Facebook Twitter

საქმე №ას-641-2020 18 სექტემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ თბილისის 39-ე საჯარო სკოლა, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ბრძანების გამოცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, სკოლოს ყოფილი დირექტორი, აპელანტი ან კასატორი), 2014 წლის 6 თებერვალს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიპოვა საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების სერთიფიკატი, ხოლო 2014 წლის 5 სექტემბერს, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 აგვისტოს N785 ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელე დადგენილი წესით არჩეულ იქნა სსიპ ქ. თბილისის N39 საჯარო სკოლის (შემდეგში: მოპასუხე ან სკოლა) დირექტორის თანამდებობაზე, რის საფუძველზეც სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ 2014 წლის 8 სექტემბრის N1.2/1335 ბრძანებით დარეგისტრირდა საჯარო სკოლის დირექტორად. საჯარო სკოლას, წარმოდგენილ სამეურვეო საბჭოსა და დასაქმებულ დირექტორს შორის 2014 წლის 9 სექტემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება N1. მოსარჩელე სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა 6 წლის ვადით და მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1 500 (ათას ხუთასი) ლარით.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებისა და პედაგოგების ერთობლივი განცხადების, ასევე ამავე სკოლის პედაგოგების კოლექტიური განცხადების საფუძველზე, რომლებიც ეხებოდა სკოლის დირექტორის ქმედებებს, შესაბამისი აუდიტის ჩატარების შედეგად მიიღო N1110162530 დასკვნა, რომელშიც შიდა აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია მოპასუხე სკოლას მიეცეს მითითება, მოახდინოს რეაგირება დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე, გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული სკოლის შემდგომ საქმიანობაში, უზრუნველყოს სკოლის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელად დაცვა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარმოადგინოს (გატარებული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტებით) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ერთი თვის ვადაში.

3. საჯარო სკოლაში, 2016 წლის 24 ოქტომბერს, სამეურვეო საბჭოს მიერ ჩატარდა სხდომა (N11 ოქმი). ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ სხდომა დაიწყო 17:00 საათზე, სხდომის თავმჯდომარე იყო ნ.კ–ძე, ხოლო მდივანი - თ.გ–ძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სამეურვეო საბჭოს წევრები: ლ.გ–ძე, მ.ჭ–ი, ე.ზ–ი, მ.უ–ი, ლ.მ–ძე, ხ.ხ–ა, ხ.ა–ა, მ.მ–ი, ნ.ტ–ა, ხ.ს–ი და ნ.კ–ძე. სხდომას ასევე ესწრებოდა სკოლის დირექტორი. სხდომის დღის წესრიგით იხილებოდა შემდეგი საკითხები: 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი N1110161530 დასკვნის განხილვა; 2. მსჯელობა დასკვნაზე რეაგირების შესახებ. სამეურვეო საბჭო მსჯელობის შედეგად მივიდა გადაწყვეტილებამდე კენჭი ეყარა დირექტორისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

4. სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N11 სხდომის ოქმის დადგენილებით (12 მომხრე, 1 წინააღმდეგი) სკოლიდ დირქტორის შეუწყდა 09.09.2014წ. შრომითი ხელშეკრულება N1, ეს კი საფუძვლად დაედო სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ 2016 წლის 1 ნოემბრის N1.2/827 ბრძანების გამოცემას - სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

5. სასარჩელო მოთხოვნა

5.1. ყოფილმა დირეტქორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს სკოლისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა: სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N11 ოქმისა და 2016 წლის 1 ნოემბრის N1.2/827 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და მოპასუხისათვის ბრძანების გამოცემის დავალება.

6. მოპასუხეთა შესაგებელი

6.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ყოფილი დირექტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრისათვის არსებულ შემადგენლობას გააჩნდა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

7.3. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოლის სამეურვეო საბჭო არჩეულ იქნა კანონით დადგენილი წესით და მისი წევრები უფლებამოსილებას ასრულებდნენ შესაბამისი დებულებისა და კანონის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ იმსჯელა, რომ იმ მოცემულობის გათვალისწინებითაც, რომ სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა არ ყოფილა გასაჩივრებული არც მოსარჩელის და არც თავად სამეურვეო საბჭოს წევრობის რომელიმე კანდიდატის მიერ, დადასტურებულია საბჭოს შემადგენლობის ლეგიტიმურობა და კანონთან შესაბამისობა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, უდავოდ დადგენილია, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N11 სხდომის ოქმის დადგენილებით (12 მომხრე, 1 წინააღმდეგი) დირექტორს შეუწყდა 09.09.2014წ. შრომითი ხელშეკრულება N1, ამის საფუძველზე კი, 2016 წლის 1 ნოემბერს, გამოიცა სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ N1.2/827 ბრძანება სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 15.09.05წ. N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სკოლის დირექტორს ხელშეკრულება შეუწყვიტოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დგინდება ფაქტი, რომ სკოლის სამეურვეო საბჭო არჩეულია კანონიერად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრისათვის არსებულ შემადგენლობას, გააჩნდა უფლებამოსილება, მიეღო გადაწყვეტილება სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

7.4. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N1110161530 დასკვნის საფუძველზე დგინდება, რომ საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან თანამშრომლების მიმართ არაკოლეგიალური დამოკიდებულების ფაქტებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ საჯარო სკოლის მასწავლებლებს. პედაგოგები ლ.ს–ძე, თ.ტ–ი, ლ.გ–ი, ნ.ნ–ი, ნ.ქ–ძე, ს.ბ–ა და თ.მ–ა ახსნა-განმარტებებში უარყოფენ დირექტორის მხრიდან თანამშრომლების მიმართ არაკოლეგიალურ დამოკიდებულებას, ხოლო პედაგოგები ლ.გ–ძე, ქ.ჭ–ძე, ნ.ფ–ძე, მ.კ–ძე და ს.ღ–ი განმარტავენ, რომ დირექტორის მხრიდან ხშირია მათ მიმართ არაკოლეგიალური დამოკიდებულება, ხოლო ზ.ბ–ი და მ.უ–ი განმარტავენ, რომ მათ მიმართ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ხშირია სხვა მასწავლებლების მიმართ დირექტორის არაკოლეგიალური დამოკიდებულება. ამავე დასკვნით აუდიტის დეპარტამენტი ადგენს, რომ მოსარჩელემ დაარღვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდება“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 2015 და 2016 წელს მოქმედი შინაგანაწესები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებით დამტკიცებული ,,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქცია და 2015 წლის 15 სექტემბრის N1/14 შრომითი ხელშეკრულება. ამ დასკვნისა და დირექტორის მიერ შესაძლო დარღვევების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცეს მხარეთა მიერ მოწვეულმა მოწმეებმა;

7.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ.ს–ძემ მიუთითა, რომ იგი არის საჯარო სკოლის ყოფილი მენეჯერი. მოწმემ დაადასტურა, რომ 2015 წელს სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე დირექტორის წინააღმდეგ მოაწყვეს აქცია, რა დროსაც რამდენიმე მასწავლებელი სკოლის დირექტორს შეუვარდა კაბინეტში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ.ჟ–მა მიუთითა, რომ იგი არის სკოლის პედაგოგი და მოსარჩელის მეზობელი. მოწმემ დაადასტურა, რომ გარკვეული ჯგუფი, განსაკუთრებით სამეურვეო საბჭო, დაუპირისპირდა სკოლის დირექტორს. მოწმემ განაცხადა, რომ იგი თავადაც იყო საბჭოს წევრობის კანდიდატი, მაგრამ ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობის ხმები. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ.ზ–ძემ მიუთითა, რომ იგი არის საჯარო სკოლის ბუღალტერი. მოწმემ დაადასტურა, რომ დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გაიცა პრემიები თანამშრომლებზე. მოწმემ მიუთითა, რომ თავად მოსარჩელეს მის მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ.ტ–ამ, რომელიც საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია, აღნიშნა, რომ იგი იყო სამეურვეო საბჭოს წევრი დირექტორის სკოლიდან გათავისუფლების დროს და ეხლაც არის აღნიშნული საბჭოს წევრი. მისი განცხადებით, სამეურვეო საბჭოს კრება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სკოლის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლება, ჩატარდა არაკორექტულად, კერძოდ, დირექტორს არ მიეცა საშუალება, თავი ემართლებინა აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით. მოწმემ აღნიშნა, რომ პროტესტი იყო გამოხატული დირექტორის მიმართ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხრიდან, თავად მოწმემ მიუთითა, რომ მისი ფუნქცია იყო მხარეთა მორიგება, ვინაიდან სკოლაში არსებობდა ,,დესტრუქციული მომენტები’’. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ა.ლ–ძემ, რომელიც მერიის თანამშრომელია, აღნიშნა, რომ სკოლის დირექციამ მიიწვია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, თუმცა იგი ამ სხდომას საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო. მოწმემ განაცხადა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, გარკვეულ ჯგუფსა და სკოლის დირექტორს შორის იყო დაპირისპირება. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ.ნ–მა, რომელიც საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელია, აღნიშნა, რომ ის სამეურვეო საბჭოს წევრია, რომელმაც მოსარჩელე აირჩია სკოლის დირექტორად და შემდგომში უნდობლობა გამოუცხადა მას. მოწმემ მიუთითა, რომ 30 წელია სკოლაში მუშაობს. მოწმემ დაადასტურა, რომ სკოლის დირექტორი უხეშად ექცეოდა სკოლის პედაგოგებს, კერძოდ ოთახიდან გამოაგდო ნ.ფ–ძე, ასევე იყო შემთხვევა, როცა სკოლის პედაგოგს მ.უ–ს უყვიროდა ბავშვების თანდასწრებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ე.ზ–მა, რომელიც საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, იმავდროულად კლასის დამრიგებელი და სამეურვეო საბჭოს წევრია, დაადასტურა სკოლაში დაპირისპირების არსებობა;

7.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ.გ–ძემ, რომელიც სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და სამეურვეო საბჭოს წევრია, მიუთითა, რომ მხარი დაუჭირა სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, მოწმემ აღნიშნა, რომ სკოლის დირექტორი კონფლიქტში იყო სკოლის პედაგოგებთან, ერთ-ერთ პედაგოგს, რომელიც ავად იყო, ასევე არაკორექტულად მიმართა, კერძოდ უთხრა - ყველა კიბოიანი შეიკრიბეთ ამ სკოლაშიო. მოწმემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სამეურვეო საბჭოს სთხოვდა სასწავლო გეგმის დამტკიცებაზე წინა დღეების თარიღებით ხელმოწერას, რაზეც სამეურვეო საბჭომ უარი განაცხადა. მოწმემ აღნიშნა, რომ დირექტორის გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის დღის წესრიგში იყო შიდა აუდიტის დასკვნის განხილვაც და სწორედ ამ დასკვნის განხილვას მოჰყვა შედეგად დირექტორის გათავისუფლება. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ლ.ქ–ძემ, რომელიც საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და იმავდროულად სამეურვეო საბჭოს წევრია, მიუთითა, რომ იგი იყო წინა სამეურვეო საბჭოს წევრი. მოწმემ მიუთითა, რომ სკოლის დირექტორი ცუდად ექცეოდა, იყო შემთხვევა, როცა გაკვეთილიდანაც გამოიყვანა. მოწმემ აღნიშნა, რომ მუდმივად ეშინოდა, სკოლა არ გაყოფილიყო, თავს გრძნობდა დაბალ საფეხურად. მოწმემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით ხელი არაფერზე მოუწერია, ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის დირექტორობის პერიოდში სკოლაში დიქტატურა იყო;

7.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ მ.უ–მა, რომელიც საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგია, მიუთითა, რომ სკოლის დირექტორი მუდმივ კონფლიქტში იყო სკოლის პედაგოგებთან. მოწმემ მიუთითა, რომ 24 წელია, რაც საჯარო სკოლაში მუშაობს და მოსარჩელის დირექტორობის პერიოდი შავ ლაქად დარჩება სკოლას, ვინაიდან მოსარჩელე ლანძღავდა პედაგოგებს და სკოლაში მუდმივად არაჯანსაღი სიტუაცია იყო. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ.კ–ძემ, რომელიც საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, მიუთითა, რომ 15 წელია მუშაობს სკოლაში და მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს იყო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. მოწმემ ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე აძალებდა მას სასწავლო გეგმის ოქმზე წინა დღის თარიღით ხელმოწერას, რასაც არ დათანხმდა. მოწმემ აღნიშნა, რომ შიდა აუდიტის დასკვნა საბჭოს ყველა წევრს დაურიგა. მოწმემ დაადასტურა მოსარჩელის მხრიდან არაკორექტული და არაეთიკური მოქცევის ფაქტები სკოლაში მუშაობის პერიოდში;

7.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ თ.გ–ძემ, რომელიც საჯარო სკოლის დაწყებითი კლასებისა და მუსიკის პედაგოგი, იმავდროულად კი მოქმედი სამეურვეო საბჭოს მდივანია, მიუთითა, რომ მოსარჩელემ ნ.ფ–ძეს მიაყენა შეურაცხყოფა. ეს ფაქტი მან თავად ნ.ფ–ძისგან იცის. მოწმემ დაადასტურა, რომ კენჭისყრაზე დაყენებულ იქნა საკითხი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ასევე სხდომაზე აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა, რის შემდეგადაც გადაწყდა სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ დირექტორის მხრიდან არაკორექტული და არაეთიკური ქცევების გამო 2018 წლის 18 აპრილს სამინისტროში გაიგზავნა წერილი, რომელსაც ხელს აწერდა 69 პედაგოგი და მოთხოვნილ იქნა რეაგირება დირექტორის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე;

7.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ.კ–ძემ, რომელიც საჯარო სკოლის მოსწავლე, თვითმართველობის პრეზიდენტი და სამეურვეო საბჭოს წევრია, დაადასტურა სკოლაში არაჯანსაღი სიტუაციის არსებობის ფაქტი.

7.10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N1110161530 დასკვნით დასტურდება, რომ საჯარო სკოლის დირექტორმა თავის კაბინეტში დირექტორის მოადგილის თანდასწრებით, გეოგრაფიის მასწავლებელს ნ.ფ–ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სიტყვებით ,,გაეთრიე ჩემი კაბინეტიდან“ დაატოვებინა ოთახი. ამ ფაქტს ასევე ადასტურებენ ზემოთ დასახელებული მოწმეებიც, რომელიც სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ. შიდა აუდიტის დასკვნით ასევე ვერ დადგინდა ის ფაქტი, რომ დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ და ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში არ იქნა წარდგენილი. შიდა აუდიტის დასკვნით დგინდება ის გარემოებაც, რომ ყოფილმდა დირექტორმა, გაკვეთილების დაწყებამდე, ერთ-ერთი მოსწავლე - ე.ა–ა, სკოლაში წვერით გამოცხადების გამო, იგი სკოლის შენობიდან გააგდო; ეს ფაქტი სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმაც დაადასტურეს;

7.11. შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებულია სკოლის დირექტორის არაჯანსაღი და არაკორექტული დამოკიდებულება სკოლის პედაგოგის ნ.ჭ–ის მიმართ. ამ დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ სკოლაში 2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მარტის თვემდე, არ ხდებოდა სამსახურში პედაგოგთა და თანამშრომელთა ყოველდღიურად მოსვლა/წასვლის აღრიცხვა. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ყველა იმ არსებულ დარღვევაზე, რაც მითითებულია აუდიტის დასკვნაში და რაც დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა, რომელიც საფუძვლად დაედო დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონის თანახმად, პასუხისმგებელ პირს სკოლის დირექტორი წარმოადგენს;

7.12. მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ საჯარო სკოლაში არაჯანსაღი მდგომარეობა იყო, რაც გამოიხატებოდა დირექტორსა და პედაგოგებს შორის დაპირისპირებაში, ამასთან, სასამართლო სხდომაზე თავად მოსარჩელის მიერ მოწვეულმა მოწმემ დააფიქსირა, რომ სკოლის მოსწავლეებმა გამართეს აქცია დირექტორის - მოსარჩელის წინააღმდეგ სკოლის ტერიტორიაზე, რასაც სასწავლო პროცესის ჩაშლა მოჰყვა. ასევე, დგინდება სკოლის დირექტორის მიერ სკოლის მოსწავლის გაუპარსავი წვერით გამოცხადების გამო სკოლის ტერიტორიიდან გაშვების ფაქტი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსწავლეს აკრძალული აქვს სკოლაში მოუწესრიგებელი (ამ შემთხვევაში გაუპარსავი წვერით) მოსვლა, სკოლის მოსწავლის სკოლის ტერიტორიიდან გაშვება არ შეიძლება, ვინაიდან არასრულწლოვანი პირის სკოლის ტერიტორიიდან გაშვებას შეიძლება მოჰყვეს მძიმე შედეგი, შესაბამისად, დაუშვებელია სკოლის დირექტორმა ან პედაგოგმა ამგვარი სანქცია და სასჯელი გამოიყენოს სკოლის მოსწავლის მიმართ, ვინაიდან ეს არ არის შესაბამისი იმ დარღვევასთან, რაც შესაძლოა არასრულწლოვანმა ჩაიდინოს;

7.13. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შედეგად, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ ცალსახად დგინდება მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტი. სასამართლომ გაიზიარა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, მოპასუხის მიერ მოწვეული მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები და მოპასუხის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული დარღვევები იმგვარი ხასიათისაა, რაც უხეშ დარღვევად უნდა შეფასდეს. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

7.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ 2010 წლის 30 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი, თავისი ფუნქციების შესრულებისას, დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში. ამავე მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების თანახმად, სკოლის დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. სკოლის დირექტორი მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს არ აყენებს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სკოლის დირექტორის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატიური დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით და სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები. შესაბამისად, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 24 ოქტომბრისათვის არსებულ შემადგენლობას გააჩნდა უფლებამოსილება, მიეღო გადაწყვეტილება სკოლის დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

7.15. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კანონიერია, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

8.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განჩინებით სკოლის ყოფილი დირექტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობა (იხ. ამ განჩინების 7.2-7.15 ქვეპუნქტები) და მიუთითა მასზე (საქართველსო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

10. აპელანტის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. აპელანტმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. კასატორის განმარტებით, მისი, როგორც საჯარო სკოლის დირექტორის, პრიორიტეტი და სწრაფვა განათლების სისტემაში არსებული თანამედროვე ტენდეციებისა და მიდგომების სკოლაში დანერგვა იყო. დასაქმებული თავის საქმიანობას მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, მაღალ დონეზე ასრულებდა არაერთ პროექტს, სკოლის წინსვლა ყველა მიმართულებით ხორციელდებოდა და დირექტორის ყველა მოქმედება მოქმედ კანონმდებლობას ეფუძნებოდა. კასატორის განმარტებით, დირექტორის მოადგილის - ქ.ლ–ის უამრავი „ უსამართლო, უკანონო, არაეთიკური ქმედებების ინსპირირებამ გამოიწვია დირექტორსა და სკოლის კოლექტივის ნაწილის დაპირისპირება და მტრული განწყობა. დირექტორის მოადგილის მიერ მართულმა პროცესებმა გამოიწვია დირექტორის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დევნა.

10.3. კასატორმა აღნიშნა, რომ მან ჯერ კიდევ 2016 წლის 28 ოქტომბერს შიდა აუდიტის დეპარტამენტში მყისიერად წარადგინა სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წერილობითი ანგარიში შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2016 წლის 24 ოქტომბერს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს #11 სხდომის ოქმის დადგენილებითი ნაწილის თანახმად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა.

10.4. კასატორის განმარტებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათის იყო და არ შეიძლებოდა იგი გამხდარიყო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. კასატორის განმარტებით, საქმეზე დაკითხული მოწმეები მიკერძოებულნი არიან, რადგან ისინი თავად არიან სამეურვეო საბჭოს წევრები.

10.5. კასატორმა 2020 წლის 8 სექტემბერს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ დარღვეულია მისი უფლება, ისარგებლოს კუთვნილი უფლებებითა და თავისუფლებებით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ეროვნული ნიშნით ან ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების ნიშნით. კასატორი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა უსამართლო ქმედების მიზეზი მისი ეთნიკური წარმომავლობაა. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის მარტში, მის კაბინეტში იმყოფებოდნენ ნ.ფ–ძე და ქ.ლ–ი, რა დროსაც ნ.ფ–ძე აღელვებულად საუბრობდ,ა თუ როგორ აირჩიეს მოსარჩელე ქართულ სკოლაში, რაც აშკარად და პირდაპირ მიუთითებდა მის ეთნიკურ წარმომავლობაზე. კასატორმა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვა, რათა აღმოიფხვრას დასაქმებულის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სშკ-ის 38.8-ე „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“ და 44-ე „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1-ე „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლებით გათვალისწინებული წესები.

16. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 და მე-9 პუნქტები.

17. საკასაციო სასამართლო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით ,,შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“ განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დარღვევას გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიხატოს თანამდებობრივი ინსტრუქციისა და/ან ნორმატიული აქტების დანაწესის შეუსრულებლობაში.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას (რომელმაც, თავის მხრივ, საქალაქო სასამართლოს შეფასებები გაიზიარა), რომ დასაქმებულთან მართლზომიერად შეწყდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისი დასაბუთებით.

19. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას სასამართლო, უპირველესად, ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც კანონმდებელმა დამსაქმებელს მიანიჭა განსაზღვრული თავისუფლება, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის - ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა, თუკი არ არსებობს არც გაფრთხილების, არც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების წინაპირობა, შრომითი მოვალეობების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულება დაუყოვნებლივ შეწყდეს.

21. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი კასატორის გათავისუფლების საფუძვლად, ამ უკანასკნელის მიერ უფლებამოსილების არაეთიკურ და მიკერძოებულ განხორციელებას ასახელებდა, რომლის საფუძვლადაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაზე უთითებდა. დამსაქმებლის განმარტებით, სკოლაში გამოვლენილი იყო სხვადასხვა დარღვევები: დირექტორის მხრიდან არაკოლეგიალური და უხეში დამოკიდებულება პედაგოგების მიმართ, მან ოთახიდან გამოაგდო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ფ–ძეს, პედაგოგ მ.უ–ს დირექტორი მოსწავლეების თანდასწრებით უყვიროდა; მოსარჩელემ არაკორექტულად მიმართა პედაგოგს, რომელიც ავად იყო; სამეურვეო საბჭოს სთხოვდა, რომ სასწავლო გეგმა წინა თარიღით დაემოწმებინათ; სკოლაში წვერით გამოცხადებს გამო მოსწავლე სკოლიდან გაუშვა. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ დარღვევებს მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა (ქვემდგომი სასამართლოებს მიერ დადგენილი სხვა გარემოებებისა და შეფასების თაობაზე იხ. წინამდებარე განჩინების 7.3-7.15 ქვეპუნქტები).

22. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).

23. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, მართებულად გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება და წარდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დროს დადგენილი წესების უხეში დარღვევის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ განჩინებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებული თავის ახსნა-განმარტებაში ადასტურებს, რომ მისი დირექტორობის დროს იყო დარღვევები, თუმცა მიიჩნევს, რომ მას ამის გამო პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, რადგან სკოლის დირექტორის მოადგილის მიერ შეიქმნა არაჯანსაღი და დაძაბული გარემო, მას არ მიეცა შესაძლებლობა სამეურვეო საბჭოს წინაშე თავი ემართლებინა. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ განმარტებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს მათი დაუდასტურებლობის გამო.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა წარმატებით გაართვა თავი მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობას და შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთა. დასაქმებული ვალდებული იყო, კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილ ფარგლებში ემოქმედა, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დასაქმებული საჯარო სკოლის დირექტორი იყო, რაც მას განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებითა და კანონისა და დირექტორის ეთიკის წესების ზედმიწევნით დაცვით ავალდებულებდა სკოლის მართვას (შდრ. სუსგ #ას-514-2019, 04.10.19წ.).

25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

26. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს და შეაფასებს კასატორის მიერ, საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ, 2020 წლის 8 სექტემბერს, გაცხადებულ წერილობით პრეტენზიას მის მიმართ განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე (იხ. ამ განჩინების 10.5 ქვეპუნქტი), რადგან ამის თაობაზე მოსარჩელეს სარჩელშივე უნდა მიეთითებინა, რაც მოსარჩელის სტადიაზე განსახორციელებელი მტკიცების ტვირთიდან გამომდინარეობს. სსსკ-ის XLIV9 თავი დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე სამართალწარმოების თავისებურებებს განსაზღვრავს; დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესი მოქმედებს, რასაც სსსკ-ის 3633-ე მუხლი განსაზღვრავს, კერძოდ, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელდა. კანონმდებლობის ეს დანაწესი იმას გულისხმობს, რომ მოპასუხისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ მოსარჩელე მას დისკრიმინაციულ მოპყრობაში სდებს ბრალს და შესაბამისად, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა ასეთ პრეტენზიას უპასუხოს, იკისროს მისი წილი მტკიცების ტვირთი. ამასთან, სსსკ-ის 3632 - ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე ვარაუდი არ გამოუთქვამს, შესაბამისად, ასეთი პრეტენზია არ შეუსწავლიათ და არ გადაუწყვეტიათ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს. აქედან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია, გაცხადებული საქმის განმხილველ ბოლო ინსტანციაში, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ჩანიშნული სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, განხილული და გადაწყვეტილი ვერ იქნება, რადგან დაუშვებელია სამოქალაქოსაპროცესო კანონმდებლობის მიხედვით. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-478-2020, 03.07.2020წ; № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

27. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, რადგან განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება, აღნიშნულს ვერც კასატორი ასაბუთებს. სსსკ-ის 408.3-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.გ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის ქვითარი N1, გადახდის თარიღი 2020 წლის 9 ივნისი, 70% –210 (ორას ათი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე