საქმე №ას-213-2020
15 ოქტომბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ.კ–ძე (განმცხადებელი, მოვალე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.გ–ი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (კრედიტორები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ნ.გ–ის სარჩელი დ.კ–ძის (შემდგომში „მოვალე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დ.კ–ძის სარჩელი ნ.გ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. დადგინდა ნ.გ–ის უკანონო მფლობელობიდან დ.კ–ძის კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე ქ. გორი, ......, საკადასტრო კოდი N ......) გამოთხოვა და მესაკუთრისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ.გ–მა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.გ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 4 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და უძრავი ნივთი, მდებარე, ქ. გორი, ........ (ს/კ: №......., ძველი ს/კ: № ........) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ.გ–ის სახელზე; დადგინდა სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობა დ.კ–ძესა და ნ.გ–ის შორის და დ.კ–ძის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი, მდებარე, ქ. გორი, ....... (ს/კ: № ......, ძველი ს/კ: №......)); დ.კ–ძის სარჩელი ნ.გ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დ.კ–ძეს ნ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 534.51 ლარის ანაზღაურება, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ნ.გ–ის სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარი და 856.40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
4. 2019 წლის 7 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 (დ.კ–ძეს ნ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 534.51 ლარის ანაზღაურება) და მე-7 (დ.კ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ნ.გ–ის სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარი და 856.40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) პუნქტების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცლები.
5. 2019 წლის 27 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოვალემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გართულებული ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის შეუძლებელი იყო დაკისრებული თანხის ერთიანად გადახდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტების აღსრულება გადაიდო 3 თვით.
7. 2019 წლის 20 დეკემბერს მოვალემ კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იმავე გარემოებებზე მითითებით გადაწყვეტილების აღსრულების კვლავ 3 თვით გადადება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება) და აღნიშნა, რომ ვინაიდან წინამდებარე საქმეზე ერთხელ უკვე დადგინდა გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, მითითებული ნორმის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, აღნიშნული მოთხოვნის განმეორებით წარდგენა დაუშვებელია.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ.კ–ძემ. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, იგი არის ინვალიდი (არ აქვს ფეხის ტერფი, რომელიც დაკარგა 2008 წლის ომის დროს) და სჭირდება ფეხის ტერფის პროთეზი, თუმცა პროთეზისთვის საჭირო თანხა, არ ჩარიცხვია. შესაბამისად, როგორც ინვალიდს უნდა ჰქონდეს შეღავათით სარგებლობის უფლება, რომ მოითხოვოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია გადაწყვეტილების აღსრულების გადადებაზე განმეორებით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
15. დასახელებული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გადადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი და გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად.
16. აღნიშნული შეღავათის გავრცელებისას კანონმდებელი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესს. სწორედ ამით აიხსენება ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციაში საშეღავათო ზღვრული ვადის დაწესება, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ ვადასა და პირობებს, რომლებიც კრედიტორის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას არ გამოიწვევს (საქმე №ას-1174-1094-2017,11 ოქტომბერი, 2017 წელი).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.კ–ძეს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1534.51 ლარის ანაზღაურება, ასევე მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარისა და 856.40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (იხ. ტ. 3. ს.ფ 62-76).
18. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით მოვალის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტების აღსრულება გადაიდო 3 თვით (იხ. ტ. 3. ს.ფ 122-124).
19. სადავო არ არის არც ის ფაქტი, რომ მოვალემ აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, განმეორებით წარადგინა განცხადება სააპელაციო სასამართლოში და გადაწყვეტილების აღსრულების გადადება მოითხოვა კვლავ სამ თვემდე ვადით, ხოლო აღსრულების გადადების საფუძვლად მიუთითა იმავე გარემოებებზე, რაზეც თავდაპირველად წარდგენილ შუამდგომლობაში მიუთითებდა.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263.1 მუხლის იმპერატიული დანაწესი გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე განცხადების განმეორებით დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან როგორც ნორმის დისპოზიციაშია მითითებული, სასამართლოს მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, მხოლოდ ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით შეუძლია გადადოს გადაწყვეტილების აღსრულება.
21. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, თავად სააღსრულებო სისტემის არსებობის მიზანი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული, აღსრულებას დაქვემდებრებული აქტების სისრულეში მოყვანაა. სააღსრულებო სამართლის უმთავრეს პრინციპს კი სწრაფი, ეფექტიანი და რაც უმთავრესია, კანონშესაბამისი აღსრულების განხორციელება წარმოადგენს. სააღსრულებო სისტემას წაეყენება ეფექტიანი აღსრულების მოთხოვნა იმდენად, რამდენადაც კრედიტორმა ისედაც დიდი დრო დაკარგა უფლების აღსადგენად და მოთხოვნის აღსასრულებლად... აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში (იხ. სუსგ №ბს-476-464(კ-13), 24 აპრილი, 2014 წელი).
22. ეროვნული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების სახელმწიფოს მიერ აღუსრულებლობის ან აღსრულების გაჭიანურების გამო არაერთი საჩივარია განხილული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილებებში ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, რომელიც კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებული იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 (§1) მუხლის გაგებით (იხ. Hornsby c. Grèce, 19 mars 1997, §40, Recueil 1997-II; აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ, №40765/02, §37, 28 ნოემბერი, 2006 წელი). სასამართლოს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩენილიყო ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნას მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (იხ. დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43, 12 ივნისი, 2012 წელი; შპს „ამატ.ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27 სექტემბერი, 2005 წელი; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27 დეკემბერი, 2005 წელი). მოსარჩელე მხარის ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას აღასრულონ შიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება (იხ. Mutishev and Others v. Bulgaria, №18967/03, §129, 3 December 2009). თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ ან ვერ ახერხებენ ან კიდევ აჭიანურებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელე მხარისთვის სამართალწარმოების პროცესში მე–6 მუხლით მინიჭებულ გარანტიას აზრი ეკარგება (იხ. Antonetto v. Italy, №15918/89, §28, 20 July 2000). ვინაიდან აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (იხ. Bourdov c. Russie, №59498/00, §34, CEDH 2002-III), პირის უფლება სასამართლო განხილვაზე, „სამოქალაქო უფლებათა და ვალდებულებათა“ განსაზღვრისთვის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების ხელმისაწვდობოსთან ერთად (იხ. Kreuz c. Pologne (no 1), №28249/95, §§ 53 et 54, CEDH, 2001-VI), თანაბრად იცავს ამ პირის უფლებას სააღსრულებო წარმოებათა ხელმისაწვდომობაზეც (იხ.mutatis mutandis, Manoilescu et Dobrescu c. Roumanie et Russie (déc.), №60861/00, CEDH 2005-VI), ანუ უფლებას ამგვარი პროცედურის დაწყებაზე.
23. ზემოაღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო ადგილი აქვს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას.
24. ამრიგად, ეფექტური აღსრულების განხორციელების აუცილებლობა დადგენილია როგორც ეროვნული, ასევე ევროპული სასამართლო პრაქტიკით და იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით აღსრულების გადადების შესაძლებლობა, ხოლო ამ შესაძლებლობით მოვალემ (კერძო საჩივრის ავტორმა) ერთხელ უკვე ისარგებლა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული მოთხოვნით განმეორებით წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მართებულია და წარდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. დ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე