Facebook Twitter

საქმე № ა-1493-შ-39-2020 18 ნოემბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს ,,ჭ.ჯ–ა“

მოწინაღმდეგე მხარე – „S. L. L.’’

განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.05.2020წ. განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 20.01.2020წ. გადაწყვეტილებით (ICC საქმე N24116/MHM/HBH) შპს ,,ჭ.ჯ–ას“ (შემდეგში - „საარბიტრაჟო მოპასუხე“) „S. L. L.’’-ის (შემდეგში - „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა ყოველწლიური 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით. ამავე გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო მოპასუხეს დაევალა საარბიტრაჟო მოსარჩელისთვის იურიდიული და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: 77 368.30 შვეიცარიული ფრანკი და 1 140.15 ბრიტანული ფუნტი, ასევე 25 000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რომელიც მოსარჩელემ ICC ადმინისტრაციული ხარჯებისა და არბიტრის ჰონორარისთვის გადაიხადა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის ავტორმა ასევე მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და საარბიტრაჟო მოპასუხის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.05.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.05.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: საარბიტრაჟო მოპასუხეს (საიდენტიფიკაციო ნომერი 215147874) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

4.1. უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ......, დაზუსტებული ფართობი: 3901,00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0......).

4.2. უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ...... ქუჩა N30, დაზუსტებული ფართობი: 5507.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .... ).

4.3. უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ....... ქუჩა N28ა, დაზუსტებული ფართობი: 1000.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....... ).

4.4. უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ....... ქუჩა N28, დაზუსტებული ფართობი: 4671.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ......).

აღნიშნულ განჩინებაზე 11.05.2020წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2020წ. განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (ICC საქმე N24116/MHM/HBH), რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა ყოველწლიური 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით. საარბიტრაჟო მოპასუხეს დაევალა საარბიტრაჟო მოსარჩელისთვის იურიდიული და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: 77 368.30 შვეიცარიული ფრანკი და 1 140.15 ბრიტანული ფუნტი, ასევე 25 000 აშშ დოლარის ანაზღაურება რომელიც საარბიტრაჟო მოსარჩელემ ICC ადმინისტრაციული ხარჯებისა და არბიტრის ჰონორარისთვის გადაიხადა (იხ.:ს.ფ.347-352; 368-372). გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 12.11.2020წ. განცხადებით მომართა საარბიტრაჟო მოპასუხემ და მოითხოვა ამავე პალატის 11.05.2020წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღსრულებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო მოპასუხის განცხადება, რომელიც მოითხოვს საარბიტრაჟო მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღსრულებულია.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ასევე, „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლო სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი იყო ემსჯელა საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბირტაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, შესაბამისად, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე, იგი ასევე უფლებამოსილია განიხილოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხიც.

9. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.

10. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.05.2020წ. განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

11. საკასაციო პალატას მომართა საარბიტრაჟო მოპასუხემ და მოითხოვა ამავე პალატის 11.05.2020წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ვინაიდან მის მიერ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ სრულად იქნა შესრულებული ვალდებულება. განცხადებას ერთვის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 12.11.2020წ. ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ სრულად არის დაფარული საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ დაკისრებული ვალდებულება და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმეზე იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებები დასრულებულია (იხ.: ს.ფ.378).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩია, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტიელბა აღსრულებულია. ამდენად, უზრუნველყოფის მიზანი მიღწეულია და საკუთრების უფლების შეზღუდვის გაგრძელება გაუმართლებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, 284-ე, 285-ე, 191-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჭ.ჯ–ას“ განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.05.2020წ. განჩინებით შპს „ჭ.ჯ–ასათვის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი .....) დაწესებული მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა:

2.1. უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ......., დაზუსტებული ფართობი: 3901,00 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0.......).

2.2. უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ......., დაზუსტებული ფართობი: 5507.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...... ).

2.3. უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ......., დაზუსტებული ფართობი: 1000.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....... ).

2.4. უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი თბილისი, ......., დაზუსტებული ფართობი: 4671.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ........).

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ზურაბ ძლიერიშვილი