Facebook Twitter

№ ას-1899-2018 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2012 წლის 14 მაისს, ერთი მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემკვეთი“, „სამინისტრო“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და, მეორე მხრივ, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“ „მენარდე“ ან „მიმწოდებელი“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №05-105/2 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“). ხელშეკრულების საგანი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მეორე არხზე საეთერო დროის შესყიდვა და ამ შესყიდული დროის ფარგლებში, შემკვეთის მითითებით, მიმწოდებლის საკუთრებაში არსებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების განთავსება იყო. შეკვეთის შესაბამისად, შეთანხმება თემატურ გადაცემათა მომზადება-გაშვებას გულისხმობდა. ხელშეკრულების მოქმედება 2012 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 300 000 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრული ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2%-ს წარმოადგენდა.

2. 2012 წლის 30 მაისს შემკვეთმა მიმწოდებელს 300 000 ლარი გადაურიცხა.

3. ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ ხელშეკრულების ღირებულების მომსახურებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები დადასტურდეს, საჭიროა მედია-გეგმის და/ან სხვა შესაბამისი საბუთის წარდგენა. მომსახურების დასრულებისას მხარეებს შორის უნდა შედგეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და კანონით დადგენილი ვადის დაცვით უნდა გამოიწეროს ანგარიშფაქტურა. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტით შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მომსახურების გაწევის შემდგომ.

4. 2012 წლის 14 აგვისტოს, ერთი მხრივ, შემკვეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტ ნ.პ–სა და, მეორე მხრივ, მიმწოდებლის გენერალურ დირექტორ გ.გ–ძეს შორის გაფორმდა №ა05-105/2 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად მიმწოდებელმა სრულყოფილად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო შემკვეთი ადასტურებდა, რომ მან მიმწოდებლისგან სრულყოფილად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 300 000 ლარის ღირებულების მომსახურება. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნდათ.

5. მიმწოდებელმა მომსახურებისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დასადასტურებლად მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მტკიცებულება - მედია-გეგმა შემკვეთს გადასცა. მედია-გეგმის თანახმად, სადავო სამი გადაცემის ჯამური ღირებულება 44 000 ლარს შეადგენდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაცემები: „წმინდა ნინოს გზა“, „სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ“ და „დიდი შეცდომა“ მზადების პროცესში იყო.

6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის მიმწოდებელს შემკვეთის სასარგებლოდ დაკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით 2012 წლის 14 მაისის №05-105/2 ხელშეკრულების ჯამური ღირებულების - 300 000 ლარის 2%-ის - 6 000 ლარის გადახდა და უსაფუძვლოდ მიღებული 44 000 ლარის უკან დაბრუნება.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მოსარჩელემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა მიმწოდებლისგან 2012 წლის 14 მაისის №05-105/2 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად მიღების ფაქტი და მიუთითა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა. რამდენადაც მოსარჩელე მიღება-ჩაბარების აქტით თავად აღიარებდა გაწეული მომსახურების ჯეროვნად და სრულყოფილად შესრულებას, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში შეუსრულებლობაზე მითითება და ამის გამო 44 000 ლარის უკან დაბრუნების, აგრეთვე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და მოსარჩელის - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

13. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მიღება-ჩაბარების აქტზე სამინისტროს მხრიდან ხელმომწერი პირის უფლებამოსილების სადავოობის თაობაზე აღნიშნა, რომ ამ ფაქტის შესახებ მითითებას და ამ მხრივ რაიმე დასაბუთებას სარჩელი არ შეიცავდა. სააპელაციო პალატის მითითებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უფლებამოსილი კონკრეტული თანამდებობის პირი; მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმებული იყო სამინისტროს ბეჭდით; სამინისტრომ მიმწოდებელს პრეტენზიის წერილებით მხოლოდ ერთი წლის შემდგომ მიმართა; მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი იყო სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის - ნ.პ–ს მიერ და, მოპასუხის განმარტებით, სხვა შემთხვევებშიც და სხვა ხელშეკრულებებზეც ანალოგიურად საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის (სამმართველოს) წარმომადგენელი აწერდა ხელს, აღნიშნული დასტურდებოდა თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნითაც. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული გარემოებები მოსარჩელის მიერ მიღება-ჩაბარების აქტით 300 000 ლარის შესრულების მიღებას ადასტურებდა. შესაბამისად, იმ მომენტისათვის არსებული შესრულება (უკვე გაშვებული თუ გარკვეულ ეტაპამდე მომზადებული გადაცემები) მოსარჩელემ მიიჩნია ხელშეკრულების სრული ღირებულების შესაბამისად.

15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს სადავო გადაცემები მზადდებოდა, თუმცა მალევე გავიდა ეთერში. შემკვეთს არ მოუთხოვია არც საეთერო ცნობის გაცემა და არც გადაცემების ელექტრომატარებელზე ჩაწერა. ამასთან, არქივდება მხოლოდ სტრატეგიული შინაარსის ან/და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაცემები და, ამდენად, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, დაარქივებული არ იყო. სააპელაციო პალატამ მიუთითა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლზე, რომელიც ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას, შექმნას არქივი და პროგრამები შეინახოს არანაკლებ 1 თვის განმავლობაში. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, ცალსახად განიმარტა, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ დავა/პრეტენზია არ გააჩნდათ. პრეტენზია მხოლოდ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ - 2014 წლის 6 სექტემბერს გაცხადდა, შესაბამისად, მოპასუხეს არ ჰქონდა გადაცემის დაარქივების ვალდებულება.

16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე და 385-ე მუხლებით და მიუთითა, რომ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ №05-105/2 ხელშეკრულების დარღვევა, არ არსებობს მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების უკან დაბრუნებისა და ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

17. სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

18. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. მიმწოდებელმა ხელშეკრულება შეასრულა არაჯეროვნად. წარდგენილ მედია-გეგმაში ფიქსირდება 3 გადაცემა 44 000 ლარიანი ბიუჯეტით: „წმინდა ნინოს გზა“, „სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ“ და „დიდი შეცდომა“, რომლებიც იყო მზადების პროცესში, თუმცა ეთერში გასვლა არ დასტურდება. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო გადაცემების ეთერში გასვლის თაობაზე მედია-გეგმა წარედგინა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. მიმწოდებლის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე თავად აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე გადაცემები, რომლისთვისაც 44 000 ლარი დაიხარჯა, ეთერში არ გასულა;

18.2. შემკვეთმა მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე ინფორმაცია, თუმცა, მიუხედავად მიმწოდებლისთვის წერილების ჩაბარებისა, ისინი რეაგირების გარეშე დარჩა;

18.3. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშით (2012 წლის 1 იანვარი - 2012 წლის 31 დეკემბერი)“ გამოვლინდა დარღვევები, კერძოდ, ვერ დადგინდა მედია-გეგმაში დაფიქსირებული გადაცემების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა, ამასთან, 44 000 ლარის ღირებულების სამი პროგრამის ეთერში გასვლა არ დადასტურდა;

18.4. გამომდინარე იქიდან, რომ, ფაქტობრივად, მიმწოდებლის მიერ 300 000 ლარის ხარჯის გაწევა არ დასტურდება და ხელშეკრულების ვადაში ვალდებულება არ შესრულებულა, დარღვეულია ხელშეკრულების 4.1.1 და 5.1 პუნქტები, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დანაწესს. შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია, გადაიხადოს ხელშეკრულების 14.3 პუნქტით დადგენილი პირგასამტეხლო;

18.5. შემკვეთმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაიხადა ხელშეკრულების 4.1. პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად - ავანსის სახით. მიმწოდებელმა წარმოადგინა 256 000 ლარის ღირებულების შესრულების მედია-გეგმა, თუმცა ვერ წარმოადგინა დარჩენილი 44 000 ლარის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს 44 000 ლარის ღირებულების შესრულება, არ არსებობს შესაბამისი ვალდებულებაც და მოპასუხე აღნიშნულ თანხას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება, უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს გამოთხოვილი. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გასულია, იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრება, მიმწოდებელი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობს შემკვეთის თანხას - 44 000 ლარს, რაც ექვემდებარება დაბრუნებას;

18.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შემკვეთს არ მიუღია შესყიდული მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტს შემკვეთის მხრიდან ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი. აღნიშნული დასტურდება სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოებაც, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე დასმული ბეჭედი არ შეესაბამებოდა „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების“ შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებას, ვინაიდან შესრულებულ სამუშაოთა მიღების აქტზე უნდა დაისვას გერბიანი ბეჭედი, ხოლო სადავო მიღება-ჩაბარების აქტზე №3 ბეჭედი.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ №ას-498-466-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.

27. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

28. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი). სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. შეკვეთილი სამუშაოს შესრულება და შეთანხმებული საზღაურის გადახდა ნარდობის ხელშეკრულების არსებითი ნიშნებია და ხელშეკრულების მხარეებს ამ სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, უპირველეს ყოვლისა ამ ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლება აქვთ.

30. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტით. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2012 წლის 14 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად მიმწოდებელმა სრულყოფილად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; შემკვეთი ადასტურებს, რომ მან მიმწოდებლისგან სრულყოფილად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 300 000 ლარის მომსახურება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).

31. სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებაში შემკვეთის პირველადი ინტერესია მენარდის მიერ მისთვის ხელშეკრულების შესაბამისი ნაკეთობის დამზადება.

32. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას [სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის მე-2 ნაწილი]. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი უთითებს, რომ ადგილი ჰქონდა სწორედ ნაკლის მქონე შესრულებას, რამდენადაც შეთანხმებული შესრულების ნაწილი - 3 გადაცემა მიმწოდებელს ეთერში არ გაუშვია.

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მენარდემ დაარღვია უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულება, შემკვეთს წარმოეშობა შემდეგი მეორადი მოთხოვნები: 1. დამატებითი შესრულების მოთხოვნა [სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის პირველი ნაწილი] ; 2. ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ [სამოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლის პირველი ნაწილი] ; 3. ხელშეკრულებაზე უარის უფლება ნაკეთობის ნაკლის გამო [სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლი], ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; 4. საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო [სამოქალაქო კოდექის 645-ე მუხლი], თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უნდა შემოწმდეს მისი ამოქმედების წინაპირობები; 5. მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი აპელირებს ნაკეთობის ღირებულების - 44 000 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სწორედ სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლი წარმოადგენს.

35. სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. სამუშაოს მიღების ვალდებულება გამოიხატება იმაშიც, რომ შემკვეთმა უნდა შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს შედეგი და თუ მასში აღმოაჩენს ნაკლს, მაშინ ეს გარემოება უნდა გააფორმოს ჯეროვნად. როგორც წესი, სამუშაოს მიღების შესახებ ფორმდება მიღების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მენარდე და შემკვეთი. თუკი შემკვეთი აღმოაჩენს შესრულებული სამუშაოს ნაკლს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა მიუთითოს მიღების აქტში. თუკი შემკვეთი არ შეამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და ისე მიიღებს, იგი კარგავს უფლებას შემდგომში მიუთითოს სამუშაოს ამ ნაკლზე (იხ. ლ. ჭანტურია და სხვები, სამოქალაქო კოდექსის კომენტარის მეოთხე წიგნი, თბილისი 2001, მუხლი 649; ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2011, გვ. 305).

36. ზემოაღნიშნული ვალდებულება მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესრულებული სამუშაოს მიღებით შემკვეთი ადასტურებს, რომ მენარდემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. შესაბამისად, შემკვეთი ამ მოქმედების განხორციელებით კარგავს ნაკლთან დაკავშირებით მოთხოვნის უფლებებს. სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის შესაბამისად, თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო. აღსანიშნავია, რომ ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საუბარია ფარულ ნაკლზე, ასევე თუ შემკვეთი სამუშაოს მიღებისას გააკეთებს დათქმას ნაკლის გამო უფლებების შენარჩუნების შესახებ.

37. წინამდებარე დავის ფარგლებში დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერისას სადავო 3 გადაცემა ეთერში გასული არ იყო და აღნიშნულის შესახებ შემკვეთმა იცოდა. მიუხედავად ამისა, მან სრულად მიიღო შესრულება და მიუთითა, რომ მენარდესთან პრეტენზიები არ ჰქონდა.

38. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ფარულ ნაკლს, ასევე, არ ყოფილა გაკეთებული რაიმე დათქმა შესრულების ნაკლის გამო არსებული უფლებების შენარჩუნების შესახებ, შესაბამისად, შესრულების ნაკლთან დაკავშირებით მეორადი მოთხოვნები უსაფუძვლოა, რაც გამორიცხავს, როგორც ნაკეთობის ნაკლის გამო საზღაურის შემცირებას, ისე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც.

39. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უფლებამოსილი პირი, მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმებულია სამინისტროს ბეჭდით და ხელს აწერს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ამასთან, შემკვეთის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნით დასტურდება, რომ სხვა შემთხვევაშიც მიღება-ჩაბარების აქტს აფორმებდა სამინისტროს იმავე დეპარტამენტის/სამმართველოს თანამშრომელი, კასატორის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

41. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №724-689-2015, 9 სექტემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-770-737-2014, 16 ივნისი, 2015 წელი). არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე