Facebook Twitter

საქმე №ას-1097-2018 16 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „კ.მ.კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ს–ძე (შემდგომში – „მოსარჩელე“ ან „დირექტორი“) 2014 წლიდან იყო შპს „კ.მ.კ–ის“ (შემდგომში – „მოპასუხე“, „კომპანია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) გენერალური დირექტორი.

2. 2016 წლის 14 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება (შემდგომში – „ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა კომპანიის გენერალურ დირექტორად ორი წლის ვადით, 2018 წლის 14 მაისამდე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 6 250 ლარით. დირექტორს უფლება ჰქონდა ესარგებლა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით - 24 სამუშაო დღით. მხარეებს ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შეეძლოთ ვადაზე ადრე შეეწყვიტათ ხელშეკრულება ერთი თვით ადრე კონტრაჰენტის წინასწარი გაფრთხილების პირობით. მითითებული პირობის დარღვევისათვის კი განისაზღვრა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შემწყვეტი მხარის პასუხისმგებლობა - კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასის ოდენობით.

3. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ნებისმიერი სახის შეტყობინების წესი და იგი მხარეს უნდა გაგზავნოდა წერილობით, დაზღვეული ფოსტით ან პირადად გადაცემის გზით.

4. კომპანიის წესდების მიხედვით, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებათა რიცხვს განეკუთვნება კომპანიის დირექტორის დანიშვნა/გათავისუფლება.

5. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის, ნ. ს–ს 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გაწვეულ იქნა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან.

6. მოპასუხის სამეთვალყურეო საბჭოს 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გათავისუფლდა გენერალური დირექტორის თანამდებობიდან.

7. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების განხორციელებისას მოსარჩელეს არ უსარგებლია კუთვნილი, ანაზღაურებადი შვებულებით.

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კომპანიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 2016 წლის დეკემბრის თვის ხელფასის, 6 250 ლარის, ორი თვის კომპენსაციის - 12 500 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის - 6 250 ლარის დაკისრება.

9. მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოდ გათავისუფლდა თანამდებობიდან ვადაზე ადრე, რის თაობაზეც კომპანიას მისთვის წინასწარ არ უცნობებია და არც ხელშეკრულებით განსაზღვრული ორი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია ჩაურიცხავს. ამავე დროს, მოსარჩელეს არ უსარგებლია კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით და არც შვებულების თანხა მიუღია.

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დირექტორი დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებდა კეთილსინდისიერად. კერძოდ, მისი ხელმძღვანელობის დროს, კომპანიას დაუდგინდა დარღვევები, რის გამოც იგი დააჯარიმეს 35 300 ლარით და თავად გენერალურ დირექტორსაც დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. გენერალური დირექტორის პოზიციაზე მოსარჩელის ყოფნისას მკვეთრად გაიზარდა პრობლემური კრედიტების პორთფელი, რაც მიუთითებს დაკრედიტების არასწორ პოლიტიკაზე. 2016 წლის 14 დეკემბრიდან დირექტორი არ ცხადდებოდა სამსახურში და არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების თაობაზე.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

14. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 710-ე, 720-ე მუხლებით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 21-ე, 37-ე, 38-ე მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ დავაზე მსჯელობისას გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც მეწარმეთა შესახებ კანონისა და სამოქალაქო კოდექსის დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები, ისე შრომის კანონმდებლობა.

15. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-მუხლზეც და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოსარჩელის მიერ საკუთარი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტი. დირექტორის გათავისუფლების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმშიც არაფერია მითითებული აღნიშნულზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება არ გამხდარა. შესაბამისად, არ გაიზირა მოპასუხის პრეტენზია დირექტორის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო გასამრჯელოს ოდენობის შემცირების თაობაზე.

16. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 6 250 ლარს, იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2016 წლის 27 დეკემბრიდან და დეკემბრის თვის ანაზღაურება მოპასუხისგან არ მიუღია, არსებობდა ერთი თვის მიუღებელი ხელფასის კომპანიისათვის დაკისრების საფუძველი.

17. სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო მოპასუხის მიერ მითითებული არც ის გარემოება გაიზიარა, რომ დირექტორი 2016 წლის 14 დეკემბრიდან არ ცხადდებოდა სამსახურში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელე უარყოფდა მისი გათავისუფლების თაობაზე მოპასუხის მხრიდან წინასწარი შეტყობინების ფაქტს, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია. მოპასუხის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება კი არ მიიჩნეოდა ამ გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების მართებულობის შესახებ.

18. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მართებულობის შესახებ და მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელეს არ უსარგებლია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, არსებობდა საშვებულებო თანხის - ერთი თვის ხელფასის მოპასუხისთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

19.1. სასამართლოს მოპასუხისთვის არ უნდა დაეკისრებინა 2016 წლის დეკემბრის ხელფასის ანაზღაურება სრულად, ვინაიდან მოსარჩელეს დეკემბრის თვეში ნამუშევარი ჰქონდა 22 დღე;

19.2. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრების მართებულობაზე, ვინაიდან დირექტორი გათავისუფლდა მის მიერ დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო. შესაბამისად, არც შრომის კოდექსი და არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ამ საფუძვლით პირის სამუშაოდან გათავისუფლებისას კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სამეწარმეო იურიდიული პირის ყოფილი დირექტორის სასარგებლოდ კომპანიისათვის სახელფასო დავალიანების, კომპენსაციისა და საშვებულებო თანხის დაკისრების კანონიერება.

25. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა საკუთარი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო, ხოლო ამ საფუძვლით პირის გათავისუფლების შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების შესაძლებლობას.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული დავის სამართლებრივი რეგულირებისათვის გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან მოცემული სამართალურთიერთობა შრომის კოდექსით მოწესრიგებულ სფეროს არ განეკუთვნება.

27. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ შპს-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი. ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას შპს-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-725-693-2016, 6 აპრილი, 2017 წელი).

28. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით ყველაზე ახლოს დგას დავალების ხელშეკრულებასთან. მან დაასკვნა, რომ საზოგადოების დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შეფასებისას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის გამოყენება და აღნიშნული მუხლის შესაბამისად გათავისუფლების მართლზომიერების შესწავლა არასწორია.

30. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. მითითებული ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

31. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 14 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა კომპანიის გენერალურ დირექტორად. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად სწორედ აღნიშნული ხელშეკრულება უნდა იქნეს გამოყენებული.

32. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მხარეებს მიენიჭათ უფლება ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ვადაზე ადრე შეეწყვიტათ ხელშეკრულება, ერთი თვით ადრე კონტრაჰენტის წინასწარი გაფრთხილების პირობით. მითითებული პირობის დარღვევისათვის კი განისაზღვრა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შემწყვეტი მხარის პასუხისმგებლობა - კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასის ოდენობით. დადგენილია, რომ მოპასუხეს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლებამდე მისი წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულების დარღვევის გამო, კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ორი თვის ხელფასის ოდენობით.

33. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საზოგადოება შესაძლოა არ იყოს კმაყოფილი მოსარჩელის მენეჯერული უნარებით, სასამსახურო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისას კომპენსაციის გადახდისაგან მის გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს. როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლში მოხსენიებული ნორმის (შკ-ის 38-ე მუხლი), ისე – ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მარეგურებელი დანაწესების (მაგ: სკ-ის 407-ე მუხლი) სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტისას დირექტორს არ მიეცემა შრომის კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაცია თუკი დადგინდება, რომ მან უხეშად დაარღვია საკუთარი ფიდუციური მოვალეობები და ამ დარღვევამ საზოგადოებას კონკრეტული (და არა აბსტრაქტული) ზიანი მიაყენა (იხ. სუსგ საქმე №ას-1154-1074-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი).

34. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოსარჩელის მიერ საკუთარი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტი. აღნიშნული დასკვნის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია. ამასთან, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშიც არსადაა მითითება მასზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

35. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის პრეტენზიას, რომ მოსარჩელემ საკუთარი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო, დაკარგა ასევე გამოუყენებელი შვებულების თანხის მიღების უფლება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის მიერ საკუთარი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტი დადასტურებული არ არის. თუმცა ასეც რომ არ იყოს, მითითებული მიზეზით პირის თანამდებობიდან გათავისუფლება გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა.

36. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით მიენიჭა უფლება ესარგებლა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით - 24 სამუშაო დღით. დადგენილია ასევე, რომ გენერალური დირექტორის უფლებამოსილების განხორციელებისას მოსარჩელეს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია, რის გამოც არსებობდა საშვებულებო თანხის - ერთი თვის ხელფასის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობები.

37. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის ვერც იმ პრეტენზიას, რომ მოსარჩელეს დეკემბრის თვეში 22 დღე ჰქონდა ნამუშევარი, რის გამოც კომპანიას 2016 წლის დეკემბრის ხელფასის სრულად ანაზღაურება არ უნდა დაკისრებოდა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2016 წლის 14 დეკემბრიდან დირექტორის სამსახურში გამოუცხადებლობის მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ, ვინაიდან მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2016 წლის 27 დეკემბრიდან და მას მოპასუხისგან აღნიშნული თვის სახელფასო ანაზღაურება არ მიუღია, არსებობდა ერთი თვის მიუღებელი ხელფასის კომპანიისათვის დაკისრების საფუძველი.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

41. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1154-1074-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი; №ას-725-693-2016, 6 აპრილი, 2017 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორმა საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო ბაჟის სახით ნაცვლად 1 250 ლარისა წარმოადგინა 1 339 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი) ზედმეტად გადახდილი 89 ლარი ექვემდებარება მხარისათვის დაბრუნებას. რაც შეეხება დარჩენილ 1250 ლარს, ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 1250 ლარის 70% – 875 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „კ.მ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „კ.მ.კ–ს“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 5 ივლისს №845497 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1339 (ერთი ათას სამას ოცდაცხრამეტი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 89 (ოთხმოცდაცხრა) ლარი და დარჩენილი 1250 (ერთი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის 70% – 875 (რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე