Facebook Twitter

საქმე №ას-1452-2019 8 მაისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, მოშლილი სასაზღვრო მიჯნის აღდგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უძრავი ქონება - მდებარე ბორჯომში (სოფელი ......; ს.კ. ....... 24.08; შემდეგში - სადავო ქონება), 2017 წლიდან ზ.მ–ის (შემდეგში - მესაკუთრე, მოსარჩელე) საკუთრებას წარმოადგენს.

2. მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს და სარგებლობს მოპასუხე -ლ.მ–ი (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი).

3.სარჩელის საფუძვლები

3.1. უძრავი ქონების მესაკუთრემ სარჩელი აღძრა არამართლზომიერი მოსარგებლის წინააღმდეგ, წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და ასევე, მოშლილი სასაზღვრო მიჯნის აღდგენა მოითხოვა;

3.2. მოსარჩელემ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 5800 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება მოითხოვა მოპასუხისაგან.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მიერ დარეგისტრირდა ფარულად, კანონსაწინააღმდეგოდ და მოპასუხეს ჰქონდა უძრავი ქონების ფლობისა და სარგებლობის მართლზომიერი უფლება;

4.2. მოსარჩელემ სწორედ მოპასუხის მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაირეგისტრირა სადავო ფართი და საკუთრებად მოპასუხის კუთვნილი წილი აღრიცხა. მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არასოდეს გამოუყენებია, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო მიჯნას, საქმის გარემოებებით არ დასტურდება, რომ იგი მოპასუხემ მოშალა.

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის აღკვეთა და მოშლილი სასაზღვრე მიჯნის აღდგენა; სარჩელი მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

5.1.1. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 316-ე, 317-ე, 352-ე, 992-ე მუხლებით; აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 104-ე მუხლებით.

5.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში აღწერილი გარემოებები და განმარტა: სსკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად: 1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება; 2. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის იმის დამადასტურებელი მტკიცებულების წარედგინა, რომ მოსარჩელეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ ჰქონდა, ასევე, ვერც იმგვარი მიცებულება იქნა წარდგენილი, რაც მოპასუხის მიერ სადავო ნაკვეთის ფლობის მართლზომიერებას დაადასტურებდა; შესაბამისად, სარჩელი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ დაკმაყოფილდა.

5.3. სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი, ხოლო ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, Nას-1206-1166-2016). სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’, ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი;

5.4. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დადასტურება. მოპასუხემ განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოსავლის მოყვანა შეუძლებელია, ვინაიდან ეს ჭაობიანი ადგილი არის. მოსარჩელემ კი წარმოადგინა ინდივიდუალური აუდიტორის მიერ შედგენილი დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის კუთვნილ 2315 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე კარტოფილის მოსავალი, 2018 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, სამი წლის გაანგარიშებით იქნებოდა 8300 კილოგრამი, რომლის საბაზრო ღირებულება 5800 ლარს შეადგენს. საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ, მართალია, წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, მაგრამ ამ დასკვნით არ არის გამოკვლეული ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთზე გადის საკანალიზაციო მილი და ასეთ პირობებში რამდენად ვარგისია მიწის ნაკვეთი მოსავლის მოსაყვანად. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სხვა სახის მტკიცებულება (მოწმეები), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი სადავო მიწის ნაკვეთს მოსავლის მოსაყვანად იყენებდა და ბოლო პერიოდში სწორედ მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების გამო შეწყვიტა მოსავლის მოყვანა. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები უტყუარად დაედასტურებინა.

6. სააპელაციო საჩივარი

6.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6.2. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

7.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სამართლებრივი მსჯელობა (სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) და დამატებით განმარტა:

7.2.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). მოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს შეაფასებს მასში მითითებული ძირითადი ასპექტების ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 2315.00 კვ.მ. მდებარე: ბორჯომი, სოფელი ...... ს.კ. ...... წლიდან მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, ფლობს მოპასუხე და სარგებლობს მისით.

7.2.2. სსსკ-ის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ;

7.2.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტი (მოპასუხე) ფლობს და სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით და მის მიერ სათანადო წესით არ არის გასაჩივრებული მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო ქონების აღრიცხვის საფუძვლის - 2016 წლის 11 აგვისტოს N69/26717 საარქივო დოკუმენტაციის, აზომვითი ნახაზისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 18 აგვისტოს N 02/6295 ადგილზე დათვალიერების ოქმის კანონიერება. სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება; სასამართლოს შეფასებით, აპელანტმა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ გააჩნია სადავო ქონებაზე საკუთრების უპირატესი უფლება, ვერ იქნა დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ამის საპირისპიროდ კი დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო ქონებას ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას და ხელშეშლის აღკვეთას. შესაბამისად, სააპელაციო სასმაართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის მიერ მოხმობილი გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

7.2.4. სასაზღვრო მიჯნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სასაზღვრო მიჯნა დღეისათვის არ არსებობს. არც ისაა სადავო, რომ ეს მიჯნა წლების წინ არსებობდა. სადავოა ის გარემოება, თუ ვინ მოშალა იგი. ამის თაობაზე აპელანტი სარჩელის წინააღმდეგ შეტანილ შესაგებელში უთითებს, რომ მიჯნის მოშლის ფაქტი აბსურდულია, სადავო ნაკვეთი შერწყმულია მის მიწის ნაკვეთთან. ამ განმარტებიდან შესაძლებელია იმ დასკვნის გამოტანა, რომ მოპასუხე მოსარჩელის ნაკვეთსაც მისი მიწის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, ასეთ დროს კი, სასაზღვრო მიჯნის არსებობა ყოველგვარ აზრს კარგავს. მოპასუხის მტკიცებით, სადავო მიწა მისია და შესაბამისად, შეუძლებელია, მას ჰქონდეს სასაზღვრო მიჯნა თავისსავე მიწის ნაკვეთთან. ამ შედავებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასაზღვრო მიჯნის მოშლა მხოლოდ აპელანტის ინტერესში შედიოდა, რათა სადავო მიწის ნაკვეთი გაეერთიანებინა მისსავე მიწის ნაკვეთთან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა ვერ გააბატილა მის მიერ სასაზღვრე მიჯნის მოშლის ფაქტი, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

8.1.1. სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და არ გაიზიარა ის გარემოება, რომ საარქივო ცნობის მიხედვით, სწორედ მოპასუხეს გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის უფლება, მოსარჩელემ კი მისი რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგოდ განახორციელა და ამით ხელყო მოპასუხის კანონიერი უფლება. სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების არაჯეროვნად შესწავლაზე მიუთითებს ფაქტიც, რომ გასაჩივრებული განჩინების შემაჯამებელ დასკვანში მითითებულია არა აპელანტის, არამედ- სხვა პიროვნების გვარი;

8.1.2. სასამართლომ არ განიხილა საქმე სააპელაციო ინსტანციისთვის დადგენილი წესით და ამის ნაცვლად, პირველი ინსტანციის მოსამართლის დაცვას შეუდგა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (შეად. სუსგ-ებებს: №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-901-867-2016, 09.12.2016 წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად არის მოძიებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და, შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთიც სწორად არის გადანაწილებული. სსსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად „ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას“, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“. ამავე კოდექსის 115-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ სადავო არ არის მოსარჩელის საკუთრების უფლება, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოპასუხის შედავება დაფუძნებულია მხოლოდ იმაზე, რომ მოსარჩელე არამართლზომიერად ფლობს საკუთრებას, რაც სამართლებრივად ვერ აბათილებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ისიც, რომ მოპასუხე წლების განმავლობაში სარგებლობდა სადავო ფართით ისე, რომ არ გააჩნდა საამისო სამართლებრივი საფუძველი. მაშასადამე, ილახება მოსარჩელის უფლება, თავისი სურვილისამებრ ფლობდეს და სარგებლობდეს მის საკუთრებაში არსებული ქონებით, ან არ დაუშვას სხვა პირთა მიერ მისი საკუთრებით სარგებლობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი). „საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: ზარანდია თ., სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245)“. გასაჩივრებული განჩინება სავსებით შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (შეადრ. სუსგ-ებებს: № ას-1454-2019, 2020 წლის 24 აპრილის განჩინება; № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

14. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია მოპასუხის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.მ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე ე.გ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 14 თებერვალი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე