№ ას-870-2018 17 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.ნ...“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ნ. და გ.კ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზა
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 ივლისის N1410 განკარგულებით სს “ს.ნ. და გ.კ–ას” (შემდგომში - „მოსარჩელე“) დაევალა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ...... განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტისა (შემდგომში - „პროექტი“) და მისი წარმატებით განხორციელების ყველა საჭირო ღონისძიების შესრულება.
2. განკარგულების შესასრულებლად, მოსარჩელემ საკუთარი ხარჯებით მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ...... განშტოების 60-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი და გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ძირითად ნაწილთან.
3. შპს „ბ.ნ...“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“) ...... რაიონში, დაბა ...... ეკუთვნის 39 294 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
4. ნაკვეთი განლაგებულია „პროექტის“ სამშენებლო დერეფანში, ე.ი. მაგისტრალური მილსადენი უნდა აშენდეს აღნიშნული ნაკვეთის გავლით.
5. 2016 წლის 29 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით შესთავაზა სერვიტუტის ხელშეკრულების დადება, თუმცა მხარეები გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ და ხელშეკრულება არ დაიდო.
6. მოსარჩელეს 2017 წლის 23 თებერვალს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვაზე 10 483 799,00 ლარის ღირებულებით, დღგ-ს გარეშე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2017 წლის 17 მარტს #53-04 ბრძანებით შეთანხმებულია პროექტი, გაცემულია მშენებლობის ნებართვა და მშენებლობა უნდა განხორციელდეს მის მიერ სამშენებლო მიზნებისათვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების/ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. მოპასუხესთან შეუთანხმებლობის გამო მოსარჩელე ვერ ახორციელებს გაზსადენის დერეფნისათვის საჭირო მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების რეგისტრაციას, რის შედეგადაც ვერ იწყებს მილსადენის 60 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.
7. მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც გაივლის შერჩეული მარშრუტი, დასავლეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება დაცული ტერიტორიები-...... ნაკრძალი და აღკვეთილი, ასევე სოფელი .......
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ აუცილებელი გზის მოწყობის მოთხოვნით.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ნება დაერთო აუცილებელი გზის მოსაწყობად გამოიყენოს მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #....... აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალური მილსადენის ...... განშტოების 60-კილომეტრიანი მონაკვეთის სიტუაციურ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
14. მან ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის ნაკვეთის გავლის გარეშე მოსარჩელე გაზსადენს ვერ მოაწყობს. გაზსადენის მოწყობა შესაძლებელია, მხოლოდ, შპს „ბ.ნ...“-ს კუთვნილი ნაკვეთის გავლით და ე.წ. სიტუაციურ რუკაში მითითებული პარამეტრებით.
15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ აუცილებელი გზის დადგენა ქონების ჩამორთმევას შეცდომით გაუთანაბრა. მოსარჩელე ითხოვდა არა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევას, არამედ მეზობელ ნაკვეთზე აუცილებელ გზას. შესაბამისად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამეზობლო სამართლის ნორმები.
16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 174-ე და 180-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მართალია, კომპენსაცია მესაკუთრეს უთუოდ ეკუთვნის, თუმცა აუცილებელი კავშირისათვის ქონების გამოყენებას არ გამორიცხავს - თუ მხარეები საკომპენსაციო თანხის ოდენობას ვერ შეათანხმებენ, ეს საკითხი შეიძლება გადაწყვიტოს სასამართლომ დამოუკიდებელი სამართალწარმოების გზით.
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 180-ე მუხლით, სადაც საუბარია მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ მისი ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენების უზრუნველყოფაზე, რა მიზნითაც მესაკუთრეს უფლება ენიჭება მეზობელ მიწის ნაკვეთზე გაიყვანოს ელექტრო გაყვანილობა, გაზგაყვანილობა, მომარაგდეს წყლით, მოაწყოს აუცილებელი მისასვლელი სატრანსპორტო თუ საფეხმავლო გზა, სწორედ ამ ვითარებაში შეიძლება შეიზღუდოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საკუთრების უფლება, დაეკისროს მას გარკვეული თმენის ვალდებულება სამართლიანი კომპენსაციის ფარგლებში. წარმოდგენილ დავაში ადგილი არ აქვს ასეთ შემთხვევას. ცნობილია, რომ მოსარჩელე ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტს, რაც გულისხმობს გაზსადენის გაყვანას. ამ მიზნით, ის ითხოვს მოპასუხეს შეეზღუდოს საკუთრების უფლება და გადასცეს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. მოპასუხეს ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რადგან რეალიზაციის შემთხვევაში იგი აღარ იქნება ფასეული. ამასთანავე ნაკვეთზე გავრცელდება მთელი რიგი შეზღუდვები, ვინაიდან მასზე გაივლის მაღალი წნევის მქონე მილსადენი. ასეთ შემთხვევებზე კი ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის სხვა ნორმები, კერძოდ ნაკვეთის იჯარით დატვირთვა, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და ა.შ. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა სამართლებრივი რეგულაციები, რომელთაგან ერთერთია ექსპროპრიაცია.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შედავებული არ არის, სადავოა მხოლოდ მათი სამართლებრივი შეფასება.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.
25. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ არსებობს ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოებანი, მაშინ მესაკუთრეს, რომლის მიწის ნაკვეთის გამოყენებაც ხდება მეზობელი მიწის ნაკვეთისათვის აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, არ შეუძლია მოითხოვოს მისი უფლების რეალიზაცია 172–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ხელშეშლის აღკვეთის გზით და კომპენსაციის მიღების უფლებაც ამ თმენისათვის წარმოეშობა. ამდენად, სსკ-ის 180-ე მუხლში ასახულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის საფუძვლები.
26. მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან. აუცილებელი გზა სახეზეა მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანადაა იზოლირებული საჯარო გზებისაგან.
27. სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით, „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია.
28. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას, რის მაგალითსაც სსკ-ის 180-ე მუხლით რეგლამენტირებული აუცილებელი გზის უფლება წარმოადგენს.
29. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს - აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
31. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე კორპორაციას, როგორც მეზობელ მიწის ნაკვეთებზე უფლებების მფლობელს, მართებულად მიენიჭა უფლება ისარგებლოს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოსაწყობად, რათა შეძლოს აუცილებელი კავშირის დამყარება მიწის ნაკვეთებთან, განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები და მოახდინოს მიწის ნაკვეთების გაზსადენის სისტემასთან დაკავშირება. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც გაივლის შერჩეული მარშრუტი, დასავლეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება დაცული ტერიტორიები-...... ნაკრძალი, რომლის საზღვრებში არა მხოლოდ მშენებლობა, არამედ ნებისმიერი სახის საქმიანობა არის აკრძალული. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი გზის დაწესების გარდაუვალობა დასტურდება იმ გარემოებათა ერთობლიობით, რომლებიც ნათლად ჩანს საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზიდანაც, სადაც კორპორაციას, დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება მეზობელ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო სერვიტუტითაა დატვირთული იმ მეზობელ მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთები, სადაც მილსადენი გადის. შესაბამისად, იმისათვის, რომ კორპორაცია დაუკავშირდეს სერვიტუტით დატვირთულ მიწის ნაკვეთებს, აუცილებელია მოპასუხის მიწის ნაკვეთზე გავლა.
32. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას სასამართლოს მიერ განსახილველი დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 180-ე მუხლის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის პასუხად მიუთითებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში - „მინისტრი“) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით ექსპროპრიატორი არის პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
33. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ განსახილველი დავა არ გამომდინარეობს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან.
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. მსგავისი კატეგორიის საქმეებზე არსებობს სტაბილური სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-478-454-2013, 18 ივლისი, 2013 წელი; №ას-1141-1187-14, 8 დეკემბერი, 2014 წელი; №ას- 968-917-2015, 11 დეკემბერი, 2015 წელი).
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა
1. შპს „ბ.ნ...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ შპს „ბ.ნ...-ს“ (ს/ნ: .....) დაუბრუნდეს მ.ქ–ის (პ/ნ: .......) მიერ 2018 წლის 25 ივლისს №17229564 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე