Facebook Twitter

საქმე №ას-219-2019 20 ნოემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.დ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი.ყ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულების გაუქმება, თანხის დაკისრება

განჩინების საგანი - გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.მ–ის სარჩელი, ა.დ–ის წინააღმდეგ, სესხის ხელშეკრულების გაუქმებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი.მ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგების აქტი და შეწყდა წარმოება. აღნიშნული მორიგების აქტის საფუძველზე ა.დ–ს დაევალა, განჩინების მიღებიდან რვა სამუშაო დღეში ი.მ–თვის 144 000 აშშ დოლარის და 2021 წლის 1 იანვრამდე 15 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა, ი.მ–ის მიერ, მითითებულ ანგარიშზე.

2020 წლის 12 ნოემბერს ა.დ–მა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მორიგების აქტით განსაზღვრული თანხის 155 000 აშშ დოლარის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტები და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის და 2016 წლის 28 ივნისის განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება, რომლებიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ა.დ–ის საკასაციო საჩივარზე დამტკიცდა მორიგება და შეწყდა საქმის წარმოება. ამასთან, კასატორის მიერ შესრულდა მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, აღარ არსებობს გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების ძალაში დატოვების წინაპირობა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის და 28 ივნისის განჩინებების გაუქმების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე-285-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო:

1.1. ა.დ–ის (პ/ნ .......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, მდებარე ქალაქი თბილისი, ....., საკადასტრო კოდი: №......; ქალაქი თბილისი, ......, საკადასტრო კოდი: №...... და ქალაქი თბილისი, ........, საკადასტრო კოდი: №........

1.2. ა.დ–ის (პ/ნ ......) სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა მახასიათებლებია: მარკა/მოდელი - ტოიოტა ლენდკრუიზერი HZJ80L, ფერი - მწვანე 5/8, გამოშვების წელი - 2006, სანომრე ნიშანი - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი - ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AB0086465 გაცემული 15/03/2006 და მარკა/მოდელი - აუდი A6 2.7 TDI, ფერი - რუხი 8/8, გამოშვების წელი - 2006, სანომრე ნიშანი - ....., საიდენტიფიკაციო ნომერი - ......., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AV3656226 გაცემული 17/09/2009.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ა.დ–ის(პ/ნ .....) სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომელის მახასიათებლებია: მარკა/მოდელი - ნისან პატროლ GR , ფერი - წითელი 8/8, გამოშვების წელი - 2004, სანომრე ნიშანი - KCK 550, საიდენტიფიკაციო ნომერი - ...... „დიენს DNS, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - ALI367088 გაცემული 04/12/2013წ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური