750-337(კს-05) 13 ივლისი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. ქადაგიძე
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 19 ივლისს გ. თ-ემ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა და 1998წ. 21 აპრილსა და 1 მაისს გაზეთ “ს. ბ.” სასამართლო აღმასრულებელ დ. რ-ის მიერ ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹7-ში არსებული ქონების საჯარო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული განცხადებების, 1998წ. 11 მაისს სასამართლო აღმასრულებელ დ. რ-ის მიერ შედგენილი აქტების, 1998წ. 11 მაისის აქტებზე დასმული ქ. თბილისის ვაკის რ-ნის სასამართლოს გერბიანი ბეჭდის ნიშანდების ფაქტის, 1998 წელს სასამართლო აღმასრულებელ დ. რ-ის მიერ გ. თ-ის სახელზე რიცხული ბინის გაფართოების და მასზე ქ. თბილისის ვაკის რ-ნის სასამართლოს გერბიანი ბეჭდის ნიშანდების ფაქტის შესახებ ქ. თბილსის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სახელზე გაგზავნილი მიმართვისა და სასამართლო აღმასრულებელ დ. რ-ის მიერ 1998წ. 17 აპრილს გ. თედორაძის გაფრთხილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად მ. მ-ი ჩაება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 იანვრის გადაწყვეტილებით გ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი: 1998წ. 21 აპრილსა და 1 მაისს გაზეთ “ს. ბ.” სასამართლო აღმასრულებელ დ. რ-ის მიერ ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹7-ში არსებული ქონების საჯარო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული განცხადებები, 1998წ. 11 მაისს სასამართლო აღმასრულებელ დ. რ-ის მიერ შედგენილი აქტები და 1998წ. 11 მაისის აქტებზე დასმული ქ. თბილისის ვაკის რ-ნის სასამართლოს გერბიანი ბეჭდის ნიშანდების ფაქტი, 1998 წელს სასამართლო აღმასრულებლის დ. რ-ის მიერ გ. თ-ის სახელზე რიცხული ბინის გაფართოების და მასზე ქ. თბილისის ვაკის რ-ნის სასამართლოს გერბიანი ბეჭდის ნიშანდების ფაქტის შესახებ ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სახელზე გაგზავნილი მიმართვა და სასამართლო აღმასრულებლის _ დ. რ-ის მიერ 1998წ. 17 აპრილის გ. თედორაძის გაფრთხილება.
მ. მ-მა რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინებით, მ. მ-ის საპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმული მ. მ-ის მიერ, ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, მხოლოდ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობდა მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 8 აპრილის განჩინებაზე მ. მ-მა კერძო საჩივარი წარადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა, ვინაიდან თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ იგი მესამე პირად ჩააბა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე მისი რომელიმე ნაწილის მითითების გარეშე და სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მ. მ-ი საქმეში ჩაბმული იყო მე-16 მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მაისის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილით და უარი უთხრა მ. მ-ს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს და თვლის, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 8 აპრილისა და 16 მაისის განჩინებები და მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, განსხვავებით სსკ-ისაგან, მესამე პირთა მიწვევა განსახილველ საქმეში ხორციელდება სასამართლოს მიერ. ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს გადასაწყვეტია საკითხი, თუ რა სტატუსის მქონე მესამე პირად უნდა იქნეს მიწვეული პირი პროცესზე: “ჩვეულებრივი” მიწვევის მესამე პირად თუ “სავალდებულო” მიწვევის მესამე პირად.
“ჩვეულებრივი” მიწვევის მესამე პირი ის პირია, რომელსაც შეიძლება შეეხოს გადაწყვეტილება (მე-16 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო უფლებამოსილია, მიიწვიოს იგი პროცესზე.
“ჩვეულებრივი” მიწვევის მესამე პირებისაგან განსხვავებით, “სავალდებულო” მიწვევის მესამე პირები სასამართლომ აუცილებლად უნდა ჩააბას საქმეში, რადგან ისინი იმ სამართალურთიერთობის მონაწილენი არიან, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი (მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოცემულ საქმეში მ. მ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის სტატუსის მქონე მესამე პირად მიჩნევის თაობაზე. ასევე, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის განჩინებაზე, რადგან, ჯერ ერთი, აღნიშნული განჩინების გასაჩივრების უფლება მხარეს არ მისცემია, მეორეც, აღნიშნულ განჩინებაში ნახსენებია მიხეილ მ-ი და არა მ. მ-ი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის შემთხვევაში ზემდგომმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს ქვემდგომი სასამართლოს მიერ მესამე პირისათვის სტატუსის განსაზღვრის კანონიერებაზე, “ჩვეულებრივი” მიწვევის მესამე პირია იგი, თუ “სავალდებულო” მიწვევის მესამე პირი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფატს, რომ მ. მ-ი მოცემულ საქმეში იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილება ვერ მიიღება ისე, რომ ერთდროულად არ დამტკიცდეს ან დადგინდეს, შეიცვალოს, ან გაუქმდეს “სავალდებულოდ” მიწვეული პირის უფლებები, გადაწყვეტილება ვერ მიიღება ისე, რომ არ მოხდეს ამ პირის უფლებებთან უშუალო და იძულებითი შეხება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 8 აპრილისა და 16 მაისის განჩინებები და მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.