Facebook Twitter

№ას-864-2020 19 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჭ....“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - სალიცენზიო შეთანხმებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა შპს „ი ჭ....“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ სალიცენზიო შეთანხმებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს 2019 წლის მაისიდან იმავე წლის 5 ივლისამდე გადასახდელი საავტორო ჰონორარის, 137.71 ლარისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 3.95 ლარის გადა, დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; 2019 წლის 1 აგვისტოდან, მაგრამ არაუმეტეს სალიცენზიო შეთანხმების მოქმედების ვადისა (01.09.2019წ), ყოველთვიურად საავტორო ჰონორარის - 63.72 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო:

4.1. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა გადაწყვეტილება მოპასუხისათვის სალიცენზიო შეთანხმების მოქმედების ვადით (01.09.2019წ), ყოველთვიურად საავტორო ჰონორარის, 63.72 ლარის, დაკისრების უარყოფის ნაწილში გაასაჩივრა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე - 2 000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და აღნიშნა, რომ, ვადიანი გადასახდელი თანხა, სსსკ-ის 41.1 „დ“ქვეპუნქტის საფუძველზე - 2 293.92 ლარია (36 თვე X 63.72), შესაბამისად, არსებობს განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

9. სსსკ-ის 365-ე (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

10. დადგენილია, რომ 2020 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს 2019 წლის მაისიდან იმავე წლის 5 ივლისამდე გადასახდელი საავტორო ჰონორარის, 137.71 ლარისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს - 3.95 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; 2019 წლის 1 აგვისტოდან, მაგრამ არაუმეტეს სალიცენზიო შეთანხმების მოქმედების ვადისა (01.09.2019წ), ყოველთვიურად საავტორო ჰონორარის, 63.72 ლარის, დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა. ასევე, დადგენილია, რომ აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ (სარჩელის უარყოფის ნაწილში) გაასაჩივრა (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 82-97), შესაბამისად, ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში, 2000 ლარზე ნაკლებია და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

11. საკასაციო სასამართლო უარყოფს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით (36 თვე X 63.72) დავის საგნის ფასის განსაზღვრის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე 2019 წლის 1 აგვისტოდან მაგრამ არაუმეტეს სალიცენზიო შეთანხმების მოქმედების ვადის ფარგლებში ითხოვდა მოპასუხისათვის საავტორო ჰონორარის დაკისრებას, დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა მხარეთა შორის ერთი წლით, ანუ 2019 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, შესაბამისად, მოთხოვნის პერიოდიც ერთი თვეა, ამდენად, მისი ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია.

12. აქვე, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, განსახილველი შემთხვევა უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).

13. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2 000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018; №ას-718-718-2018, 20.09.2018; Nას-117-117-2018, 02.04.2018 და Nას-614-614-2018, 31.08.2018).

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება კანონიერი, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე