დამატებით ამყარებს სააპელაციო პალატის დასკვნას გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ფულად სახსრებზე ყადაღის დადების მიზანშეუწონლობის თაობაზე.
31. რაც შეეხება სააპელაციო პალატის 2020 წლის 7 მაისის განჩინებას, რომლითაც განუხილველი დარჩა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით მოსარჩელეთა მიერ 2020 წლის 6 მაისს წარდგენილი დაზუსტებული განცხადება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით), ვინაიდან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2020 წლის 6 მაისის განცხადებაში მოსარჩელეები მიუთითებენ 2020 წლის 4 მაისს წარდგენილი განცხადების ანალოგიურ საფუძვლებსა (გარემოებებზე, რომელზეც ისინი ამყარებენ საკუთარ მოთხოვნას) და საგანზე (მოთხოვნის შინაარსზე). მათ მხოლოდ დააზუსტეს დასაყადაღებელი თანხის მოცულობა (ოდენობა) (იხ. ს.ფ 284-287; 298-299). ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ერთსა და იმავე საგანსა და ერთი და იმავე საფუძვლით სასამართლოსთვის განმეორებით მიმართვის შემთხვევა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194.5 მუხლის შესაბამისად, წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.კ–ძის, ვ.ა–ისა და ს.მ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მაისისა და 7 მაისის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე