Facebook Twitter

საქმე №ას-1665-2019 10 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საჩივრის ავტორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (საარბიტრაჟო მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – T.c.G.......(საარბიტრაჟო მოპასუხე)

მეორე საჩივრის ავტორი - T.c.G.......(საარბიტრაჟო მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (საარბიტრაჟო მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

პირველი საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში, გაუქმება და განცხადების სრულად დაკმაყოფილება

მეორე საჩივრის ავტორის მოთხოვნა - საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდეგში: დეპარტამენტი, განმცხადებელი, პირველი საჩივრის ავტორი ან საარბიტრაჟო მოსარჩელე) თავმჯდომარის ი.ქ–ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. დეპარტამენტის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სს „ტ.კ.ჟ.-ს ფილიალი ტოდინი ს.პ.ა. ფ.თ“-ს (ს/ნ ......; შემდეგში: სს, მეორე საჩივრის ავტორი, საარბიტრაჟო მოპასუხე ან კონტრაქტორი) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული, 171 ერთეული სატრანსპორტო საშუალების განკარგვა და უფლებრივად დატვირთვა, რაც გულისხმობს ამ სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების, დაგირავებისა და მესამე პირების სასარგებლოდ მათი უფლებრივად დატვირთვის აკრძალვას;

1.2. ასევე, ყადაღა დაედო, სს „ს.ბ–ში“, სს-ის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე - GE16BG00000002543... არსებულ ფულად სახსრებს - 113 105 997.00 ლარის, 5 415 262.38 ევროსა და 4 621 461.62 აშშ დოლარის ფარგლებში, მაგრამ ანგარიშზე არსებული, ან/და ჩარიცხული თანხის არაუმეტეს 50%-ისა;

1.3. არ დაკმაყოფილდა დეპარტამენტის მოთხოვნა, 113 105 997 ლარის, 5 415 262.38 ევროსა და 4 621 461.62 აშშ დოლარის ფარგლებში, ერთობლივი საწარმოს - T.c.G..... S.p.a – T.C.l. E. & C.Co. L-ის მიერ, სს „ს.ბ–ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე - GE39BG000000319....., არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების ნაწილში;

1.4. არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა, 113 105 997 ლარის, 5 415 262.38 ევროსა და 4 621 461.62 აშშ დოლარის ფარგლებში, ერთობლივი საწარმოს - T.c.G..... S.p.a – T.C. . & C.C. L.-ის ფულად მოთხოვნებზე ყადაღის დადების თაობაზე, დეპარტამენტის მიმართ, რაც გამომდინარეობს 2013 წლის 11 მარტს, E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზის მშენებლობის მიზნით გაფორმებული EWHIP/CW/ICB-03 ხელშეკრულებიდან. ასევე არ დაკმაყოფილდა დეპარტამენტის მოთხოვნა ერთობლივი საწარმოსათვის - T.c.G..... S.p.a – T.C. . & C.C. L.-სათვის, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხისა და სხვა თანხების მოთხოვნისა და მიღების აკრძალვის თაობაზე;

1.5. არ დაკმაყოფილდა დეპარტამენტის მოთხოვნა - „აეკრძალოს დეპარტამენტს, ერთობლივ საწარმოსა და დეპარტამენტს შორის, 2013 წლის 11 მარტს, E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზის მშენებლობის მიზნით გაფორმებული EWHIP/CW/ICB-03 ხელშეკრულების ფარგლებში, ერთობლივი საწარმოს - T.c.G..... S.p.a – T.C. . & C.C. L.-ს მოთხოვნის საფუძველზე დაყენებული ან მომავალში დასაყენებელი ნებისმიერი თანხის გადახდა, 113 105 997 ლარის, 5 415 262.38 ევროსა და 4 621 461.62 აშშ დოლარის ფარგლებში“;

1.6. განმცხადებელს, ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 -დღიანი ვადა მიეცა საარბიტრაჟო სარჩელის წარსადგენად და განემარტა, რომ თუ იგი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენდა საარბიტრაჟო სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით, ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანდა განჩინებას, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ.

2. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრეს როგორც განმცხადებელმა, ასევე სს-ამ. პირველი საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და განცხადების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მეორე საჩივრის ავტორმა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.საარბიტრაჟო მოპასუხემ ასევე მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეჩერება.

3. პირველი საჩივრის ავტორის განმარტებით, დეპარტამენტის მიერ განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაწილობრივ დაკმაყოფილება (რაც გათვალისწინებულია სადავო განჩინებით) საკმარისი არ არის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, შემდგომში მნიშვნელოვნად გართულდება ან შეუძლებელი გახდება დეპარტამენტის კანონიერი ინტერესების განხორციელება, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საარბიტრაჟო მოპასუხე, სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით, განახორციელებს ისეთ ქმედებას, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის ან დააბრკოლებს სს-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნულმა გარემოებებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პირველი საჩივრის ავტორის ქონებრივ ინტერესებს.

4. განმცხადებლის განმარტებით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების დროულად გაუტარებლობის შემთხვევაში, განკარგული იქნება შესაბამისი ქონება და ფულადი სახსრები, რაც შემდგომში ფაქტობრივად გამორიცხავს ან/და გააძნელებს დეპარტამენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ ქმედებით კი დიდი ზიანი მიადგება სახელმწიფოს ინტერესებს, რაც ნეგატიურად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე, რომელიც დაკარგავს დიდი ოდენობით ფულად სახსრებს, 113 105 997 ლარს, 5 415 262.38 ევროსა და 4 621 461.62 აშშ დოლარს.

5. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა კონტრაქტორის (სს) შემდგომი ქმედებების მნიშვნელოვანი რისკი - დეპარტამენტის მიერ წარდგენილი კორესპონდენციებით ნათელია, რომ კონტრაქტორი, საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას. ის არ აპირებს ინჟინრის მიერ, ხელშეკრულების შესაბამისად, მიღებული სამართლიანი განსაზღვრების აღსრულებას და დეპარტამენტისთვის კუთვნილი თანხების, მათ შორის, პირდაპირ გადახდილი ავანსის თანხის - 16 565 089.20 ლარის, 2 099 584.17 ევროსა და 2 293 158.52 აშშ დოლარის ანაზღაურებას. დეპარტამენტის მოთხოვნების მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებით სასამართლომ კონტრაქტორს დაუტოვა შესაძლებლობა, თავი აარიდოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი ვალდებულებების შესრულებას და მნიშვნელოვნად გაართულოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხების ანაზღაურების პროცესი.

6. პირველი საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ერთობლივ საწარმოში - T.c.G..... S.p.a – T.C. . & C.C. L.-ში წამყვანი პარტნიორის - T.c.G..... S.p.a-ს როლი. კერძოდ, კონტრაქტორის წილობრივი მონაწილეობა ერთობლივ საწარმოში შეადგენს 60%-ს და მას, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, თანხების სრულად განკარგვის უფლება აქვს. შესაბამისად, როგორც კი მოხდება თანხის ანაზღაურება ერთობლივი საწარმოსთვის - T.c.G..... S.p.a – T.C. . & C.C. L.-ისათვის, ეს თანხები მიექცევა კონტრაქტორის განკარგვის სფეროში,რასაც ის დიდი ალბათობით სრულად გამოიყენებს.

7. საარბიტრაჟო მოსარჩელემ აღნიშნა, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ 2013 წლის 11 მარტს გაფორმებული EWHIP/CW/ICB-03 ხელშეკრულების ფარგლებში დეპარტამენტი წარმოადგენს სხვა პირს. ამ ხელშეკრულების შესაბამისად, მოთხოვნას თანხის გადახდაზე ერთობლივი საწარმო - T.c.G..... S.p.a – T.C. . & C.C. L. წარუდგენს ინჟინერს და ინჟინერი გამოსცემს გადახდის სერტიფიკატს (როგორც ეს მითითებულია დეპარტამენტის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში). ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ერთობლივ საწარმოს - T.c.G..... S.p.a – T.C. . & C.C. L.-ს უკვე წარდგენილი აქვს 2019 წლის 18 სექტემბერს საბოლოო ანგარიშსწორების სერთიფიკატის პროექტი ინჟინრისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ერთობლივ საწარმოს - T.c.G..... S.p.a – T.C. . & C.C. L.-ს აეკრძალოს თანხის მოთხოვნის უფლება, არამედ დეპარტამენტს აეკრძალოს მისთვის თანხის გადახდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში.

8. განმცხადებელმა აღნიშნა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დეპარტამენტს არ ექნება ბერკეტი, არ აუნაზღაუროს მოთხოვნილი თანხა ერთობლივ საწარმოს. იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტი არ გადაიხდის ამ თანხებს, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ფინანსური ხარჯის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 11 მარტს გაფორმებული EWHIP/CW/ICB-03 ხელშეკრულების ზოგადი პირობების 14.8 მუხლის შესაბამისად, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯის გაწევას. იმ შემთხვევაში კი, თუ დეპარტამენტს აეკრძალება ერთობლივი საწარმოსთვის - T.c.G..... S.p.a – T.C. . & C.C. L.-ისთვის თანხების გადახდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტი არ დაკარგავს ზედმეტ თანხებს ფინანსური ხარჯის სახით და შეუნარჩუნდება ის თანხები, რომლებიც შემდგომში გამოყენებული იქნება ზიანის ანაზღაურების მექანიზმად საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

9. მეორე საჩივრის ავტორის განმარტებით, არ არსებობდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები. საარბიტრაჟო შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც მოცემულია N EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულების მე-20 მუხლში, ნაადრევია განმცხადებლის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოსათვის მიმართვა, რადგან მხარეთა შეთანხმების მიხედვით, დავა განხილული უნდა იქნეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავების განმხილველი საბჭოს მიერ, რისთვისაც 20.4 პუნქტით გათვალისწინებულია 84 დღე, თუ სხვა ვადა არ იქნება შეთანხმებული. დავების განმხილველი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, თუ ასეთი გადაწყვეტილება არ გახდება სავალდებულო და საბოლოო, მხარეებმა დავის გადაწყვეტა უნდა შეეცადონ მორიგების გზით, რისთვისაც იმავე ხელშეკრულების 20.5 პუნქტი აწესებს 56 დღეს. მხარეთა შორის მორიგების შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა საბოლოოდ უნდა გადაწყდეს არბიტრაჟის გზით. განსახილველ შემთხვევაში, არბიტრაჟისათვის მიმართვამდე განმცხადებელს ამოწურული არ აქვს დავის გადაწყვეტის სავალდებულო წინაპირობები, რის გამოც ის უფლებამოსილი არ არის, კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში აღძრას საარბიტრაჟო სარჩელი. სასამართლომ კი ისე დააკმაყოფილა განმცხადებლის შუამდგომლობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, რომ არ იმსჯელა და არც კი მიუთითა საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რომელზედაც მას სავალდებულო წესით უნდა ემსჯელა სსსკ-ის 35618-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

10. საარბიტრაჟო მოპასუხის მტკიცებით, განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნილი იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ. სადავო განჩინების მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის #1589 განკარგულებით განისაზღვრა საარბიტრაჟო დავის დაწყება და დადგინდა, რომ სახელმწიფო ინტერესების დამცველად საერთაშორისო არბიტრაჟში განისაზღვრა იუსტიციის სამინისტრო. მიუხედავად ამისა, განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეტანილი იქნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის და არა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ.

11. ამასთან, სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ არის გადაუდებელი საარბიტრაჟო სარჩელის უზრულნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ასევე არ გაითვალისწინება საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებები და მისი გადაწყვეტილების აღსრულებადობა ნიუ- იორკის კონვენციის შესაბამისად.

12. მეორე საჩივრის ავტორმა აღნიშნა, დაუსაბუთებელია განმცხადებლის მითითება, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს არ გააჩნია საკმარისი ქონება, ვინაიდან მის ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს არა საქართველოში მოქმედი უცხოური საწარმოს ფილიალი, არამედ წარმატებული კომპანია - T.c.G..... S.p.A, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს პროექტებს, რომელთა ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიარდი ევროა. კომპანიის მხრიდან ქონების გასხვისების თაობაზე საფრთხის მითითებისას, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რამდენად არსებობდა რისკი, რომ სს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს საქმიანობას, შეწყვეტს ყველა მიმდინარე პროექტს და გაასხვისებს საკუთარ აქტივებს, განმცხადებლის მიმართ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.

13. საარბიტრაჟო მოპასუხის განმარტებით, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ დაიცვა უფლებათა დაცვის პროპორციულობის პრინციპი, არ დაიცვა სამართლიანი ბალანსი მხარეთა ინტერესებს შორის და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოიყენა უკიდურესი, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების და ასევე, სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის ღონისძიება, რითაც ხელყო საარბიტრაჟო მოპასუხის შესაძლებლობა, შეასრულოს მესამე პირთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ნეგატიური ეფექტი, რომელიც გარდაუვლად ექნება გასაჩივრებულ განჩინებას საერთაშორისო კონტრაქტორის საქმიანობაზე, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს კომპანიის საქმიანობას საქართველოში და მის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში გამოცხადებულ ტენდერებში და აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დეპარტამენტისა და სს-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საჩივრები, საქმის მასალებთან ერთად, საკასაციო სასამართლოში გადმოიგზავნა.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 35613-ე მუხლის პირველი ნაწილით, 35618-ე მუხლის მეორე ნაწილით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 23-ე მუხლით, სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სარწმუნო და დამაჯერებელ საფუძველზე, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა ეს დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

16. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ დეპარტამენტსა და სს-ს შორის 2017 წლის 27 ივნისს, გაფორმდა №EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულება, E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია - გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება 138 042 409.99 ლარს შეადგენდა. კონტრაქტორს სამუშაოების დაწყების უფლება მიეცა 2017 წლის 12 ივლისიდან. ხელშეკრულების ზოგადი და სპეციალური პირობების 1.1.3.3 პუნქტის შესაბამისად, მას სამუშაოები უნდა დაესრულებინა 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში, ანუ 2019 წლის 12 ივლისს.

17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მითითებით, კონტრაქტორი მუდმივად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ინჟინერმა ორჯერ მისცა კონტრაქტორს გამოსწორების შეტყობინება და მოუწოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ, თუმცა უშედეგოდ. სამუშაოების დასრულების ვადის 79%-ის გასვლის, კერძოდ, სამუშაოების დაწყებიდან 19 თვის შემდეგაც, კონტრაქტორს შესრულებული ჰქონდა სამუშაოების დაახლოებით 2%. დეპარტამენტის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კონტრაქტორმა არ წარმოადგინა შესაბამისი საბანკო გარანტიები და ვერ უზრუნველყო, დაებრუნებინა დეპარტამენტისათვის, მის მიერ მიღებული დაუქვითავი ავანსის თანხა 16 565 089.20 ლარი, 2 099 584.17 ევრო და 293 158.52 აშშ დოლარი. დეპარტამენტმა 2019 წლის 18 თებერვალს კონტრაქტორს გაუგზავნა ხელშეკრულების შეწყვეტის წერილი. 2019 წლის 4 მარტს კი დაადასტურა ხელშეკრულების ზოგადი პირობების 15.2 პუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გათვალისწინებული 14-დღიანი პერიოდის გასვლა და ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა ეფექტური. განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2017 წლის 27 ივნისის №EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ის აპირებს საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრას სს-ის წინააღმდეგ, 113 105 997 ლარის, 5 415 262.38 ევროს და 4 621 461.62 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. შესაბამისად, სარჩელი, რომლის უზრუნველყოფა მოახდინა სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით, მიკუთვნებითი კატეგორიისაა, ანუ ის წარმოადგენს აღსრულებით სარჩელს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელის შემთხვევაშია), არამედ - მოპასუხის ნებაზე. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში კი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებისაგან აღსრულების ეტაპზე.

18. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

19. განსახილველ შემთხვევაში, დეპარტამენტის განცხადებამ სააპელაციო სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით, საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება საფრთხე შეექმნას გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მეორე საჩივრის ავტორის მტკიცება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობების არარსებობის თაობაზე და განმარტა, რომ მეორე საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის დაუშვებლობისა და მისი დაუსაბუთებლობის შესახებ არ შეიძლება სადავო განჩინების გაუქმების საფუძველი გახდეს, ვინაიდან მხარის მიერ მითითებული ეს გარემოებები, წარმოადგენს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის მიღებისა და სარჩელის არსებითი განხილვის საგანს და მასზე საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სარჩელის მიღებისა და საქმის არსებითი განხილვის დროს. გარდა ამისა, დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მტკიცება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უფლებათა დაცვის პროპორციულობის დარღვევისა და არაადეკვატური უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ვინაიდან, სასამართლომ სწორედ მოსარჩელის უფლებასა და მოპასუხის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაადო მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მაგრამ ანგარიშზე არსებული, ან/და ჩარიცხული თანხის არაუმეტეს 50%-ისა. ასევე, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით არ გამოიყენა ყადაღა მოპასუხის კუთვნილ მოძრავ ქონებაზე და მიიჩნია, რომ მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების) გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვით საკმარისად იქნებოდა უზრუნველყოფილი როგორც მოსარჩელის მოთხოვნის აღსრულების შესაძლებლობა, ასევე, უძრავი ქონების მესაკუთრის ინტერესები - სამეწარმეო მიზნებისათვის, დანიშნულებისამებრ ისარგებლოს უძრავი ქონებით.

20. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნიაა მეორე საჩივრის ავტორის მტკიცება, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების არაუფლებამოსილი პირის მიერ აღძვრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ხელშემკვრელ და საარბიტრაჟო დავის წარმოებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელმაც კანონით დადგენილ 10 - დღიან ვადაში, 2019 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით და საერთაშორისო იურიდიული კომპანიის - White and Case-ს მეშვეობით აღძრა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟში.

21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მან უზრუნველყო პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, სამართლიანი ბალანსის დაცვა მხარეთა ინტერესებს შორის.

22. ასევე უსაფუძვლოა პირველი საჩივრის ავტორის მოთხოვნა ერთობლივ საწარმოსთან - T.c.G..... S.p.a – T.C. . & C.C. L.-სთან მიმართებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების შესახებ, ვინაიდან სსსკ-ის 191 მუხლის დისპოზიციის თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს აღძრულ ან აღსაძრავ სარჩელთან. ამასთან, სსსკ-ის 198-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები (ყადაღის დადება და მოქმედების შესრულების აკრძალვა) დასაშვებია გამოყენებული იქნეს მოპასუხის სტატუსის მატარებელი პირის მიმართ. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება.

23. სსსკ-ის 194-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულებას, მაგრამ სასამართლოს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ მეორე საჩივრის ავტორს რაიმე გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლოს შეექმნებოდა რწმენა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების აუცილებლობის ან მიზანშეწონილობის თაობაზე, არ მიუთითებია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ მოთხოვნის აღძვრა და სათანადო არგუმენტების გარეშე, ზოგადი ხასიათის მითითება მოსალოდნელ შესაძლო ზიანზე, საკმარისი არ არის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოქმედების შესაჩერებლად.

24. საარბიტრაჟო მოსარჩელემ 2020 წლის 22 იანვარს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის წერილი, რომელშიც საარბიტრაჟო სასამართლოს სამდივნო ადასტურებს დეპარტამენტის საარბიტრაჟო სარჩელის განსახილველად მიღებას 2019 წლის 25 ოქტომბრიდან და მიუთითებს, რომ საარბიტრაჟო განხილვა დაწყებულია ამ თარიღიდან. განცხადებას ასევე ერთვის საერთაშორისო სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის წერილი, რომლითაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო აქვეყნებს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას საერთაშორისო ტრიბუნალისთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება.

25. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

26. სპეციალური კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსსკ-ის 35618-ე, 192-ე, 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

27. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).

28. სსსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

29. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სარწმუნო და დამაჯერებელ საფუძველზე, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიება მართლზომიერია შემდეგ გარემოებათა გამო (შდრ. სუსგ #ას-1586-2018, 26.10.18 წ.):

30.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, პირველი საჩივრის ავტორის (დეპარტამენტის; საარბიტრაჟო მოსარჩელის) ძირითადი მოთხოვნა და პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ იგი დამატებით ითხოვს საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებას და მიიჩნევს, რომ უკვე გამოყენებული ზომები საკმარისი არ არის, შესაძლოა საარბიტრაჟო მოპასუხემ ქონება გაასახვისოს და საბოლოოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე დადგეს (იხ. წინამდებარე განჩინების 3 - 8 პუნქტები);

30.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ამახვილებს ყურადღებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.);

30.3. მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი, რაც მართებულად განმარტა სააპელაციო სასამართლომ. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

30.4. ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეულ იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

30.5. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ ფარგლებში, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება.

30.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება სრულად ამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს და იცავს საარბიტრაჟო მოსარჩელეს შემდგომში შესაძლო მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებისაგან. სწორედ ამიტომ არ არსებობს არც დამატებითი ღონისძიებების გამოყენების და არც უკვე არსებულის გაუქმების წინაპირობები; პირველი საჩივრის ავტორი დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად უკვე გამოყენებული ღონისძიებების გარდა, დამატებითი ღონისძიებების გამოყენების საფუძველს.

30.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის აღძვრამდე სავსებით აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უზრუნველსაყოფი მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით მოპასუხის უფლების პროპორციულად შეზღუდვის თაობაზე. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (შეად. სუსგ-ებს # ას- 437-437-2018, 28.05.2018წ.; # ას-1586-2018, 26.10.2018წ.). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, შესაბამისად, უარყოფილია პირველი საჩივრის ავტორის პრეტენზია.

31.მეორე საჩივრის ავტორი (კონტრაქტორი; საარბიტრაჟო მოპასუხე) საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ დარღვეულია საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის პროცედურა, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არაუფლებამოსილი პირის მიერაა წარდგენილი, სასამართლომ არ გაითვალისწინა ნიუ იორკის კონვენციის მოთხოვნები, გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის არაპროპორციული ზომა და არ არსებობს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ შესაძლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე; გასაჩივრებული განჩინებიდან არ იკვეთება, მიუთითა თუ არა განმცხადებელმა სასამართლოს, რომ ხელშეკრულების მე-20 მუხლის თანახმად, რომელშიც საარბიტრაჟო შეთანხმებაზეა მითითება, საარბიტრაჟო მოსარჩელემ დაარღვია დასახელებული მუხლის მოთხოვნა; სასამართლომ იმსჯელა და ისე დააკმაყოფილა შუამდგომლობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, რომ არც კი მიუთითა საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რომელზედაც ვალდებული იყო, ემსჯელა სსსკ-ის 35618 -ე მუხლის დანაწესის მიხედვით; სასამართლოს არ დაუსაბუთებია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება რატომ არის გადაუდებელი; სასამართლომ არ გაითვალისწინა საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებანი და მისი გადაწყვეტილების აღსრულებადობა ნიუ იორკის კონვენციის თანახმად; ასევე, არ უმსჯელია, თუ რატომ გართულდებოდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება; გასაჩივრებული განჩინებით არ არის დაცული მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოიყენა უკიდურესი ზომა- საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება; სასამართლომ არ გაითვალისწინა მოდავე მხარეებისა და დავის თავისებურებები, საერთაშორისო კონტრაქტორს აუკრძალა სატრანსპორტო საშუალებების განკარგვა ან უფლებრივად დატვირთვა, რომლებიც სამუშაოთა საწარმოებლად გამოიყენება, რითაც ეს საშუალებები შეზღუდა საქართველოში ფილიალის საქმიანობით; სასამართლომ არ შეაფასა საერთაშორისო კონტრაქტორის საქმიანობაზე ის ნეგატიური ეფექტი, რომელიც გარდაუვალი იქნება გასაჩივრებული განჩინებიდან გამომდინარე, რადგან საფრთხის წინაშე დგება კონტრაქტორის საქმიანობა საქართველოში და მისი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ტენდერებში როგორც საქართველოში, ისე - მის ფარგლებს გარეთ და შეასრულოს აღებული ვალდებულებები;

31.1. საარბიტრაჟო მოპასუხემ მიუთითა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლსა და სსსკ-ის 35618-ე მუხლის მოთხოვნებზე, რომელთა შესაბამისად, დასაშვებია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვა გადაუდებელ შემთხვევაში, რა დროსაც გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო თავისებურებათა გათვალისწინებით. საჩივრის ავტორის მტკიცებით, ირღვევა საჯარო მართლწესრიგი, რადგან მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ეწინააღმდეგება ასეთი ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მოუწოდებს და/ან ხელს უწყობს მოდავე მხარეს საარბიტრაჟო შეთანხმების დარღევისაკენ.

31.2. საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივართან დაკავშირებით, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს განცხადების არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენაზე, რადგან თუკი ეს პრეტენზია დასაბუთებული იქნებოდა, მაშინ სხვა პროცედურული და სამართლებრივი საკითხების კვლევის საჭიროებას გამოეცლებოდა საფუძველი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში ასახულ შეფასებას და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მისი ინტერესების დაცვის მიზნით იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს (იხ. სამინისტროსათვის მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის # 1589 განკარგულება - ტ. 2, ს.ფ.317-318), ხოლო ეროვნულ სასამართლოში განცხადების შეტანა სწორედ დეპარტამენტის წარმომადგენელს შეეძლო, რადგან დეპარტამენტი არის კონტრაქტორთან ხელშემკვრელი მხარე. კონტრაქტორს არ წარმოუდგენია ამ გარემოების საწინააღმდეგოდ სამართლებრივად წონადი მტკიცებულება. ამდენად, განცხადება უფლებამოსილი პირის მიერ არის წარდგენილი.

31.3. საარბიტრაჟო მოპასუხის (კონტრაქტორის) სხვა პრეტენზიებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, უწინარესად, მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არსებობს თუ არა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობები. ამ თვალსაზრისით, უპირველესად, საყურადღებოა განცხადების დასაშვებობის საკითხი, რადგან საარბიტრაჟო განხილვა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას კი არ წარმოადგენს, არამედ, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა და სასამართლო კონტროლის მინიმალურ სტანდარტს ადგენს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2-ე მუხლი “დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული”. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განხილვის უფლებამოსილება გააჩნია სააპელაციო სასამართლოს (სსსკ-ის 35613.3 მუხლი) და სსსკ-ის 35618-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფისათვის კანონმდებელი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის დადგენილი სტანდარტით სარგებლობის აუცილებლობას (შეად. სუსგ-ას # ას-1603-2019, 31.01.2020წ.).

31.4. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესებიდან გამომდინარეობს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის დებულებები გამოიყენება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არის საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა საარბიტრაჟო განხილვა საქართველოს ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს. ამასთან, ორივე შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის სამართალი ან სამართლებრივი სისტემა აირჩიეს მხარეებმა მათ შორის წარმოშობილი დავის მოსაწესრიგებლად. ეს მსჯელობა შეესატყვისება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსს, რომლის მიხედვით, მხარეთა ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე, გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმები დავის შინაარსობრივი ნაწილის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის ნორმებია. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმება საერთაშორისო არბიტრაჟზე, მათივე შეთანხმებით იმას გულისხმობს, რომ საარბიტრაჟო წარმოება შედგება ქალაქში, სადაც მდებარეობს მხარეთა მიერ შერჩეული საარბიტრაჟო დაწესებულების მთავარი ოფისი ან რომელიმე სხვა ადგილას, რომელიც შერჩეულია შესაბამისი საერთაშორისო წესების საფუძველზე (იხ. ხელშეკრულების 20.6 მუხლი- არბიტრაჟი, - ტ.1, ს.ფ.288). შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები სარჩელის უზრუნვეყოფის შესახებ, მაგრამ, ამ წესების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებები. საერთაშორისო არბიტრაჟის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია უპირატესად საერთაშორისო ხელშეკრულებებში, კანონებში და საარბიტრაჟო რეგლამენტებში. საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, უპირველესად, აღსანიშნავია 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენცია, რომელზეც მეორე საჩივრის ავტორი უთითებს. დასახელებული კონვენცია საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ფუნდამენტია და იგი საქართველოსთვის ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით. მითითებული კონვენცია არ შეიცავს სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შიდა სამართლის გამოყენების ამკრძალავ ნორმებს. უფრო მეტიც, კონვენცია პირდაპირ მიუთითებს ეროვნულ სამართალზე, როცა საკითხი ეხება უცხოური და არაადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცედურას (მუხლი 3). არბიტრაჟთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიც არსებობს, მაგალითად, საერთაშორისო სავაჭრო არბიტრაჟის შესახებ 1961 წლის ევროპული კონვენცია; ვაშინგტონის 1965 წლის კონვენცია; მოსკოვის 1972 წლის და კიევის 1992 წლის კონვენციები, რომლებთანაც საქრთველო არ არის მიერთებული და, შესაბამისად, ამ კონვენციებს საქართველოსათვის სავალდებულო ძალა არ გააჩნიათ. საერთაშორისო არბიტრაჟის ნორმატიულ საფუძვლებზე მითითებისას, შეუძლებელია UNCITRAL-ის 1985 წლის (2006 წელს მიღებული ცვილებების გათვალისწინებით) მოდელურ კანონის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ მიუთითებლობა, რომელიც საერთაშოსრისო არბიტრაჟის მომწესრიგებელი ნორმების უნიფიცირებულ კანონს წარმოადგენს. ეს კანონი მიღებულია გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის მიერ, რომელთან დაკავშირებითაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ყველა სახელმწიფომ დადგენილი წესით მხედველობაში უნდა მიიღოს მოდელური კანონი, ვინაიდან სასურველია კანონის ერთგვაროვნება არბიტრაჟის პროცედურებთან და საერთაშორისო კერძო არბიტრაჟის პრაქტიკის კონკრეტულ მოთხოვნებთან მიმართებაში“. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის მარეგულირებელი კანონმდებლობის უნიფიცირების ფორმად სპეციალურად შეირჩა მოდელური კანონი და არა კონვენცია, ვინაიდან მოდელური კანონი, კონვენციისგან განსხვავებით, იძლევა საშუალებას მოხდეს, ერთი მხრივ, არბიტრაჟის მარეგულირებელი კანონმდებლობის უნიფიცირება მსოფლიო დონეზე, მეორე მხრივ კი, თითოეული სახელმწიფო ინარჩუნებს კანონში მისი სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინების შესაძლებლობას. ზემოხსენებული მოდელური კანონი იმპლემენტირებულ იქნა სამოცდაათზე მეტ ქვეყანასა და შტატში. ქვეყნების ნაწილმა მოახდინა ამ კანონის პირდაპირი რეცეფცია, მასში ცვილებების შეტანის გარეშე. სხვა ქვეყნებმა მიიღეს მოდელური კანონის სულისკვეთებით გამსჭვალული თანამედროვე კანონები არბიტრაჟის შესახებ. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი სწორედ ამ მოდელური კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტია, რომელშიც ასახულია მოდელური კანონის ძირითადი დანაწესები, მათ შორის - წესები საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (შეად. სუსგ-ას # ას-538-511-2013, 03.7.2013წ.) ;

31.5. საარბიტრაჟო მოპასუხის პრეტენზია, რომ ნაადრევი იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობა იმ პირობებში, როდესაც მას არ გამოუკვლევია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-20 მუხლის წინაპირობები დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

31.5.1. მხარეთა შეთანხმების მიხედვით 20.2-ე მუხლი ითვალისწინებს დავების გადატანის შესაძლებლობას საპრეტენზიო საბჭოში (DB) და შესაბამისად, 20.3-20.4-ე მუხლები განსაზღვრავს საპრეტენზიო საბჭოს წევრების შერჩევის, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების, საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარის მიერ შემდგომი ქმედების წესებსა და პროცედურებს, 20.5-ე მუხლი კი ადგენს მშვიდობიანი მოგვარების წინაპირობას, რომლის მიხედვით „....თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, საარბიტრაჟო წარმოება შეიძლება დაიწყოს ორმოცდამეთქვსმეტე დღეს ან მის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის და საარბიტრაჟო წარმოების დაწყების განზრახვის შესახებ შეტყობინების მიწოდების დღიდან, იმ შემთხვევაშიც კი თუ არ მომხდარა დავის მეგობრულად მოგვარების რაიმე მცდელობა“. ხელშეკრულების 20.6-ე მუხლის მიხედვით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ განსაკუთრებულ პირობებში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ნებისმიერი დავა, რომელიც მეგობრულად არ არის მოგვარებული და რომლის მიმართაც DB-ს გადაწყვეტილება (თუ გამოტანლია) არ გახდა საბოლოო და ხელშემკვრელი, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ (იხ. ტ.1, ს.ფ.283-290). საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2019 წლის 24 ოქტომბერს კონტრაქტორის (საარბიტრაჟო მოპასუხის) მიმართვის საფუძველზე იმსჯელა დავების საბჭომ წინასწარი საშუალების შესახებ, რომელიც ეხებოდა სახელშეკრულებო დებულებებს არბიტრაჟის დაწყებამდე არსებულ პირობებთან დაკავშირებით. დავების საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში, უწინარესად, იმსჯელა იურისდიქციის შესახებ და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 20.4, 20.5 და 20. 6 მუხლების ფორმულირება არის ნათელი, მაგრამ კონტრაქტორის კითხვაზე, დაირღვა თუ არა ამ დებულებების პირობები, როდესაც დაიწყო საარბიტრაჟო წარმოება წინმსწრები პირობების დაკმაყოფილებამდე, პასუხი არ შეიძლება გაეცეს საქართველოს კანონის იზოლირების პირობებში, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს გამონაკლისებს. საბოლოოდ, დავების საბჭომ უარი განაცხადა კონტრაქტორის განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ დავების საბჭოს შესაბამისი იურისდიქცია არ გააჩნია (იხ. დავების საბჭოს გადაწყვეტილება- ტ. 5, ს.ფ.262-270). მიუხედავად იმისა, რომ დავების საბჭოს დასახელებული გადაწყვეტილება, როგორც აღინიშნა, მიღებულია 2019 წლის 24 ოქტომბერს, ანუ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინების მიღებამდე, ეს სამართლებრივად მაინც არ ცვლის ვითარებას, რადგან სააპელაციო სასამართლომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მართებულად იმსჯელა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიების გამოყენებაზე და მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება; საკასაციო სასამართლომ დავების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ იმ თვალსაზრისით გაამახვილა ყურადღება, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელემ გამოიყენა კანონით მინიჭებული შესაძლებლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ხოლო რაც შეეხება საარბიტრაჟო შეთანხმების შინაარსზე არსებითად მსჯელობის უფლებამოსილებას, რომელიც, ასევე, მოიცავს, საარბიტრაჟო განსჯის დაწყებამდე მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პროცედურების მართებულობის კვლევასა და შემოწმებას, არც ეს განეკუთვნება საერთო სასამართლოების, ამ შემთხვევაში განსჯადობით სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას, რომლის „ჩარევის“ ფარგლები ძალზედ ფრთხილი და კანონით ზედმიწევნით განსაზღვრულია, როგროც ეს დადგენილია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2-ე მუხლით, ასევე, მოწესრიგებულია 23-ე მუხლებით და სსსკ-ის XXIII თავით (დასახელებულ ნორმათა დეფინიცია იხ. ზემოთ, შესაბამისად, 31.10-31.11 ქვეპუნქტებში). კონტრაქტორის (საარბიტრაჟო მოპასუხის) საჩივრის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, ზემოთ მითითებულის გარდა, დაწვრილებით აღარ იმსჯელებს სხვა არარსებით პრეტენზიებზე, რადგან სარჩელის უზერუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა სპეციალური კანონისა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა მიხედვით სავსებით კანონიერად და დამაჯერებლად არის ასახული სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს და უცვლელად უნდა დარჩეს.

31.5.2. რაც შეეხება საარბიტრაჟო მოპასუხის პრეტენზიის იმ ნაწილს, რომ კომპანიას მთელ მსოფლიოში აქვს ქონება და არ არსებობს მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 196.3-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის სახის დავის საგანთან ადეკვატურობის თაობაზე, არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სარჩელი საერთოდ უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს (იხ. სუსგ #ას-54-2019, 06.06.2019 წ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, ეს კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზეა დასაშვები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.).

32. ზემოხსენებული სამართლებრივი დასაბუთებით, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და T.c.G..... S.p.A.-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე