Facebook Twitter

საქმე №ას-1552-2019 30 ივნისი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ.ჯ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ.ჯ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში _ მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან უნივერსიტეტი) მიმართ და მოითხოვა შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროს სპეციალისტად ხელშეკრულებით გადაყვანის თაობაზე დამსაქმებლის 2018 წლის 30 მაისის #467/02-03 ბრძანების ბათილად ცნობა, უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსის ან მის ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა, იძულებითი განაცდურის სახით 2018 წლის 1 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძველ თანამდებობასა და ამჟამად დაკავებული თანამდებობით გათვალისწინებულ ხელფასს შორის ყოველთვიური სხვაობის _ 650 ლარის, ასევე, ამ თანხის დაყოვნების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 650 ლარის 0.07%-ის ანაზღაურება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის იანვრიდან მოსარჩელე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურში მონიტორინგის განყოფილების უფროსად. 2018 წლის 1 ივნისიდან კი, 2018 წლის 30 მაისის სადავო ბრძანების საფუძველზე, დასაქმებული გადაყვანილ იქნა ამავე განყოფილების უფროს სპეციალისტად. როგორც დასაქმებულისთვის გახდა ცნობილი, სადავო თანამდებობაზე აღადგინეს მის დანიშვნამდე მომუშავე დ.ბ–ი, გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებიდან. მოსარჩელის დაქვეითება განხორციელდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ისე, რომ დამსაქმებელს არ უზრუნია მოსარჩელის შრომითი ინტერესების დაცვაზე. ყოველივე აღნიშნული განაპირობა იმან, რომ მოპასუხე მხარემ დ.ბ–ის სარჩელის განხილვის დროს არ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გათავისუფლებამდე დ.ბ–ის მიერ დაკავებული თანამდებობა დაიკავა სხვა პირმა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრძანება მისი ჩამოქვეითების თაობაზე არის უსაფუძვლო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი დ. ბ–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ბრძანება, მისი უკანონობის გამო. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობამ განაპირობა დ.ბ–ის აღდგენა დაკავებულ თანამდებობაზე. ამდენად, მოსარჩელისათვის შრომითი პირობების არსებითი შეცვლა გამოიწვია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამ, რაც კანონიერს ხდის სხვა თანამდებობაზე დასაქმებულის გადაყვანას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 30 მაისის #467/02-03 ბრძანება შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროს სპეციალისტად ხელშეკრულებით მოსარჩელის გადაყვანის თაობაზე და მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის _ 3 900 ლარის გადახდა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა (მოპასუხე) მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, ხოლო, მეორე აპელანტმა (მოსარჩელე) _ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის _ 1 300 ლარის ანაზღაურება (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). დანაჩენი სასარჩელო მოთხოვნები უარყოფილ იქნა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

წინამდებარე გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის თანახმად, კი:

- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, პალატამ მართებულად მიიჩნია მდგომარეობა, როდესაც ერთი ადამიანის დარღვეული უფლების აღდგენა ხდება მეორე ადამიანის უფლების დარღვევის ხარჯზე, კერძოდ, კანონიერად დაკავებული თანამდებობიდან კასატორის გათავისუფლება მოხდა რამდენჯერმე, რათა აღსრულებულიყო დ.ბ–ის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება. დამსაქმებლის ამგვარი ქმედება არ შეესაბამება უფლების განხორციელების სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილ სტანდარტს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად უარყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი იმის თაობაზე, რომ ახალ თანამდებობაზე გადასვლის შესახებ შეთანხმებას დასაქმებულმა ხელი არა თავისუფალი ნების, არამედ _ უმუშევრად დარჩენის შიშით მოაწერა, რაც, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრულ საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო პალატას ხსენებული დასკვნის გამოტანისას არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მიმართა დამსაქმებლის ადმინისტრაციას საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად. სააპელაციო პალატის ხსენებული დასკვნა წინააღმდეგობრივიცაა: პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სადავო ბრძანებაზე ხელმოწერით დასაქმებულის მხრიდან არანამდვილი ნების გამოვლენის თაობაზე უარყო, ამასთან, დ.ბ–ის თანამდებობაზე აღდგენის მიზნით დამსაქმებლის ქცევა მართლზომიერად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის ნებას ახალ თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე რაიმე მნიშვნელობა არ ჰქონია.

- პალატამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ დ.ბ–ის საქმის განხილვისას უნივერსიტეტის უმოქმედობის გამო (მან არ აცნობა სასამართლოს იმის შესახებ, რომ დ.ბ–ის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა აღარ იყო ვაკანტური) ორი დასაქმებული აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში და ერთი უფლების აღდგენას მეორე უფლების შელახვა მოჰყვა შედეგად. სააპელაციო პალატის დასკვნით, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე დასაქმებულის ინფორმირების ვალდებულება, მას უნდა დაეკისროს კომპენსაცია გათავისუფლებამდე და ამჟამად კასატორის მიერ დაკავებულ თანამდებობებზე არსებული ანაზღაურების ოდენობას შორის სხვაობა _ 650 ლარი ორ თვეზე გაანგარიშებით, რაც არასწორია.

- დამსაქმებელს არც თავიდან და არც შემდეგ შეუთავაზებია კასატორისათვის ტოლფასი თანამდებობა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, სარჩელი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არასწორად არ დააკმაყოფილა, რადგანაც ტოლფასი თანამდებობის და ზოგადად ვაკანსიის არსებობის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მხარეთა მიერ შედავებული არ არის:

1.2.1. მოსარჩელე უნივერსიტეტში დასაქმებული იყო 2006 წლის 20 მარტიდან. შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ის გადაყვანილ იქნა 2011 წლის 6 მაისიდან;

1.2.2. 2015 წლის 1 სექტემბერს დასაქმებულთან მოიშალა შრომითი ხელშეკრულება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ამავე წლის 7 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე დაინიშნა შიდა აუდიტის სამსახურის ექსპერტად. 2015 წლის 18 სექტემბრიდან დასაქმებული კვლავ დაინიშნა შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2018 წლის 1 ივნისიდან გადაყვანილ იქნა ამავე განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე (ხელშეკრულების საფუძველზე);

1.2.3. დასაქმებულის მიერ 2018 წლის 30 მაისის ბრძანების პროექტის გაცნობის ფაქტი დასტურდება მასზე ხელმოწერით;

1.2.4. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება მონიტორინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე შეადგენდა 1 600 ლარს, ხოლო უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე _ 950 ლარს (სხვაობა შეადგენს 650 ლარს);

1.2.5. სადავო ბრძანების გაცნობისა და მასზე ხელმოწერის შემდგომ, 2018 წლის 30 მაისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობრივი დაქვეითების გამო დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. წერილის პასუხად განმცხადებელს განემარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე ვალდებული იყო დ.ბ–ი აღედგინა შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსად, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელს ამ თანამდებობის დაკავებამდე უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული სპეციალისტის თანამდებობა ეკავა, რომელიც აღარ არსებობდა, უნივერსიტეტმა მას შესთავაზა უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნა;

1.2.6. 2018 წლის 8 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლის თარიღად მითითებულია 2018 წლის 1 ივნისი. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე შრომით საქმიანობას შიდა აუდიტის მონიტორინგის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოსტზე აგრძელებდა;

1.2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი უნივერსიტეტის 2015 წლის 17 სექტემბრის ბრძანება დ. ბ–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და დ.ბ–ი აღდგენილ იქნა უნივერსიტეტის აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 20 თებერვალს. ხსენებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დასაქმებულია დ.ბ–ი;

1.2.8. მოპასუხის მიერ წარდგენილი 2015-2017წ.წ. საშტატო ნუსხის თანახმად, უნივერსიტეტში შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ტოლფასი თანამდებობა არ არსებობს;

1.2.9. დამსაქმებლის მიერ დ. ბ–თან მიმდინარე დავის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს:

- შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერება;

- არსებობს თუ არა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესაძლებლობა;

- მიადგა თუ არა დასაქმებულს ზიანი (ე.წ იძულებითი განაცდურის სახით);

- ეკისრება თუ არა დამსაქმებელს კანონისმიერი პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3.2. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი მოთხოვნების დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი წარმოადგენს. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, სარჩელის წარმატებულობისათვის უპირველესად უნდა შეფასდეს დამსაქმებლის ცალმხრივი ნების კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის მოშლის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სხვა პირის აღდგენა, რაც, დამსაქმებლის მოსაზრებით, წარმოადგენს ობიექტურ გარემოებას, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების მოშლას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ხსენებულ შეფასებას და აღნიშნავს, რომ შრომითი ხელშეკრულების მოშლა, განსხვავებით ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობის მოშლისათვის დადგენილი სტანდარტისა, შეზღუდულია კანონისმიერი საფუძვლით. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა. კანონის ხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ განსახილველი ნორმის პირველი ნაწილი ადგენს შრომითი ხელშეკრულების მოშლის ლეგალური საფუძვლების ნუსხას და ხელშეკრულების მხარის მიერ ამ უფლებით სარგებლობისას ზედმიწევნით უნდა დადგინდეს სამართლებრივი წინაპირობების არსებობა. 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ყველაზე ფართო შინაარსის მატარებელია და ობიექტური საფუძვლის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინტერესთა პროპორციულობის გზით უნდა დადგინდეს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ კანონით განსაზღვრულ ობიექტურ საფუძველს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენდა. სააპელაციო პალატის ხსენებული დასკვნა ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შრომითი დავის განხილვისას დამსაქმებლის რისკს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც იგი პირს არამართლზომიერად გაათავისუფლებს თანამდებობიდან და საქმის სასამართლო განხილვისას არ განაცხადებს თანამდებობის არავაკანტურობის თაობაზე. ასეთ ვითარებაში მან უნდა იტვირთოს მენეჯერული პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების აღსრულებაზე. სასამართლო პრაქტიკაში პირვანდელ სამუშაოზე დასაქმებულის აღდგენისას, გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით არაერთხელ წამოიჭრა სირთულე, როდესაც გადაწყვეტილებით განსაზღვრულ თანამდებობაზე კანონიერად იყო დანიშნული პირი. გადაწყვეტილების აღსრულება არღვევდა ახალი დასაქმებულის, როგორც კეთილსინდისიერი კონტრაჰენტის უფლებებს. სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის ფარგლებში დასაშვებია გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების შეცვლა და თუკი მისი აღსრულების ეტაპზე თანამდებობა აღარ არსებობს, ან არ არის ვაკანტური, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ფარგლებში უნდა დადგინდეს ტოლფასი თანამდებობის არსებობა ან ამ გადაწყვეტილების სუბიექტს _ დასაქმებულს უნდა მიეცეს კომპენსაცია გონივრული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ დამსაქმებელმა ხსენებული საშუალებით არ ისარგებლა, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოსარჩელის გათავისუფლება ვერ იქნება მიჩნეული განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად. გარდა ამისა, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ბრძანებაზე ხელის მოწერა და დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა წარმოადგენდა მოსარჩელის ნებას. ისეთ პირობებში, როდესაც ახალი თანამდებობა გაცილებით დაბალი რანგისაა, ვიდრე დაკავებული, ასევე, მნიშვნელოვნადაა შემცირებული შრომის ანაზღაურება, პრეზუმირებულია, რომ დასაქმებულის მიერ გამოვლენილი გარეგანი ნება მის შინაგან ნებას არ ემყარება, არამედ, შრომის სოციალური არსიდან გამომდინარეობს. ამგვარ პრეზუმფციას მეტად სარწმუნოს ხდის დასაქმებულის წერილი უნივერსიტეტის რექტორის სახელზე, რომლითაც მოთხოვნილია მისი შრომითი უფლებების დაცვა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრება, რომელიც მხოლოდ დასაქმებულის ხელმოწერის ფაქტზე აპელირებით შემოიფარგლა და რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში დამსაქმებლის ბრძანება ეწინააღმდეგება თავად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნტს და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია. პალატა აქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნ.ჯ–ის სარჩელის საგანს დ.ბ–ის თანამდებობაზე დანიშვნის კანონიერება არ წარმოადგენს, შესაბამისად, პალატა ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მით უფრო, რომ დ.ბ–ი წინამდებარე დავის სუბიექტი არ არის.

1.3.3. ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის სამ საშუალებას ითვალისწინებს, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ. როგორც ზემოთ ითქვა, დ.ბ–ი მოცემული დავის სუბიექტი არ არის და არც მისი თანამდებობაზე აღდგენის კანონიერება წარმოადგენს განხილვის საგანს, შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობა არ არის ვაკანტური, რაც ამ თანამდებობაზე კასატორის აღდგენას გამორიცხავს. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობას, ამ მხრივ ნ.ჯ–ის პრეტენზია არ არის დასაბუთებული. ტოლფასი თანამდებობის არსებობისა და მისი დასახელების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს და არა მოპასუხეს ეკისრება. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ უნივერსიტეტში შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის განყოფილების უფროსის ტოლფასი თანამდებობა არ არსებობს, ხოლო, კასატორს არ მიუთითება საქმეში იმგვარი მტკიცებულების არსებობაზე, რომლის ანალიზიც სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ დასკვნას საფუძველს გამოაცლიდა. ასეთ ვითარებაში შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს დასაქმებულისათვის კომპენსაციის მინიჭება წარმოადგენს. არც მოქმედი შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით:

- კომპანიის ლიკვიდურობა;

- პირის შანსები შრომის ბაზარზე;

- პირის სოციალური მდგომარეობა;

- დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა;

- პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში;

- სამუშაო სტაჟი;

- დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა;

- პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან.

1.3.4. მოხმობილი კრიტერიუმებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სხვა თანამდებობაზე დასაქმებით მოსარჩელის შრომის სოციალური უფლება ნაწილობრივ დაცულია, საკასაციო პალატა კომპენსაციის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის განყოფილების უფროსისა და უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს სხვაობის _ 650 ლარის თორმეტმაგ ოდენობას.

1.3.5. საკასაციო პალატა იძულებითი განაცდურის საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად მოშლის ფაქტის დადგენისას, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა, თუმცა, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზიანის ფულადი ანაზღაურება მიუღებელი ხელფასის ოდენობით გამართლებულია დასაქმებულის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში, რაც შეეხება კომპენსაციის მიკუთვნების გზით დასაქმებულის უფლებრივ რესტიტუციას, კომპენსაციის ოდენობა თავისთავად მოიცავს მიყენებული ზიანის ფულად ანაზღაურებას და ამ თანხის ცალკე დაკისრების წინაპირობები აღარ არსებობს, ამდენად, ამ მხრივ კომპენსაციის მინიჭებით ამოწურულია დასაქმებულის ინტერესი და პალატა ამ თანხის დამატებით დაკისრებაზე აღარ მსჯელობს. რაც შეეხება კანონისმიერი პირგასამტეხლოს ანაზღაურებას, ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხსენებული ნორმა შრომის ანაზღაურების მარეგულირებელ თავშია მოქცული და კანონის სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, იგი შრომითი ურთიერთობის განმავლობაში დაყოვნებულ ანაზღაურებას შეეხება. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ დამსაქმებლის ცალმხრივი ნების საფუძველზე შრომითი ურთიერთობა მოიშალა, შესაბამისად, კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრება მსგავს საკითხზე არ ვრცელდება რაც ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის საფუძველია. პალატა აქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ორი თვის შრომის ანაზღაურების დამსაქმებლისათვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში და იგი საკასაციო განხილვის საგანს არ წარმოადგენს.

1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიღებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატა აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ვინაიდან არ იკვეთება საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი), ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თავად იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე: დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუცია დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების გზით უნდა განხორციელდეს.

2. პროცესის ხარჯები:

მხარეთა მიერ გაღებული ხარჯები უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთანავე, ვინაიდან შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოსარჩელე ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, ამ თანხის 12% (სსსკ-ის 39-ე მუხლი) მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს დასაქმებულის მიერ გაწეული ხარჯის _ 550 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

2.1. ნ.ჯ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 30 მაისის #467/02-03 ბრძანება.

2.3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/კ #204....8) ნ.ჯ–ის (პ/#.....) სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით 7 800 ლარის გადახდა.

2.4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

3. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/კ #204864...) ნ.ჯ–ის (პ/#0.....) სასარგებლოდ დაეკისროს 550 ლარის გადახდა.

4. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/კ #20486..) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს 936 ლარის გადახდა.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ნ. ბაქაქური