Facebook Twitter

საქმე №ას-870-2018 19 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.ნ....“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ნ. და გ.კ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში

დავის საგანი – გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.ნ. და გ.კ–ამ“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.ნ....“-ის (შემდგომში - “მოპასუხე“) მიმართ აუცილებელი გზის მოწყობის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელეს ნება დაერთო აუცილებელი გზის მოსაწყობად გამოიყენოს შპს “ბ.ნ....”-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით #......, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალური მილსადენის .... განშტოების 60- კილომეტრიანი მონაკვეთის სიტუაციურ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

6. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით, მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე საფუძვლიანიად მიიჩნია.

7. სასამართლოს შეფასებით, გაზსადენის მშენებლობის შეფერხება გამოიწვევს როგორც მთლიანად მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული ვადების, ასევე აპელანტსა და პროექტში ჩართულ სხვა კონტრაჰენტებს შორის შეთანხმებული პირობების დარღვევას; დაირღვევა ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადაც; ზიანი მიადგება მესამე პირთა, პროექტით მოსარგებლეთა ინტერესებს. თავის მხრივ, შპს „ბ.ნ....“ აუცილებელი გზის საჭიროებას სადავოდ არ ხდის. ამ ვითარებაში, კი, სააპელაციო პალატის განმარტებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობით მიყენებული ზიანი მისი აღსრულებით გამოწვეულ, სავარაუდო ზიანს მნიშვნელოვნად აჭარბებს და, ამავდროულად, მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირება გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგაც სავსებით შესაძლებელი იქნება.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ ფარგლებს, ვინაიდან აპელანტის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული რა ზიანი ადგებოდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

14. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის კანონიერება წარმოადგენს ,რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული.

15. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნას იმ გარემოებებზე მითითებით ასაბუთებს, რომ მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, კორპორაციის მიერ გატარებულია ძირითადი ღონისძიებები, რაც მოიცავს მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო პროცედურების გავლას. აღნიშნული წარმოადგენს მრავალმხრივ და შრომატევად პროცესს, კერძოდ, შემუშავდა მშენებლობის პროექტი, მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ჩატარდა არქეოლოგიური კვლევა, გაფორმდა სერვიტუტის ხელშეკრულებები, გაღებულ იქნა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ხარჯები, რაც თავის მხრივ მოიცავს ეროვნული არქივის მომსახურების, ექსპერტიზის მიერ შესრულებული სამუშაოს, საწვავის, საჯარო რეესტრის, სანოტარო და სხვა მომსახურების ხარჯებს. კორპორაციის მიერ გაღებული ხარჯები არის სოლიდური. ამასთან, საერთო სასამართლოებში დავების განხილვისა და დასრულებისთვის საჭირო პროცედურებისა და ვადების, ასევე, საქმეთა სიჭარბის გათვალისწინებით, შესაძლოა დავა წლობით გაგრძელდეს. სამშენებლო სამუშაოების ოპერატიულად დაუსრულებლობის შემთხვევაში ყველაზე დიდი ზიანი მოსახლეობას და საწარმოებს მიადგება, ვინაიდან მუდმივად არსებობს დიდი მასშტაბის ავარიისა და მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩენის საფრთხე.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

17. აღნიშნული ნორმა უშვებს ისეთი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესაძლებლობას, რომელიც სსსკ-ის 268-ე მუხლში პირდაპირ მითითებული არ არის, თუმცა მისი დაუყოვნებლივ აღსრულება განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით.

18. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ამის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, რაც გულისხმობს იმგვარ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას ნათელს ხდის. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას.

19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობაში ასახული გარემოებები ქმნის მისი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველს, რამდენადაც გასაზიარებელია მოსარჩელის განმარტება, რომ შესაძლოა, დავა დიდი ხნით გაგრძელდეს და სამუშაოების დასრულებისთვის გეგმით გათვალისწინებულ ვადას მნიშვნელოვნად გადააჭარბოს; სამუშაოების დროულად განუხორციელებლობა კი მოსარჩელის მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს გამოიწვევს; გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში ზარალდება მომხმარებელთა ფართო სპექტრი.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ ფარგლებს. საკასაციო პალატა საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სარჩელში ასახულ ფაქტობრივ მოცემულობას, სადაც მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებზე მითითებით არგუმენტირებულად ასაბუთებს შესაძლო ზიანს, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობით მიადგება არა მარტო კომპანიის, არამედ მესამე პირთა ინტერესებს.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ.ნ....“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტები ამავე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე