საქმე №ას-51-2020
15 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. გორელოვკის #3 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. მ.გ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) 2005 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური აკადემიის ბათუმის ფილიალი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. 2005 წლის 9 მარტის #40 ბრძანებით მუშაობა დაიწყო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ირემაძეების საჯარო სკოლაში მუსიკისა და ხატვის მასწავლებლად.
2. 2013 წლის 16 სექტემბერს მოსარჩელესა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის #3 საჯარო სკოლას (შემდგომში „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის 1 წლის ვადით, 2014 წლის 16 სექტემბრამდე, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დაინიშნა დაწყებითი კლასების მასწავლებლად.
3. 2014 წლის 15 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მეორე ხელშეკრულება სასწავლო წლის დასრულებამდე, 2015 წლის 15 ივნისამდე, ხოლო 2015 წლის 14 სექტემბერს დაიდო მესამე შრომის ხელშეკრულება 2016 წლის 14 სექტემბრამდე.
4. 2016 წლის 1 დეკემბერს მეოთხე შრომის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის და მისი მოქმედების ვადად 2017 წლის 15 სექტემბერი განისაზღვრა.
5. მოპასუხის 2017 წლის 15 სექტემბრის #5 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გამო. ამასთან, გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მიეთითა სკოლის შინაგანაწესის მე-4 თავის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შეუსრულებლობა - შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ცნობით დაადასტურა მოსარჩელის უმაღლესი განათლების აუ#029222 დიპლომის ნამდვილობა.
7. სასარჩელო მოთხოვნა:
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
7.1 სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლეს უკანონოდ, ვინაიდან მისი გათავისუფლების საფუძველი - კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა რაიმე სახის დასკვნით დადასტურებული არ არის. დირექციამ მოითხოვა მოსარჩელის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, თუმცა სანამ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოახდენდა დიპლომის დადასტურებას, მოპასუხემ გამოსცა ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.
8. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, მოსარჩელე არ ითვლებოდა უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, ვინაიდან იგი 2013 წლიდან 2017 წლამდე უწყვეტად არ მუშაობდა სკოლაში. მართალია, მასთან ხელშეკრულებები დაიდო ორჯერ და მეტჯერ, თუმცა მათი ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 30 თვეს. ამასთან, სკოლის მიმართვის საფუძველზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჯერ კიდევ 2016 წელს მიმდინარეობდა საქმის წარმოება მოსარჩელის დიპლომის დადასტურების თაობაზე, რის შესახებაც იცოდა მოსარჩელემ. ეს გარემოება კი შეიძლებოდა მიჩნეულიყო გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე მის გაფრთხილებად. ამასთან, მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობასთან დაკავშირებით სკოლაში არაერთხელ შესულა მშობლების განცხადებები და იმავე მოთხოვნით მიმართა სკოლას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემაც.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2017 წლის 15 სექტემბრის #5 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე - დაწყებითი კლასების მასწავლებლად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის 516 ლარის ყოველთვიურად გადახდა 2017 წლის 15 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.2 გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივრით მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე დავის ფარგლებში შეაფასა მოცემული სადავო ურთიერთობის პერიოდისთვის მოქმედი შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 ნაწილის (თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში) გამოყენების სათანადოობა.
11.3 სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო ოთხჯერ: პირველი - 2013 წლის 16 სექტემბრიდან 2014 წლის 16 სექტემბრამდე, მეორე - 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2015 წლის სასწავლო წლის დასრულებამდე (2015 წლის 15 ივნისამდე), მესამე - 2015 წლის 14 სექტემბრიდან 2016 წლის 14 სექტემბრამდე, ხოლო მეოთხე - 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე.
11.4 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ვინაიდან ხელშეკრულებებს შორის იყო წყვეტა, მხარეთა ურთიერთობა ვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში ექცეოდა.
11.5 სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან იმავე წლის 1 დეკემბრამდე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოძიება ვერ მოხერხდა სკოლის ყოფილი დირექტორის გარდაცვალების გამო, თუმცა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ამ პერიოდის ხელფასის მოსარჩელის მიერ მიღების ფაქტი. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს, მართალია, მეორე ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის სასწავლო წლის დასრულებამდე, ანუ 2015 წლის 15 ივნისამდე, თუმცა ვინაიდან 2015 წლის 15 ივნისიდან მომდევნო ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2015 წლის 14 სექტემბრამდე მოსარჩელეს ჩვეულებრივ ერიცხებოდა ხელფასი (და ეს გარემოება არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ), სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ადგილი არ ჰქონია შრომითი სტაჟის წყვეტას, შესაბამისად, მხარეები იმყოფებოდნენ უვადო შრომით ურთიერთობაში, რაც გამორიცხავდა ვადის გასვლის მოტივით ხელშეკრულების შეწყვეტას.
11.6 ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივრით სადავოდ აღარ გაუხდია მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძველი - კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა (რომელიც ემყარებოდა დასაქმებულის მიერ უმაღლესი ან/და საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობას), სააპელაციო სასამართლომ მაინც შეაფასა ეს საკითხი.
11.7 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მუშაობის პერიოდში არ წარუდგენია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და არც მისი ნამდვილობის დადასტურების შესახებ შესაბამისი დოკუმენტი, თუმცა ასევე დაადგინა, რომ მან სამუშაოდან გათავისუფლების შემდგომ, 2017 წლის 19 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიიღო ცნობა დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე, რაც დაურთო კიდეც სარჩელს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სარჩელის წარდგენის დროისთვის უკვე აღმოფხვრილი იყო ის საფუძველი, რის გამოც მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან. ამდენად, მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
12. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
12.2 კასატორის მოსაზრებით, მოპასუხეს მოსარჩელესთან ჰქონდა დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა 2017 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად, იგი მართებულად გათავისუფლდა სამუშაოდან.
12.3 სასამართლოებმა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება არასწორად მიიჩნიეს უვადოდ დადებულად და არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებებს შორის არსებობდა წყვეტა - კერძოდ, მეორე ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2015 წლის სასწავლო წლის ბოლოს, 2015 წლის 15 ივნისს, ხოლო მესამე ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 14 სექტემბერს, შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებამდე წყვეტა 93 დღეა. ასევე წყვეტა ფიქსირდება 2016 წლის 15 სექტემბრიდან იმავე წლის 1 დეკემბრამდე პერიოდშიც (77 კალენდარული დღე). შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელესთან მიმართებით არ ჰქონდა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების (სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე დასაქმებულის წინასწარ წერილობით გაფრთხილება) გამოყენების ვალდებულება.
12.4 მოსარჩელე იყო არაკვალიფიციური კადრი, მას სკოლაში მუშაობისას არ ჰქონდა წარდგენილი არც საშუალო განათლებისა და არც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მისი დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმებაც და ამ პოზიციაზე მუშაობისთვის ხელფასის ანაზღაურებაც იყო არაკანონიერი.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
14. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია.
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 პუნქტი და მოპასუხესთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტი არასწორად მიიჩნია უვადო ხელშეკრულებად.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი, მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც განმარტებულია, თუ რა შემთხვევებში შეიძლება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ტრანსფორმირდეს უვადო ხელშეკრულებად და რა შემთხვევებში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იგი უვადოდ დადებულად. აღნიშნული საკითხი მოაწესრიგა ორგანულ კანონში - საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებულმა ცვლილებებმა.
19. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი მე-6 მუხლის 13 ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
20. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის მოსარჩელესთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ და მეტჯერ დადების ფაქტს, თუმცა იგი უარყოფს აღნიშნული კონტრაქტების მიმდევრობით გაფორმებას და მიუთითებს შრომითი ურთიერთობის წყვეტის ფაქტზე, რაც, მისივე განმარტებით, განსახილველი დავის ზემოთმითითებული ნორმის ფარგლებში მოქცევის შესაძლებლობას გამორიცხავს.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას და, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წესზე. კერძოდ, სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მითითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი შრომითი კონტრაქტებისა და მოსარჩელის საბანკო ანგარიშების ამონაწერებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე მოსარჩელე უწყვეტად იყო დასაქმებული სკოლაში, რისთვისაც იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. კერძოდ, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ, მართალია, მეორე კონტრაქტის ვადის ამოწურვიდან (2015 წლის 15 ივნისი) მესამე კონტრაქტის დადებამდე (2015 წლის 14 სექტემბერი), ასევე მესამე კონტრაქტის ვადის ამოწურვიდან (2016 წლის 15 სექტემბერი) მეოთხე კონტრაქტის დადებამდე (2016 წლის 1 დეკემბერი) პერიოდები სცდება 60 კალენდარულ დღეს, (ერთ შემთხვევაში იგი 93 დღეა, ხოლო მეორე შემთხვევაში - 77), თუმცა ხელშეკრულებებს შორის პერიოდის შრომის ანაზღაურება მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს და აღნიშნულს არც თავად მოპასუხე ხდის სადავოდ. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხელშეკრულებების სხვადასხვა პერიოდში გაფორმების მიუხედავად, რეალურად, მოპასუხეს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა არ შეუწყვეტია და მისი ხანგრძლივობა, საერთო ჯამში, აღემატება 30 თვეს. ზემოთმითითებული გარემოებები კი, ერთობლიობაში ქმნიან სადავო ურთიერთობის უვადოდ მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს (შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი მე-6 მუხლის 13 პუნქტის თანახმად), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც ამ გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
24. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის მორიგ პრეტენზიას, რომელიც მოსარჩელის არაკვალიფიციურობას ეხება, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს შემდეგს: სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ საქმე №ას- 151-147-2016; 19 აპრილი, 2016 წელი).
25. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი ნორმა - 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი დაედო, რომლის თანახმად, დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის შემთხვევაში, შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან.
26. კასატორი მოსარჩელის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს, რომ მოსარჩელეს არც დასაქმებამდე და არც შემდგომ მოპასუხისთვის არ წარუდგენია შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები - ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, რის გამოც გამოიკვეთა მისი სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (იხ. სუსგ საქმე № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
28. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯის საგანია გამოირკვეს, ნამდვილად არსებობდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შესაწყვეტად შრომის კოდექსის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობები.
29. პალატა, უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ამასთან, ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). განსახილველ დავაზეც კასატორი (მოპასუხე) იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ მოსარჩელის პროფესიული უნარჩვევები შეუსაბამო იყო მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის და გამართლებული იყო შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში უკიდურესად მკაცრი სანქციის გამოყენება - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება.
30. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც მოპასუხე უარყოფს იმ გარემოებას, რომ სკოლის დირექციის მოთხოვნის საფუძველზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობდა საქმისწარმოება მოსარჩელის მიმართ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დადასტურების მიზნით (მოთხოვნა წადგენილი იქნა 2015 წლის 26 ივნისს).
თავად მოპასუხე სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული საქმისწარმოების დასრულების თაობაზე, თუმცა უცნობი იყო რა შედეგით დასრულდა იგი (იხ. ტ. 1. ს.ფ 75-78). ამრიგად, დამსაქმებელი არ დაელოდა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი დადასტურების მიღებას და დოკუმენტის წარუდგენლობის გამო გაათავისუფლა მოსარჩელე სამსახურიდან.
სამუშაოდან გათავისუფლების შემდგომ, დაახლოებით ერთ თვეში კი, 2017 წლის 19 ოქტომბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით დადასტურდა მოსარჩელის დიპლომის ნამდვილობა და დადგინდა, რომ მან 2005 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტიკური აკადემიის ბათუმის ფილიალი დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით და მიენიჭა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია (იხ. ტ. 1. ს.ფ 24-25). ამ გარემოების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ აღმოფხვრილია ის საფუძველი, რაც დიპლომის წარუდგენლობის გამო კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის მოტივით მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზი გახდა. სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას (სუსგ საქმე №ას-1173-1093-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი; საქმე № ას-505-482-2016, 13 ოქტომბერი, 2016 წელი).
32. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 309.6 ლარის, 70% – 216.72 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. გორელოვკის #3 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. გორელოვკის #3 საჯარო სკოლას (ს/ნ: 236688786) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარისა (საგადასახადო დავალება #5162744452, ბანკში შემოსვლის თარიღი: 17/12/2019) და 9.60 ლარის (საგადასახადო დავალება #5164304653, ბანკში შემოსვლის თარიღი: 11/02/2020), საერთო ჯამში 309.6 ლარის, 70% – 216.72 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე