Facebook Twitter

19 ნოემბერი, 2020 წელი,

საქმე № ას-717-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - სს „ფ.ბ.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.დ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) 2019 წლის 7 მარტს სარჩელი აღძრა სს „ფ.ბ.ს–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა მარნეულის სერვისცენტრის პრობლემური სესხების მართვის ოფიცრის თანამდებობაზე; 2019 წლის 9 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე მოპასუხეს ყოველთვიურად - 1650 ლარის (დარიცხული) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ (მოპასუხისაგან მიღებული კომპენსაციის - 3829,62 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გამოკლებით).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 70-ე, 369-ე, 2591 და 374-ე მუხლებით.

4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო აპელანტისათვის (იხ. ხელწერილი, ს.ფ.240), შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო - 2020 წლის 31 მარტიდან და 2020 წლის 13 აპრილს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2020 წლის 22 მაისს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღეში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. მან არაერთხელ მოითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, მოსამართლის თანაშემწმემ კი, გადაწყვეტილების მოუმზადებლობა პანდემიასა და საგანგებო მდგომარეობის ფაქტს დაუკავშირა. მხოლოდ 2020 წლის 11 მაისს შეძლეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, სწორედ ამ თარიღის მომდევნო დღიდან დაიწყო მათთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, ამდენად, სააპელაციო საჩივარიც ვადის დაცვით წარადგინეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.

8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღეში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

11. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადის მიხედვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.

13. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).

14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ დავობს იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო აპელანტისათვის (იხ. ხელწერილი, ს.ფ.240), შესაბამისად, მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართა 19 მარტიდან (მე-20 დღე) 30 მარტის (30-ე დღე) ჩათვლით, მოსარჩელეს ამ პერიოდისათვის სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 31.03.2020 წელს დაიწყო და 13.04.2020 წელს ამოიწურა.

15. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2020 წლის 22 მაისს წარადგინა (იხ. ს.ფ.264). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

16. რაც შეეხება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების შეუძლებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე (თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და განმარტავს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი, შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.). რაც შეეხება მოსამართლის თანაშემწესთან ტელეფონით დარეკვას, იგი არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ვადის მიხედვით გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადებად. პალატა კიდევ ერთხელ განამარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო.

17. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ფ.ბ.ს–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე