Facebook Twitter

12 ოქტომბერი, 2020 წელი,

საქმე № ას-730-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე გ.მ–ის სარჩელი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) ნ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დარჩა განუხილველად. საქალაქო სასამართლომ არასათანადო მოპასუხის მიმართ აღძრულ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება.

2. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული განჩინება), კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

3.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის არასათანადოდ მიჩნევის შემთხვევაში, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სარჩელის განუხილველად დატოვება არასწორი იყო, რადგან, თუ სასამართლო დადგენდა, რომ სარჩელი აღძრული იყო არასათანადო მოპასუხის მიმართ, შეეძლო მოსარჩელის თანხმობით შეეცვალა არასათანადო მოპასუხე სათანადო მოპასუხით, ხოლო, თუ მოსარჩელე ამის წინააღმდეგი იქნებოდა, სასამართლოს სამართლებრივად ერთადერთი გადაწყვეტილების მიღება შეეძლო - სარჩელის უარყოფა, როგორც ეს დადგენილია სსსკ-ის 85-ე მუხლით.

4. 2019 წლის 16 დეკემბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე არ უნდა განეხილა. გარდა ამისა, მოპასუხის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელად უნდა დარჩენილიყო, რადგან არსებობდა სარჩელის განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით, კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, მოპასუხის განცხადება უარყოფილ იქნა.

5.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა კერძო საჩივრის განხილვისას ზეპირი მოსმენის სავალდებულობას ან მხარეთათვის განხილვის თაობაზე შეტყობინებას, მეტიც, განჩინება არ საჩივრდებოდა და მისი მხარისათვის გაგზავნის/ჩაბარების ვალდებულებაც არ იყო დადგენილი.

5.2. ამასთან, სააპელაციო პალატის დასკვნით, მოპასუხეს კიდევაც რომ დაერწმუნებინა სასამართლო, მოპასუხის არასათანადოობაში, ეს კერძო საჩივრის განხილვის შედეგზე მაინც ვერ მოახდენდა გავლენას, რადგან კვლევის საგანი არა მოწინააღმდეგე მხარის, როგორც მოპასუხის სათანადოობა/არასათანადოობა, არამედ ამ საფუძვლით სარჩელის განუხილველობის საპროცესო მართლზომიერება იყო.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებისა და სარჩელის განუხილველად დატოვებაზე საქალაქო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

6.1. მოპასუხის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ შეუტყობინებლობითა და კერძო საჩივრის და მასზე მიღებული განჩინების ჩაუბარებლობით, საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა არ მისცა, რაც მისი უფლებების შელახვა და კანონის უგულებელყოფაა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 422.1 „ბ“ პუნქტით, განჩინების ბათილად ცნობის საფუძველია.

6.2. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოსარჩელესთან რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა და საქალაქო სასამართლომ სარჩელი მართებულად დატოვა განუხილველად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

8. განმცხადებელი მოითხოვს 2020 წლის 2 ივლისის განჩინების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე არ უნდა განეხილა, საჩივრის თაობაზე ეცნობებინა მისთვის და საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნული პრეტენზია ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრებული განჩინების ბათილობას, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შესაბამისად, საქმეზე წარმოება არ დამთავრებულა.

9. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. პროცესუალურ-სამართლებრივი ხარვეზის აღმოსაფხვრელად ქვემდგომ ინსტანციაში სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე მიღებული განჩინება კი, არ შეიძლება იყოს საქმისწარმოების განახლების ობიექტი, რადგან ამ განჩინებით საქმისწარმოება არ დამთავრებულა. ამდენად, ამ განჩინებაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით განცხადების წარდგენა არ დაიშვება.

10. ამასთან, განცხადება დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ: საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსზე, რომლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება, ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მართალია, დასახელებული ნორმით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობა იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე და არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა თუ სსსკ-ის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრობითობის შესაძლებლობა, მაგრამ კერძო საჩივრის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს. აღნიშნული შინაარსის დებულებას ითვალისწინებს სსსკ-ის 419.2 (განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად) მუხლი, ხოლო 419.3 (ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება) განსაზღვრავს ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული განჩინების გასაჩივრების წესს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის მხარეთა დასწრებით განხილვის წესს სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წყვეტს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია ყველა ის არგუმენტი, რომელიც ასაბუთებს კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისა და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, კერძოდ, სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ მოსარჩელის კანონიერ უფლებას (მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ცალმხრივი პროცესუალურსამართლებრივი ქმედებაა) და ამ პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხის შემოწმება სასამართლოს უფლებამოსილებაა.

11. ამასთან, საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინების 3.1. პუნქტზე მითითებით, მოპასუხის არასათანადოდ მიჩნევის შემთხვევაში, იზიარებს პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელის განუხილველად დატოვების უმართებულობის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა, თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (სსსკ-ის 185-ე მუხლი). მოხმობილი ნორმის თანახმად, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ მოსარჩელის თანხმობით ან უნდა შეცვალოს არასათანადო მოპასუხე სათანადო მოპასუხით ან, თუ მოსარჩელე ამის წინააღმდეგია, ვალდებულია, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით დაასრულოს სამართალწარმოება, რადგან არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ მიმართული სარჩელი გამორიცხავს მისი წარმატების პროცესუალურ პერსპექტივას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 10-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე