Facebook Twitter

საქმე №ას-41-2020

9 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.ბ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ბ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.ბ–ას (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი შ.ბ–ას (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და მოპასუხის ქონებიდან გამოსახლების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელე ცნობილ იქნა დაბა ჩხოროწყუში, ....... მდებარე უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა დაბა ჩხოროწყუში, ....... მდებარე კაპიტალური ორსართულიანი სახლის პირველი სართული. მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობისა და დაბა ჩხოროწყუში, ....... მდებარე კაპიტალური ორსართულიანი სახლის პირველი სართულის მოპასუხისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სასარჩელო მოთხოვნა დაბა ჩხოროწყუში, ....... მდებარე უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის მამის რ.ბ–ას დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების (მდებარე, დაბა ჩხოროწყუ, .......) მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობისა და ამავე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის დროებით სარგებლობაში მოპასუხისთვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე ცნობილ იქნა მისი მამის, რ.ბ–ას სახელზე რიცხული დაბა ჩხოროწყუში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ და ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ½ ნაწილის მესაკუთრედ.

6. 2019 წლის 20 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება მოითხოვა იმგვარად, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში ნაცვლად წინადადებისა: „დ.ბ–ა ცნობილ იქნას დაბა ჩხოროწყუში, ........ მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ“, მიეთითოს შემდეგი : „შ.ბ–ა ცნობილ იქნას დაბა ჩხოროწყუში, ....... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ“.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 262-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით და განმარტა, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველი წარმოიშობა მაშინ, როცა ასეთი უსწორობა დაშვებულია თავად სასამართლოს მიერ და აღნიშნული უტყუარად დადასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ „დ.ბ–ა ცნობილი იქნეს დაბა ჩხოროწყუში, ........... ქ. №32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ“, თუმცა შ.ბ–ასთვის, საცხოვრებელი სახლის (მდებარე დაბა ჩხოროწყუ, ........... ქ. #32-ში) ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ვერ მიეთიეთებოდა იმის გამო, რომ შ.ბ–ას აღნიშნული სახის მოთხოვნა საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ დაუყენებია. მისი პრეტენზია შემოიფარგლებოდა შეგებებულ სარჩელში მითითებული მოთხოვნით მოსარჩელის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა სცილდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის დანაწესის ფარგლებს და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მას არასწორად უთხრა უარი 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე. მითითებული გადაწყვეტილების არა მხოლოდ სარეზოლუციო, არამედ სამოტივაციო ნაწილიდანაც ჩანს, რომ მოპასუხეს ეკუთვნის სადავო ქონების ½ ნაწილი (მას მოსარჩელესთან ერთად თანაბარი წილის უფლება გააჩნია ამ ქონებაზე). შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ მსგავსი შინაარსის მოთხოვნა მოპასუხეს სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე უარის თქმის კანონიერება.

13. ვიდრე ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობის საფუძვლიანობას შეაფასებს, საკასაციო სასამართლო, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი. კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და, თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება. კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამასთან ერთად, გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ იყოს აღსრულებული, ვინაიდან ასეთ დროს აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა და განმარტების შედეგად არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება (იხ. სუსგ საქმე №ას-827-778-2015 ,30 ოქტომბერი, 2015 წელი).

14. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის მამის რ.ბ–ას დანაშთი უძრავ-მოძრავი ქონების (მდებარე, დაბა ჩხოროწყუ, ........... ქ. #32) მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობისა და ამავე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის დროებით სარგებლობაში მოპასუხისთვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე ცნობილ იქნა მისი მამის, რ.ბ–ას სახელზე რიცხული დაბა ჩხოროწყუში ........... ქ. #32-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ და ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილის მესაკუთრედ.

15. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხემ მოითხოვა მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის ("დ.ბ–ა ცნობილი იქნეს დაბა ჩხოროწყუში, ........... ქ. #32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ") იმგვარად განმარტება, რომ წინადადება: „დ.ბ–ა ცნობილი იქნეს დაბა ჩხოროწყუში, ........... ქ. #32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ" შეიცვალოს წინადადებით: „შ.ბ–ა ცნობილი იქნეს დაბა ჩხოროწყუში, ........... ქ. №32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ“. სააპელაციო პალატამ განმცხადებლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე შ.ბ–ას სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოთხოვნა საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ დაუყენებია.

16. კერძო საჩივრის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ განსამარტი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინება, ტ. 1. ს.ფ 390-391) და მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ. 1. ს.ფ 425-431).

17. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს 2011 წლის 27 ოქტომბრის ამონაწერზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე დ.ბ–ა რეგისტრირებულია დაბა ჩხოროწყუში, ........... ქ. #32-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილის მესაკუთრედ. ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაა მითითებული (იხ. ბმული https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKF0utZzTVnF0Ir[oh98Kqr25QHnT6U3XmLtJaibqZwC).

18. ამრიგად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნილია კანონიერ ძალაში შესული და უკვე აღსრულებული გადაწყვეტილების განმარტება, რაც, პალატის მოსაზრებით, ცალსახად ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზანს - გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას (სსსკ 262.1 მუხლი).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების განმარტების დანიშნულებაა (მიზანია) აღსრულების ხელშეწყობა და არა უკვე აღსრულებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში დაშვებული შეცდომის გამოსწორება (რაც სხვა სამართლებრივი საშუალების გამოყენებით უნდა მოხდეს), არ არსებობს მითითებული განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

20. ამასთან, დადასტურებულია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მას სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე არ მიუმართავს.

21. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შ.ბ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე