Facebook Twitter

საქმე № ას-309-2020 16 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „ზ.ს–ო“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.10.2019წ. განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ზ.ს–ომ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ.რ. ბ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.03.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 2 265 346 ლარის და 14 თეთრის გადახდა (ტ.1, ს.ფ. 288-290). ამავე სასამართლოს 11.06.2019წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ.101-108).

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. 14.08.2019წ. მოსარჩელემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის სახელზე რიცხულ ორ უძრავ ქონებაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება (ტ.3, ს.ფ. 19-38).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.08.2019წ. განჩინებით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული ორი უძრავი ნივთის (მდებარე: ხაშურის რაიონი, სოფელი ..... (ს/კ .......) და ხარაგაულის რაიონი, სოფელი ..... (ს/კ .......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ასევე 237 ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისება და გირავნობით დატვირთვა. საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღების მოთხოვნის ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა (ტ. 3, ს.ფ. 82-103).

6. სააპელაციო სასამართლოს 15.08.2019წ. განჩინებაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება, განცხადების სრულად დაკმაყოფილება. აღნიშნულ განჩინებაზე განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. სააპელაციო სასამართლოს 27.09.2019წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ტ.3, 197-208). განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.09.2019წ. განჩინებით მოსარჩელის საჩივარი 15.08.2019წ. განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ტ.3, ს.ფ. 209 -215).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.10.2019წ. განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა ამავე სასამართლოს 15.08.2019წ. განჩინება. გასხვისებისა და გირავნობით დატვირთვის აკრძალვა მოეხსნა მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულ 237 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. მოპასუხის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზარალის (ზიანის) უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში მოპასუხის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (ტ.3, ს.ფ. 216-237).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.06.2020წ. განჩინებით მოსარჩელის და მოპასუხის საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 15.08.2019წ. განჩინება (ტ.3, ს.ფ. 332-342).

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.07.2020წ. განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 27.09.2019წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტ.3, ს.ფ. 345-360).

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.10.2019წ. განჩინებაზე საჩივრის დაკმაყოფილების და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა ამ ნაწილში განჩინების გაუქმება, მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტ.4, ს.ფ.5-9).

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.03.2020წ. განჩინებით მოსარჩელის საჩივარი ამავე სასამართლოს 11.10.2019წ. განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტ.4, ს.ფ. 18-33).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

15. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (სუსგ Nას-1580-2019 , 19.12.2019წ.).

17. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).

18. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ № ას-1477-2018, 31.01.2019წ.). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (გ.კაჟშვილი. საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. სადისერტაციო ნაშრომი. თბილისი 2018, გვ.148).

19. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

20. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2’’ და ,,შპს ტელეკომპანია საქართველო’’ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლების შეფასების სტანდარტის პროპორციულობის ტესტია. აღნიშნული ტესტის თანახმად, საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს მხარის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

21. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს 11.10.2019წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მოეხსნა გასხვისების და გირავნობით დატვირთვის აკრძალვა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს „ა.ს.ც–ის“ 15.09.2019წ. ექსპერტიზის დასკვნაზე და სასარჩელო მოთხოვნის და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების პროპორციულობის მხედველობაში მიღებით გააუქმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (ტ.3, ს.ფ.216-237).

22. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

23. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ 11.10.2019წ. განჩინებით მართებულად მოეხსნა გასხვისების და გირავნობით დატვირთვის აკრძალვა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. სარჩელის საგანია მოპასუხისათვის 2 265 346 ლარის და 14 თეთრის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს 15.08.2019წ. განჩინებით უზრუნველყოფა გამოყენებულია ორ უძრავ ნივთზე და ამ ნაწილში განჩინება შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.06.2020წ. განჩინებით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ა.ს.ც–ის“ 15.09.2019წ. აუდიტის დასკვნის მიხედვით, უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი 2189.00 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართით 2161.70კვ.მ), მდებარე: ხაშურის რაიონი, სოფელი ..... (ს/კ ......), საბაზრო ღირებულება შეადგენს 907 914 აშშ დოლარს, შესაბამის 2 687 425 ლარს (ტ.3, ს.ფ.176-193).

24. მოსარჩელე სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნას და მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნით არასწორადაა შეფასებული უძრავი ნივთის ღირებულება, თუმცა, სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა საჩივრის საფუძვლად მითითებულ გარემოებას, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის. საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა უძრავ ნივთზე წლების წინ დადებულ გარიგებაში მითითებულ ნასყიდობის ფასი, რაზე დაყრდნობითაც აცხადებს საჩივრის ავტორი პრეტენზიას აუდიტის მიერ განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებაზე. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია ვალდებულებები, აკრძალვა შეინარჩუნა ორივე მათგანზე.

25. ამდენად, საკასაციო პალატა ზოგადად იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ადეკვატური უნდა იყოს, რაც, ქონებრივი დავის პირობებში, სწორედ საბაზრო ფასის შესაბამისად განიხილება, თუმცა, პალატა მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნისა და გამოყენებული ზომის თანაზომიერების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელსაც ამ თვალსაზრისით შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიებები მოთხოვნის პროპორციულია, გამოყენებულია კანონით განსაზღვრული თანაზომიერების პრინციპის დაცვით და სრულად შეესაბამება იმ მიზანს, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება. შესაბამისად, არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ზ.ს–ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.10.2019წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი