№ ას-1399-2018 11 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჰ.რ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ჯ–ძე, თ.რ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2016 წლის 13 დეკემბერს თ.ჯ–ძემ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) სანოტარო წესით გასცა მინდობილობა (რეესტრის რეგისტრაციის ნომერი №161416029), რომლითაც ჰ.რ–ას (შემდგომში - „მოსარჩელე“, „წარმომადგენელი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა უფლებამოსილება დაეცვა მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებასა და ადმინისტრციულ ორგანოში, ასევე მიეღო მისი კუთვნილი ნებისმიერი დოკუმენტაცია სამტრედიის №4 საჯარო სკოლასა და სამტრედიის რესურსცენტრში.
2. 2017 წლის 6 მარტს პირველმა მოპასუხემ სანოტარო წესით კვლავ გასცა მინდობილობა (რეესტრის რეგისტრაციის ნომერი №170220872), რომლითაც მოსარჩელეს განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა უფლებამოსილება დაეცვა მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში და ადმინისტრციულ ორგანოში, ასევე ყოფილიყო მისი წარმომადგენელი სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სამტრედიის №4 საჯარო სკოლაში, მის სამეურვეო საბჭოში, დისციპლინურ კომიტეტში, პედსაბჭოში და შეესრულებინა ყველა საპროცესო მოქმედება, ზოგადი ადმინისტრაციული დებულების შესაბამისად.
3. 2017 წლის 6 მარტს თ.რ–ძემ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) სანოტარო წესით გასცა მინდობილობა (რეესტრის რეგისტრაციის ნომერი №170220894), რომლითაც მოსარჩელეს განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა უფლებამოსილება დაეცვა მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებასა და ადმინისტრციულ ორგანოში, ასევე ყოფილიყო მისი წარმომადგენელი სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სამტრედიის №4 საჯარო სკოლაში, მის სამეურვეო საბჭოში, დისციპლინურ კომიტეტში, პედსაბჭოში და შეესრულებინა ყველა საპროცესო მოქმედება, ზოგადი ადმინისტრაციული დებულების შესაბამისად.
4. 2016 წლის დეკემბრიდან - 2017 წლის მარტის თვემდე, პირველი მოპასუხე წარმომადგენლის დახმარებით აწარმოებდა დავას სამტრედიის №4 საჯარო სკოლის მიმართ და მასთან ერთად მონაწილეობდა სკოლის სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინური კომიტეტის სხდომებში. 2017 წლის 16 მარტს პირველმა მოპასუხემ სარჩელი აღძრა სამტრედიის რიონულ სასამართლოში სამტრედიის №4 საჯარო სკოლის მიმართ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, სადაც მის წარმომადგენლობას ახორციელებდა მოსარჩელე.
5. 2017 წლის 4 ივლისს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი მოპასუხის სარჩელი სამტრედიის №4 საჯარო სკოლის მიმართ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.
6. 2017 წლის 31 ივლისს პირველმა მოპასუხემ სანოტარო წესით გააუქმა მის მიერ 2017 წლის 6 მარტს მოსარჩელის სახელზე გაცემული მინდობილობა (რეესტრის რეგისტრაციის ნომერი №170220872).
7. 2017 წლის 9 ოქტომბერს პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის სახელზე შპს მ.ი.ჯ–ას“ საშუალებით ჩარიცხა 400 ლარი და მოსარჩელეს გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნა, რომ თანხას მადლიერების და იმ უანგარო მეგობრული დახმარების ნიშნად უგზავნიდა, რაც მოპასუხეებს გაუწია. მოსარჩელემ უარი განაცხადა თანხის მიღებაზე და თანხა პირველმა მოპასუხემ უკანვე დაიბრუნა.
8. 2017 წლის 16 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაკისრებოდათ 5 700 ლარის გადახდა.
9. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ანაზღაურებაზე შეთანხმება მხარეებს შორის არ ყოფილა. მხარეებს შორის არსებობდა მეგობრული დამოკიდებულება და მოსარჩელე მოპასუხეებს დაპირდა ჰონორარის გარეშე მათი ინტერესების დაცვას როგორც სასამართლოში, ისე ნებისმიერ დაწესებულებაში. მოპასუხეებმა მიუთითეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნეს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ შეთანხმების სასყიდლიანი ბუნების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა.
10. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტები და დამატებით მიუთითა შემდეგზე:
13.1. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ.ჭ–ძემ აღნიშნა, რომ ცხოვრობდა პირველი მოპასუხის მეზობლად და მოსარჩელეს იცნობდა დაახლოებით 15 წელი. მოსარჩელე მოპასუხეების ოჯახის მეგობარი იყო და დაახლოებით 8 თვე, ასევე, მთელი ზამთარი, ცხოვრობდა მოპასუხეების ოჯახში. სკოლაში დავის წარმოშობის შემდეგ მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს შესთავაზა წარმომადგენლობითი მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა. აღნიშნულ საუბარს მოწმე პირადად შეესწრო. სასამართლოში დავის დასრულების შემდეგ პირველ მოპასუხის მიერ გამართულ ვახშამზე, რომელსაც მოწმე გ.ჭ–ძეც ესწრებოდა, თითოეული მეზობელი მოსარჩელეს მადლობას უხდიდა პირველი მოპასუხისათვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურებისა და დავის მოგებით დასრულების გამო.
13.2. მოწმე ზ.კ–ამ აღნიშნა, რომ ცხოვრობდა პირველი მოპასუხის მეზობლად. მისი მითითებით, მოსარჩელე გარკვეული თვეების განმავლობაში ხშირად ათევდა ღამეს მოპასუხეების ოჯახში. თავდაპირველად, მოსარჩელე სხვა მეზობელთან სტუმრობდა, შემდეგ კი დაუახლოვდა მოპასუხეების ოჯახს და გახდა მათი დამცველი სასამართლოში. მხარეებს შორის ანაზრაურებაზე საუბარი არასდროს ყოფილა. მოწმის ინფორმაციით, მოსარჩელე მოპასუხეების ოჯახის ახლობელი იყო. სასამართლო პროცესის მოგება მეზობლებმა აღნიშნეს და მოსარჩელეს მადლობა გადაუხადეს უანგაროდ გაწეული შრომისათვის. მოსარჩელემ მადლობა მიიღო. მოწმე ზ.კ–ასთვის პირველი მოპასუხისგან ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე ანაზღაურების გარეშე ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. გარკვეული დროის შემდეგ კი, მოწმეს მეორე მოპასუხემ 400 ლარის სესხება სთხოვა, რათა მოსარჩელისათვის პატივისცემის ნიშნად გადაეხადა.
13.3. 2018 წლის 4 ივლისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი არ იყო ადვოკატი და პირველ მოპასუხეს იცნობდა 1992 წლიდან. პირველ და მეორე მოპასუხეებთან ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა. მოპასუხეებმა გააცნეს მოსარჩელეს სკოლის დირექტორის საჩივარი და იმ მიზნით, რომ სურდა პირველი მოპასუხისა და სკოლის დირექტორის შერიგება, 2016 წლის 7 დეკემბერს ტელეფონით დაუკავშირდა ამ უკანასკნელს. 11 დეკემბერს მოსარჩელე სკოლაში მივიდა, მაგრამ დირექტორმა არ დაუშვა და მოსთხოვა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც დაელაპარაკებოდა. პირველი მინდობილობა 13 დეკემბერს ამ მიზნით გაფორმდა, თუმცა მინდობილობის წარდგენის შემდეგაც არ მიიღო მოსარჩელე დირექტორმა. ამის შემდეგ, მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს სათანადო დოკუმენტაცია შეუდგინა და თავად საახალწლოდ გაემგზავრა თბილისში. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებს იურიდიული მომსახურების ფარგლებში შეუდგინა 14 ერთეული დოკუმენტი, მათ შორის, მეორე მოპასუხის სახელით 4 დოკუმენტი. 2017 წლის 6 მარტს ახალი მინდობილობის შედგენა განაპირობა სკოლის დირექტორის მოთხოვნამ, დაეკონკრეტებინათ დისციპლინური კომიტეტისა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე მონაწილეობის მიღების უფლება. იურიდიული მომსახურების თანხაზე საუბარი შედგა 2016 წლის 9 დეკემბერს. შეთანხმება მხარეებს წერილობით არ გაუფორმებიათ, ვინაიდან მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემა და ნდობა იყო.
14. სააპელაციო პალატამ დავალების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს, როგორც უსასყიდლო, ისე სასყიდლიანი. თუ რწმუნებულმა მარწმუნებლის სახელით შესრულებული მოქმედებისთვის უნდა მიიღოს გარკვეული საზღაური, ამის თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა მიეთითოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რწმუნებულის მიერ სასყიდლიანი მოქმედების განხორციელება კანონით არის გათვალისწინებული.
15. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე არ არის ადვოკატი, რაც გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, იურიდიული მოსახურეობის გაწევა, მხოლოდ გასამრჯელოთი იყო მოსალოდნელი. სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის იურიდიული მომსახურეობის გაწევისათვის გასამრჯელოზე შეთანხმების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს დააკისრა.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელემ, მის მიერ საფასურის გადახდის თაობაზე შეთანხმების არსებობის დამტკიცების მიზნით მხოლოდ თავისი ახსნა-განმარტება წარადგინა. პირველმა მოპასუხემ საწინააღმდეგოს დასადასტურებლად წარადგინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე აჩვენეს, რომ პირველი მოპასუხის მიმართ იურიდიულ მომსახურებას მოსარჩელე უსასყიდლოდ ახდენდა. ასეთ ვითარებაში სააპელაციო პალატამ მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნია და არ გაიზიარა.
17. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეს ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხეებთან, ხანგრძლივი დროით - რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა მათ ოჯახში, ამასთან, მოპასუხეთა მიერ გაცემული მინდობილობები არ შეიცავს ჩანაწერს იურიდიული მომსახურებისათვის გასამრჯელოს გადახდის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულება უსასყიდლოდ მიიჩნია.
18. სააპელაციო პალატის მითითებით მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 2017 წლის ოქტომბერში 400 ლარის ჩარიცხვა. აღნიშნული ჩარიცხვის მიზნობრიობა მოპასუხემ განსაზღვრა კეთილმეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე მადლიერებად, თუმცა, მოსარჩელემ თანხა არ მიიღო და იგი უკან დაიბრუნა პირველმა მოპასუხემ. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 400 ლარის გადახდით შესრულებას (იურიდიული მომსახურებისათვის გასამრჯელოს გადახდა) ადგილი არ ჰქონია, რაც გამორიცხავს ვალდებულების არსებობას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 400 ლარის გადახდა არ ადასტურებდა მხარეთა შორის დავალების სასყიდლიან ბუნებას და ვალდებულების შესრულებას.
19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა, რომ 2017 წლის 31 ივლისს მინდობილობის გაუქმება ემსახურებოდა გასამრჯელოს გადახდისათვის თავის არიდებას და მიუთითა, რომ თუ დადასტურდებოდა შეთანხმება გასამრჯელოს თაობაზე, მინდობილობის გაუქმების მიუხედავად, ამ დავალების შესრულების სანაცვლოდ თანხის ანაზღაურების ვალდებულება მაინც იარსებებდა. გარდა ამისა, მოსარჩელე არ წარმოადგენს ადვოკატს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის დასრულების შემდეგ მინდობილობის ძალაში დატოვების შემთხვევაშიც კი ვეღარ განახორციელებდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ გარიგების თანახმად, საქმის წარმოების დაწყების დღიდან დავის დასრულებამდე, მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება, ხოლო მოპასუხეებს მისთვის უნდა გადაეხადათ ყოველთვიურად გასამრჯელო - პირველი მოპასუხის ხელფასის თანხა 820 ლარი.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
21. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩნების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
21.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, მაგრამ სასამართლომ 400 ლარი გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების საკმარის ოდენობად ჩათვალა. აღნიშნული თანხა მოსარჩელემ არ მიიღო პროტესტის გამო და იგი მოპასუხეებს დაუბრუნდა. სააპელაციო დავის საგანს არ წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ის ნაწილი, სადაც დადასტურებულია ხელშეკრულების სასყიდლიანი ბუნება და ხასიათი. სააპელაციო დავის საგანს წარმოადგენდა გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ადეკვატური და სამართლიანი ოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია შეგებებული სარჩელი, იმსჯელა თემებზე და ფაქტებზე, რომლებიც საერთოდ არ წარმოადგენდა დავის საგანს.
21.2. წინამდებარე განჩინების მე-15 პარაგრაფში განვითარებულ მსჯელობას არ ეთანხმება კასატორი და აღნიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი იურიდიული მომსახურების შესახებ, სწორედ ამიტომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის ანალოგიით, განსახილველ საქმეში გამოეყენებინა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი და ემსჯელა იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ფარგლებსა და მოცულობაზე;
21.3. სააპელაციო სასამართლოს მოწმეები უშუალოდ არ დაუკითხავს. იგი დაეყრდნო პირველ ინსტანციაში მოწმეთა მიცემულ ჩვენებებს. არცერთ მოწმეს უტყუარად და პირდაპირ არ მიუთითებია, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება უსასყიდლო იყო. სასყიდლიანი ხელშეკრულების ფაქტის დამადასტურებელ ან უარმყოფელ ერთადერთ მტკიცებულებად არ შეიძლება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები იქცეს, აღნიშნული დადგენილია თავად უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით;
21.4. სააპელაციო სასამართლოს არ გაუცია პასუხი დავის საგანთან დაკავშირებულ გარემოებებზე, კერძოდ, ექვემდებარება თუ არა შრომის სამართლიან ანაზღაურებას იურიდიული მომსახურება.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ. ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-895-845-2015, 2016 წლის 29 იანვარი).
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დავალების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად (მუხლი 709-723), დავალების ხელშეკრულებისათვის არ არის სავალდებულო წერილობითი ფორმა. იგი შესაძლებელია იყოს ზეპირიც. ამასთან, დავალების ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ან არ ითვალისწინებდეს დავალების შესრულებისათვის გასამრჯელოს. ზეპირი ხელშეკრულების არსებობისას, როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე უთითებს, რომ დავალების შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო გასამრჯელო, ხოლო მეორე მხარე უარყოფს აღნიშნულ ფაქტს, სასამართლომ ერთობლიობაში უნდა შეაფასოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ხელშეკრულებაში გასამრჯელოზე შეთანხმებას ადასტურებს (იხ. სუსგ საქმე № ას-497-477-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).
28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
29. წინამდებარე საქმეში კასატორი ვერ ადასტურებს, რომ გასამრჯელო ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული. მან სასამართლოში აღნიშნულის დასამტკიცებლად მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება წარადგინა. რაც შეეხება მოპასუხის მხრიდან 400 ლარის გადარიცხვას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საუკეთესო შემთხვევაში, თანხის გადარიცხვა მხოლოდ იმის მიმანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ მომსახურების შეთანხმებულ საფასურად 400 ლარი იყო განსაზღვრული.
30. თუმცა, დავალების ხელშეკრულების დადებისას გასამრჯელოს კონკრეტულ ოდენობაზე ან მისი გამოთვლის წესზე შეუთანხმებლობა არ გულისხმობს მხარეთა შორის უსასყიდლო ურთიერთობის არსებობას. ამ თავისებურებაზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მე-2 ნაწილი, „გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი“. ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოების გაქარწყლება შესაძლებელია თვით დაინტერესებული პირის მიერ, თუ იგი დაადასტურებს, რომ სადავო ურთიერთობა გასამრჯელოს არ ითვალისწინებდა (იხ. სუსგ საქმე №ას-1281-2018 27 მარტი, 2019 წელი).
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასამრჯელოს უსიტყვოდ შეთანხმებულად მიჩნევისთვის საკმარისი არ არის ის ფაქტი, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად ადვოკატთა მომსახურება ასეთად არის მიჩნეული. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაწევას არაადვოკატი ფიზიკური პირების მიერ მრავალ საკითხზე და მრავალ სფეროში, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოსთან და პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, სწორედ იმის გამო, რომ პირს, რომელსაც არა აქვს ანაზღაურებადი იურიდიული მომსახურების მიღების შესაძლებლობა ან სურვილი, მიეცეს არჩევანის საშუალება, საკუთარ წარმომადგენლად აირჩიოს სხვა პირი.
32. მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელდა არაადვოკატის მიერ. ამასთან, სადავო არ არის მხარეთა მეგობრული ურთიერთობა, შესაბამისად საქმის გარემოებებით არ დგინდება, რომ მომსახურების გაწევა მხოლოდ ანაზღაურებით იყო მოსალოდნელი.
33. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარებთ, რომ მომსახურების გაწევა მხოლოდ გასამრჯელოთი იყო მოსალოდნელი, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხე მხარეზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების გაქარწყლება შესაძლებელია თვით დაინტერესებული პირის მიერ, თუ იგი დაადასტურებს, რომ სადავო ურთიერთობა გასამრჯელოს არ ითვალისწინებდა. სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია კანონისმიერი ვარაუდი (praesumptio juris), რომლის უარყოფაც საწინააღმდეგოს დამტკიცებით არის შესაძლებელი, რაც ამსუბუქებს რწმუნებულის მტკიცების ტვირთს და ზეგავლენას ახდენს მხარეებს შორის არსებულ მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობაზე. შესაბამისად, პრეზუმფციის უარყოფა უნდა მოხდეს მოწინააღმდეგე მხარის (მარწმუნებლის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებმა დავის ფარგლებში მიუთითეს მხარეთა შორის ახლო მეგობრულ დამოკიდებულებაზე, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დაადასტურეს, რომ სადავო ურთიერთობა გასამრჯელოს არ ითვალისწინებდა. ამ შემთხვევაში მოპასუხეებმა თავისი მტკიცების ტვირთი გასწიეს.
34. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე მხარემ შეძლო გარიგების უსასყიდლო ბუნების დამტკიცება, ხოლო კასატორმა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მარტოოდენ საკუთარი ახსნა-განმარტება წარადგინა, შეუძლებელია გარიგების სასყიდლიანი ბუნების დადგენა.
35. რაც შეეხება მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლებამოსილებით გამოხატულია უფლებამოსილების მიმცემის ნება, რაც ერთ პირს მეორის წინაშე აძლევს წარმომადგენლობით ძალაუფლებას. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებას, წარმოადგინოს მარწმუნებელი. მინდობილობა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილსა და მესამე პირს შორის, ანუ მინდობილობის ადრესატია მესამე პირი და ემსახურება მის წინაშე წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურებას (იხ. სუსგ №ას-39-489-06, 2006 წლის 8 სექტემბერი). დავალების ხელშეკრულება კი ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
36. შესაბამისად, შესრულებული მოქმედებებისათვის გასამრჯელოს დაწესება დავალების ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობაა, რომელიც მინდობილობაში შესაძლებელია საერთოდ არ იყოს ასახული. მინდობილობაში არც არის აუცილებელი, რომ მოცემული იყოს დავალების ხელშეკრულების ყველა პირობა. მთავარია, აღნიშნული პირობები, განსაკუთრებით კი, გასამრჯელოზე შეთანხმება, სხვა მტკიცებულებებით დასტურდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში კი, მსგავსი ფაქტის არსებობა შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა.
37. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის იმ პრეტენზიაზეც, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და თავისი ინიციატივით იმსჯელა თემებზე და ფაქტებზე, რომლებიც საერთოდ არ წარმოადგენდა დავის საგანს. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ადეკვატური და სამართლიანი ოდენობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სამართლებრივი ურთიერთობა კი, წარმოიშობა, ან წყდება შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-1139-1059-2017 31 ივლისი, 2018).
38. დადგენილია, რომ კასატორი არ არის ადვოკატი, შესაბამისად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა არ რეგულირდება „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ არის ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა, სანამ სამართლიანი და კანონიერი საზღაურის ოდენობას დაადგენდა სასამართლო, მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტის შეფასება - დავალების ხელშეკრულება იყო თუ არა სასყიდლიანი. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და მას სრული უფლება აქვს ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებანი და დაადგინოს ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული საქმის გარემოებას მხარეები სადავოდ ხდიან. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, სარჩელსა და მის პასუხად წარდგენილ შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და მათ დასადასტურებლად სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, შესაძლებელია სასამართლომ დამატებით გამოიკვლიოს და დაადგინოს ისეთი ფაქტები, რომლებიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში წინააღმდეგობრივად და ურთიერთგამომრიცხავად მიიჩნია. ამასთან, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილება ახალი გარემოებების გამოკვლევისა და დადგენის თაობაზე საქმის დროულ და ეფექტიან განხილვასაც უკავშირდება, მართლმსაჯულების განხორციელებისას საპროცესო ეკონომიის სტანდარტის დაცვით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას.
39. კასატორის მითითებით, საქართველოში არ არსებობს კანონი იურიდიული მომსახურების თაობაზე, სწორედ ამიტომ მოითხოვა სასამართლოს ეხელმძღვანელა კანონის ანალოგიით, განსახილველ საქმეში გამოეყენებინა კანონი „ადვოკატთა შესახებ“ და ემსჯელა იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ფარგლებსა და მოცულობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია). კანონისა და სამართლის ანალოგიის გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც სადავო სამართალურთიერთობა კანონით პირდაპირ არ არის მოწესრიგებული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ ურთიერთობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის დავალების ხელშეკრულების მუხლები (მუხლი 709-723). ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით ადვოკატსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულებაც ყველა შემთხვევაში განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით გათვალისწინებულ დავალების ხელშეკრულებად (იხ. სუსგ №ას-127-124-2011 5 სექტემბერი, 2012 წელი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის ანალოგიით გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა.
40. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ პრეტენზიას, რომ არცერთ მოწმეს უტყუარად და პირდაპირ არ მიუთითებია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების უსასყიდლო ბუნების შესახებ. პირველი ინსტანციაში დაკითხულმა მოწმეებმა, ჩვენებებით პირდაპირ და უშუალოდ დაადასტურეს აღნიშნული სადავო ფაქტი (იხ. წინამდებარე განჩინების 13.1 და 13.2 პუნქტები). ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო გაეზიარებინა პირველ ინსტანციაში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და არ ჰქონდა მათი თავიდან დაკითხვის ვალდებულება.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
42. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-739-707-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი; სუსგ საქმე №ას-497-477-2016 21 აპრილი, 2017 წელი).
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველი ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 30%. კასატორს ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო წინამდებარე განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საკასაციო საჩივარი, პალატი თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი 100 ლარიდან 10 ლარი (კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 300 ლარი, რისი 30%-ია 90 ლარი, შესაბამისად, ფაქტობრივად გადახდილ 100 ლარს – 90 ლარი=10 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჰ.რ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ ჰ.რ–ას (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 15 აგვისტოს №17468821 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 10 (ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე