Facebook Twitter

საქმე №ას-126-2020 27 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.გ.წ.კ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ტ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.11.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ა.ტ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.გ.წ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“ ან „დამსაქმებელი“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 17.09.2018წ. ბრძანება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

2.2. მოსარჩელეს 24.09.2018წ. ჩაბარდა წერილობითი დასაბუთება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სამსახურებრივ გადაცდომას. დასაბუთებიდან არ ირკვევა, რა გადაცდომაზეა საუბარი. მოპასუხე ვერც მიუთითებდა კონკრეტულ ფაქტებზე, ასეთის არარსებობის გამო.

2.3. მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობებს და გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე მიღებული აქვს მადლობა კარგად შესრულებული სამუშაოსთვის.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის წინაპირობა.

3.2. სადავო ბრძანების საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი. მოსარჩელის მიერ არ ხდებოდა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების შესწავლა და სწორი აღსრულება, დავალიანების ამოღების კუთხით სწორი ანალიზის გაკეთება და აღსრულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.12.2018წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 17.09.2018წ. N პ/3702 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნა აღრიცხვა-რეალიზაციისა და შემოსავლების დეპარტამენტის აღრიცხვა-რეალიზაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17.09.2018წ.-დან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი ყოველთვიური ხელფასის - 2400 ლარის (დარიცხული) ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. მოსარჩელე 03.01.2013წ.-დან დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში, სხვადასხვა პოზიციაზე. 2015 წლის ოქტომბრიდან მოსარჩელემ დაიკავა ფინანსური აღრიცხვის სამსახურის უფროსის პოზიცია. შრომითი ხელშეკრულება დაიდო უვადოდ. მოსარჩელის ანაზღაურება შეადგენდა 2400 ლარს.

4.2. მოსარჩელეს 02.06.2017წ.-დან პარალელურად დაეკისრა აღრიცხვა-რეალიზაციისა და შემოსავლების დეპარტამენტის შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება.

4.3. 17.09.2018წ. ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

4.4. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სხვა ობიექტური გარემოებების გამო.

4.5. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელე მის უფლებამოსილებებს არ ასრულებდა არსებული ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად. კერძოდ, მის მიერ არ ხდებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების შესწავლა და შესაბამისი აღსრულება, ასევე დავალიანების ამოღების მიზნით სწორი ანალიზის გაკეთება, აღსრულება და სხვა. სასამართლოს განმარტებით, ,,სხვა ობიექტური გარემოება" შესაძლოა იყოს მაგალითად, დასაქმებულის საპენსიო ასაკს მიღწევა ან სხვა რამ გარემოება, რომელიც მტკიცებულებებით იქნება დასაბუთებული. მოცემულ შემთხვევაში, უფრო მეტად სახეზეა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუქტის დისპოზიცია, რაც დამსაქმებელს აძლევს უფლებამოსილებას, რომ გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან, თუ სახეზე გვაქვს მის მიერ ჩადენილი გადაცდომა, რომელიც გულისხმობს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას. მოსარჩელე უთითებს, მის მიერ პირნათლად ხდებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელება და ადგილი არ ჰქონია დარღვევას. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე, მართალია, არ არღვევდა რაიმე ვალდებულებებს, მაგრამ კომპანიის სურვილი იყო, მოსარჩელე და მისი დაქვემდებარებული სამსახური ყოფილიყო უფრო ეფექტური.

4.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს მის მიერ გამოვლენილი ნების შესაბამისობაშია შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 115-ე მუხლთან. მოპასუხე აპელირებს მოსარჩელის მიერ სამსახურეობრივი საქმიანობის განხორცილებისას არსებულ ხარვეზებზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეს შეეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობები შეესრულებინა უფრო ხარისხიანად. ამ პირობებში უსაფუძვლოა მსჯელობა უხეში ხასიათის გადაცდომაზე. შეუსაბამოა დამსაქმებელის მიერ დასაქმებულთან მიმართებით ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენება და სამსახურიდან გათავისუფლება. მოპასუხეს შეეძლო გაფრთხილების/შენიშვნის მიცემა, რის შემდგომაც მოსარჩელეს ექნებოდა განცდა, რომ მას განსაკუთრებით აკვირდებიან და მან უნდა შეცვალოს საქმის მიმართ დამოკიდებულება, გახდეს მეტად დაკვირვებული და პროდუქტუნარიანი.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.11.2019წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებას.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. მოსარჩელის მიერ მოვალეობების შესრულება ხორციელდებოდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე. კერძოდ, მოსარჩელის მიერ არ ხდებოდა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების შესწავლა და სწორი აღსრულება, დავალიანების ამოღების კუთხით სწორი ანალიზის გაკეთება და აღსრულება. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც კომპანიის ეფექტურ მუშაობას აყენებდა ზიანს და შესაბამისად, ამართლებდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

6.2. მოპასუხე წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ორიენტირებულია მოგებაზე. კომპანიის ეფექტური ფუნქციონირების მიზნით 2018 წლის აგვისტოდან განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის საფუძველს წარმოადგენდა ეკონომიკური გარემოებები და რომლის მიზანი იყო კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. რეორგანიზაციის პროცესში გამოკვლეული იქნა არსებული ფინანსური და სტრუქტურული ხარვეზები და შედეგად ზოგიერთი სტრუქტურული ერთეული/დეპარტამენტი გაუქმდა, ხოლო ზოგიერთი გადაკეთდა სამსახურად. მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა პირდაპირ არის დაკავშირებული კომპანიის შემოსავლებთან. მოსარჩელის მიერ აბონენტებისგან თანხის ამოღების დაგეგმვა-კონტროლი, კომპანიის შემოსავლების ზრდისთვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება, ინიციატივების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის, კომპანიის ნორმალური ფუნქციონირების პირდაპირპროპორციულია.

6.3. სადავო პოზიციაზე დასაქმებული პირი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ დაკისრებული ფუნქციების ფორმალური დაცვით და არ უნდა მოეკიდოს გულგრილად კომპანიის მთავარი მიზნის მიღწევის მიმართულებით არსებულ საფრთხეებს. მოსარჩელის უმოქმედობა შეუსაბამობაში იყო მოპასუხის დეკლარირებულ მიზნებთან - ძირითადი საქმიანობიდან შემოსავლების ზრდასთან. მოსარჩელის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო ახალი ინიციატივები და წინადადებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამართლებულია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის გამოყენება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა საფუძველი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია დავის წარმოშობის დროს მოქმედი სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლები, ასევე სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესრულებულია აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა. ამასთან, არ ვლინდება მოთხოვნის გამომრიცხველი/ან შემწყვეტი გარემოებები.

11. სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით უნდა შეფასდეს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. პალატა მიუთითებს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). სადავო ბრძანებაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია დავის წარმოშობის დროს მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი: სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს (სუსგ Nას-715-2019, 04.07.2019წ.).

12. მოპასუხე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელის მიერ არ ხდებოდა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების შესწავლა და სწორი აღსრულება, ასევე დავალიანების ამოღების კუთხით სწორი ანალიზის გაკეთება და აღსრულება. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც კომპანიის ეფექტურ მუშაობას აყენებდა ზიანს და შესაბამისად, ამართლებდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (სუსგ. Nას-1483-2019, 19.12.2019წ.,). დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიების, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების სიმძიმის გათვალისწინებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები უნდა ქმნიდეს იმ სამართლებრივ სურათს, რაც დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებას სამართლებრივად გაამართლებს. დამსაქმებელს ევალება მისი გადაწყვეტილების მყარი და გადაუწონადი მტკიცებულებებით დასაბუთება (სუსგ Nას-391-2019, 26.12.2019წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი განმარტებებით და ვერ მიუთითებს, კონკრეტულად რა ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის შესაგებლის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

15. მოპასუხე სააპელაციო და საკასაციო საჩივარში მსჯელობს კომპანიის ეფექტური ფუნქციონირების მიზნით განხორციელებულ რეორგანიზაციაზე, თუმცა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებელი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას არ უკავშირებს უშუალოდ რეორგანიზაციის შედეგებს. არც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და არც წერილობითი დასაბუთება არ შეიცავს მითითებას მოსარჩელის რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე. ამდენად, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში არარელევანტურია მსჯელობა მოპასუხე საწარმოში რეორგანიზაციის ჩატარებისა და რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერებაზე.

16. პალატა მიუთიებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ.; სუსგ №ას-21-2020, 19.02.2020წ.).

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.

18. ვინაიდან საფუძვლიანია მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, არსებობს თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების (სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება) დაკმაყოფილების წინაპირობებიც.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1740 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1740 ლარის, 70% – 1218 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.გ.წ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ს.გ.წ.კ–ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1740 ლარის (საგადახდო დავალება #25143342, გადახდის თარიღი 03.02.2020წ.) 70% – 1218 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი