Facebook Twitter

12 ოქტომბერი, 2020 წელი, საქმე №ას-749-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ჩ.რ.ბ.ჯ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ნ–ძე, ნ.დ–ი, ნ.დ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) ასაჩივრებს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებას. ამ გადაწყვეტილებით - ნ., ნ.დ–ებისა და ნ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელები, მოწინააღმდეგე მხარეეები ან მესაკუთრეები) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 51 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. კასატორის აზრით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული. მისი მტკიცებით, სახლის აშენებისას დარღვეულია მშენებლობის ნორმები, ბალავერი არ შეესაბამება ტექნიკურ მაჩვენებელს, საქმეში არ წარდგენილა მშენებლობის პროექტი, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნებით დასტურდება, რომ დაზიანებები შენობის არასათანადო მოვლითაა გამოწვეული. ექსპერტიზის დასკვნით, სახურავი სიძველისა და მოუვლელობის გამო დაზიანებულია და წყალი შენობაში ჩაედინება, რაც იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ დაზიანებები არა აფეთქების, არამედ სიძველისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე 704 კვ.მ უძრავი ნივთი ს/კ-ით ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან მოსარჩელის საკუთრება) მოსარჩელეების საკუთრებაა.

4.4. მოპასუხე კომპანია სოფელ .......... სარკინიგზო გვირაბს აშენებდა, რისთვისაც მიწისქვეშა აფეთქებებს იყენებდა.

4.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 22 ივნისის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის 1-ლი სართულის გარე გრძივ კედლებში წარმოქმნილია სხვადასხვა მიმართულების ბზარი 5 მმ-მდე გახსნილობით, აივნის ქვეშ, წვრილი ბეტონის წყობით ამოყვანილ კედელში - ჰორიზონტალური ბზარია 15 მმ-დე გახსნილობით, 1-ლი სართული ტექნიკურად მოუვლელია. მეორე სართულზე კედელში წარმოქმნილია დახრილი ბზარი 15 მმ-მდე გახსნილობით. ფასადის მარჯვენა კუთხეში, ზღუდარში დახრილი ბზარი 5 მმ-მდე გახსნილობით, აივნის გადახურვა მოსცილდა ძირითად კედელს 20 მმ-ით. სახლი ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელია, მძიმე დაზიანებები საფრთხის შემცველია. კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მე-3 (მძიმე დაზიანების) ხარისხისაა, გამოწვეულია რკინიგზის გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებით.

4.6. 2016 წლის 19 სექტემბრის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად კი, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. პირველი ექსპერტიზის შემდგომ, წარმოქმნილია ახალი ბზარები, თუმცა დეფორმაციათა კლასიფიკაციის მიხედვით დაზიანების ხარისხი არ შეცვლილა. ახლო მომავალში აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების დაწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დაზიანების ხარისხის გაზრდა. საცხოვრებელი სახლის დაზიანება და პროგრესირება გამოწვეულია სოფელ .......... სარკინიგზო გვირაბის გაყვანის საამშენებლო სამუშაოებითა და 2013 წელს ამ შენობის დეფორმაციის შემდეგ აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების დროულად შეუსრულებლობით. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის თუნუქი დაზიანებულია და ატმოსფერული ნალექი ხვდება შენობის შიდა სივრცეში. სახურავის თუნუქის დაზიანება ასაკობრივი ცვეთითა და მოუვლელობითაა გამოწვეული.

4.7. 2017 წლის ივნისის ი.ს „მშენგეოს“ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევაში, რომლის მიზანი საძირკვლების პირობების დასადგენად მიწის ნაკვეთზე გავრცელებული გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესწავლა და შენობის დეფორმაციის გამომწვევი მიზეზების დადგენა იყო, აღნიშნულია, რომ მოპასუხე კომპანია თბილისი - მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტისას უშუალოდ სოფელ ქვიშხეთის ტერიტორიაზე აფეთქებით სამუშაოებს ასრულებდა, რაც დაუშვებელია.

4.8. მოსარჩელეების მიერ წარდგენილი შპს „ა–ის“ მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 132 280.59 ლარია.

4.9. მოპასუხის მიერ წარდგენილი ინდივიდუალური მეწარმე ,,ზ.გ–ძის" მიერ მომზადებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით კი, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 11 922,24 ლარია.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა.

6. მოპასუხის პრეტენზია ისაა, რომ მის მიერ აფეთქებით სამუშაოებს არ დაუზიანებია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის ქმედებასა და შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.

7. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

8. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებზე, რომელთა თანახმადაც, მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება და შემდგომ დაზიანებათა პროგრესირება გამოწვეულია სოფელ .......... მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამშენებლო სამუშაოებითა და 2013 წელს ამ შენობის დეფორმაციის შემდეგ აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების დროულად შეუსრულებლობით. საცხოვრებელი სახლი ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელია და მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ახლო მომავალში აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დაზიანების ხარისხის გაზრდა. დასკვნაშივე მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის თუნუქი დაზიანებულია და ატმოსფერული ნალექი ხვდება შენობის შიდა სივრცეში. სახურავის თუნუქი დაზიანებულია ასაკობრივი ცვეთითა და მოუვლელობით. ამის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

9. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი, მოპასუხესთან ერთად, მოსარჩელეებსაც მიუძღვით.

9.1. სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მისი უმოქმედობით - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

10. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია, რომ საცხოვრებელი სახლის თუნუქი დაზიანებულია და ატმოსფერული ნალექი ჩაედინება შენობის შიგნით. სახურავის თუნუქი დაზიანებულია ასაკობრივი ცვეთითა და მოუვლელობითა. ამდენად, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება არა მთლიანად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ (დიდწილად) იყო მოპასუხის მიერ აფეთქების შედეგად განპირობებული. შესაბამისად, რადგანაც აშკარაა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, ამასთან, გარკვეულწილად მოსარჩელეებსაც მიუძღვით ბრალი კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, ზიანის სახით - 51 000 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.

11. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: #ას-482-2019წ, 31.05.2019წ; #ას-280-280-2018წ, 18.07.2018წ; #ას-189-189-2018წ, 23.03.2018წ; #ას-411-2019წ, 11.06.2019წ).

12. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 2550 ლარიდან (საგადახდო დავალება #531, გადახდის თარიღი 18.02.2020წ), 1963.83 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ჩ.რ.ბ.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ჩ.რ.ბ.ჯ–ს" (ს/კ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 2550 ლარიდან (საგადახდო დავალება #531, გადახდის თარიღი 18.02.2020წ), 1963.83 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე