Facebook Twitter

საქმე №ას-800-2020 12 ნოემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – შეთანხმების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.კ–ძემ (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ბანკი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 10 ნოემბერს, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 2016021001017031100 დამატებითი შეთანხმება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე; ბ) მოსარჩელე აღდგენილ იქნეს მოპასუხე ბანკში პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე; გ) მოპასუხე ბანკს დაეკისროს დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და იძულებით მოცდენის თანხის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,07%-ის გადახდა, 2017 წლის 10 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად დასაქმებულმა მიუთითა, რომ 2011 წლის 23 მარტიდან, იგი განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული იყო მოპასუხე ბანკში. დასაქმებულს მის მიერ შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, მას ხშირად ერიცხებოდა ბონუსები დამსაქმებლის მიერ. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 994 ლარს, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 2017 წლის 10 ნოემბერს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ჭავჭავაძის N7-ში მდებარე მოპასუხე ბანკის მეცამეტე ფილიალის დირექტორთან და სერვის ცენტრის რეგიონალურ მენეჯერთან შეხვედრის დროს, დასაქმებულს განუცხადეს, რომ მომავალ დღეს ათავისუფლებენ სამსახურიდან. დასაქმებულისთვის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზები არ განუმარტავთ. მოსარჩელე განმარტავს, რომ დამსაქმებლის წარმომადგენლებმა, დასაქმებულს წარუდგინეს ორი დოკუმენტი და უთხრეს, რომ, თუ სამსახურიდან გაუშვებდნენ ბრძანების საფუძველზე, მომავალში სამსახურის დაწყებისას შეექმნებოდა პრობლემები, ამიტომ შეთანხმებისთვის უნდა მოეწერა ხელი. დასაქმებულს სურდა გასცნობოდა დოკუმენტს, რისი საშუალებაც არ მისცეს. შესაბამისად, დასაქმებულმა ზეწოლისა და მუქარის ქვეშ, ხელი მოაწერა ისეთ დოკუმენტს, რომლის შინაარსი რეალურად არც იცოდა და გაცნობიერებულიც არ ჰქონდა. მოსარჩელემ, 2017 წლის 16 ნოემბრის წერილით საცილო გახადა მხარეებს შორის არსებული შეთანხმება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე და გამოთქვა მზადყოფნა მუშაობის განახლებაზე. აღნიშნული წერილის პასუხად მოპასუხემ 2017 წლის 22 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მის მიერ მითითებულ გარემოებებს დასაქმებული არ ადასტურებს და შესაბამისად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა შეთანხმების გაუქმების საფუძველს. ამასთან, მოსარჩელეს განუმარტეს, რომ მისი მიმდინარე წლის შედეგებისა და არაერთგზის ადმინისტრაციული გადაცდომის გათვალისწინებით, არ გეგმავდნენ მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას.

3. 2017 წლის 30 ნოემბერს, მოსარჩელემ, მოპასუხეს წარუდგინა პრეტენზია და მოითხოვა, 2011 წლიდან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების კუთვნილი ასლების ჩაბარება, გამოყენებული და გამოუყენებელი შვებულების შესახებ ინფორმაციის მიღება და კიდევ ერთხელ აცნობა, რომ გარიგების შეცილების შედეგად დადებული გარიგება იყო ბათილი, მოსარჩელე უნდა დაბრუნებოდა სამსახურეობრივ მოვალეობებს, მიეღო იძულებით გაცდენილი პერიოდის შესაბამისი ანაზღაურება და პირგასამტეხლო. აღნიშნულ პრეტენზიაზე, მოპასუხემ, 2017 წლის 14 დეკემბრის N01/14459 წერილით აცნობა, რომ წარდგენილი პრეტენზია არ რეგულირდებოდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) 47-ე და 48-ე მუხლებით და იგი ვერ იქნება განხილული შემათანხმებელი პროცედურების ფარგლებში.

4. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას, დამსაქმებელმა ორჯერ გამოუცხადა საყვედური იმ მოტივით, რომ დასახული გეგმა ვერ შესრულდა. აღნიშნული არ იყო გამოწვეული დასაქმებულის ბრალით, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შემდეგ მას ერიცხებოდა საკმაოდ სოლიდური თანხა, ბონუსის სახით.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შედავებით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2011 წლის 23 მარტს, მხარეთა შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება და იგი წოდებულ იქნა სარეზერვო თანამშრომლად. სარეზერვო თანამშრომელი ბანკის საჭიროებიდან გამომდინარე, ბანკის მიერ გამოძახების შემთხვევაში, ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოსარჩელესთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 18 ნოემბერს. 2017 წლის 10 ნოემბერს, დასაქმებული და დამსაქმებლის წარმომადგენლები, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების საფუძველზე შეეწყვიტათ შრომითი ხელშეკრულება.

6. მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, შეთანხმდნენ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე. მოსარჩელემ, ყოველგვარი იძულებისა და ზეწოლის გარეშე, გამოხატა ნება და ხელი მოაწერა მხარეთა შეთანხმებას. რაიმე ფსიქიკურ იძულებას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, არსებული სიტუაციიდან და შეხვედრის ადგილიდან გამომდინარე. მოსარჩელე იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილზე, თანამშრომლების გარემოცვაში და არა უცხო გარემოში, სადაც იგი თავს უმწეოდ იგრძნობდა. მოსარჩელეს ჰქონდა დრო გაეაზრებინა საკუთარი გადაწყვეტილება.

7. რაც შეეხება მოსარჩელის 2017 წლის 30 ნოემბრის წერილს, მოპასუხემ განმარტა, რომ ამ წერილით, მოსარჩელე ითხოვდა შრომით ხელშეკრულებებს და შვებულების შესახებ ინფორმაციას. ასევე, გამოთქვამდა პრეტენზიას და მიუთითებდა, რომ მისი წერილი უნდა განხილულიყო, როგორც შემათანხმებელი პროცედურების დაწყება და მოპასუხე ბანკს პასუხი უნდა მოემზადებინა 10 დღეში. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა შეთანხმების საფუძველზე, წარმოდგენილი პრეტენზია არ რეგულირდება სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნებოდა განხილული შემათანხმებელი პროცედურების ფარგლებში.

8. მოპასუხემ, მოსარჩელის მითითება ბონუსებთან დაკავშირებით, მოპასუხემ საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მიიჩნია.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივრის განსახილველად, დაინიშნა ზეპირი მოსმენა (სასამართლოს მთავარი სხდომა), 2020 წლის 17 იანვარს, 13:00 სთ.-ზე (ს.ფ. 66. ტ.2.).

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით (საოქმო განჩინება) სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილევლად (იხ., ტ.2 ს.ფ. 83, 85).

12. სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2020 წლის 17 იანვარს 13:00 სთ.ზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი (მოსარჩელე) და მისი წარმომადგენლები.

14. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

15. დადგენილი იქნა, რომ სხდომის დღის შესახებ უწყება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - უ. ძ–ს, მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ....... ქ. 16/14 სართული 1, ოფისი 1) გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დადასტურდა, რომ გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - ნ. ნ–ს, რომელიც უ. ძ–თან ერთად, წარმოადგენდა აპელანტის ინტერესებს.

16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 372-ე, 387-ე მუხლების საფუძველზე, იხელმძღვანელა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული), ასევე, ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დატოვებული უნდა ყოფილიყო განუხილველად.

17. ზემოხსენებულ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, რომლებსაც წარმოადგენს: ა) აპელანტის (წარმომადენლის) გამოუცხადებლობა; ბ) აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; გ) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებების არაარსებობა.

18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2020 წლის 10 იანვარს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა - უ.ძ–მა, რომელმაც მოითხოვა 2020 წლის 17 იანვარს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება, იმ მიზეზით, რომ იგი 2010 წლის 12-18 იანვრის ჩათვლით მივლინებული იყო საზღვარგარეთ - ესპანეთში, ტრენინგზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე “Erasmusis+“ -ის პროექტის ფარგლებში. აღნიშნული კი, შეუძლებელს ხდიდა სასამართლოს სხდომაზე მის გამოცახდებას. იმავდროულად, განცხადებაში, წარმომადგენელმა განმარტა, რომ აპელატს ჰყავდა სხვა წარმომადენელიც, თუმცა, აპელანტისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი ინტერესები ორივე წარმომადგენელს წარედგინა სასამართლოს სხდომაზე (იხ., ტ.1. ს.ფ. 72)..

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყურდღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს ჰყავდა სხვა (მეორე) წარმომადგენელი, რომლის გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო გარემოებების შესახებ სასამართლოსთვის უცნობი იყო, აგრეთვე, სასამართლოსთვის უცნობი იყო სასამართლოს სხდომაზე თავად აპელანტის გამოუცხადებლობის შესახებ.

20. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, 2020 წლის 17 იანვარს 13:00 სთ.ზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ, გამოუცხადებელი მხარე, ინფორმირებული იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებაზე (საოქმო განჩინება) კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა (მოსარჩელე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

22. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობების არსებობას. იგი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2020 წლის 10 იანვარს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა 2020 წლის 17 იანვარს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება, იმ მიზეზით, რომ იგი 2010 წლის 12-18 იანვრის ჩათვლით მივლინებული იყო საზღვარგარეთ, რაც შეუძლებელს ხდიდა სასამართლოს სხდომაზე მის გამოცხადებას. იმავდროულად, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი ინტერესები ორივე წარმომადგენელს დაეცვა სასამართლოს სხდომაზე, მით უფრო, უ. ძ–ს მიეღო მონაწილეობა სასამართლოს ზეპირ განხილვაში. რაც შეეხება თავად აპელანტის გამოუცხადებლობას, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 93.2 მუხლი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარე მხოლოდ უფლებამოსილია (არაა ვალდებული) მონაწილეობა მიიღოს ზეპირ განხილვაში.

23. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხსაც და აღნიშნავს, რომ უწყება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს უ.ძ–ს. გზავნილის ადრესატი არ ყოფილა ნ. ნ–ი.

24. ამასთან, სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა პირველად იქნა დაყენებული სასამართლოს წინაშე. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმეებზე: ბ–ა საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე Nას-1666-1654-2011; Nას-227-214-2015 და სხვა (იხ., კერძო საჩივრის საფუძვლები - ს.ფ. 105-106).

25.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

27. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საკითხებზე:

30. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული, ანუ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დატოვოს განუხილველად, თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები (შდრ. სუსგ №ას-109-2019, 01 მარტი, 2019) .

31. გასაჩივრებული საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 17 იანვარს, 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც, კანონით დადგენილი წესით, მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება უნდა შემოწმდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ №ას-1529-1449-2018, 28 თებერვალი, 2018; №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018; № ას-1312-1232-2017, 24 ნოემბერი, 2017; № ას-633-591-2017, 21 სექტემბერი, 2017; № ას-48-44-2017, 01 მარტი, 2017; № ას-880-830-2015, 21 ოქტომბერი, 2015).

33. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

34. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

35. სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ. 180-199). სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დმკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს - თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე. (შდრ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018.).

36. მართალია, სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავადმყოფობის ან საზღვარგარეთ ყოფნის გამო ან რაიმე სხვა მიზეზით მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული, გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას. (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას - 678-649-2016, 16 დეკემბერი, 2016).

37. საკასაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმებისას, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უ.ძ–ი, რომელმაც 2020 წლის 10 იანვარს მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მისი, ესპანეთში, დაგეგმილი ვიზიტის გამო, სხდომის გადადების შუამდგომლობით (იხ. ს.ფ. 72), არ იყო აპელანტის ერთადერთი წარმომადგენელი.

38. აპელანტს 2020 წლის 17 იანვარს დანიშნული სასამართლო სხდომის დროისათვის ჰყავდა სხვა წარმომადგენელიც - ნ. ნ–ი. საქმეში წარმოდგენილია რწმუნებულება გაცემული ნ.ნ–ზე განუსაზღვრელი ვადით, ყველა ინსტანციის სასამართლოში, უფლებამოსილების განხორციელების მინიჭების შესახებ და აგრეთვე, საქართველოს ადვოკატთა ასოსიაციაში მისი გაწევრიანების შესახებ მოწმობა (სპეციალიზაცია - სამოქალაქო) (ტ.1. ს.ფ. 139, 140, 228). სააპელაციო საჩივარი აპელანტის (მოსარჩელე) სახელით შეტანილია სწორედ ნ. ნ–ის მიერ (იხ., ტ.1. ს.ფ. 226). შესაბამისად, აპელანტის მეორე წარმომადგენელს სრული უფლებამოსილება ჰქონდა დაეცვა აპელანტის ინტერესები სასამართლო სხდომაზე (იხ., სუსგ №ას-806-806-2018, 20 ივლისი, 2018 წელი). შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ განჩინების პ.22-ში მითითებული პრეტენზია.

39. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომელიც მითითებულია ამ განჩინების პ.23-ში და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს სასამართლო უწყება გაუგზავნოს ან მხარეს ან მის წარმომადგენელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ ავალდებულებს სასამართლოს, რომ უწყება გაუგზავნოს მხარის ყველა წარმომადგენელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „წარმომადგენლის“ მრავლობით რიცხვში მოხსენიება დაკავშირებულია ამავე ნაწილში „მხარის“ მრავლობით რიცხვში მითითებასთან. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოცემული პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონის სისტემური განმარტებიდან. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ საჩივრის ავტორთა არც ის პრეტენზია გაიზიარა, რომ უწყება აუცილებლად მოსარჩელეთა მეორე წარმომადგენელსაც უნდა ჩაჰბარებოდა. სსსკ-ის 70.1 მუხლის საფუძველზე, უწყების ჩაბარება ერთ-ერთი წარმომადგენლისათვის მხარისა და მისი სხვა წარმომადგენლისათვის ჩაბარებასაც ნიშნავს. ამავე მუხლით დადგენილია, რომ წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა უწყების ჩაბარების მართლზომიერებაზე გავლენას ვერ იქონიებს. (იხ. სუსგ №ას-738-2019, 19.12.2019, №ას-806-806-2018, 20.07, 2018);

40. დაუსწრებელ გადაწყეტილებასთან მიმართებით მნიშვნელოვანი დებულებებია ასახული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სმართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

41. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში ( იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274).

42. აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).

43. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით.( იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

44. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, თუმცა, არ ასახელებს კონკრეტულ გარემოებებს, რომლებიც განსახილველ საქმეში, მის მიერ მითითებულ საქმეში გაკეთებული შეფასებებისაგან განსხვავებულად, შეფასდა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საქმეში - ბ–ა საქართველოს წანააღმდეგ (საჩივარი №10978/06, 26 ივლისი, 2018 წელი) გაკეთებული განმარტებები, ირელევანტურია მოცემულ საქმესთან მიმართებით. აღნიშნულ საქმეში, ბატონი ბ–ას საქმეზე სასამართლო პროცესში მონაწილეობას ვერ ახერხებდა მისი ადვოკატი, რადგან იმავე დროს, სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობდა. ადვოკატმა წერილობით მიმართა სასამართლოს, რათა ეცნობებინა, რომ ვერ ახერხებდა დასწრებას და მოითხოვა პროცესის გადადება. მას სასამართლოსგან პასუხი არ მიუღია და, შესაბამისად, განხილვას ბ-ნი ბ–ა მარტო დაესწრო. ბატონმა ბ–ამ მოითხოვა პროცესის გადადება, ამბობდა რა უარს, ადვოკატის გარეშე, საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის უარი საქმის განხილვაში მონაწილეობაზე მისი გამოუცხადებლობის ტოლფასი იყო და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი. განსახილველ კერძო საჩივარსა და გასაჩივრებულ განჩინებაში კი, მოცემულია სხვა, მითითებული საქმისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები.

45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება (საოქმო განჩინება) დასაბუთებულია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობაში, რის გამოც, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები:

ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე